ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
ნობელის პრიზი
Nobody really expects a Nobel prize call.
Saul Perlmutter
არავინ არ ელოდება ზარს
ნობელის პრიზის კომიტეტიდან.
სოლ პერლმიუტერი
სტოკჰოლმში ორშაბათს დაიწყო და ერთი კვირა გაგრძელდება (3-10 ოქტომბერი) მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პრიზის, ნობელის პრემიის 2022 წლის ლაურეატების დასახელება. ყველას გაგვიგია ნობელის პრემია. თუმცა ახლა ცოტა მეტად გავიხსენოთ მისი ისტორია, კურიოზები და პარადოქსები.
პრემია დააარსა ალფრედ ბერნჰარდ ნობელმა, შვედმა ქიმიკოსმა, ინჟინერმა და ინდუსტრიალისტმა. ნობელის არაერთი გამოგონებიდან ყველაზე ცნობილია დინამიტი. ნობელების უმცროსი ძმა, ემილ ოსკარ ნობელი, მათი ქარხნის რამდენიმე მუშასთან ერთად შეეწირა ქიმიურ ექსპერიმენტს, რომლის დროსაც ნიტროგლიცერინი აფეთქდა. მოგვიანებით, ალფრედ ნობელი შეძლებს ნიტროგლიცერინის სტაბილიზაციას და გარდაქმნის მას დინამიტად.
ძალიან საინტერესოა, თუ როგორ მოხდა ამ პრემიის დაარსება. 1888 წელს პრესას შეცდომით აერია ალფრედის ძმის, ლუდვიგის გარდაცვალება ალფრედის სიკვდილში. ნეკროლოგს შემდეგი სათაური ჰქონდა: სიკვდილით მოვაჭრე მკვდარია. საქმე, ცხადია, ეხებოდა იმ ფაქტს, რომ ალფრედ ნობელმა გამოიგონა დინამიტი. უნდა ვთქვათ, რომ დინამიტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებოდა სამხედრო საქმეში, მაგრამ მას ამავე დროს იყენებდნენ საინჟინრო საქმეებში (გვირაბების გაყვანის დროს მთის ქანების აფეთქება, დაზიანებული შენობების დანგრევა და ა.შ.). ნეკროლოგმა ძალიან ააღელვა ალფრედ ნობელი. ის არ მოელოდა, რომ მას ასე დაახასიათებდნენ. სწორედ მაშინ დაებადა აზრი, შეექმნა და დაეფინანსებინა პრემია, რომლითაც ყოველწლიურად დაჯილდოვდებოდნენ ის მეცნიერები, რომელთა ნაშრომებიც კაცობრიობას დიდ სარგებელს მოუტანდა, აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც კაცობრიობის გაკეთილშობილებას ემსახურებოდნენ. ნობელმა 31 მლნ შვედურ კრონაზე (დღევანდელი 155 მლნ აშშ დოლარი) მეტი შესწირა ნობელის პრემიის ფონდის დაარსებას.
სანამ გავაგრძელებდეთ პრემიაზე საუბარს, გავიხსენოთ, რომ ალფრედს ჰყავდა ორი ძმა: ლუდვიგ იმანუელ ნობელი და რობერტ ჰილმარ ნობელი. ლუდვიგი და რობერტი იყვნენ ინდუსტრიალისტები და ინვესტორები. ისინი პიონერები გახლდნენ რუსულ ნავთობმომპოვებელ სფეროში. ბარონ პიტერ ფონ ბილდერინგთან ერთად, მათ დაარსეს ნავთობკომპანია „ბრანობელი“ (შემოკლებით რუსული სიტყვებიდან – ბრატია ნობელ). კომპანიის მეწილედ მათ თავიანთი ძმა, ალფრედიც შეიყვანეს. კომპანია ოპერირებდა მეფის რუსეთში, კერძოდ კი ბაქოში, ხოლო მე-19 საუკუნის ბოლოს ბაქოში მოიპოვებოდა მსოფლიო ნავთობის 50%. ასე რომ, ძმები ნობელები ძალიან შეძლებული ხალხი იყო.
ნობელის პრემიებით დაჯილდოება დაიწყო 1901 წელს. პრიზები თავდაპირველად გაიცემოდა ხუთ დარგში: ფიზიკა, ქიმია, მედიცინა და ფიზიოლოგია, ლიტერატურა და მშვიდობა. 1969 წლიდან შვედეთის სამეფო აკადემიის წინადადებით ამ დარგებს დაემატა ეკონომიკა.
არსებობს ორი ადამიანი, რომელთაც ორჯერ აქვთ მიღებული ნობელის პრემია სხვადასხვა დარგში:
- მარია სკლადოვსკა-კიური (ფიზიკა და ქიმია);
- ლინუს პოლინგი (ქიმია და მშვიდობის დარგი).
ასევე არის სამი ადამიანი, რომელთაც ორჯერ აქვთ ნობელის პრემია მიღებული ერთსა და იმავე დარგში:
- ჯონ ბარდინი (ფიზიკა);
- ფრედერიკ სანგერი (ქიმია);
- ბარი შარპლესი (ქიმია).
მშვიდობის დარგში ჯილდოები გადაეცემათ არა მხოლოდ ინდივიდებს, არამედ ორგანიზაციებსაც.
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (სამჯერ), აქედან თითო-თითო პრემია პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს;
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეში უმაღლესი კომისრის სამსახურს (ორჯერ).
თავი „ისახელეს“ დიქტატორულმა რეჟიმებმა: ნაცისტებმა ნობელის პრიზზე უარი ათქმევინეს გერმანელ ბიოქიმიკოსებს რიჩარდ კუნს, ადოლფ ბუტენანდს და ბაქტერიოლოგ გერჰარდ დომაკს. საბჭოთა რეჟიმმა უარი ათქმევინდა ნობელის პრემიაზე რუს პოეტს, ბორის პასტერნაკს. ყველა შემთხვევაში ნობელის პრემიის კომიტეტმა არ ცნო ეს უარყოფა, რადგან მათ კარგად ესმოდათ, რომ ეს უარყოფა გამოწვეული იყო ამ კოშმარული რეჟიმების საშინელი ზეწოლის გამო. გერმანელებს ნობელის პრემიები გადასცეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ხოლო პასტერნაკის შვილს პრიზი გადასცეს 1989 წელს, საბჭოთა კავშირის აგონიის დროს.
ნობელის პრემიებს ხშირად თან სდევს წინააღმდეგობრივი მოვლენები. მაგალითად, მშვიდობის დარგში ხუთჯერ დასახელებულ მაჰატმა განდის ნობელის პრემია არ ერგო. პრიზი არ მისცეს კაცს, ვინც საფუძველი ჩაუყარა კოლონიალიზმისადმი არაძალადობრივ წინააღმდეგობას და გახდა ამ მოძრაობის ლიდერი. ლიტერატურაში ნობელის პრემია არ მიუღიათ ფრანც კაფკას, ჯეიმზ ჯოისს, ფედერიკო გარსია ლორკას, ლევ ტოლსტოის, ხორხე ლუის ბორხესს, მარსელ პრუსტს, ჯორჯ ორუელს თუ რიუნოსკე აკუტაგავას. მსგავსი ჩავარდნები ამ ადამიანების დიდებას ვერაფერს აკლებს. ასეთ შემთხვევაში თუ ვინმე ზიანდება, ეს თვით ნობელის პრემიის კომიტეტია.
ათწლეულებია, რაც აქტიურად მიმდინარეობს შემდეგი საკითხის შესახებ განსჯა: რატომ არ დააარსა ალფრედ ნობელმა პრემია მათემატიკაში? მეცნიერებაში, რომელიც მიჩნეულია ყველა სხვა მეცნიერების პიკად, მეცნიერების მეფედ. არსებობს ორი მოსაზრება: პირველი არის ის, რომ პრაგმატულ ალფრედ ნობელს მათემატიკა ძალიან განყენებულ მეცნიერებად მიაჩნდა და იგი უფრო იხრებოდა გამოყენებითი მეცნიერებებისკენ.. მეორე მოსაზრება კი ის გახლავთ, რომ ნობელი შეყვარებულმა მიატოვა ერთი მათემატიკოსის გამო და ამ უკანასკნელს გაჰყვა ცოლად. არცერთ მოსაზრებას მყარი საფუძველი არა აქვს, მაგრამ ისინი იარსებებენ, განსაკუთრებით კი მეორე, რადგან ადამიანებს უყვართ პიკანტური ისტორიები და დიდი ხალხის ჩვეულებრივი ვნებები მათ თითქოს უფრო აახლოებს.
მანამდე კი:
Vivat Academia,
Vivant Professores!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023