ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.

პორტრეტები ინტერიერში

ზაზა ბიბ2

მუხრან ემუხვარი წარმატებული ქართველი ბიზნესმენია. მთავრობასა და საეკლესიო იერარქებთან დაახლოებული, ქორწილებისა და ქელეხების სანუკვარი სტუმარი, ბიზნესასოციაციების უჩინარი წევრი (რამეთუ რუტინულ შეხვედრებზე ყოველთვის რომელიმე სტაჟიორს ან ბუღალტერს გზავნის წარმომადგენლად), გარეშე თვალისთვის თითქმის ყოვლისშემძლე, საკუთარი თავის ნულიდან შემქმნელი – აი, ისეთი, შრომას შიმშილისგან თავის დასაღწევად რომ იწყებენ და ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდაყოლილი ცხოვრებისეული სიბრძნითა და „ურთიერთობის“ ფილიგრანული ტექნიკით გაივლიან დიდი სიმდიდრისკენ მიმავალ სოციალურ კიბეს.

ოცი წლის იყო, პირველი საქმე რომ დაიწყო. დაიწყო და გამოუვიდა. საქმესაც ვერ დაარქმევ –  ვიღაცები ერთმანეთს დააკავშირა და ასე იშოვა ორი კაპიკი. პრინციპში, „პატივისცემა“ მხოლოდ ერთი მხარისგან ეკუთვნოდა, მაგრამ მეორემაც უხვად დაასაჩუქრა. ამან კარიერის ადრეულ ეტაპზევე დააფიქრა. მალე ახალ თემას მოჰკიდა ხელი – მგონი, ურიგოდ არ გამომდისო და ასე, ნელ-ნელა, აეწყო ბიზნესი. ისე უნდა იცხოვრო, არავის პანაშვიდზე ასვლა არ გაგიტყდესო, ამბობდა ხშირად და ცდილობდა, ამ პრინციპით ეცხოვრა. რა გასაკვირია, რომ მუხრან ემუხვარს არავინ ემდუროდა. უფრო სწორად, როგორ არ ემდუროდა, მაგრამ მხოლოდ ზურგს უკან. ყოველ შემთხვევაში, სანამ მუხრანი კონიუნქტურის ფავორში იყო.

საქმიან წრეებში „მუხოდ“ იცნობდნენ. ეგ ისეთი შავია, შანსი არაა, ემუხვარი ვერ იქნებაო, ეჭვობდა ბევრი. ან ნაღდ ემუხვარს მუხრანს ვინ დაარქმევდაო, კვერს უკრავდნენ სხვები. ამასობაში დროც გავიდა და წარმომავლობამ ის მნიშვნელობა დაკარგა, რომელიც მანამდე ჰქონდა. ხოდა, შეეშვნენ. მით უმეტეს, რომ სულით ხორცამდე ქართველი იყო მუხრან ემუხვარი. უფრო სწორად ის, რასაც სუფრებზე ქართველს ეძახიან. რას გავხარ, შეჩემა, ქუთუთოები ყვერის ფაქტურისა გაქვსო, გაეღადავა ერთხელ მთაწმინდის საგადასახადოს უფროსი, ანზორ ქვეიკიძე, დიდ სუფრაზე, ჩინოვნიკურ-იერარქიული იუმორის წესების დაცვით, როცა მუხრანს ჯერ კიდევ მის კეთილგანწყობაზე დამოკიდებულ, ხმადაბლა მოსაუბრე საქმოსნად თვლიდა. მუხოს ეს დამცირება არასდროს უპატიებია ანზორისთვის. გავა რამდენიმე წელი და ითანამშრომლებს კიდეც ქვეიკიძეზე, ახალ მთავრობასთან „დალაგების“ პროცესში.

უზარმაზარ ოფისში იჯდა მუხრან ემუხვარი. გეგონებოდათ მთელ შენობაში ყველა სხვა ოთახი, დერეფანი, კიბის უჯრედი თუ დამხმარე ფართი მის, „ცენტრალურ“ ოთახთან მისვლას და ამ ოთახის ბინადრის კეთილდღეობას ემსახურებოდა. ეს უზარმაზარი, ნახევრად ცარიელი შენობაც ისე ედგა თავზე მუხოს მდიდრულ კაბინეტს, როგორც პირამიდა – ფარაონის სამარხს.

ოთახი კი მართლაც დიდებულად ჰქონდა გაწყობილი. ფინური არყის ხით მოპირკეთებულ კედლებზე (ინტერიერის დიზაინი ინგლისელებისთვის შეეკვეთა) მისთვის უცნობი მხატვრების ესთეტიკურად აგრესიული, ძვირადღირებული ნახატები ეკიდა. საერთოდ არ მოსწონდა ეს გაუგებარი არტი, მაგრამ მცოდნე ხალხს დაუჯერა, ეს ნაწილი მთლიანად ცოლს მიაბარა, რაც უთხრეს, იყიდა და დაკიდა. დიდ შთაბეჭდილებასაც ახდენდა ამ ოთახში შემოსულ, მასზე ადრე გამდიდრებულ ბიზნესმენებზე, რომლებმაც უკვე იცოდნენ „ქონთემფორარი არტის“ ფასი. სულ ნატრობდა, ნეტა არ მკითხონ, ეს ვისიაო. ვერასდროს იმახსოვრებდა მხატვრების გვარებს. ბოლოს მარტივი სიმართლის თქმა დაამუღამა – არ ვიცი, ეგ ჩემს ცოლს უნდა ჰკითხოთო, ამბობდა ხორხოცით და ამით საკუთარ სიდიდეს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს.

საწერი მაგიდის უკანა კედელზე წიგნების ერთი თარო იღებოდა და კარით გვერდითა ოთახში გადიოდი. აი, როგორც კინოებშია ხოლმე. შუშებიანი კარადების თაროებზე აზერბაიჯანელი და ყაზახი პარტნიორების მიერ ნაჩუქარი ძვირფასი, შექმნისთანავე უფუნქციობისთვის განწირული ნივთები ელაგა. ოთახის შესასვლელთან მუდამ ცქვიტი და დაუზარელი, გარეგნობასა და ჩაცმულობასთან შეუსაბამოდ მორცხვი, რომელიღაც სამოდელო სააგენტოდან აყვანილი მდივანი გოგო ეჯდა ბატონ მუხრანს. იმდენად მორცხვი, გაგიჭირდებოდათ კიდეც იმის წარმოდგენა, რა სასწაულებს სჩადიოდა ეს უმანკო არსება კოტიტა უფროსთან, ამ უკანასკნელის დიონისური თავგასულობის ჟამს.

საწერ მაგიდაზე კომპიუტერი არ ედგა – მხოლოდ „ალბატროსში“ ნაყიდი, ხისგან დამზადებული და ოქროთი მოვარაყებული საწერი ნაკრები, კალმით, სამელნით, საშრობითა და საქაღალდეთი. აკი, მუხო კომპიუტერს არასდროს იყენებდა. ეგ კი არა, მობილურითაც იშვიათად საუბრობდა – ყოველთვის მოკლედ და მხოლოდ აუცილებელ საქმეზე. ძველი კაცი იყო მაინც.

90-იანების ბოლოს, როცა ეს ოფისი მოაწყო, მაგიდის უკან შევარდნაძის დიდი ფოტო ეკიდა. არავინ თხოვდა ამის გაკეთებას. არავინ მოელოდა ამას მისგან. არც სამსახურებრივ-თანამდებობრივად ევალებოდა. მაგრამ ეკიდა, როგორც მარადიული უფროსისა და კონიუნქტურის ბატონ-პატრონის. ნუ, მარადიულის რა – 90-იან წლებში ქორწილებსა და ქელეხებში ჯუმბერ ილიჩის სადღეგრძელოც უხვად უსვამს – იმ დაშვებითა და მოლოდინით, რომ შევარდნაძის შემდგომ ისევ პატიაშვილის დრო მოვიდოდა. მაგრამ არ მოვიდა და ვარდების რევოლუციიდან ორიოდ თვეში, არჩევნების მომდევნო დღესვე, მუხოს კაბინეტის კედელზე შევარდნაძის ფოტო სააკაშვილის ფოტომ ჩაანაცვლა.

ერთხანს ასე გრძელდებოდა, თუმცა, როგორც კი ახალი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებამ იმატა, მუხომ თავის მძღოლს საეკლესიო მაღაზიაში ილია მეორის ფოტო შეაძენინა, ლამაზ ჩარჩოში ჩაასმევინა და მიშას პორტრეტს გვერდზე მიუკიდა – მარჯვნივ და ოდნავ ქვემოთ.

არა, მორწმუნე არასდროს ყოფილა. კი არადა, ეგეთ ურწმუნოს იშვიათად ნახავდით, მაგრამ ყოველთვის გრძნობდა ქართველი ერის მაჯისცემას და იფიქრა, თავში ავარდნილი ხელისუფლის ხატს შიოლაშვილის ნეტარი ფონით დავაბალანსებო.

2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ფოტოებმა ადგილი გაცვალეს – ილია მეორემ ზემოთ და მარცხნივ აინაცვლა, სააკაშვილმა კი – ქვემოთ და მარჯვნივ ჩამოიჩოჩა. დაახლოებით ის დრო იყო, ახალი წლის დადგომამდე მიმართვების რიგითობა რომ შეიცვალა და ბოლო, ყველაზე მთავარი სიტყვა, პრეზიდენტის ნაცვლად პატრიარქისა რომ გახდა.

ამ ვითარებამ თითქმის ხუთ წელს გასტანა, ვიდრე 2012 წლის ოქტომბერში სააკაშვილის ფოტო ივანიშვილისამ არ ჩაანაცვლა, რომელმაც, თავის მხრივ, ოდნავ ზემოთ აიწია და პატრიარქის პორტრეტს გაუთანაბრდა.

მას შემდეგ ბიზნესმენ მუხრან ემუხვარის სამუშაო მაგიდას თანაბარი სიმაღლიდან მომზირალი ილია მეორისა და ბიძინა ივანიშვილის პორტრეტები დაჰყურებს.

21 აგვისტოს მუხრან ემუხვარი 55 წლისა გახდა. აღარაა სახუმარო ასაკიო, თქვა და ოფისის კარი გამოკეტა. ამ პანდემიისას ისედაც ტყუილად დადიოდა თავის პირამიდაში. საქმე რა ხანია შვილს გადააბარა. თანაც, არჩევნები მოდიოდა – იფიქრა, თბილ ქვეყნებში გამოვიზამთრებო და ორი თვით სიამის ყურეში გაემგზავრა, თავის ბოლო მდივან ანანოსთან ერთად. მანამდე სხვადასხვა რაოდენობის თანხები სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შესწირა – ისე, რომ არავინ გაენაწყენებინა. 14 ოქტომბრის აქციაზე ნამეტნავად ბევრი ხალხი მისულაო, რომ გაიგო, გაუტყდა, დავკარგე ჩემი სმეკალკა, თორემ ხომ ჩავიდოდი ცოტა ადრე და შევივლიდი მაინცო, მაგრამ მერე ვიღაცებთან გადარეკ-გადმორეკა და საქართველოში დასაბრუნებლად გამზადებულ ანანოს უთხრა, ამოალაგე ჩემოდნები, კუნძულებზე ნოემბრის ბოლომდე ვრჩებითო.

ანანოს ბავშვურად გაუხარდა. უყვარდა აქაურობა. უკვე მესამედ იყო მუხოსთან ერთად ტაილანდში. ამასობაში დაიწმინდება სიტუაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ახალ ფოტოებსაც მარტივად შევურჩევო – კითხულობდა მუხოს აზრებს ანანო, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ გარეგნობასთან შეუსაბამოდ მორცხვი, არამედ შეუსაბამოდ ჭკვიანიც იყო.

მზე ჩადიოდა. თეთრ ხალათში გახვეული მუხო მოწნულ ტახტზე იწვა, მომწვანო ზღვას გაჰყურებდა და თმიანი თითებით ანანოს რძისფერ თეძოებს ეფერებოდა.

გააზიარე