"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ნეტავ სად დადიან ძველი მეგობრები?!

ბუკა2 (3)

„ჩვენ აღარავის ვუყვარვართ“ – სევდიანად აღიარა პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. „ვიღაცას ხომ მაინც ვუყვარვართ?!“- ჩაუსწორა პროპაგანდისტული არხის ჟურნალისტმა. „ვიღაცას – კი“ – უცებ გონს მოეგო პესკოვი. არადა, სიმართლე თქვა. მათზე დიდად არც არავინ გიჟდებოდა, მაგრამ ყოველთვის არსებობდნენ ქვეყნები, რომლებიც აღფრთოვანებით საუბრობდნენ რუსეთის მნიშვნელობაზე, შესაძლებლობებზე და ილტვოდნენ მასთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ.

გაერო-ს მიერ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან აგრესიასთან დაკავშირებით მიღებულ  რეზოლუციებს თუ გადავავლებთ თვალს, ე.წ. ერთგულ მეგობრებს შორის შეიძლება მოვიაზროთ მხოლოდ სირია, ჩრდილოეთი კორეა, ერითრეა და ბელარუსი. ეს მეგობრობაც უფრო საკუთარი გაჭირვებით, საჭიროებებით ნაკარნახები და ნაძალადევია. აი, რაც შეეხება მსხვილ და სტრატეგიულ პარტნიორებს, კონკრეტულად ჩინეთსა და ინდოეთს, ისინი ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო უკრაინაში და მას, შესაბამისად, სარეკორდო რაოდენობის სანქციებიც დაუწესდა. მართალია, არც ჩინეთი და არც ინდოეთი ამ სანქციებს პირდაპირ არ შეუერთდა, მაგრამ ჯერ ერთი, მეორად სანქციებში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ორივემ თადარიგი დაიჭირა და რაც მთავარია, არც ჩინეთმა და არც ინდოეთმა არ შეაჩერა რუსული ნავთობის შესყიდვა, ოღონდ ძალიან დიდი  ფასდაკლების სანაცვლოდ (სხვათა შორის, იმავეს მიღწევას ცდილობს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც).

ინდოეთი საერთაშორისო არენაზე, როგორც იტყვიან, ულტრა-„რეალ პოლიტიკის“ წესებით მოქმედებს და ყველაფერზე მაღლა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს აყენებს. სანქციებზე უკვე მოგახსენეთ. აგრეთვე, გაერო-ს იმ რეზოლუციების მხარდაჭერისგან, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გმობენ,  თავს იკავებს, არც განსაკუთრებული მძაფრი განცხადებებით და რიტორიკით გამოირჩევა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეულ, ფარულ უკმაყოფილებასაც იწვევს. აშშ-ში მაინც მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი დემოკრატია ჯერ კიდევ რჩება საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის ერთგული და იმედოვნებს, რომ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად შექმნილ ოთხეულში (QUAD) აშშ შეძლებს ინდოეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას. მართალია, ინდოეთი თავს უფლებას აძლევს, ყველაფერი, რასაც ვაშინგტონი შესთავაზებს, უპირობოდ არ მიიღოს, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ახლო მომავალში შეიძლება რაიმე განსაკუთრებული, ცივი ომის დროინდელი, სსრკ-ინდოეთის დონის დაახლოების მომსწრენი გავხდეთ. უფრო მეტიც, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ჯერ შანხაის ორგანიზაციის სამიტზე „დატუქსა“ საჯაროდ ვლადიმირ პუტინი: „მე ვიცი, რომ ეს არ უნდა იყოს დიდი ომების ეპოქა და ამის შესახებ გითხარით კიდეც ტელეფონით საუბრისას“, თქვენ კი ეს არ გაითვალისწინეთო. სულ ცოტა ხნის წინ კი ინდოეთის პრემიერმა გააუქმა ყოველწლიური შეხვედრა პუტინთან. სამიტის ჩაშლის მიზეზად ამ უკანასკნელის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მორიგი მუქარა დასახელდა. ასე რომ, ინდოეთი რუსულ ნავთობსაც და რუსულ იარაღსაც დიდი ფასდაკლებით ყიდულობს, მაგრამ საჭიროებისამებრ შესაბამის დროს და შესაბამისი ფორმით საკმაო სიხისტეს იჩენს რუსეთის მიმართ.

ახლა ვნახოთ ჩუმი, მშვიდი და ამავე დროს საოცრად დინამიკური ჩინეთი. მართალია, მესამე ვადით არჩეულ მის ლიდერს, სი ძინპინს კოვიდთან ბრძოლის უმკაცრესი რეგულაციების გამო დაწყებული მასშტაბური პროტესტის გათვალისწინებით მისთვის დამახასიათებელი სიჩუმე და აუღელვებლობა მაინცდამაინც კარგად არ გამოუვიდა, მაგრამ საერთაშორისო საინფორმაციო ველში  ის დაძაბულობა, რომელიც ქვეყნის შიგნით შეიქმნა, საგარეო ფრონტზე წარმატებული და ეფექტიანი ნაბიჯებით სწრაფად გადაიფარა. ჩინეთის ეკონომიკა გარკვეულ სირთულეებს განიცდის, წარმოების ტემპები დავარდნილია, რაც სხვა ყველაფერთან ერთად ნავთობის შესყიდვების მოცულობებზეც აისახება. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, რომ ერ-რიადში ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერს განეცხადებინა, რომ მისი ქვეყანა გაზრდის საუდის არაბეთიდან ნავთობის შესყიდვების მოცულობებს. ისედაც, საუდის არაბეთი ჩინეთისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ტვირთბრუნვა წლიურად 80 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაზე მოდის. გასულ კვირას შემდგარი ვიზიტის დროსაც 34 (ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 20-ისა) ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა  შორის, რა თქმა უნდა, იყო მემორანდუმი ნავთობის სფეროში თანამშრომლობის შესახებაც. არანაკლებ სტრატეგიული მნიშვნელობის იყო „ჰუავეისთან“  თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც თავად ჩინეთის პრეზიდენტმა და საუდის არაბეთის მეფემ მოაწერეს ხელი. მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა უმაღლეს დონეზე მიიღო ჩინეთის პრეზიდენტი. მათი ერთობლივი დეკლარაციიდან, გაფორმებული შეთანხმებების რაოდენობიდან და შინაარსიდან, აგრეთვე ბევრი სხვა პროტოკოლური ჟესტიდან ძალიან ნათლად და მკაფიოდ ჩანდა (განსხვავებით ზაფხულში პრეზიდენტ ბაიდენის საკმაოდ „გრილი“ მიღებისგან), რომ საუდის არაბეთს და ჩინეთს სრული ურთიერთგაგება აქვთ და სტრატეგიული თანხვდენა  გლობალურ და ორმხრივ საკითხებთან დაკავშირებით. ცხადია, საუდის არაბეთში ვიზიტი და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან სამიტი არ გამორჩენია ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ რეაქცია, ბუნებრივია, მშვიდი და მოკრძალებული იყო. თავად ვაშინგტონიდანაც გაემგზავრა პეკინში დელეგაცია, რომელმაც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი უნდა მოამზადოს (ეს ვიზიტი ცოტა ხნის წინ დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართული ბაიდენ-სი ძინპინის შეხვედრის დროს გადაწყდა. ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა დონეზე კომუნიკაცია უფრო აქტიური გახდებოდა).

სად არის ამ დროს რუსეთი? ზუსტად იმ დღეებში, როდესაც საუდის არაბეთის დე-ფაქტო მმართველი არაბული ხელგაშლილობით მასპინძლობდა ჩინეთის პრეზიდენტს, პუტინი ჩავიდა ბიშკეკში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. აქ არ დავიწყებ ცოტა ხნის წინ გამართული სამიტების გახსენებას, სადაც პუტინის ძველი დიდების აჩრდილიღა იყო დარჩენილი (მარტო ის კმარა, თუ როგორ ალოდინებდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები) და ვიტყვი, რომ ეს სამიტიც ერთი მორიგი შეკრება იყო პუტინისადმი წარსულში არსებული განსაკუთრებული მასპინძლობების გარეშე. ყველაზე ნიშანდობლივი ამ სამიტზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფ ირანის პრეზიდენტთან შეხვედრა იყო. ირანს ძალიან გაუჭირდა პროტესტების ფონზე ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ამიტომ ვინ, თუ არა რუსეთი უნდა იყოს შენი გამოკვეთილი მოკავშირე იმ დროს, როდესაც შენ არბევ, ხვრეტ, ციხეში სვამ და სასტიკად უსწორდები ქალებს, სტუდენტებს და დემონსტრაციის ათიათასობით მონაწილეს! ორივე ქვეყანა რეკორდსმენია მათთვის დაწესებული სანქციების მიხედვით (სულ ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს ორივესთან მიმართებით ახალი სანქციების შემოღების თაობაზე), ორივეს აქვს დამყარებული რეპრესიული რეჟიმი საკუთარ ქვეყანაში და ორივე მხარს უჭერს ე.წ. პროქსი ომებს სხვადასხვა რეგიონში; ორივეს აქვს სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური პრობლემები და ორივეს სჭირდება ერთმანეთისგან შეიარაღება. რუსეთს უნდა ირანული დრონები და ბალისტიკური რაკეტები, ირანს კი სუ-35-ის ტიპის თვითმფრინავები. ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა!

და მაინც: რუსები აღარავის უყვარს მსოფლიოში!

გააზიარე