მარკ პეისი აზარტული თამაშების სექტორის საერთაშორისო ექსპერტია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც კაზინოების მართვის, ისე აზარტული თამაშების სისტემების განვითარებისა და სექტორის რეგულირებაზე მუშაობის მიმართულებით.

რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის რეგულაცია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკაზე სათამაშო ინდუსტრიაში

Untitled-1 (1)

ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა – AML (Anti-money Laundering), კარგად ნაცნობი ტერმინია და სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება. იმის გამო, რომ სათამაშო ინდუსტრია თავისი არსით ძირითადად ნაღდი ფულის მიმოქცევასთანაა კავშირში, AML უკვე მრავალი წელია, მარეგულირებელი ორგანოების ყურადღების ცენტრშია. თითქმის ყველა მათგანი თანხმდება, რომ AML-ის პროცედურები სათამაშო ბიზნესის ნებისმიერმა ოპერატორმა უნდა განახორციელოს, იქნება ეს ონლაინ თუ ფიზიკურად არსებული დაწესებულებები. თუმცა რეგულაციები, რომელთაც ოპერატორები იცავენ, განსხვავდება არა მხოლოდ იურიდიული თუ საკანონმდებლო სხვაობების გამო, არამედ იმიტომაც, რომ სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანო მართვის სხვადასხვა სტილს ირჩევს.

რეგულაციის სტილზე საუბრისას ვგულისხმობთ იმას, თუ როგორაა ეს რეგულაციები დაწერილი. ძირითადად გავრცელებულია სამი სტილი: დანიშნულებითი, რისკზე დაფუძნებული და მიზანზე დაფუძნებული. ყველა ამ სტილს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები და თითოეულს აქვს გავლენა ზოგად ეფექტიანობაზე რეგულირებად სფეროებში, თუნდაც ისეთში, როგორიცაა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის (AML) პროგრამები.

დიდი ხნის განმავლობაში მარეგულირებელთა უმეტესობა დანიშნულებითი რეგულირების სტილით მოქმედებდა. ტერმინი „დანიშნულებითი“ კონკრეტულად განსაზღვრავს, რა არის დაშვებული და რა – აკრძალული თითოეული რეგულაციით. ავტობანზე სიჩქარის შეზღუდვა – დანიშნულებითი რეგულაციის მაგალითია. 60 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა ნიშნავს, რომ ეს დასაშვები მაქსიმალური სიჩქარეა. მისი გადაჭარბების შემთხვევაში, იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, არსებობს რისკი, რომ კამერამ ან რადარით აღჭურვილმა პოლიციელმა დაგაფიქსიროთ და შედეგად ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.

დანიშნულებითი რეგულაციის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მხარე ისაა, რომ ის კონკრეტულია. თითქმის არ რჩება სივრცე ინტერპრეტაციისთვის და ოპერატორებმა ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ, რომ რეგულაციების თანახმად იმოქმედონ. უარყოფითი მხარე კი ისაა, რომ ეს ძალიან ხისტი მიდგომაა. შესაძლოა, ამ გზით საერთოდ ავკრძალოთ ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება – არა იმიტომ, რომ ეს არაკანონიერია, არამედ იმიტომ, რომ მარეგულირებლებმა ისინი წინასწარ ვერ განსაზღვრეს. მცირე საკადრო რესურსითა და ბიუჯეტით, მარეგულირებელ ორგანოებს არ შეუძლიათ, ფეხი აუწყონ ტექნოლოგიურ განვითარებას და მათ ხშირად აბრალებენ პროგრესის ხელის შეშლას, ინოვაციების აკრძალვასა თუ ინდუსტრიის ზრდის შეფერხებას.

ცალკეულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა, რომელთაც ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებთან პარტნიორობის სურვილი ამოძრავებდათ, ახალი მარეგულირებელი სტილის აუცილებლობა დააყენეს – უფრო მოქნილის, ვიდრე დანიშნულებითი სტილი იყო, ისეთის, რომელიც აღარ წარმოაჩენდა მარეგულირებელ ორგანოს როგორც წინაღობას. შედეგად მივიღეთ რეგულაციებისადმი რისკზე დაფუძნებული მიდგომა. ტერმინი „რისკზე დაფუძნებული“ გულისხმობს, რომ რეგულაციები ზოგადად აღწერს, რა არის დაშვებული და რა – არა. ისევ სიჩქარის შეზღუდვის ანალოგიას თუ გამოვიყენებთ, რისკზე დაფუძნებული მიდგომით მივიღებდით რეგულაციას, რომ „მძღოლებმა უსაფრთხო სიჩქარით უნდა იმოძრაონ“. როგორია ეს სიჩქარე, დამოკიდებულია რისკის იმ მოცულობაზე, რასაც მძღოლი საკუთარი ნებით გაწევს. რაც უფრო ნელია მძღოლი, რისკი ნაკლებია, რაც უფრო სწრაფი – რისკი მეტია. რამდენადაც არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული ლიმიტი, იმის დადგენა, მიდის თუ არა სატრანსპორტო საშუალება ზედმეტად სწრაფად – სატრანსპორტო მარეგულირებელ ორგანოზეა დამოკიდებული, მან უნდა განსაზღვროს, რამდენად შეიცავს რისკს მძღოლის მოქმედება და შესაბამისად დააჯარიმოს.

რისკზე დაფუძნებული რეგულაციების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ მათი უმეტესობა ზოგადი ტერმინებითაა აღწერილი – შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უნებლიეთ მოხდეს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების აკრძალვა. ამას მეორე მხარეც აქვს: ოპერატორებმა უნდა ივარაუდონ და თავად განსაზღვრონ, რა იქნება მისაღები და რა გამოიწვევს დაჯარიმებას მარეგულირებლის მხრიდან. გაურკვევლობის გამძაფრება ცვლის დამოკიდებულებას მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან და რეგულაციის შემოწმების ხარისხიც იცვლება. ის, რაც ოპერატორებს რისკის დასაშვებ ნორმად მიაჩნიათ, შესაძლოა მარეგულირებლის მხრიდან სხვაგვარად იყოს ინტერპრეტირებული და სოლიდურ ჯარიმად გადაიქცეს. ოპერატორები ასევე ჩივიან, რომ მათ არ იციან, რა წესებით მოქმედებენ – და მხოლოდ გრძნობენ, რა მოეთხოვებათ. წესების დადგენა, ისევე როგორც რისკის განსაზღვრა, მათზეა მინდობილი.

მიზანზე დაფუძნებულ რეგულაციებს მარეგულირებელთა ერთი ნაწილი ყველაზე პრაგმატულ მიდგომად მიიჩნევს – რაც დანიშნულებითი და რისკზე დაფუძნებული მიდგომების უარყოფით მხარეებს აღმოფხვრის. მიზანზე დაფუძნებული რეგულაციები განსაზღვრავს მიზანს, რომლის მიღწევაც სავალდებულოა. ისევ სიჩქარის გადაჭარბების ანალოგიით თუ ვიმსჯელებთ, მიზანზე დაფუძნებული მიდგომით განსაზღვრული იქნებოდა არა მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტი, არამედ მივიღებდით მინიშნებას, რომ აკრძალულია სიჩქარით გამოწვეული საგზაო შემთხვევები. მიზანი ნათელია – არ არის დაშვებული ავტოსაგზაო შემთხვევები სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით – რამდენად სწრაფად გადაადგილდება სატრანსპორტო საშუალება ან რამდენად რისკავს მძღოლი – ეს უმნიშვნელოა. ის, რაც მნიშვნელოვანია – არის მიზანი. თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მაინც მოხდება და გაირკვევა, რომ მიზეზი მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება იყო, მას ჯარიმა დაეკისრება.

მიზანზე დაფუძნებული რეგულაციების მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ რეგულაციის მიზნები ძირითადად სტატიკური რჩება და ახალი ტექნოლოგიები თუ ინოვაციები მასზე მინიმალურ გავლენას ახდენს. არის სიცხადეც, თუ რისთვის მოუწევთ ოპერატორებს პასუხისგება მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება აქვს კონკრეტულ მარეგულირებელს რისკებთან, რომელთაც შესაძლოა ოპერატორის ქმედება შეიცავდეს. თუმცა მიზანზე დაფუძნებული რეგულაციები არ არის ისეთი ზოგადი, როგორიც რისკზე დაფუძნებული რეგულაციებია – შესაბამისად, მოითხოვს სიფხიზლეს მარეგულირებლის მხრიდან, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა და ინოვაციებმა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს მიზნების ვალიდურობა.

ოქტომბერში, თამაშების მარეგულირებელთა საერთაშორისო ასოციაციამ ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში ყოველწლიური საგანმანათლებლო კონფერენცია ჩაატარა. მარეგულირებელი ორგანოების დელეგატები ჩრდილო ამერიკიდან, ევროპიდან, აფრიკიდან და აზიიდან შეიკრიბნენ საერთო თემების განსახილველად, იდეების გასაცვლელად, ახალი მიდგომების შესასწავლად და იმ გამოცდილების გასაზიარებლად, რაც წარმატებით დაინერგა ამა თუ იმ კანონმდებლობაში. ამ ღონისძიებაზე მართვის სამივე სტილი სრულად იყო წარმოდგენილი. მონაწილეთა რეაქციები, ზოგადი განწყობა თუ სხეულის ენა კარგად წარმოაჩენდა მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლების დამოკიდებულებას მართვის სხვადასხვა სტილისადმი.

დაკონკრეტების გარეშე, თუ რომელი დელეგაციის წარმომადგენელმა რა თქვა, შევეცდები მართვის სხვადასხვა სტილთან დაკავშირებით შეხვედრაზე მოსმენილი გამონათქვამების პერიფრაზირებას.

ერთი გამომსვლელი ეძებდა გზებს, რომ შეეცვალა მისი წინამორბედის მიერ დანერგილი მართვის სტილი. ის საუბრობდა საჭიროებაზე, რომ მარეგულირებელმა გააძლიეროს ოპერატორების საქმიანობის მონიტორინგი; განსაზღვრავდა იმ სფეროებს, სადაც, მისი აზრით, ოპერატორები იმაზე მეტს რისკავდნენ, ვიდრე ეს მარეგულირებლის აზრით მისაღები იყო. შედეგი – სოლიდური ჯარიმებია, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა და მოცულობითი გახდა. ამ ყველაფერთან შეუსაბამო ჩანდა ამავე სპიკერის განცხადებები, რომ მათ ოპერატორებთან და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან პარტნიორობა სურთ.

მეორე მომხსენებელმა ახსნა, როგორ იმუშავეს კანონმდებლობაზე ოპერატორებთან და მომწოდებლებთან ერთად, რომ ამოქმედებულიყო რეგულაციები, რომლებიც საკანონმდებლო მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებდა და ინდუსტრიასაც არ დაუწესებდა ზედმეტ ჩარჩოებს. მისი განმარტებით, ეს რეგულაციები და მოთხოვნები იყო ნათელი და მიღწევადი ყველასათვის, მოცულობის,  მოგების და ზომის განმსაზღვრელი სხვა მაჩვენებლების მიუხედავად. მათი შეხედულებით, მსგავსი სიცხადე აადვილებს ლიცენზიის მფლობელის მიერ ზღვრის გადაკვეთის დადგენას და ჯარიმის განსაზღვრაც ადვილად არის შესაძლებელი. მათი მიდგომა არ იყო რომელიმე კონკრეტული მართვის სტილის არჩევა – არამედ უფრო მეტად იმ კომპონენტების კომბინაცია, რომლებიც, მათი აზრით, მათი გარემოსთვის საუკეთესო იყო.

მესამე სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ მიიღეს გადაწყვეტილება დანიშნულებითი რეგულაციებიდან გადასულიყვნენ მიზანზე დაფუძნებული რეგულაციებით მართვის სტილზე. ამის მიზეზად ის დაასახელეს, რაც მოსალოდნელი იყო – დიდი დრო სჭირდებოდა ახალი რეგულაციების შემოღებას მაშინ, როდესაც ტექნოლოგიური სიახლეების და ინოვაციების გამო ეს აუცილებელი ხდებოდა. მათ შეისწავლეს ინდუსტრიის მოთხოვნები და გაარკვიეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა სიცხადე იყო – არსებითად, განსაზღვრული ამოცანა – იქნებოდა ეს მიზანი თუ წესი. სპიკერმა ასევე ახსნა, რომ მიზანზე დაფუძნებულ რეგულაციებზე გადასვლა აუცილებელი იყო, რამდენადაც სათამაშო ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მარეგულირებლის ბიუჯეტი კი მას ვერ ეწეოდა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი ხდებოდა როგორც ზედამხედველობის უზრუნველყოფის გაგრძელება, ისე ინოვაციების კონტროლი და ახალი შეზღუდვების დაწესება.

ერთმანეთისგან განსხვავებული ეს მიდგომები, მარეგულირებლების სხვადასხვა სტილის ზოგადი განსაზღვრებით, განიხილებოდა რამდენიმე მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლების ჯგუფის მიერ სესიებს შორის შესვენებაზე. საგნად, რომელიც ამ განსხვავებებს წარმოაჩენდა, აირჩიეს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა – AML. უფრო კონკრეტულად, განიხილავდნენ, რა გავლენა ჰქონდა სხვადასხვა მიდგომას AML-თან დაკავშირებულ კანონებზე, პროცესებსა და პროცედურებზე, როცა ოპერატორები მარეგულირებლების მოთხოვნების შესრულებას ცდილობდნენ.

დანიშნულებითი რეგულაციების სამყაროში, მარეგულირებელი ორგანო კონკრეტულად ადგენს: ტრანზაქციის მოცულობას, რომელიც უნდა აღირიცხოს; ანგარიშის შედგენის წესს ზღვრის მიღწევის შემდეგ; გამოძიების პროცედურებს; შესანახი დოკუმენტაციის ნუსხას. ოპერატორის გადმოსახედიდან ეს მოთხოვნები დამღლელია, მაგრამ გასაგები და მათი დაცვა შესაძლებელია. მინუსი ისაა, რომ დაწესებული ზღვრები შესაძლოა მოძველებული იყოს. მაგალითად, ძალიან დაბალი – უსარგებლო გამოძიებასა და აღრიცხვაში დახარჯული საათები კი მცირე რეალურ ღირებულებას წარმოადგენს. ასეა ბევრ იურისდიქციაში, სადაც ფულადი თანხების ოდენობა არსებითად არ შეცვლილა ათწლეულების განმავლობაში, მაშინაც კი, როცა ფსონების ოდენობა და მათი დადების გზები მკვეთრად შეიცვალა. შედეგად, მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ AML-პროგრამა მოქმედებს – ეს სიმართლეცაა, მაგრამ ვერ არის ყველაზე ეფექტიანი.

რისკზე დაფუძნებულ მოდელში, ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს რისკის მოცულობა, რომლის გაწევაც უღირს, მათ შორის ფულად ტრანზაქციებთან დაკავშირებით; გამოიძიოს და აღრიცხოს მხოლოდ ის ტრანზაქციები, რომლებიც ტოლერანტობის საზღვრებს აღემატება. ამ მოდელის მინუსი ის არის, რომ ხდება ოპერატორების დაყოფა – ისინი, ვისაც შეუძლია ასეთი რისკის აღება და ისინი, ვისაც ეს არ შეუძლია. ის, ვისაც საშუალება აქვს, რისკის ტოლერანტობის სკალაზე მაღალი მაჩვენებლით იმოქმედოს, როგორც წესი, ბევრად მეტ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე მარეგულირებლის მხრიდან დაწესებული შესაძლო ჯარიმის ოდენობაა. შესაძლებელია პრეტენზიების დასაბუთებაც – თუ მიიჩნევენ, რომ შესაბამისი რისკი გასწიეს, რაც პოტენციურად შეამსუბუქებს ჯარიმის ოდენობას. მეორე მხრივ, სხვა ოპერატორებს უწევთ რისკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება. ამ არათანაბარ მიდგომას არ მოაქვს ის შედეგი, რასაც AML-ის პროცედურების დანერგვისას მარეგულირებელი ცდილობდა.

მიზანზე დაფუძნებული მიდგომა მარტივად და ცხადად განმარტავს, რომ ფულის გათეთრება მიუღებელია. ეს მიდგომა ამცირებს წნეხს მცირე ზომის ოპერატორებზე, რომელთაც ამ შემთხვევაში შეუძლიათ, მიმართონ ძალისხმევა ფულის გათეთრების თავიდან აცილებაზე, იმის მაგივრად, რომ მარეგულირებლის მხრიდან პოტენციური ჯარიმების შესაძლებლობების რისკები ითვალონ. თუმცა ეს მიდგომა არ ეხება მსხვილ ოპერატორებს და ცუდ მოთამაშეებს, რომლებიც კვლავ შეეცდებიან დანის პირზე სიარულს და შესაძლოა, იპოვონ კიდეც ფულის გათეთრების ხვრელები, რადგან შეუძლიათ, დაკისრებული ჯარიმების სიმძიმეს გაუძლონ. მიზანზე დაფუძნებული მიდგომა რისკთან დაკავშირებულ ყველა განხილვას ან თავის მართლებას გამორიცხავს. თუ ფულის გათეთრების შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ცხადი დარღვევაა და შედეგი შესაძლოა იყოს ჯარიმა, სამართლებრივი წარმოება, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში – ლიცენზიის დაკარგვის შესაძლებლობა.

ჩვენს სამყაროში, ბევრმა ქმედებამ არასასურველი შედეგი გამოიღო. რეგულაციების არჩეულმა სტილმა და  რეგულაციების განხორციელების გზამ შეიძლება არა მხოლოდ შეამციროს რეგულაციების საერთო ეფექტიანობა, მათ ასევე შეიძლება მოსალოდნელი შედეგების საპირისპირო ქცევა წაახალისონ. საქართველოში მარეგულირებელმა ორგანომ შუალედური მიდგომა აირჩია და ცდილობს ბალანსის პოვნას დანიშნულებით და მიზანზე დაფუძნებულ რეგულაციებს შორის. მათი მიზანია, არსებობდეს საოპერაციო სიცხადე – „რა“, და ამავდროულად ოპერატორებს შეძლებისდაგვარად მისცეს მოქმედების მოქნილობა – „როგორ“. საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ზრდა პოტენციურად სწორედ მარეგულირებლის ამ პრაგმატული მიდგომის სასარგებლოდ მეტყველებს. თუმცა, როგორც წინა სტატიებშიც აღვნიშნე, მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში არის მოგზაურობა, რომელიც ეს-ესაა დაიწყო. უფრო მეტი თამაში ნიშნავს უფრო მეტ ტრანზაქციას და განზრახ თუ უნებლიეთ პრობლემების წარმოქმნის მეტ შანსს. მარეგულირებელ ორგანოს მოუწევს სწორი ბალანსის პოვნა ინდუსტრიის ზრდის მხარდაჭერასა და ისეთი კრიტიკული თემების გაძლიერებულ დაცვას შორის, როგორიცაა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა. რამდენადაც განიხილება რეგულაციებისა და ტექნიკური მოთხოვნების გადასინჯვა, ერთი მარეგულირებელი სტილის წარმატება სხვათა წინააღმდეგ ამ ცვლილებების ფორმულირებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

გააზიარე