"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებით საქართველო მსოფლიოში 94-ე ადგილზეა
ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებით, რომელთაც ეროვნული ბანკი განკარგავს, საქართველო მსოფლიოში 94-ე ადგილზეა 166 ქვეყანას შორის.
ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები მოიცავს უცხოურ ვალუტას, ოქროს, სარეზერვო პოზიციას საერთაშორისო სავალუტო ფონდში და სესხების სპეციალურ უფლებებს (SDR). სესხების სპეციალური უფლებები არის საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ნაწილი, რომლებიც შექმნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და განაწილებულია წევრ ქვეყნებს შორის ოფიციალური რეზერვების სტატუსით. ჩამოთვლილი ოთხი აქტივიდან ქვეყნის რეზერვების უმეტესი წილი უცხოურ ვალუტასა და ოქროზე მოდის.
ყველა ქვეყნის ხელისუფლება უცხოური ვალუტისა და ოქროს გარკვეულ მოცულობას არეზერვებს, რომელსაც ძირითადად ცენტრალური/ეროვნული ბანკები ფლობენ და აკონტროლებენ. რეზერვების დაგროვების მიზანი – ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. რეზერვები იხარჯება, როდესაც ქვეყანა საგარეო შოკს განიცდის (ანუ ნაკლები უცხოური ვალუტა შემოდის) ან მთავრობის საგარეო ვალდებულებების მომსახურების დროს.
უცხოური ვალუტის რეზერვების მაღალი დონით ძირითადად ის ქვეყნები გამოირჩევიან, რომელთა ექსპორტი იმპორტზე მეტია, ანუ დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ. ეს ლოგიკურია, რადგან ამ დროს საგარეო ვაჭრობის შედეგად ქვეყნიდან უფრო ნაკლები უცხოური ვალუტა გადის, ვიდრე შემოდის.
ქვეყნების მიხედვით ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღრიცხავს. 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკი 5,119 მლნ დოლარის უცხოურ სარეზერვო აქტივებს ფლობდა. ამ მაჩვენებლით საქართველო 166 ქვეყანას შორის 94-ე ადგილს იკავებს. მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის მონაცემები ცნობილი არ არის. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აქედან 4,666 მლნ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებია, ხოლო 451 მლნ დოლარი – სესხების სპეციალური უფლებები. საქართველო ოქროს რეზერვს არ ფლობს. 4,666 მლნ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 925 მლნ დოლარი უცხოური ვალუტა და დეპოზიტები იყო, ხოლო 3,741 მლნ დოლარი ფასიან ქაღალდებში იყო განთავსებული. ფასიან ქაღალდებში განთავსების მიზანი რეზერვებიდან შემოსავლის მიღებაა.
2013 წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკს 2,823 მლნ დოლარის რეზერვი ჰქონდა. 2014-2015 წლებში რეზერვები 2,521 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2016 წლიდან ზრდა დაიწყო და მაქსიმალურ მაჩვენებელს – 5,437 მლნ დოლარს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია. აგვისტოს შემდეგ, ბოლო 2 თვეში, 318 მლნ დოლარით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური უცხოური სარეზერვო აქტივები, მლნ დოლარი
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვები აქვთ
ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვი ჩინეთს აქვს – 3.1 ტრილიონი დოლარი. ამის მთავარი მიზეზი ჩინეთის დადებითი სავაჭრო ბალანსია. 2022 წელს ჩინეთის ექსპორტმა იმპორტს 857 მილიარდი დოლარით გადააჭარბა.
მეორე ადგილზე იაპონიაა 1.2 ტრილიონი დოლარით, მესამეზე – შვეიცარია 877 ტრილიონი დოლარით.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვი რუსეთს აქვს – 577 მილიარდი დოლარის, თუმცა უმეტესი ნაწილი „გაყინულია“ და დღეს რუსეთი რა მოცულობის რეზერვებს განაგებს, უცნობია. შემდეგ მოდის თურქეთი 135 მილიარდი დოლარით, აზერბაიჯანი 7.7 მილიარდი დოლარით და სომხეთი 4.1 მილიარდი დოლარით.
იმ ქვეყნებიდან, რომლებზეც ინფორმაცია მოიპოვება, ყველაზე ცოტა უცხოური ვალუტის რეზერვი სამხრეთ სუდანს აქვს – 73 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის ბურუნდი, რომელსაც 111 მლნ დოლარის რეზერვი აქვს. ბოლოდან მე-3 ადგილზე ზიმბაბვეა 151 მლნ დოლარით.
ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვის მქონე ქვეყნები
ქვეყანა | მილიარდი აშშ დოლარი |
ჩინეთი | 3,115 |
იაპონია | 1,238 |
შვეიცარია | 877 |
ინდოეთი | 590 |
რუსეთი | 577 |
ტაივანი | 564 |
საუდის არაბეთი | 427 |
ჰონგ-კონგი | 418 |
სამხრეთი კორეა | 418 |
ბრაზილია | 344 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024