ნიკოლოზ მარკოზაშვილმა დაამთავრა თსუ-ს კიბერნეტიკის ფაკულტეტი და ასპირანტურა თსუ-ს მართვის თეორიის კათედრა. დაიცვა დისერტაცია საქართველოს აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში ოპტიმალური მართვის საკითხებში. დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა ESM-თბილისის მენეჯმენტის BBA და MBA პროგრამებს.  1994 წლიდან ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი ბიზნეს პროექტი. ამჟამად არის საკონსულტაციო ფირმის „Innova“ და სასწავლო ცენტრის „Sapienty Sat“ პარტნიორი.

Paradigm Shift | ნიკოლოზ მარკოზაშვილის ბლოგების სერია

Forbes-WEB-22101701

ტექნოლოგიური ინოვაცია დღევანდელ ბიზნეს გარემოში, როგორც წესი, აღარ წარმოადგენს ფირმის მდგრად  კონკურენტულ  უპირატესობას.

რა  თქმა უნდა,  ტექნოლოგიური ინოვაცია განსაზღვრავს კონკურენტულ უპირატესობას, მაგრამ  უმეტეს შემთხვევაში ის არ არის   ძნელად გასამეორებელი და გრძელვადიანი (ანუ – მდგრადი).  ვადა აქ უკავშირდება ახალი ტექნოლოგიის ათვისების დროს, ანუ კონკურენტული უპირატესობის „გაქრობის“ დროს.  დღეს ტექნოლოგიური პროგრესი იმდენად მაღალ დონეზეა, რომ ითვლება:  ფირმას არ უჭირს რეაგირება ტექნოლოგიური სახის ინოვაციაზე.

აქ მნიშვნელოვანია სხვა ასპექტი. დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში განვითარება ხდება ძირითადად ინფორმაციის ოპერირებასთან დაკავშირებით. ინფორმაციამ კი  დარგობრივი საზღვრები „არ იცის“. ეს  აძლევს ფირმას  შესაძლებლობას  „შეიჭრას“ მისთვის ახალ დარგში, ხოლო ამ დარგში არსებულ ფირმებს ექნება საშიშროება მოულოდნელი, დღემდე დარგში არ არსებული კონკურენტის სახით.

ამიტომ ფირმა მზად უნდა იყოს მოახდინოს სწრაფი რეაგირება გარემოში მომხდარ ცვლილებებზე. ეს რეაგირება, ერთის მხრივ, უნდა ატარებდეს „თავდაცვით“ ხასიათს ( ახალი კონკურენტის  ტექნოლოგიის ათვისება) და, მეორეს მხრივ, ფირმა თვითონ იყოს ინოვაციების ნაკადის გენერატორი (ანუ „შეუტიოს“), და ამით თვითონაც შეცვალოს ბიზნეს გარემო.

აღმოჩნდა, რომ ბიზნესის ძველი პარადიგმის ტრადიციული იერარქიული სტრუქტურა (გადაწყვეტილებების მიღება „ზემოდან ქვემოთ“) ვერ უზრუნველყოფდა რეაგირების საჭირო დროს.  აუცილებელი გახდა ბიზნესის ახალი პარადიგმის შემუშავება და ძველის შეცვლა… სწორედ ამ პროცესშია დღევანდელი ბიზნეს სამყარო…

ამავე დროს მთლიანად უნდა  შეიცვალოს დამოკიდებულება ფირმის პერსონალის მიმართ: თუ ადრეც ფირმა ცდილობდა შეძლებისამებრ უკეთესი ადამიანები მოეყვანა სამუშაოდ, ახლა შემსრულებლების „ხარისხი“ გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი, ანუ საკუთარი  თავის გადასარჩენად ფირმა იძულებულია შეარჩიოს საუკეთესო კადრები. მეტიც, კადრების შერჩევა და ერთიან გუნდად შეკვრა წარმოადგენს  მდგრად კონკურენტულ  უპირატესობას (პრაქტიკულად ერთადერთს). პარადოქსალურია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საჭირო კადრების მოძებნა წარმოდგენს რთულად გადასაწყვეტ პრობლემას, რომელიც განსაზღვრავს წარმატებას ბიზნესის ახალ პირობებში.

სწორედ  ბიზნესის ახალ პარადიგმასთან  დაკავშირებული საკითხები წარმოადგენენ ჩვენი ბლოგის  პირველ (და მთავარ) თემას…

ახალი  პარადიგმა? ვიკიპედიაში  ვკითხულობთ:  „პარადიგმის  ქვეშ  იგულისხმება საყოველთაოდ აღიარებული წარმოდგენები, რომლებიც გარკვეული დროის  განმავლობაში  გვაძლევენ პრობლემების დასმის და გადაწყვეტის მოდელს.“  რადგან პარადიგმა  ახალია, მაშინ არსებობს ძველიც და რატომღაც ვცვლით მას და გადავდივართ ახალზე. ეს საკითხი პირველმა შეისწავლა ამერიკელმა სპეციალისტმა მეცნიერების ფილოსოფიის და ისტორიის დარგში ტომას კუნმა  და  ამ  შეცვლას  სახელიც მოუფიქრა – paradigm shift: “პარადიგმის ცვლილება (paradigm shift) –  არსებული პარადიგმის საბაზისო  წინაპირობების  ჩარჩოებში  ცვლილებების  აღწერაა”.

თომას კუნი | Thomas Samuel Kuhn was an American philosopher of science whose 1962 book The Structure of Scientific Revolutions was influential in both academic and popular circles, introducing the term paradigm shift, which has since become an English-language idiom. Wikipedia | ფოტო: Buchwald

სტენფორდის  ფილოსოფიის ენციკლოპედიის  მიხედვით  ტომას კუნი (1922-1996)  იყო  მეოცე  საუკუნის ერთ-ერთი  ყველაზე  გავლენიანი  მეცნიერების ფილოსოფოსი.  მისი ძირითადი ნაშრომი მეცნიერებაში  რევოლუციების  სტრუქტურა (1962) დღესაც მეცნიერების ისტორიკოსების „სამაგიდო“  წიგნია. ამ ნაშრომში ტომას კუნმა პირველმა ჩამოაყალიბა მეცნიერების განვითარების ახალი კონცეპცია, რომელში განვითარება წარმოდგენილია, როგორც სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებების კონკურენტული ბრძოლის შედეგი.

ბიზნესირა შუაში ა აქ ბიზნესი? ის  ხომ მეცნიერება არ არის… ამავე დროს  ბიზნესი წარმოუდგენელია  ორგანიზაციებს  შორის  კონკურენტული ბრძოლის გარეშე. ამასთან, ამ ბრძოლას დღეს გააჩნია მკვეთრი გამძაფრების ტენდენცია.

რატომ? პასუხის  გასაცემად  გავიხსენოთ, რომ  ბიზნეს-ორგანიზაციები არსებობენ გარკვეულ  გარემოში  და, ბიზნესის განმარტების თანახმად, ორიენტირებულები არიან წარმატების  მიღწევაზე. ყველა წარმატებული ვერ იქნება, მაგრამ ყველას – უნდა და  სწორედ  ეს  იწვევს ბიზნესში კონკურენციას. წარმატებას აღწევს ის, ვინც უკეთესად აკეთებს  იმას რასაც სხვები არ, ანდა ვერ, აკეთებენ. ორივე  შემთხვევაში  იგებს ის, ვინც განსხვავებულად ხედავს, აზროვნებს  და  ახორციელებს  ჩანაფიქრს სხვებთან შედარებით. ასე მივდივართ ინოვაციის ცნებამდე…

გარემო? ორგანიზაციის კონკურენტებიც გარემოში არიან. გარემო იცვლება, მათ შორის კონკურენტების  და  თვით ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად. თუ იცვლება სწრაფად, კონკურენცია  მძაფრდება. დღეს  გარემო  შეიცვალა რადიკალურად და განაგრძობს სწრაფ ცვლილებას. ( რატომ?)  იმდენად რადიკალურად და სწრაფად, რომ დღის წესრიგშია ბიზნესის პარადიგმის შეცვლა.

ბიზნესის ძველი პარადიგმის „მანიფესტს“, ჩემი აზრით, წარმოადგენს ჰენრი ფორდის შემდეგი სიტყვები: “ყველაფერი რაც მჭირდება – კარგი ხელების წყვილია, მაგრამ, სამწუხაროდ, მიხდება მათი მიღება ადამიანთან ერთად”.

ამ  მოსაზრებას უპირისპირდება აინჰარდ შპრენგერი. დოქტორი რაინჰარდ კ. შპრენგერი ითვლება ყველაზე ცნობილ მართვის ექსპერტად გერმანიაში. თავისი წიგნებით Mythos Motivation, Aufstand des Individuals  და  Das Prinzip Selbstveranwortung მან  შეცვალა  მენეჯმენტის სამყარო. მისი განმარტებით „…მართვის ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ მოვიყვანოთ თანამშრომლები სამუშაო ადგილებთან შესაბამისობაში, გავაკონტროლოთ  ისინი და მოვახდინოთ მათი მოტივირება. დაგეგმილ სისტემაში უნდა იყოს შესაძლებელი ადამიანების მართვა და შეცვლა. ისინი განიხილებიან როგორც მანქანის ნაწილები…“

რაინჰარდ კ. შპრენგერი | ფოტო: Bild

ასეთი მართვის სისტემა ორგანიზებული იყო ვერტიკალურად, აგებული – პოზიციებზე მყოფ ავტორიტეტებზე  და  ბრძანებების გადაცემის და შესრულების ჯაჭვებზე. ამავე დროს უკვე XX საუკუნის დასაწყისში გაირკვა, რომ ადამიანები განსხვავდებოდნენ ხედვით, უნარებით და ინტერესებით, რაც საგრძნობლად ართულებდა კონტროლის ფუნქციის შესრულებას. ითვლებოდა, რომ  ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლებოდა ორგანიზაციაში  ხისტი დისციპლინის დანერგვით.

შპრენგერი: „დღემდე  ბევრი  მენეჯერის  საიდუმლო ოცნებას წარმოადგენს ფიზიკური სისტემა, რომლის მართვა შესაძლებელია ავტომობილის მართვის მსგავსად: მუხრუჭები, გაზის მიწოდება, მაღალ სიჩქარეზე გადასვლა. და თუ რომელიმე ჭანჭიკი დასუსტდა, იქვე შევაკეთოთ ან შევცვალოთ.“

დღესაც გავრცელებულია მიდგომა, რომლის თანახმად მთავარია  შექმნა  სისტემა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული შემსრულებლებზე.  შპრენგერი:  „ამოცანა მდგომარეობდა პერსონალის ინდივიდუალურობის   მინიმიზირებაში, რადგან  ის წარმოადგენდა ხელშემშლელ  ფაქტორს.“

და  თუ  ფორდს  აინტერესებდა მხოლოდკარგი ხელების წყვილი“ , შპრენგერი  ხაზს უსვამს ადამიანის  ინდივიდუალურობის შენარჩუნების. ეს კი, ბუნებრივია, მოითხოვს ძველი ბიზნეს-პარადიგმის შეცვლას. ადამიანი კი არ უნდა შევცვალოთ  სისტემის  პირობებიდან გამომდინარე, არამედ  სისტემა  უნდა  ავაწყოთ  გარკვეული  ადამიანების  ირგვლივ. ამავე დროს, რევოლუციისთვის (ახალ პარადიგმაზე გადასვლა კი ტომას კუნის თანახმად რევოლუციას წარმოადგენს) მარტო ეს საკმარისი არ არის და მოითხოვს  დამატებით ანალიზს და დასაბუთებას.

გააზიარე