"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
პუტინი ისევ იწყებს და ამჯერად...
ძალიან მინდა, სათაურში მრავალწერტილის ნაცვლად პირდაპირ ჩავწერო „აგებს“, მაგრამ…
ახლოვდება ზამთარი; თანაც ძალიან სუსხიანი, ცივი და მკაცრი ზამთარი. როგორც ყოველთვის, ევროპას ისევ არა აქვს საკმარისი ბუნებრივი აირის მარაგები. ენერგომატარებლებზე ფასები ისევ კოსმოსში მიფრინავს, ევროპა კი ჩვეულებისამებრ შფოთავს და გმინავს. თითქოს აისრულა საწადელი რუსეთმა – აშშ-მ მოხსნა სანქციები ნორდ სტრიმ 2-თან დაკავშირებით; მშენებლობაც დასრულდა, უბრალოდ გაზსადენის ასამუშავებლად სერტიფიცირებას დრო სჭირდება. სინამდვილეში პუტინს არსად ეჩქარება, მაგრამ რუსეთი რის რუსეთია, თუ ამ შესაძლებლობას დასავლეთზე წნეხისთვის არ გამოიყენებს. კრემლი ირწმუნება, რომ, როგორც კი ნებართვა გაიცემა, ევროპას დამატებითი 17 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება. მათივე მტკიცებით, „გაზპრომი“ ყველა ვალდებულებას ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს, თუ გერმანია სერტიფიცირების პროცესს დააჩქარებს. რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი!
ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება ევროპის ერთ-ერთი სუსტი წერტილია, რასაც, ჩემი აზრით, კიდევ დიდხანს ვერ მოევლება. თუმცა არსებობს რუსეთის ხელში კიდევ ერთი, არანაკლებ სახიფათო იარაღი. არა! ამჯერად ბირთვულ იარაღს არ ვგულისხმობ. ეს არის … ადამიანი. გასული წლების მანძილზე პუტინმა ნათლად დაინახა, თუ რამდენად მწვავედ და მგრძნობიარედ რეაგირებს ევროპა მიგრანტების პრობლემაზე, რომელმაც ევროკავშირის შიგნითაც კი სერიოზული უთანხმოებები გამოიწვია სხვადასხვა ეტაპზე. მილიონობით მიგრანტი სირიიდან, ერაყიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლა უკვე ავღანეთიდან ნაკადებად მიედინება ევროპისკენ. მოსკოვში ინტერესით და კმაყოფილებით აკვირდებოდნენ ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრანტების შეკავებასთან დაკავშირებით ვითარების პერიოდულად დაძაბვას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქალაქეების განწყობებს და შემდგომ პოლიტიკოსების ნაბიჯებს. და აი, დადგა დრო, როდესაც კრემლმა ეს იარაღიც აამოქმედა ევროპის წინააღმდეგ. ცინიზმის მწვერვალია, როდესაც ვლადიმირ პუტინი სირიიდან დევნილების კილომეტრიანი ნაკადების წარმოშობაში აშშ-ს და ევროპას ადანაშაულებს. თანაც ისე, რომ კიდევ აქეთ უხდის სახვეწად საქმეს ევროპას. ანგელა მერკელმა პირადად დაურეკა ვლადიმირ პუტინს და თხოვა, რომ ამ უკანასკნელს ზემოქმედება მოეხდინა ლუკაშენკოზე, შეეწყვიტა პოლონეთის საზღვართან მიგრანტების ორგანიზებული კონცენტრირება და პროვოკაციების მოწყობა. პუტინის პასუხი იყო: „ევროკავშირი უნდა ელაპარაკოს ბელარუსს“. ევროკავშირი თითქოს არ იხევს უკან და პრინციპულ პოზიციას იჩენს ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ. ამ დღეებში მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი ახალ სანქციებს დაუწესებს ბელარუსს. სიაში, სავარაუდოდ, მოხვდებიან ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი და 30-მდე ორგანიზაცია, მათ შორის ბელარუსული ავიაკომპანია. პუტინისგან შეგულიანებული ლუკაშენკო პასუხად ევროკავშირს გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. წაუგებელი თამაშია, არა? ქვეყანაში, სადაც არ უშვებენ ევროპელ და ამერიკელ ჟურნალისტებს, დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაჩქარებული წესით ტურისტულ!!! ვიზებს უფორმებენ მიგრანტებს ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. რა ხდება შემდეგ? ბელარუს ძალოვანებს ორგანიზებულად გადაჰყავთ მიგრანტები პოლონეთის საზღვართან და იწყებენ პოლონეთის საზღვრის გარღვევის ოპერაციას. ასე იყო 13 ნოემბრის ღამესაც. 4 ათასამდე მიგრანტი ცდილობდა პოლონეთში შეღწევას. ძნელი მისახვედრი არ არის, საიდან, მაგრამ მიგრანტებს ხელთ ჰქონდათ ცრემლსადენი გაზის ბალონები და სხვა საშუალებები. აგრეთვე, პოლონეთის სასაზღვრო ძალების ინფორმაციით, ბელარუსი სამხედროები სპეციალური განათების საშუალებებით ცდილობდნენ პოლონელი სამხედროების „დაბრმავებას“ და ამით მიგრანტებისთვის ხელშეწყობას. როგორც ოდესაში იტყვიან, „კარწინა მასლომ“! ყველაფერი ცხადზე ცხადია. ერთ მხარეს არის რუსული ავიაბომბდამშენებით ზურგგამაგრებული ბელარუსის საპარაშუტო-სადესანტო ნაწილები და სპეციალური სამსახურები, მეორე მხარეს – პოლონელი მესაზღვრეები და სამხედროები, შუაში კი საბრალო ადამიანები. იქმნება კადრები, როდესაც ჭყლეტაში ხვდებიან, შიმშილობენ და იყინებიან ბავშვები და ქალები, პოლონელი სამხედროები კი „სასტიკად უსწორდებიან“ მშვიდობიან, საბრალო ადამიანებს. ეს არის ნამდვილი, რეალური ჰიბრიდული ომი მოქმედებაში! ასეთივე კადრები შეიძლება გაჩნდეს ბელარუს-ლიტვის საზღვართან.
კიდევ უფრო უარესი შეიძლება მოხდეს უკრაინის საზღვართან. ოღონდ იქ პუტინს ჯერ მიგრანტები არ სჭირდება. ამჯერად არც მწვანე კაცუნების აუცილებლობა არსებობს. აქ პირდაპირ 100 ათასი კბილებამდე შეიარაღებული რუსი სამხედრო და უთვალავი სამხედრო ტექნიკა არის მობილიზებული. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, რომ მათი შეჭრა უკრაინაში ამ დღეებში დაიწყოს, მაგრამ ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ რუსეთი აუცილებლად დაიწყებს სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ.
აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე უმძიმესი პროცესებიც. დიახ, ის, რაც საქართველოში ხდება, აუცილებლად უნდა განვიხილოთ უკრაინასა და პოლონეთის საზღვართან არსებული დაძაბულობის კონტექსტში. არეულობა და პოლარიზება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. რუსული ოცნებაა, რომ ჩვენ ისევ იარაღით დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. რუსული ოცნებაა და შესაძლო გეგმის ნაწილიც, რომ ამ დაპირისპირებას ემსხვერპლოს/ნ რუსეთის მოქალაქე/ები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული საოკუპაციო ძალები დაუყოვნებლივ მიიღებენ ბრძანებას რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნით სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე. შეიძლება მავანს ეს ღრმა კონსპირაციად მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენი მწარე გამოცდილებისა და რუსეთის ხელისუფლების მოქმედების სტილის მცოდნე ადამიანებისთვის ეს ყველაფერი სხვანაირად აღქმული და დანახული ვერ იქნება.
რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ვლადიმირ პუტინი? იმიტომ რომ საოცრად ძლიერია, აყვავებული ქვეყანა აქვს და სურს, მეზობელი ქვეყნებიც „ააყვავოს“? რა თქმა უნდა, ეს კითხვა რიტორიკულია და, რა თქმა უნდა, პასუხი არის: არა. სწორი პასუხი, უფრო ზუსტად კი პრობლემის საფუძვლები სხვაგან არის და ეს „სხვაგან“ არის დასავლეთი. მოსკოვში მშვენივრად იციან, რა პრობლემები აქვს დღეს დასავლეთს; როგორი დამოკიდებულებაა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ერთმანეთში და როგორია მათი დამოკიდებულება უკრაინისა და საქართველოს მიმართ. ნატო-ში გაწევრებაზე რომ არაფერი ვთქვათ, დასავლეთში იმაზეც კი ვერ თანხმდებიან, რომ უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს, არამედ ევროპის უსაფრთხოების ბასტიონს წარმოადგენს. მაგალითად, გერმანიამ დღემდე ვერ გადაწყვიტა უკრაინისთვის იარაღის მიყიდვის საკითხი. ასეთი მაგალითების ჩამოთვლა ნამდვილად შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ვიდრე შეშფოთება-აღშფოთება, სხვადასხვა დონის დოკუმენტებში რუსეთის მთავარ გამოწვევად აღიარება არ გადაითარგმნება კონკრეტულ ქმედებაში, ვლადიმირ პუტინი ყოველთვის დაიწყებს და, ჩვენდა საუბედუროდ, მოიგებს. შეიძლება უკრაინაში ომი ათასობით რუსის სიცოცხლედ დაუჯდეს, მაგრამ ცივილიზებული სამყაროსთვის და რუსეთისთვის ადამიანის, როგორც მთავარი ღირებულების მიმართ დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023