"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

მსოფლიოს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა: სად ვართ, სად უნდა ვიყოთ და სად შეიძლება აღმოვჩნდეთ ჩვენ!

Forbes-WEB-22060601

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან მსოფლიომ კიდევ უფრო ნათლად დაინახა, რომ შექმნილ გლობალურ საფრთხეებთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად  ის საჭიროებს და ითხოვს ახალ უსაფრთხოების არქიტექტურას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ხვალ, ან თუნდაც ერთ თვეში თუ ნახევარ წელიწადში გაერო დაიშლება და მის ნაცვლად რეალურად ქმედითი ორგანიზაცია შეიქმნება; ისევე როგორც არ ნიშნავს, რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) დაუყოვნებლივ გარდაიქმნება და მისი გადაწყვეტილებები ისეთივე ხელშესახები და ქმედითი გახდება, როგორიც, მაგალითად, 1999 წლის სტამბულის ეუთო-ს სამიტის გადაწყვეტილება იყო რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე; ჩემი მოკრძალებული აზრით, ასევე არ მგონია, რომ ახლო მომავალში რამე უფრო წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნება, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსია. ასევე მგონია, რომ ევროკავშირის ალტერნატივა ახლო მომავალში არ და ვერ შეიქმნება და ის არც იმის გამო დაიშლება, რომ მაგალითად, ერთი კონკრეტული ქვეყნის ერთ კონკრეტულ ლიდერს განსაკუთრებით მიაქვს გულთან ახლოს, კირილ გუნდიაევი უნდა იყოს თუ არა ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, კარდინალური გადაწყვეტილებები აუცილებელია. რა არის ეს კარდინალური გადაწყვეტილებები? მე თუ მკითხავთ, რუსეთის ადგილი არც გაერო-ს უშიშროების მუდმივმოქმედ საბჭოშია (ყოველი შემთხვევისთვის მაინც შეგახსენებთ, რომ რუსეთის გარდა მასში შედის კიდევ ოთხი ბირთვული სახელმწიფო – აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) და მით უმეტეს არც გაერო-ს ისეთ სტრუქტურებში, როგორიც არის იუნესკო (რით განსხვავდება თალიბანის მიერ ბუდისტური ძეგლების განადგურების კადრებისგან დონეცკის ოლქში მე-16 საუკუნის ეკლესიის დაბომბვისა და ფერფლად ქცევის კადრები? მართლა გაუგებარია, თუ ოსამა ბინ ლადენი ითვლებოდა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად, რატომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ბავშვების, ქალების, მოხუცების მკვლელი ვლადიმირ პუტინის სახის შენარჩუნებაზე? იმიტომ, რომ ბევრი ბირთვული ქობინი აქვს? იმიტომ, რომ დედამიწის 1/6-ზეა განლაგებული? იმიტომ ხომ არა, რომ მისგან ჯერ კიდევ ყოველდღე 1 მილიარდი ევროს ღირებულების ნავთობსა და გაზს ყიდულობენ? ☹️). რუსეთისთვის გაერო-ს და ეუთო-ს წევრობის შეჩერებაზე, ალბათ, მაინც ვერ შეთანხმდება მსოფლიო (თუმცა არასდროს თქვა არასდროს 🙂), მაგრამ გადაწყვეტილების მიღების მოქნილობაზე (კონკრეტულად შეიძლება ეს იყოს ყველა მინუს 1, ან 2/3 ან რაიმე ისეთი მექანიზმი, რომელიც რუსეთს აღარ მისცემს გადაწყვეტილების დაბლოკვის შესაძლებლობას), მაგრამ თანამედროვე მსოფლიოს ლიდერებს მაინც უნდა ეყოთ პოლიტიკური გამბედაობა და  რეალურად მოახდინონ საერთაშორისო ორგანიზაციების რეორგანიზება, უფრო ზუსტად კი რეანიმირება.

არ ვიცი, რამდენად სწრაფად მოხდება ან რამდენად შესაძლებელი იქნება საერთოდ, მაგრამ ევროკავშირის საქმიანობის გაუმჯობესებისთვის მსგავსი მექანიზმების აუცილებლობაზე თავად ევროპელ ლიდერებსაც არაერთხელ გამოუთქვამთ თავიანთი მოსაზრება. მართლაც, ევროკავშირი არ უნდა იქცეს ერთი რომელიმე ქვეყნის შანტაჟის მძევლად.

კონსენსუსი არის ასევე ნატო-ს გადაწყვეტილებების საფუძველში. მაგალითად, ისეთი ქვეყნების მიღებას, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი, ჯერჯერობით(!) არ თანხმდება თურქეთი, რომელსაც აქვს თავისი არგუმენტები და მოთხოვნები. რატომღაც მაინც ვვარაუდობ, რომ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი გახდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხების შემდეგ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების, კერძოდ, მასში უკრაინისა და საქართველოს მიღების თაობაზეც მომწიფდება ისტორიული გადაწყვეტილება და წლების წინ დაშვებული დრამატული შეცდომა გამოსწორდება.

ამავე დროს, სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები ახალი ფორმატების, ახალი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების შექმნის აუცილებლობაზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სთავაზობს უკრაინას, პოლონეთთან, ლიეტუვასა და ლატვიასთან, მოგვიანებით კი თურქეთთან ერთად ახალი გაერთიანების შექმნას. ერთი შეხედვით, იდეა ნამდვილად კარგია (ცუდი ისაა, რომ საქართველო არ არის მასში მოაზრებული ☹️), მაგრამ ჯერჯერობით არ არის ცხადი, როგორი ტიპის ფორმატი იქნება ეს; ნიშნავს თუ არა ეს მინი-ნატო-ს? ნიშნავს თუ არა ეს პოლეგზიტს, ესტეგზიტს, ლატეგზიტს და ლიეტეგზიტს?! თუ ეს ასე არ არის (და სავარაუდოდ ასე არ იქნება), მაშინ როგორ გაიმიჯნება ამ ქვეყნების ვალდებულებები ორ გაერთიანებას შორის და რამდენად შეძლებენ ისინი, თანასწორად იტვირთონ ორივე გაერთიანებაში ვალდებულებები? მოკლედ, კითხვა ჯერჯერობით უფრო მეტია, ვიდრე პასუხი. კიდევ უფრო კონტრავერსიულია (ჩემი აზრით) საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ, რომლის მიზნებზეც მან ინიციატივის გაჟღერების შემდეგ ისაუბრა. მან გამოკვეთა პოლიტიკური, ენერგეტიკული, სავაჭრო და მოქალაქეთა მიმოსვლის საკითხები, მაგრამ მე პირადად არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ: 1) ეს იქნება მოდერნიზებული, გაფართოებული, ღრმა და ყოვლისმომცველი ევროპის მომავალი და 2) ეს არ იქნება ევროკავშირში გაწევრებაზე უარყოფილი ქვეყნებისთვის მოფიქრებული დამამშვიდებელი აბი!

საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ როდესაც ეუთო-ში საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას ვთხოვდით პარტნიორებს, ორმხრივად ევროპელებისგან ყოველთვის უფრო ადვილი იყო მხარდაჭერის მიღება, ვიდრე ევროკავშირის სახელით განცხადების გაკეთებაზე კონსენსუსის მიღწევა. ასევე კარგად მახსოვს, როდესაც რუსეთი ერთმანეთის მიყოლებით აიძულებდა სომხეთსა და უკრაინას, უარი ეთქვათ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ხელმოწერაზე, ასეთ ვითარებაში როგორი მძიმე მოსასმენი იყო, რომ ჩვენი შეთანხმებების თარგმნას, პარლამენტების მიერ რატიფიცირებას და ძალაში შესვლას სულ მცირე 1.5 წელიწადი დასჭირდებოდა (სომხეთის უარმა გამოაცოცხლა ჩვენდა სასიკეთოდ ევროპული ბიუროკრატია და აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრის გაკეთება 8 თვეშიც შეიძლებოდა). ამას  იმიტომ ვამბობ, რომ ცოტა ხანში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე უნდა იმსჯელონ ევროპული საბჭოს ლიდერებმა. ვიცი, რომ თუ ქვეყნები მხოლოდ კოპენჰაგენის კრიტერიუმების ზედმიწევნით შესრულების ხარისხის მიხედვით მიუდგებიან, ვერც მათი უსაფრთხოებისთვის მებრძოლი უკრაინა, ვერც ევროკავშირის გეოგრაფიული მეზობელი მოლდოვა და ვერც 85%-იანი მხარდაჭერის მქონე საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებენ, ხოლო თუ ევროპელი ბიუროკრატები, განსაკუთრებით კი მათი ხელმძღვანელები გაისიგრძეგანებენ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, ასოცირებული ტრიოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიღებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამივე ქვეყანაში სერიოზული იმედგაცრუებისა და ანტიევროპული განწყობების კიდევ უფრო გაძლიერების საფრთხე შეიქმნება.

იგივე ეხება ნატო-საც. რაც უნდა გვინდოდეს და რამდენადაც სასურველ აზროვნებად უნდა გამოიყურებოდეს დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ რუსეთმა ვერ უნდა მოიგოს; რუსეთი ისე უნდა დასუსტდეს, რომ სხვა ქვეყნებზე თავდასხმა აღარასდროს იფიქროს, ჩემი აზრით, თუ რუსეთი არ დაიშლება (ეს კიდევ ცალკე მსჯელობის საგანია, როგორ, რამდენ ნაწილად და რა პირობებით დაიშლება და რა ტიპის საფრთხეების გამომწვევი იქნება), მისი იმპერიალისტური მსოფლმხედველობა არ შეიცვლება (მომიტევეთ, მაგრამ რუსეთის დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნის არც არასდროს მჯეროდა და მით უმეტეს არც ახლა მიმაჩნია შესაძლებლად). ეს არ არის გერმანია, რომელიც დღემდე ინანიებს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებს და აღარ ფიქრობს ახალი რაიხის თუ რომის იმპერიის შექმნის იდეაზე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საშინაო მოხმარებისთვის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე კეთდება განცხადებები, რომ რუსეთსა და მართლმადიდებლობას (ცინიზმში რუსებს ვერავინ შეედრება) ებრძვის მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და სხვადასხვა პროპაგანდისტული არხით ჟღერდება ალიანსის წევრ ქვეყნებზე თავდასხმის მოწოდებები,  ნატო იყო და რჩება ერთადერთ საიმედო ორგანიზაციად უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის წევრობა კი განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევის ყველაზე ეფექტიან შესაძლებლობად.

ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე, უნდა ვიყოთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში, მაგრამ შეიძლება აღმოვჩნდეთ სივრცეში, სადაც შეიძლება გვქონდეს სახელმწიფოს გარეგნული ნიშნები, სინამდვილეში კი ვიყოთ ტერიტორია, სადაც არც ადამიანის სიცოცხლე ფასობს, არც ძირითადი ფასეულობები არსებობს, არ იქნება არც უსაფრთხოება და არც კეთილდღეობა!

საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია! საქართველოს მომავალი ნატო-სა და ევროკავშირშია!

გააზიარე