"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებით საქართველო მსოფლიოში 91-ე ადგილზეა

ბესო1 (2)

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებით, რომელსაც ეროვნული ბანკი განკარგავს, საქართველო მსოფლიოში 91-ე ადგილზეა 152 ქვეყანას შორის.

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები მოიცავს უცხოურ ვალუტას, ოქროს, სარეზერვო პოზიციას საერთაშორისო სავალუტო ფონდში და სესხების სპეციალურ უფლებებს (SDR). სესხების სპეციალურ უფლებები არის საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ნაწილი, რომლებიც შექმნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და განაწილებულია წევრ ქვეყნებს შორის ოფიციალური რეზერვების სტატუსით. ჩამოთვლილი ოთხი აქტივიდან ქვეყნის რეზერვების უმეტესი წილი უცხოურ ვალუტაზე და ოქროზე მოდის.

ყველა ქვეყნის ხელისუფლება უცხოური ვალუტის და ოქროს გარკვეულ მოცულობას არეზერვებს, რომელსაც ძირითადად ცენტრალური/ეროვნული ბანკები ფლობენ და აკონტროლებენ. რეზერვების დაგროვების მიზანი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. რეზერვები იხარჯება, როდესაც ქვეყანა საგარეო შოკს განიცდის, ანუ ნაკლები უცხოური ვალუტა შემოდის, ან მთავრობის საგარეო ვალდებულებების მომსახურების დროს.

უცხოური ვალუტის რეზერვების მაღალი დონით ძირითადად ის ქვეყნები გამოირჩევიან, რომელთა ექსპორტი იმპორტზე მეტია, ანუ დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ. ეს ლოგიკურია, რადგან ამ დროს საგარეო ვაჭრობის შედეგად ქვეყნიდან უფრო ნაკლები უცხოური ვალუტა გადის, ვიდრე შემოდის.

ქვეყნების მიხედვით ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღრიცხავს. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკი 4,271 მლნ დოლარის უცხოურ სარეზერვო აქტივებს ფლობდა. ამ მაჩვენებლით საქართველო 152 ქვეყანას შორის 91-ე ადგილს იკავებს. მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაცემი ცნობილი არ არის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აქედან 3,785 მლნ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვები იყო, ხოლო 486 მლნ დოლარი სესხების სპეციალური უფლებები. საქართველო ოქროს რეზრვს არ ფლობს. 3,785 მლნ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 1,280 მლნ დოლარი უცხოური ვალუტა და დეპოზიტები იყო, ხოლო 2,505 მლნ დოლარი ფასიან ქაღალდებში იყო განთავსებული. ფასიან ქაღალდებში განთავსების მიზანი რეზერვებიდან შემოსავლის მიღებაა.

2013 წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკს 2,823 მლნ დოლარის რეზერვი ჰქონდა. 2014-2015 წლებში რეზერვები 2,521 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2016 წლიდან ზრდა დაიწყო და მაქსიმალურ მაჩვენებელს – 4,386 მლნ დოლარს 2022 წლის 31 ოქტომბერს მიაღწია.

ზოგადად, მიჩნეულია, რაც მეტად აღემატება ქვეყნის რეზერვების მაჩვენებელი ბოლო სამი თვის იმპორტის საშუალო მაჩვენებელს, მით უფრო კარგია. 31 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს რეზერვები ბოლო 3 თვის იმპორტს 1.3-ჯერ აღემატება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური უცხოური სარეზერვო აქტივები, მლნ დოლარი

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვები აქვთ

ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვი ჩინეთს აქვს – 3.3 ტრილიონი დოლარი. ამის მთავარი მიზეზი ჩინეთის დადებითი სავაჭრო ბალანსია. 2021 წელს ჩინეთის ექსპორტმა იმპორტს 460 მილიარდი დოლარით გადააჭარბა.

მეორე ადგილზე იაპონიაა 1.4 ტრილიონი დოლარით, მესამეზე შვეიცარიაა ტრილიონი დოლარით. სხვა ქვეყნების რეზერვები ტრილიონ დოლარს ქვემოთაა.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვები რუსეთს აქვს – 550 მილიარდი დოლარის, თუმცა უმეტესი ნაწილი „გაყინულია“ და დღეს რუსეთი რა მოცულობის რეზერვებს განაგებს, უცნობია. შემდეგ მოდის თურქეთი 64 მილიარდი დოლარით, აზერბაიჯანი 8.8 მილიარდი დოლარით და სომხეთი 3.7 მილიარდი დოლარით.

ყველაზე ცოტა უცხოური ვალუტის რეზერვი მონსერატს აქვს – 40 მლნ დოლარი. მონსერატი პატარა ქვეყანაა, მისი ეკონომიკა 182 მლნ დოლარია. შემდეგ მოდის ანგვილა, რომელსაც 56 მლნ დოლარის რეზერვი აქვს. ბოლოდან მე-3 ადგილზე დომინიკია 191 მლნ დოლარით.

ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვების მქონე ქვეყნები

ქვეყანამილიარდი დოლარი
ჩინეთი3,317
იაპონია1,357
შვეიცარია1,051
ინდოეთი596
ტაივანი549
ჰონგ-კონგი497
სამხრეთ კორეა457
საუდის არაბეთი455
სინგაპური416
ბრაზილია355

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

 

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა