გრანთ თორნთონ საქართველოს ვიცე მმართველი პარტნიორი

ნომადიზაცია და დიგიტალიზაცია: ნაწილი III

შურღაია2
იმუშავეთ ისე, როგორც გსურთიცხოვრეთ იქ, სადაც გსურთ!

მიმდინარე დღეებში ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად დამოკიდებული თემების განხილვის მონაწილე გახლდით. 9-წლიანი ფიზიკური განშორების შემდეგ, მოკლევადიანი საქმიანი ვიზიტით მყოფ  უახლოეს მეგობართან მისალმება დაიწყო მისი პირდაპირი, განრისხებული და რიტორიკული კითხვებით, საიდანაც ერთ შეკითხვას გამოვარჩევდი – „რატომ არის საქართველო ასეთი ნელი?“ ეჭვგარეშეა, რომ ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების რიტმი მანჰეტენსა და თბილისში ძალიან განსხვავდება და იმისათვის, რომ ჩვენც შევქმნათ „ქართული მანჰეტენი“, მხოლოდ „ამერიკული მანჰეტენის  მოვლენების აქსელერატორი“ მეთოდებისა და ხერხების კოპირება/გაზიარება არ კმარა. მიუხედავად იმისა, რომ შევთანხმდით იმაზე, თუ „რა გვინდა და რატომ?“ – კატეგორიულად ვერ შევთანხმდით იმაზე, თუ როგორგვინდა ამ ყველაფრის მიღწევა. სამუშაო დროისა და დღეების გაზრდის სურვილთან დაკავშირებული განხილვები არ იყო დასრულებული, რომ მეორე დღეს მათი შემცირების მთხოვნელთა რიგებში აღმოვჩნდი.  ბიზნესის მმართველი წრეები განიხილავდნენ სამუშაო საათებისა და დღეების შემცირებას, რაც, მათი აზრით, პოზიტიურად აისახებოდა მიზნების შედეგიანობაზე და არგუმენტად წარმატებული ქეისები და ქვეყნები მოჰყავდათ. რა თქმა უნდა, აქაც აღმოვჩნდი „იდეის ცაიტნოტში“. მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის გავლენით ინოვაციებსა და ექსპერიმენტებზე მოთხოვნა გაიზარდა, ნებისმიერი წარმატების გაზიარებას საზოგადოების/სოციუმის მომწიფება სჭირდება, რადგან მხოლოდ „იარაღის“ მიცემა, დიდი ალბათობით, ნეგატიურ/უკუშედეგს გამოიღებს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) თანახმად, COVID-19-ის შოკმა ბევრ ქვეყანაში დააჩქარა საჯარო და კერძო სექტორის აქტივობების დიგიტალიზაცია, რაც გაუმჯობესებული ფართოზოლოვანი კავშირით (ბოჭკოვანი, უკაბელო, სატელიტური კავშირები/ინტერნეტი), ონლაინური  ბიზნესმოდელების დანერგვით, ონლაინგადახდების ხელშეწყობითა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერებით გამოიხატა. McKinsey Global Institute-ის მიერ აღმასრულებელი დირექტორების გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, რომ COVID-19-ის კრიზისმა შიდა ოპერაციების, მომხმარებელთა და მიწოდების ჯაჭვის ინტერაქციის დიგიტალიზაცია 3-4 წლით დააჩქარა. კომპანიების პორტფოლიოში ციფრული ან ციფრულად გამოყენებადი პროდუქტების წილის ზრდა კი შვიდი წლით დაჩქარდა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემია ფართოდ იქნა აღიარსებული კომპანიების, სამუშაოსა და საზოგადოების ციფრული ტრანსფორმაციის ამაჩქარებელ ფაქტორად, თუმცა COVID-19-ის კრიზისის გავლენა კომპანიებზე არაერთგვაროვანი იყო, რაც ზოგიერთი ბიზნესის უფრო სწრაფი გაციფრულებით გამოიხატა, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთმა კომპანიამ ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო.

COVID-19-ის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების შედეგად მიღებული გაციფრულების ხარისხი სექტორებისა და ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ტექნოლოგიების დანერგვაზე, დამოკიდებულია როგორც პროდუქტიულობის, ეკონომიკურ და საბაზრო მახასიათებლებზე, ასევე ციფრული განვითარებისა და ტექნოლოგიური სიმწიფის პანდემიამდე არსებულ დონეებზე. ციფრულ გარემოსა და ეკოსისტემებში ინოვაციურობის შესაძლებლობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზოგიერთი სექტორის დიგიტალიზაციის დაჩქარებაში – იქმნება ახალი სერვისები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ახალ ბაზრებს.

პანდემიის დროს ქვეყნების მთავრობების უმრავლესობამ აქტიურად მოუწოდა დასაქმებულებს, დარჩენილიყვნენ სახლში, რის გამოც, COVID-19-ის მიერ მოტანილი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება დისტანციური მუშაობის საგრძნობი ზრდა გახდა. წარმოებისა და სერვისის მიწოდების პროცესში შეტანილ ცვლილებებთან ერთად, კომპანიები იძულებულნი გახდნენ, სწრაფად განეხორციელებინათ ინვესტირება ისეთ პროგრამულ პლატფორმებში, რომლებიც შესაძლებელს გახდიდნენ კომუნიკაციისა და შეხვედრების ონლაინ ორგანიზებას (მაგ. Zoom-ი, Microsoft Teams-ი და Skype for business-ი). ცვლილებები მიზნად ისახავდა ადამიანებს შორის პირდაპირი კავშირის მაქსიმალურად შემცირებას.  კომპანიებმა უეცრად დაიწყეს/დააჩქარეს ცვლილებები მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობის მიმართულებით, გაზარდეს მიმღებლობა სამუშაოს ორგანიზების, შიდა კომუნიკაციებისა და ყოველდღიური ოპერაციების მოდიფიკაციის მიმართ, დაჩქარდა პროცესების ავტომატიზაცია. გაიზარდა მიმღებლობა სამუშაოს შესრულების ადგილის მოქნილობის მიმართაც. ციფრულ ოპერაციებზე გადასვლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა იყო. OECD-ის კვლევის თანახმად, 2020 წლის აპრილში, პანდემიის პირველი ტალღის დროს, დასაქმებულების გარკვეული ნაწილით ევროკავშირის კომპანიების თითქმის 70% გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე.

პანდემიამ ბევრ ადამიანს დაანახა, რომ სულაც არაა საჭირო, სამუშაო გარემო ისეთი იყოს, როგორიც ის პანდემიამდე იყო. შეიძლება სწორედ ამის გამო აღარ დაუბრუნდა ბევრი ადამიანი ძველ სამსახურს. ამის ნათელი მაგალითია სტუმარმასპინძლობისა და სერვისის მიწოდების სექტორი. 2021 წლის ბოლოს მათ საგრძნობლად გაუჭირდათ თანამშრომლების შენარჩუნება, შედეგად კი დიდი გამოწვევების წინაშე დადგნენ. პანდემიის (ან შემდგომ) დროს უამრავმა ადამიანმა ნებაყოფლობით დატოვა სამსახური, რაც არა მხოლოდ არებული პოზიციებით უკმაყოფილებას, არამედ უკეთესის პოვნის სურვილსაც ასახავდა.

არსად გაქრობას არ აპირებს ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის ტრენდიც, რომლის წყალობითაც დასაქმებულებს შეუძლიათ, მოქნილი გრაფიკით იცხოვრონ მათ მიერვე არჩეულ გეოგრაფიულ არეალში. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან საერთაშორისო დისტანციური მომუშავეების.. ციფრული თუ არაციფრული ნომადების (nomads) მზარდი ფენის მოზიდვაში. ნომადებისთვის საუკეთესო შეთავაზებებით პორტუგალია, ავსტრალია, ესტონეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოირჩევიან. გამორჩევაში იგულისხმება ვიზის მიღების, ბინადრობის მოპოვების, საგადასახადო შეღავათებისა თუ სხვა მასტიმულირებელი პაკეტების დაწესება, რაც ნომადს სხვა პირობებთან ერთად (ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, ბუნება, კულტურა და ა.შ.) „იძულებულს“ ხდის, დროის გარკვეული პერიოდით აირჩიოს ქვეყანა, სადაც იცხოვრებს და საიდანაც იმუშავებს“.

ამ კუთხით განსაკუთრებით გამოსარჩევია ჩვენი კალიბრის ქვეყანა – ესტონეთი.

ჯერ კიდევ 2019 წელს ტელეკომპანია CNBC-მ ესტონეთს მიუძღვნა სიუჟეტი შემდეგი „ჰედლაინით“ – როგორ იქცა რუსეთის მოსაზღვრე პაწაწინა ქვეყანა მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ტექნოლოგიურ საზოგადოებად“. ბალტიისპირეთის ქვეყანამ, სადაც სულ რაღაც 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაღალტექნოლოგიური ციფრული საზოგადოების წყალობით მსოფლიო ლიდერების, მეცნიერებისა და ვენჩურული კაპიტალისტების ყურადღება 2000 წლიდან მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ესტონეთი ევროპის ჩემპიონი იყო საჯარო სერვისების ონლაინ მიწოდებაში და ევროკავშირში საშუალოზე მაღალი ქულები ჰქონდა ციფრულ უნარებსა და მოქალაქეების მიერ ინტერნეტის გამოყენებაში. ახლა, 2022 წლის მონაცემებით, ესტონეთი მე-9 ადგილზეა ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების ინდექსის (DESI) მიხედვით.

უდავოა, რომ დისტანციური პროფესიონალების მზარდმა ჯგუფმა დისტანციური მუშაობა ახალ მასშტაბებზე გაიყვანა. ნომადები დისტანციურ სამუშაოებს ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში საცხოვრებლად იყენებენ. სხვები კი ერთდროული მუშაობა-დასვენების პროცესში არიან ჩართულნი. ნომადები დროისა და ფულის ინვესტიციას მასპინძელი ქვეყნების ეკონომიკაში ადგილობრივი სამუშაო ადგილების ათვისების გარეშე ახდენენ და ამყარებენ კავშირს ადგილობრივ პროფესიონალებთან, რაც სარგებლის მომტანია როგორც დისტანციურად დასაქმებულთათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

გასაკვირი არ არის, რომ დღეს უფრო და უფრო მეტი კომპანია სთავაზობს თანამშრომლებს ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის შესაძლებლობას. ზოგიერთმა კომპანიამ ( Doist-ი; GitLab-ი;  Zapier; თუ სხვა) დანერგა მუშაობის სრულად დისტანციური მოდელი და მთლიანად გააუქმა ოფისები. მაშინ როდესაც სხვა კომპანიები ( Twitter-ი; Google-ი; Shopify; თუ სხვა) ინარჩუნებენ ფიზიკურ ოფისებს, მაგრამ უპირატესობას ანიჭებენ დისტანციურ მუშაობას. სხვები მუშაობის ჰიბრიდულ-დისტანციურ მოდელებს იკვლევენ, იქნება ეს დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა გარკვეული როლებისთვის, თუ ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის წლიური პერიოდების დაშვება.

ნომადიზმს მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი სარგებელიც აქვს. ნომადებს შეუძლიათ, გახდნენ რეგიონებს შორის ცოდნისა და რესურსების მიმოცვლის კატალიზატორი, რაც სარგებელს მოუტანს როგორც მათ, ისე დამსაქმებელ კომპანიებსა და .. მასპინძელ ქვეყნებს. Harvard Business Review-ს  ხანგრძლივმა კვლევამ გეოგრაფიული მობილობისა და ინოვაციების თემაზე აჩვენა, რომ თანამშრომლების მოკლევადიანი მოგზაურობა და შორეულ მანძილზე მომუშავე კოლეგებთან მცირეხნიანი ცხოვრებაც კი დასაქმებულებს დაეხმარებათ, მოიპოვონ წვდომა ისეთ ინფორმაციასა და რესურსებზე, რაც ხელს შეუწყობს ახალი იდეებისა და პროექტების განვითარებას და სარგებელს მოუტანს როგორც ნომადებს, ისე მათ ორგანიზაციებს/დამსაქმებლებს. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მცოდნე და გამოცდილი მიგრანტები მასპინძელ სოციუმს მათთვის უჩვეულო და უნიკალურ ცოდნას უზიარებენ საკუთარი კულტურის შესახებ. მასპინძელი ქვეყნის ინოვატორები ერთვებიან „ცოდნის რეკომბინაციაში“ რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აერთიანებენ არსებულ ცოდნას მიგრანტების მიერ მოტანილ ცოდნასთან. მიგრანტი ინოვატორები არა მხოლოდ ცოდნის „იმპორტს“ ახორციელებენ მშობლიური ქვეყნებიდან, არამედ აძლიერებენ ინოვაციებს იმავე მიმართულებით, რომლებშიც სპეციალიზებულია მათი სამშობლო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ტექნოლოგიურად ისეთი ღატაკი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა“. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანას აღნიშნული მიმართულებით არანაირი ცვლილება არ განუხორციელებია, მაგრამ მაინც გვაქვს უსაფუძვლო ამბიცია, ვიყოთ ტურისტულად, ბიზნესის კეთებისა თუ ცხოვრებისთვის მიმზიდველი სახელმწიფო.  

დაბოლოს, ციფრულმა მომთაბარეებმა (ნომადები) შესაძლოა, გადამწყვეტი როლი შეასრულონ მეწარმეობის ხელშეწყობასა და ტექნოლოგიური კლასტერების შექმნაში. უცხოელ მეწარმეებს, რომლებიც საზიარო სამუშაო სივრცეში იკრიბებიან რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც, შეუძლიათ ახალი კავშირების და ახალი საწარმოების/ორგანიზაციების შექმნა. ცხადია, რომ ნომადიზაცია და ზოგადად დისტანციური მუშაობის სისტემა, ფულის ხარჯვით, კოლაბორაციების ხელშეწყობითა და ინოვაციების წახალისებით შეიძლება სარგებლიანი გახდეს ნებისმიერი ეკონომიკისთვის (განსაკუთრებით საქართველოსთვის).

გააზიარე