"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველო 103-ე ადგილზეა

1 copy (5)

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 103-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

ქვეყნების მიხედვით პრესის თავისუფლების რეიტინგს შესაბამის ინდექსზე დაყრდნობით მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს. ბოლო კვლევა, რომელიც მიმდინარე წლის 4 მაისს გამოქვეყნდა, 180 ქვეყანას მოიცავს და 2023 წლის მდგომარეობას ასახავს.

ინდექსში ქვეყნებს 0-დან 100-მდე ქულა ენიჭებათ. 100 ქულა ნიშნავს მაქსიმალურად თავისუფალ პრესას, ხოლო 0 ქულა პირიქით, მაქსიმალურად შეზღუდულ პრესას. ქულების მინიჭების წყარო ექსპერტთა გამოკითხვა და რაოდენობრივი სტატისტიკური მონაცემებია. ექსპერტები „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ შედგენილ კითხვარს ავსებენ. რაოდენობრივ მონაცემებში აღრიცხულია ჟურნალისტებზე ძალადობის და მათ საქმიანობაში ხელის შემშლელი ფაქტები. კითხვარი, რომელსაც მედიაექსპერტები ავსებენ, 87 კითხვისგან შედგება და მოიცავს მედიაპლურალიზმს, მედიის დამოუკიდებლობას, მედიაგარემოს, თვითცენზურას, გამჭვირვალობას, საკანონმდებლო ჩარჩოს და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ინფრასტრუქტურას.

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში

მიმდინარე წლის 3 მაისს გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს 53.05 ქულა მიენიჭა და 103-ე პოზიცია დაიკავა 180 ქვეყანას შორის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით პრესა უფრო თავისუფალი 102 ქვეყანაშია. საქართველო 2022 წელს 77-ე ადგილზე იყო, ანუ საქართველო 26 ადგილით ჩამოქვეითდა. რეიტინგში ვარდნა საქართველოს ქულის შემცირებამ განაპირობა, რომელიც 61.69-დან 53.05-მდე შემცირდა. საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ პრობლემატური ქვეყნების ჯგუფში ხვდება.

საქართველოს ქულა ყველაზე მეტად სოციალურ ინდიკატორში გაუარესდა, 75-დან 60-მდე. შემდეგ მოდის პოლიტიკური ინდიკატორი, სადაც ქულა 48.4-დან 36.2-მდე შემცირდა. შემცირდა დანარჩენი სამი ინდიკატორის ქულებიც, ესენია: ეკონომიკური, საკანონმდებლო ჩარჩო და უსაფრთხოება.

ანგარიშში საუბარია, რომ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო მტრულია, იზრდება ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რიცხვი. ასევე, აღნიშნულია, რომ 2023 წელს მთავრობა ეცადა, მიეღო „აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ კვლევების თანახმად, პრესის თავისუფლების მხრივ 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი ჰქონდა, 2013 წელს (ასახავდა 2012 წლის რეალობას) მე-100 ადგილზე იყო 69.9 ქულით, 2020 წელს კი მე-60 ადგილზე იყო 71.4 ქულით. თუმცა რეალურად ამ პროგრესს ადგილი ჰქონდა 2014-2015 წლებში, როდესაც საქართველოს ქულა 72.3-მდე გაიზარდა. შემდეგ მნიშვნელოვნად აღარ იცვლებოდა.

2022 წლის ანგარიშით (2021 წლის მდგომარეობა) საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად შემცირდა და შესაბამისად 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. 2024 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი საქართველოს ქულა ყველაზე დაბალია ბოლო 12 წელიწადში და რეიტინგში საქართველო დღეს უფრო ქვემოთ არის, ვიდრე 2012 წელს იყო.

საქართველოს პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში

წყარო: Reporters Without Borders

საქართველოს ქულა პრესის თავისუფლების ინდექსში

წყარო: Reporters Without Borders

პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები

პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, რომელსაც 91.9 ქულა აქვს. ნორვეგია დემოკრატიის დონითაც პირველ ადგილზეა მსოფლიოში. მეორე ადგილზეა დანიაა 89.6 ქულით, ხოლო მესამეზე შვედეთია 88.3 ქულით.

დემოკრატიის დონით ტოპ-10-ში არაევროპული ქვეყნები ვერ მოხვდნენ.

საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებს, 43-ე ადგილზეა 71.6 ქულით. აზერბაიჯანი 164-ე ადგილზეა 28 ქულით, რუსეთი 162-ე ადგილზეა 29.9 ქულით, ხოლო თურქეთი 158-ე ადგილზეა 31.6 ქულით.

რეიტინგში ბოლო, 180-ე ადგილს ერიტრეა იკავებს 16.6 ქულით, ბოლოდან მეორეზე კი სირიაა 17.4 ქულით, შემდეგ მოდიან ავღანეთი, ჩრდილოეთი კორეა და ირანი.

პრესის თავისუფლებით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1ნორვეგია91.9
2დანია89.6
3შვედეთი88.3
4ნიდერლანდები87.7
5ფინეთი86.6
6ესტონეთი86.4
7პორტუგალია85.9
8ირლანდია85.6
9შვეიცარია84.0
10გერმანია83.8

წყარო: Reporters Without Borders, Press Freedom Index 2024

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა