გრანთ თორნთონ საქართველოს ვიცე მმართველი პარტნიორი

ნომადიზაცია და დიგიტალიზაცია: ნაწილი I

პაატა2
რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?

არა პოლიტიკური რიტორიკა და არა ტრადიციული სარკაზმი, არამედ ბიზნესი! – მართალია, კითხვაზე პასუხი კლასიკურ იუმორნარევ ფაბულას არ იმეორებს, თუმცა დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. როგორ? ახლავე, ჩემო ბატონებო!

მანამდე იმასაც დავძენ, რომ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციასა და ამა წლის ოქტომბრის ბლოგს არანაირი დეტერმინიზმი არ გააჩნია, მით უმეტეს – ალეგორიული კავშირები. მხოლოდ ბიზნესი, მეგობრებო!

და მაინც, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?

წამყვანი საერთაშორისო ბიზნესის ჟურნალებისა თუ კვლევითი ორგანიზაციების ჰედლაინები საკმარისია იმის გასაგებად, ან სულ მცირე, გასააზრებლად, რომ ტექნოლოგიური ექსპანსია დღითიდღე ახალ „განზომილებებს“ იძენს და ისეთ „ჩელენჯებს“ გვთავაზობს, როგორიცაა:

„მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია უკვე აქაა, მზად ხართ“ ? (Forbes)

„პოსტციფრული ერა მოდის: მზად ხართ“? (Accenture)

„იმუშავეთ, როგორც გსურთ, იცხოვრეთ, სადაც გსურთ, მზად ხართ? (Digital nomad world)

მოგვწონს თუ არა, ტექნოლოგიები სწრაფად იხვეწება, ყოველწლიურად გვთავაზობს ინოვაციებსა და რევოლუციურ პროექტებს. 2016 წლის დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფოკუსი, Covid-19-ის მიერ შექმნილი დღის წესრიგი, „ჯერ მხოლოდ“ რუსეთ-უკრაინის ომის მიგნება და თავად ტექნოლოგიების „პრაგმატული“ ევოლუციის მოლოდინი, ანუ ინდუსტრია 5.0 და 6.0, გვარწმუნებს, რომ ვცხოვრობთ საუკეთესო პერიოდში, რომელსაც თამამად შეგვიძლია, ვუწოდოთ გარდამტეხი ეპოქა. სწორედ ამ ეპოქაში შედგება ადამიანისა და რობოტის „კოჰაბიტაცია“ – human & machine PARTNERSHIP. „ის, რაც ადრე სამეცნიერო ფანტასტიკა იყო, სულ მალე რეალობად იქცევა“. მომავალი ტექნოლოგიური სამყაროსგან რობოტები, ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა თუ სხვა დამაინტრიგებელი სიახლეებია მოსალოდნელი. ექსპერტების შეფასებით, კაცობრიობა იმაზე მეტად შეიცვლება მომდევნო 30 წლის მანძილზე, ვიდრე გასულ 300 წელიწადში. ტექნოლოგიებს შეუძლია, გააძლიეროს ან გააკონტროლოს საზოგადოება. ადამიანის მიერ შთაგონებულ სოციალურ ინოვაციებსა და „სწორ ხელში“ არსებულ ტექნოლოგიებს შეუძლია, სამყარო უფრო სუფთა, ნათელ და სამართლიან ადგილად აქციოს. „მომავალი არის წარმოსახვა და არა რეალობა“.

სად ვართ და სად ვიქნებით?! – ქართული ოქსიმორონიის შეფასება მომდევნო ბლოგებში იყოს, თუმცა მჯერა, რომ მომავლის ტექნოლოგია უნდა იყოს იბერიის გაბრწყინების შანსი!

რაც შეეხება ინდუსტრიულ რევოლუციებს – რას გულისხმობს? რას გვიქადის? რას ცვლის? რას გვპირდება და რას უნდა ველოდოთ?

მსოფლიო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის, ანუ ინდუსტრია 4.0-ის ზღვარზე იმყოფება, რომლის ქოლგის ქვეშ ათობით ექსპონენციური ტექნოლოგია ჩნდება. ინდუსტრია 4.0 საკმაოდ განსხვავდება წინა სამი ინდუსტრიული რევოლუციისგან, რადგან მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი, მაშასადამე, „კაცია ადამიანი?!“

რა არის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია? როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ექსპონენციურ ცვლილებებს გვიქადის. კიბერ-ფიზიკური სისტემების, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისგან გამოწვეული ცვლილებები გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, საქმიანობასა და ერთმანეთთან ურთიერთობაზეც კი. სამუშაო ადგილებზე ჭკვიანი ტექნოლოგიების (smart technology) დანერგვა და  მანქანური ინტერაქციით ინფორმაციის მიმოცვლა წარმოქმნის სისტემის ერთიან ჯაჭვს, რომელიც გადაწყვეტილებების ადამიანისგან დამოუკიდებლად მიღებას განაპირობებს. აღნიშნული რევოლუცია გავლენას მოახდენს ყველა დისციპლინაზე, ყველა ინდუსტრიასა და მთლიანად ეკონომიკაზე, ეს კი ძირეულად შეცვლის ადამიანის ურთიერთობას გარემოსთან. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად ეს არის მე-3 ინდუსტრიული რევოლუციის (ციფრული რევოლუცია), კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტიზაციის გაგრძელება, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ცვლილებების სიჩქარის, მასშტაბისა და სისტემური გავლენის გამო, იგი მაინც განსხვავებულ ერად განიხილება.

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია გავლენას ახდენს და მასიურ ცვლილებებს იწვევს ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა მიმართულებით.

პროფესორი კლაუს შვაბი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელსაც ტექნოლოგიის „ჯორდანო ბრუნოდაც“ მოიხსენიებენ, თავის წიგნში – „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ აღწერს ტექნოლოგიების უზარმაზარ პოტენციალსა და თანხმლებ რისკებს. „ცვლილებები იმდენად ღრმაა, რომ შეიძლება ითქვას, არასდროს ყოფილა ამდენად დიდი მოლოდინებისა და პოტენციური საფრთხის ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში. სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ძალიან ხშირად ვერ გამოდიან ტრადიციული აზროვნების ჩარჩოებიდან, ზედმეტად შეშფოთებულები არიან დროებითი პრობლემებით და სტრატეგიულად ვეღარ ფიქრობენ იმ ძალებზე, რომლებიც ჩვენს მომავალს ქმნიან “.

რას გვპირდება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია? მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირება მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და შემოსავლის ზრდაა. ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნით, ე.წ. პირველი მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობამ უკვე შეიგრძნო და დააფასა ციფრული სამყაროს მიერ მოტანილი უპირატესობები, ამიტომ ორგანიზაციები მეტად ეფექტიანები და მანქანებივით „ჭკვიანები“ გახდნენ. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ტექნოლოგიები შესაძლოა, ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მზადყოფნის გაზრდაში დაგვეხმაროს. ამას გარდა, ტექნოლოგიები სარგებელს მოგვიტანს ეკონომიკური რეცესიების მიმართულებით (მაგ., კოვიდ-19-საგან მიღებული შოკები) და პოტენციურად შეგვამცირებინებს წინა ინდუსტრიული რევოლუციების შედეგად მიყენებულ ზიანს.

რა არის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პოტენციური საფრთხე? მსოფლიოს მთავრობებმა ადეკვატურად უნდა დაგეგმონ და დაარეგულირონ ახალი შესაძლებლობები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მიერ მოტანილი სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შედეგად შეიძლება გაძლიერდეს სოციალური დაძაბულობა, რამაც შესაძლოა, სამუშაო ბაზარი დაყოსნაკლებუნარიან/დაბალანაზღაურებადდამეტი უნარის მქონე/მაღალანაზღაურებადსეგმენტებად. როგორც წესი, ტექნოლოგიურ სიახლეებზე წვდომას პირველად იღებენ ისინი, ვისაც ტექნოლოგიების შენახვის ფინანსური შესაძლებლობა გააჩნია. ტექნოლოგიებს შეუძლია, შეძლებული ფენის კიდევ უფრო დიდი წარმატება უზრუნველყოს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სხვაობას შედარებით დაბალი და შედარებით მაღალი ფენების მიერ მიღებულ შემოსავლებს შორის. ტექნოლოგიების გავლენით, ზოგიერთი პროფესია შეიძლება, სრულადაც კი გაქრეს.

როგორ მოვემზადოთ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისთვის? სახელმწიფოებმა და კომპანიებმა ინვესტიცია უნდა განახორციელონ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და მონაცემთა ანალიზის განვითარებაში. ყველა ბიზნესმა უნდა გადადგას ნაბიჯი იმისათვის, რომ გახდეს თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებული, „ჭკვიანი“  ორგანიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ გაუძლებენ გამალებულ კონკურენციას. პროფესიონალებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ შესაძლოა, ჩვენი საქმიანობა მკვეთრად შეიცვალოს არცთუ ისე შორეულ მომავალში, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ჩვენი განათლებისა და ტრენინგ-სისტემებიც, იმისათვის, რომ ადამიანები უკეთესად აღიჭურვონ მეტი მოქნილობისა და კრიტიკული აზროვნების უნარით.

ეჭვგარეშეა, რომ ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპი, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ბიზნესსა და საზოგადოებაზე, თვალწარმტაცია და მას ციფრული ეპოქიდან ახალი, პოსტციფრული რეალობისკენ მივყავართ. ვინაიდან მალე ბიზნესი მეტწილად გაციფრულდება, ბაზრის ლიდერობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია  კომპანიას, განაგრძოს მოგზაურობა ხელოვნური ინტელექტის, გაფართოებული რეალობის, განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიებისა და კვანტური გამოთვლების სამყაროში. მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციის (IDC) კვლევის თანახმად, ნავარაუდებია, რომ 2022 წელს ბიზნესი 1,97 ტრილიონ დოლარამდე დახარჯავს ციფრულ ტრანსფორმაციაზე და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტზე მეტი გახდება ციფრული ყველა იმ ინდუსტრიის ზრდის თანხლებით, რომლებშიც ციფრული პროდუქტები აქტიურადაა ჩართული. განსხვავებით წინა ათწლეულისაგან, კომპანიები ახლა გადამწყვეტ ფაზაში იმყოფებიან. იმ გარემოში, სადაც მთელი ბიზნესსექტორი ციფრული ტრანსფორმაციის რეჟიმშია, გვჭირდება წარმატების ახალი ფორმულა. გაციფრულება ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, თუმცა შეცვლილია მისი დატვირთვა. ახლა გაციფრულება ბიზნესის კეთების აუცილებელი პირობაა და არა კონკურენტული უპირატესობა.

ვინაიდან ინოვაციების ტემპი არასოდეს იქნება იმაზე ნელი, ვიდრე დღეს არის და ტექნოლოგიები უფრო ღრმად შეაღწევს ადამიანების ცხოვრებისა და სამუშაო გამოცდილების ყველა ასპექტში, ვფიქრობ, დროულია ჩვენი ქვეყნის „ევოლუციური რევოლუცია“!

გააზიარე