ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

ნარკოკარტელები - ფინანსური და პოლიტიკური განზომილება

კარტელის ბლოგი

Has the war on drugs been lost?

BBC News

 

მექსიკაში ცამეტი მილიარდერი ცხოვრობს და თორმეტ  მათგანს მაყურებელი ხშირად ხედავს მასმედიით თუ სოციალური ქსელებით. მეცამეტე კი რჩება საჯარო საიდუმლოდ: ისმაელ ზამბადა გარსია, იგივე „ელ მაიო“, სინალოის ნარკოკარტელის მოქმედი ხელმძღვანელი.

რით განსხვავდებიან მექსიკური ნარკოკარტელები მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოში არსებული ნარკოტიკების მწარმოებელი, გადამზიდავი და გა(და)მყიდველი კრიმინალური სინდიკატებისაგან? განსხვავება ის არის, რომ თითქმის არც ერთ ქვეყანაში კრიმინალურ ორგანიზაციებს ასე მასშტაბურად არსად განუდევნიათ და ჩაუნაცვლებიათ სახელმწიფო, როგორც ახლა ხდება მექსიკის ზოგიერთ რეგიონში.

მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან, როდესაც სავალალოდ ცნობილი ჯერ მედელინისა და შემდეგ კალის კოლუმბიური ნარკოკარტელები გაანადგურეს და მათ გაქრობასთან ერთად აშშ-ში ნარკოტიკების გადაზიდვის კარიბის მარშრუტი დაიხურა – სცენაზე აქტიურად გამოვიდნენ მექსიკური კარტელები: სინალოის, ხუარესის, ტიხუანის, ლოს-ზეტის,  გალფის, ხალისკოს, ნუევა-პლაცის და სხვა, შედარებით უფრო პატარა სინდიკატები. ისინი არიან მარიხუანის, კოკაინის, ჰეროინის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის, ფენტანილის და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკების როგორც მწარმოებლები, ასევე გადამზიდავები, რეექსპორტიორები და ეს მომაკვდინებელი ტვირთნაკადი მიედინება ძირითადად აშშ-ში, მსოფლიოს ყველაზე დიდ და მდიდარ ბაზარზე.

ნარკოკარტელებს შეგვიძლია, შევხედოთ როგორც კომპანიებს, რომლებიც მსგავსად სხვა ბიზნესორგანიზაციებისა, ორიენტირებული არიან მოგებაზე (რა თქმა უნდა, კარტელების ბოლომდე ამ ჭრილში განხილვა არ შეიძლება, რადგან მათ „ბიზნესინსტრუმენტებში“ შედის ის ბერკეტი, რაც არც ერთ სხვა კომპანიას არა აქვს – უკიდურესი ძალადობა). გაუმჭვირვალობის გამო (ცხადია), კარტელების შემოსავლის დათვლა ძალიან ძნელია და ეკონომისტები იძულებული  არიან, საკმაოდ არაზუსტი მეთოდების კომბინაცია გამოიყენონ: ანგარიშობენ „პირიქით“ ანუ ნარკოტიკის საცალო ფასიდან უკუსვლით, პლუს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობის კოეფიციენტით და პლუს სავარაუდო ფასნამატით (markup). ეს ფასნამატები კი ასტრონომიულია. მაგალითად, კოკაინისთვის ის შეადგენს დაახლოებით 1 400%-ს (შედარებისათვის: იგივე მაჩვენებელი ყავისთვის არის 70%). ასეთი ფასნამატი არ უნდა გაგვიკვირდეს –  ეს ეკონომიკური კანონზომიერებაა: სადაც არის მაღალი რისკი, იქ რისკის პრემიუმიც მაღალია, კარტელების შემთხვევაში კი მაღალი რისკი ხშირად პირდაპირ, არც მეტი, არც ნაკლები, სიცოცხლეს უდრის. დაახლოებითი გამოთვლებით, მარტო მექსიკური კარტელების წლიური ბრუნვა შეადგენს 50-60 მლრდ აშშ დოლარს და აჭარბებს ბევრი Fortune 500 კომპანიის წლიურ შემოსავალს. ხოლო რამდენია წმინდა მოგება, ეს ვინ იცის – ნარკოკარტელების ბუღალტრებს არ ახასიათებთ მიდრეკილება გულახდილი საუბრებისადმი. ასევე შეუძლებელია, ვიცოდეთ კარტელების საქმიანობის ეფექტიანობა, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მაღალი იქნება. მიზეზი მარტივია: ნარკოკარტელების წევრებს – რიგითებით დაწყებული, ხელმძღვანელებით დამთავრებული – ამოძრავებთ ორი უძლიერესი მოტივატორი: ფული და შიში.

მექსიკაში დღემდე მიმდინარეობს ე.წ. „ნარკოტიკების ომი“, რომელიც მექსიკის ხელისუფლებამ 2006 წელს დაიწყო. ძალადობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია: კარტელების წევრები უკვე ღიად ებრძვიან სახელმწიფოს და ერთმანეთსაც უფრო მაღალი ინტენსიურობით დაუპირისპირდნენ ტერიტორიების გაკონტროლების მიზნით. 2006 წლიდან დღემდე, ამ მრავალმხრივ დაპირისპირებაში დაიღუპა სხვადასხვა კარტელის დაახლოებით 160 000 წევრი, 5 000-მდე პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე: მსხვერპლის ასეთი რაოდენობა საომარი მოქმედებებისათვისაა დამახასიათებელი. ამავე პერიოდში მექსიკურმა კარტელებმა თავიანთი მოქმედების გეოგრაფიული არეალი გაზარდეს და პირველად ისტორიაში, ისინი დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოებშიც კი გამოჩნდნენ, სადაც ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად შექმნეს პლაცდარმები ნარკოტიკების ევროპაში გადაზიდვისათვის.

მექსიკის სახელმწიფოს ანტინარკოტიკული ოპერაციები ათეულობით მილიარდი პესო უჯდება (ხოლო აშშ-ის დახმარებამ 2007 წლიდან დაახლოებით 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა). მექსიკის ბიუჯეტიდან ამ ომში დახარჯული საჯარო ფინანსები შეიძლებოდა პროდუქტიული და სასარგებლო სფეროების განვითარებას მოხმარებოდა: განათლებას, ჯანდაცვას თუ ინფრასტრუქტურას. კარტელების თავზარდამცემი ულტიმატუმი ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეებისადმი ახლაც ძალაშია: Plata o plomo (ან ფული, ან ტყვია). განუწყვეტელი ტერორის ფონზე კორუფციამ დიდი მასშტაბები მიიღო როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ დონეზე. ნარკოტიკების ომი ფიტავს მექსიკის ეკონომიკას, აღრმავებს სიღარიბეს, ზრდის უმუშევრობას და განათლების გარეშე ტოვებს ახალგაზრდებს. შედეგად იქმნება მრავალრიცხოვანი კოჰორტა კარტელების დაღუპული „ჯარისკაცების“ რიგების შესავსებად – ე.წ. nini-ები (ni estudian, ni trabajan – არც სწავლობენ, არც მუშაობენ).

ამ ომს დასასრული არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაანადგურეს ან ციხეში ჩასვეს ნარკოკარტელების ბევრი ლიდერი და ათასობით წევრი, მათ ადგილებს დაუყოვნებლივ იკავებენ სხვები, კიდევ უფრო ხარბები და დაუნდობლები. გარდა ამისა, ხდება არსებული კარტელების ფრაგმენტაცია, რაც ურთიერთდაპირისპირებას კიდევ უფრო მომაკვდინებელს ხდის. ამასობაში კი ნარკოკარტელებმა მექსიკის ზოგიერთ რეგიონში (ხალისკო, მიჩოაკანი,  ზაკატეკასი და სხვ.) პრაქტიკულად ჩაანაცვლეს სახელმწიფო, განსაკუთრებით კი მისი ძალოვანი და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურები. მაგალითად, დღეს ზოგიერთი კარტელი ჩართულია მოსახლეობისათვის Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემსუბუქების კამპანიაში. კარტელების მონაწილეობა სოციალურ საქმიანობაში ახალი არაა: ჯერ კიდევ მედელინის კარტელი აგებდა სახლებს ღარიბებისთვის და აწყობდა ფიესტებს, სინალოის კარტელი აშენებს ფეხბურთის სტადიონებსa და ეკლესიებს, ხალისკოს კარტელი კი 2013 წელს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა ქარიშხალ „ინგრიდით“ დაზარალებულებს. ეს ყველაფერი იმ მიზეზით კი არ ხდება, რომ ნარკოკარტელები თანამედროვე რობინ ჰუდები არიან – მათ ჩაანაცვლეს სახელმწიფო და იქმნიან თავიანთ სოციალურ და პოლიტიკურ კაპიტალს.

ეკონომიკის კანონით, სადაც არის მოთხოვნა, იქვე ჩნდება მიწოდებაც. სანამ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ენდომება ნარკოტიკების მოხმარება, მანამდე იარსებებენ ნარკოკარტელებიც.

გააზიარე