"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
“ქინგ ბიბი“ იგებს და შეტევაზეც გადადის
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ იმდენად ბუნდოვანი იყო სიტუაცია და რთული წარმოსადგენი მთავარ ოპონენტებს შორის პრინციპულ საკითხებზე შეთანახმება, არავის ეგონა, რომ ისრაელში რიგით მეოთხე ვადამდელი არჩევნები საჭირო არ გახდებოდა.
არასდროს თქვა არასდროს, მითუმეტეს, როდესაც ბრძოლაში თვით ბენიამინ ნეთანიაჰუ მონაწილეობს. მისი საოცარი მეომრული ბრძოლისუნარიანობა და პოლიტიკური ჟინი კიდევ ერთხელ გმოჩნდა და შესაბამისადაც დაფასდა. ზუსტად 1 კვირის წინ ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა მთავარმა კონკურენტმა ბენიამინ განცმა ხელი მოაწერეს 14-გვერდიან შეთანხმებას “ერთობის მთავრობის“ ფორმირების შესახებ. თუმცა, ამ დოკუმენტს მხოლოდ მთავრობის ფორმირების შესახებ შეთანხმება ნამდვილად ვერ დაერქმევა, ვინაიდან მასში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც ეხება როგორც ისრაელის მართლმსაჯულებისა და საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას – მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ისრაელის მიერ სრულად ანექსირების თემას.
მაშ ასე: პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს “ლიქუდი“ და ბენიამინ განცის “კაჰოლ ლავანი“ შეთანხმდნენ, რომ: პირველი 18 თვის განმავლობაში ბ. ნეთანიაჰუ იქნება პრემიერ მინისტრი და ბენი განცი ვიცე-პრემიერი და ამავდროულად თავდაცვის მინისტრი, ხოლო შემდგომი 18 თვის განმავლობაში – პირიქით. უნდა აღინიშნოს, რომ აქაც ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა დაიკანონა ბ. ნეთანიაჰუმ. კერძოდ, თუკი მას სურვილი ექნება, რომ, დავუშვათ 9 თვის შემდეგ გადადგეს, ბ. განცი შეუდგება თავის უფლებამოსილებების შესრულებას და 18 თვის გასვლის შემდეგ კვლავ ბ. ნეთანიაჰუ დაიბრუნებს პრემიერის პოსტს, ანუ წინასაარჩევნო პერიოდში ის ისევ მთავრობის ხელმძღვანელი იქნება (ახალი შეთანხმებით ქნესეტს 4-ის მაგივრად 3 წლით აირჩევენ); 36-წევრიან მინისტრთა კაბინეტში პორტფელებს თანაბრად გაიყოფენ პარტიები. ბ. განცის პარტია მნიშვნელოვან პოსტებს როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ ბლოკში; მინისტრი და მოადგილეები არ იქნებიან ერთი და იგივე პარტიიდან და არცერთ პარტიას არ ექნება მეორე ბლოკიდან მინისტრის დათხოვნის უფლება;
“ერთობის მთავრობის“ მმართველობის პირველი 6 თვე იქნება “საგანგებო მდგომარეობის“ ეტაპი, როდესაც ქნესეთში მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები განიხილება (სხვა ყველაფერი დაიბლოკება), გარდა ერთი უმნიშვნელოვანესი გამონაკლისისა: დასავლეთ სანაპიროს ანექსია უნდა დაიწყოს 1 ივლისს. ეს ბენიამინ ნათანიაჰუს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამარაჯვებაა. ანექსიის განხორციელება იყო ბ. ნეთანიაჰუს მთავარი დაპირება მისი კონსერვატორი ამომრჩევლების წინაშე; და ბოლო, მაგრამ ნამდვილად არა უმნიშვნელო – ახალი შეთანხმებით, ბ. ნეთანიაჰუ ახერხებს შეინარჩუნოს ბერკეტები მართლმსაჯულების სისტემაში, კერძოდ სასამართლოსა და პროკურატურაში დანიშვნებთან და სადავო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ბ. ნეთანიაჰუსთვის, ვინაიდან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 3 საქმე არის აღძრული გაყალბების, ქრთამის აღებისა და ნდობის დარღვევის ბრალდებებით. პანდემიის გამო ბ. ნეთანიაჰუს მთავრობამ ისედაც შეაჩერა სასამართლოს საქმიანობა, რომელიც სავარაუდოდ მაისის დასაწყისში აღდგება და შესაბამისად 24 მაისისთვის პრემიერის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე პროცესის დაწყებაც განიხილება. თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ცვლილებები შევა და ორი ლიდერის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების პუნქტებზე ისრაელის პარლამენტში ბლიც-კრიგით იქნება მსჯელობა.
როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ამ შეთანხმების დეტალებმა სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. უმწვავესი კრიტიკის ადრესატები არიან როგორც თავად პრემიერი ნეთანიაჰუ, ისე მისი უკვე პარტნიორი გენერალი ბენი განცი. ამ უკანასკნელს პირველი მისი ბლოკის მნიშვნელოვანი წევრები გაემიჯნენ. მათ არ მიიღეს გენერალ განცის არგუმენტი, რომელმაც განცხადა, რომ ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ პერიოდში ის, როგორც ქვეყნის ჯარისკაცი ერთიანობას პარტიულ ინტერესებზე ზევით აყენებს. როგორ პოლიტიკოსები, ისე კონსტიტუციონალისტები ხელმოწერილ დოკუმენტს ისრაელის დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვად და “ძირითადი კანონის“ უგულვებელყოფად მიიჩნევენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, თელ-ავივში გაიმართა “შავი დროშების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია. 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით და სახეზე პირბადეებით 2000-ზე მეტმა შავებში ჩაცმულმა დემონსტრანტმა, იცხაკ რაბინის სახელობის მოედანზე მტკიცედ გააპროტესტა აღნიშნული შეთანხმება. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ კრძალავს დემონსტრაციების გამართვას!!!, თუკი უზრუნველყოფილი იქნება სოციალური დისტანცია და უსაფრთხოების აუცილებელი ნორმები იქნება დაცული. ამ უფლებით აქამდეც ისარგებლეს როგორც “ლიქუდის“, ისე “კაჰოლ ლავანის“ აქტივისტებმა.
მათ გარდა, სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ღია 1-გვერდიანი წერილით ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების და შეიარაღებული ძალების 220-მა გადამდგარმა გენერალმა, რომლებმაც პირველ რიგში მთავრობაში მყოფ, მათ ერთდროს თანამებრძოლებს – გენერალ განცსა და გაბი აშკენაზის მიმართეს თხოვნით, დაბლოკონ დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიების ანექსირების საკითხი. ისრაელს ფარგლებს გარეთაც, რეგიონის ქვეყნებში, პირველ რიგში იორდანიასა და ეგვიპტეში ძალინ დიდი შეშფოთებით აღიქვამენ 1 ივლისს დაგეგმილ ანექსირების დაწყებას, რაც მათი აზრით სერიოზულ რეგიონულ ესკალაციას და სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს. ისრაელი-იორდანიასა და ისრაელი-ეგვიპტეს შორის არსებული სამშვიდობო შეთანხმებების საფრთხის ქვეშ დაყენებაზე საუბრობენ გავლენიანი ებრაული ორგანიზაციები აშშ-ში. მათ, ისევე როგორც ამერიკელი კონგრესმენების 11-კაციანმა ჯგუფმა, ასევე მიმართეს წერილობით ისრაელის პარლამენტს ანექსიის გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, ასე არ ფიქრობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელმაც ცოტა ხნის წინ “საუკუნის გეგმის“ პრეზენტაცია გამართა და ისრაელის პრემიერ მინისტრს სრული პოლიტიკური და ფინასნური მხარდაჭერა გამოუცხადა დასავლეთ სანაპიროს დასახლებების შემოერთების საკითხში.
“ერთობის მთავრობის“ შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიების საკითხი ისრაელის შიდა საქმეა და ისრაელის ხელისუფლების გადასწყვეტია. ეს კი რა თქმა უნდა, როგორც ისრაელში, ისე მის გარეთ აღქმულ იქნა როგორც “მწვანე შუქი“ სამარიისა და იუდეას დასახლებების სრულად შემოერეთების დაწყებისთვის, რაც, თავის მხრივ, ცხადია ნიშნავს ორი სახელმწიფოს შექმნის იდეის საბოლოო დასამარებას. აშშ-სგან განსხვავებით, ევროკავშირმა მოუწოდა ისრაელს შემოერთების საკითხის შეჩერებისა და ფართომასშტაბიანი დიალოგის განახლებისკენ.
ნაკლებ სავარაუდოა, რომ რაიმემ შეუშალოს ხელი ბენიამინ ნეთანიაჰუს მისი გამარჯვების გაფორმებაში. ქნესეთის შესაბამის საკომიტეტო განხილვაზე თანხმობის დოკუმენტს მხარი უმრავლესობით დაუჭირეს, რასაც, როგორც მოგახსენეთ, დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა მოყვება. ასე რომ, უახლოესი თვეების მანძილზე ნეთანიაჰუ იქნება ისევ ქვეყნის სადავეებთან, ხოლო მის კონკურენტ ბენი განცს, შესაძლოა მნიშვნელოვანი სამხედრო ამოცანების შესრულებაც კი დაევალოს ზაფხულის ცხელ დღეეებში.
ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ თავად უკვე ისტორიის ნაწილია, ამაზე არავინ დაობს, არც ისრაელში და არც მის გარეთ. მის მოღვაწეობას მომავალში ბევრჯერ განიხილავენ და განსჯიან ისტორიკოსები და პოლიტიკოსები. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სკურპულოზური შესწავლისა და კვლევის საგანი გახდება “თანხმობის მთავრობის“ დოკუმენტი, რომელიც დემოკრატიისა და სტაბიულრობის ბალანსის კუთხით უკვე ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. არ ვიცი რამდენად გამოადგებათ მომავალში ქართველ კანონმდებლებს აღნიშნული დოკუმენტი (შესწავლად ნამდვილად ღირს), მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ნეთანიაჰუს ტიპის პოლიტიკოსები (და მისი მომლაპარაკებელთა გუნდი) და აშშ-ს ადმინისტრაციის ისრაელისთვის მხარდაჭერის მასშტაბი ჩვენ ქვეყანას ძაალიან წაადგებოდა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023