"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
NO Man, NO Problem?
ვინ ჩაიდინა დანაშაული? სავარაუდოდ, მმართველ პრინცთან უაღრესად დაახლოებულმა პირებმა უსაფრთხოების სამსახურებიდან.
არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა – ვის ეკუთვნის ეს ცნობილი და უსასტიკესი გამონათქვამი? სტალინს? არა, ჩემო ძვირფასო მკითხველო. პირველად დიდ ბელადს ეს სიტყვები “არბატის ბავშვებში” ათქმევინა ანატოლი ნაუმის ძე რიბაკოვმა. ის აღიარებს, რომ გამოთქმა: “სიკვდილია ყველაფრის გამოსავალი. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა” სტალინს არც ერთ გამოსვლაში, არც ერთ კომენტარში და არც ერთ სუფრაზე არ უთქვამს. არც იტყოდა. ძალიან კარგად იცოდა გენერალისიმუსმა, რა უნდა ეკეთებინა ძალაუფლების გასამტკიცებლად (ჩვენდა საუბედუროდ! დახოცა ნარჩევი ქართველები და ვინ იცის, რამდენით დაგვხია უკან((( ) და რა უნდა ეთქვა ხმამაღლა. კუნცევოში თუ ბიჭვინთაში გამართული ცნობილი ღამის კულინარიული და სპირიტუალური ტერორის შემსწრე და გადარჩენილ არც ერთ მეინახეს არ დაუწერია თავის მოგონებებში, რომ მსგავსი რამ ეთქვას იოსიფ ვისარიონოვიჩს. სინამდვილეში ა.რიბაკოვმა ამ ფრაზით სტალინის სისასტიკე აღწერა. ძალიან ზუსტადაც. ასე იყო მაშინ.
ახლაც ასეა? შეიძლება ასე ჰგონია მის მემკვიდრეს ვ.პუწინს. ავადცნობილი ბუტირკის ციხეში “გარდაცვლილი” სერგეი მაგნიტსკი, საკუთარ სადარბაზოში მოკლული ანა პოლიტკოვსკაია, კრემლის კედლებთან დაქილერებული ბორის ნემცოვი – სამწუხაროდ, ეს სია ძალიან ვრცელია. ბილ ბროუდერის გმირობის, უფლებადამცველთა და პოლიტიკოსთა ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, რომ დღეს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში უკვე არსებობს და მოქმედებს მაგნიტსკის სია. რა თქმა უნდა, აშშ-ის კონგრესისა და ბ.ობამას ადმინისტრაციის დამსახურებაც დიდია. ისევე, როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომ დღეს ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს მისამართია ბორის ნემცოვის მოედანი 1. საკმარისია? რა თქმა უნდა, არა. სამწუხაროდ, რეალობა არ იძლევა საკადრისი რეაგირების სრული ძალით და მასშტაბით განხორციელების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, ასეთ ვითარებებში დგება არჩევანის გაკეთების აუცილებლობა – ეკონომიკასა და კრიმინალური რეჟიმისთვის ხელის ჩამორთმევას, ეროვნული თუ გლობალური უსაფრთხოების ინტერესებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს შორის არჩევანის. რა ქნას მსოფლიომ ასეთ დროს, გააკოტროს კაცისმკვლელი და ბირთვული ქობინების პატრონი პუწინი (მე რომ მკითხოს კაცმა, მე კი ვიცი მაგ ქობინის ადგილი ვის ანალიტიკაშია, მაგრამ ვინ მკითხავს მე???)? ბოლომდე მიაჭიროს ჩრდილოკორეელ კიმ ჟონ უნს? სრულად მოსთხოვოს ჩინეთს? მაგარი გაუჭედოს საუდის არაბეთის ფაქტობრივ მმართველს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს, შემოკლებით მბს-ს?
რავარი დასასჯელია (სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა შესაძლო რეაგირების კონტექსტში) საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მბს?! ის ხომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლეთის მოკავშირეა; ის ხომ სამხედრო შეიარაღების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია ( 110-მილიარდდოლარიანი კონტრაქტი აშშ-თან, 20-25 მილიარდის შეიარაღება დიდი ბრიტანეთიდან ხუმრობა საქმე არაა); ის ხომ მსოფლიო ნავთობის მარაგების 18% პროცენტის მფლობელი ქვეყნის მმართველია. თანაც კაცს რეფორმატორობაც უნდოდა. ქალებისთვის მანქანის მართვის ნებართვა ვინ გასცა? მბს-მა. ვინ ხსნის ქვეყანას როკ- და საოპერო კონცერტებისთვის, ჰოლივუდის ბლოკბასტერებისა და “ამერიკული მთებისთვის”? ისევ მბს. მმართველი პრინცი ეკონომიკაში დიდი რეფორმების განხორციელების იმედებსაც იძლეოდა. დღე-დღეზე უდიდესი საინვესტიციო-საიმიჯო კონფერენციის ჩატარებასაც გეგმავდა. აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ფინანსთა მინისტრები იყვნენ დადასტურებულ გამომსვლელთა სიაში. სი-ენ-ენი, ბი-ბი-სი, ფაინენშალ ტაიმსი, ნიუ-იორკ ტაიმსი ფოქს ნიუს ბიზნესი, ბლუმბერგი – რავი, ვინ აღარ იყო მიწვეული და ჩართული. ყველამ უარი თქვა. რატომ?
იმიტომ რომ მოკლეს კაცი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ხელისუფლების (არცთუ ისე მწვავე) კრიტიკოსი ჯამალ ხაშოგი. თან სად? სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს ტერიტორიაზე. თითქმის დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მისი წამების აუდიოჩანაწერი, მისივე “ეფლის” საათით გაკეთებული (ეგ არის 21-ე საუკუნე, ტექნოლოგიების საუკენე. კაცს აწამებდნენ და მისი “ეფლის” საათი ლაივში გადასცემდა მობილურზე. რაის მოსმენები და ბჟოტიალები? კაცმა საკუთარი სიკვდილი ჩაწერა. ყველას ჯვარი წერია. შორს ეგეთი ტექნოლოგიები ჩვენგან). სახელმწიფო მდივნის მ.პომპეოს ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნების შემდეგ სიტყვა მკვლელობა გამოიყენა თავის კომენტარში დონალდ ტრამპმაც. ძალიან ერიდებოდა ამ ფორმულირებას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
ვინ ჩაიდინა დანაშაული? სავარაუდოდ, მმართველ პრინცთან უაღრესად დაახლოებულმა პირებმა უსაფრთხოების სამსახურებიდან. რა არის გამოსავალი? ვარიანტი ა) აღიარება, რომ არასანქცირებული დაკითხვის დროს გარდაიცვალა ჯამალ ხაშოგი და მეისრის დასჯა, ვარიანტი ბ) კაცმა არ იცის, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მუჰამედ ბინ სალმანი მეფე აღარ გახდება? მაღალი ალბათობით, არა. მოექცევა საუდის არაბეთი გრძელვადიან იზოლაციაში და რაიმე სერიოზული სანქციების ქვეშ? იზოლაცია შესაძლებელია, მაგრამ სანქციები, სავარაუდოდ, ვერ – ტერორიზმი, ნავთობი, ირანი, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა, ისრაელი – აი, რამდენი და რა მნიშვნელობის შემადგენელი აქვს სანქციებზე უარის თქმას. კი, ერთი რამ ცხადია, ახლო აღმოსავლეთის ამომავალი ვარსკვლავი ძველებურად ვეღარ იკაშკაშებს. კრონპრინცის ზომიერი რეფორმატორი მმართველის იმიჯი დასამარდა და საერთოდ გარე სამყაროსთან ურთიერთობების აღსადგენად უამრავი წელი და უზარმაზერი რესურსები დასჭირდება. ეს რაც შეეხება უშუალოდ პრინცსა და მის ქვეყანას. მანამდე კი გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 6 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნებია. იმავე დღეს შედის ძალაში სანქციები ირანის ნავთობზე. ძია დონალდი იძახის, არ მომწონს ნავთობზე ამხელა ფასებიო. არადა, ირანის სანქციების გამო ისედაც მოლოდინია, რომ ფასი ბარელზე 100 დოლარს მიუკაკუნებს. ამას თუ საუდის არაბეთზე პრესები მოჰყვა, ეგ ფასი შეიძლება, სულ მცირე, გაორმაგდეს. მარტო მაგას ვინ ჩივა? არაბი სუნიტები და სპარსი შიიტები ისედაც ხომ “გიჟდებოდნენ” აქამდე ერთმანეთზე და სიტუაცია თუ უმართავი გახდა, ამბობენ, იემენი და სირია მონაგონი იქნება.
იმედია, საქმე ახალ რეგიონულ და რელიგიურ ომამდე არ მივა, მაგრამ დასასჯელი უნდა დაისაჯოს. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. განსაკუთრებით კი ადამიანის სიცოცხლეს. გინდ ნავთობზე გეძინოს, გინდ გაზზე და გინდ ოქროს საბადოებზე, ყველას მოეთხოვება. კრონპრინცი და მისი ქვეყანა რომ შარშია, კი მოგახსენეთ, აშშ-ის ადმინისტრაცია, პირადად დონალდ ტრამპი და მისი გუნდი, საყვარელი სიძის ჯარედ კუშნერის თამადობით რომ უმნიშვნელოვანესი გამოცდის წინაშეა, ესეც ფაქტია, მაგრამ ერთი რამე ცხადია: “არ არის კაცი, არ არის პრობლემას” პრინციპი ცივილიზებულ სამყაროში არ მუშაობს. NO Man, NO Problem Does not work in a civilized world!!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023