ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.

რა მოხდა? | შიმშილის თამაშები ქართულად

zaza bibilashvili

ქართულად კითხვა რომ შეგეძლოთ, ნახავდით, რომ კრიზისი არათუ დაძლეული, არამედ პიკზეაო – მიუწერეს მისივე სიტყვებით „ფიზიკურად ძალაგამოცლილ“ ევროკავშირის ელჩს ტვიტზე, რომლითაც ქართველებს 2021 წლის 19 აპრილს რამდენიმე პარტიისა და კერძო მოქალაქის მიერ პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას გვილოცავდა. სულ რამდენიმე კვირით ადრე ოპოზიციური კონსულტაციების ერთ-ერთი ნაკლებ-პოპულარული მონაწილე ამბობდა: ვერაფერი გავიგე, ამ შეხვედრებზე რა ხდებაო. ახლა მსგავს მდგომარეობაში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა. ადამიანები დაბნეული არიან და ვერ ხვდებიან, რა მოხდა. რას მოეწერა ხელი და რატომაა ეს კარგი ან ცუდი? რა შეიცვალა ან შეიცვლება ხალხისთვის? ამიტომ, მოდი, ბოლო დღეების მოვლენებს ბრჭყვიალა ფოჩები შემოვძარცვოთ და მშრალ ფაქტებს მივყვეთ.

დიდი სურათი ასეთია:

  1. თავიდან, ბოიკოტის მიზეზი გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები იყო. შეთანხმების შედეგად, არჩევნების გაყალბების საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან.
  • ქულა ხელისუფლებას.
  1. თავიდან ითქვა, რომ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, სანამ არ გადაწყდება ვადამდელი არჩევნების საკითხი. თებერვალში ხელისუფლებამ აიყვანა მორიგი მძევალი ენმ-ის ახალი თავმჯდომარის სახით. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მძევლების ბედით არ ივაჭრებდა. მიუხედავად ამისა, დღეს სასაუბრო თემა მხოლოდ ორი კონკრეტული მძევლის გათავისუფლების ვადები და პირობებია. რა გამოდის? პოლიტიკური ტერორიზმი ფასდება?
  • ქულა ხელისუფლებას.
  1. შეთანხმების შედეგად, ოპოზიცია შედის პარლამენტში მძევლების გათავისუფლების დაპირების სანაცვლოდ. ოპოზიციის პარლამენტში შეყვანა ხელისუფლების ერთადერთი თუ არა, მთავარი მიზანი იყო.
  • ქულა ხელისუფლებას.
  1. შეთანხმების თანახმად, თუ „ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე ვერ აიღებს 43%-ს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამ ორი საკითხის ამ ფორმით ერთმანეთზე მიბმა რომ არასერიოზულია, საქმეში ოდნავ ჩახედულ ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს ესმის. ან რატომ 43%? 2012 წელს ცოცხებისა და რაფალიანცის, ანუ გალაქტიკური მასშტაბის აპოკალიფსის, ფონზეც კი მაშინდელმა ხელისუფლებამ 41% აიღო. მიუხედავად ამისა, გვეუბნებიან, რომ ახლა ადგილობრივ არჩევნებზე უნდა ვიფიქროთ და დავიცვათ ჩვენი ხმები. დავიცვათ ისე, როგორც არასდროს დაგვიცავს. როგორც ჩემი მეზობელი დეიდა აიკანუშა იტყოდა, ძალიანაც კეთილიიი! მაგრამ… მერამდენედ?! განა წინაზეც ასე არ იყო? წინის წინაზეც? და იმის წინაზე?! თუ დაცვის თავი გვაქვს, ახლა რატომ ვერ დავიცავით?
  • ქულა ხელისუფლებას.
  1. ყველა სხვა თემა, რომლებსაც ოპოზიცია აყენებდა და რომლებიც მხარეთა შორის განსახილველ დოკუმენტში აისახა (სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, etc.), რუტინული სამუშაო პროცესისა და ინტერპრეტაციის საკითხია. აქ მთავარი ისაა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, ოპოზიციას ამ თემებზე გავლენის მოხდენის ნულოვანი(!) ბერკეტი რჩება. ვერ გადააგდებს „ოცნება” დასავლეთსო – გვეტყვიან კეთილი იდეალისტები, მაგრამ… არც გადააგდებს! „ოცნება“ დასავლეთს აშკარა კაზუს ბელის არ მისცემს, არამედ ნაცადი რუსული სტილით იტყვის: ყველაფერი შევასრულე, მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებსო და ინტერპრეტაციის ჭაობში ჩაითრევს ვახშამზე ფუა გრასა და ხამანწკების მომლოდინე ევროპელ ჩინოვნიკებს. მერე მიდი  და ეკამათე. წაგებული ამბავია.
  • ქულა ხელისუფლებას.
  1. ხელმოწერის ადგილსა და ფორმატზე დათანხმებითა და სალომე ზურაბიშვილისთვის გადახდილი გაუგებარი მადლობების კასკადით ოპოზიციამ მოახდინა სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია. ადამიანისა, რომელიც ამბობს, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, რომ 2007 წელს (ომამდე ერთი წლით ადრე) წითელუბნის რადარი საქართველომ დაბომბა, რათა რუსეთისთვის დაებრალებინა, რომლის ავტორობით ფრანგულად გამოცემული წიგნი (ვეჭვობ, არა მისი დაწერილი) ჰააგაში რუსებს საკუთარ მტკიცებულებად აქვთ წარდგენილი, რომელმაც ცარიელ ადგილზე გამოიწვია კრიზისი აზერბაიჯანთან, რის შემდეგაც მესამე წელია ქართველები გარეჯის კომპლექსის ნაწილში ვერ შედიან. სალომე ზურაბიშვილი, რომლის პრეზიდენტად დასმის სპეცოპერაცია ODIHR-მა შეაფასა, როგორც „თავისუფალი, მაგრამ უსამართლო“.
  • პრემიალური ქულა ხელისუფლებას.
  • ბონუს ქულა ხელმომწერს, რომელსაც ხელმოწერა ევროკავშირის სტრუქტურებში სამომავლო დასაქმებაში წაადგება. აბა, სულ ამ „სუნიან“ და უგემოვნოდ ჩაცმულ თანაპარტიელებში ხომ არ იტრიალებს?!

საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ 2016 წლის სცენარი გათამაშდა, ოდნავ განსხვავებული კონფიგურაციით, მაგრამ მსგავსი მიზნებითა და იდენტური შედეგებით. კერძოდ: (1) არჩევნები გაყალბდა; (2) ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, რითიც მოხდა არჩევნებისა და „ოცნების“ ლეგიტიმაცია; (3) მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და ასევე შედის პარლამენტში; (4) ივანიშვილმა მორიგი 4 წელი მოიგო; (5) ყველაზე მძიმეწონოსანი პოლიტიკური ფიგურები კვლავ ხელოვნურად არიან ჩამოშორებული პოლიტიკურ პროცესებს; და (6) შემოდგომაზე ცხრა წელიწადში მერვე (!) „არჩევნები“ გაიმართება. ისეთივე „თავისუფალი და სამართლიანი“, როგორიც ყველა წინა.

ბევრის დაკვირვებით, ამ შეთანხმებამ ქართველ ამომრჩეველში კიდევ უფრო გაამყარა ნიჰილიზმი, რადგან გააჩინა განცდა, რომ კერძო ინტერესებით მოტივირებული პოლიტიკის მუშაკები მორიგ ჯერზე ხალხის ზურგს უკან გარიგდნენ ერთმანეთთან.

გვეტყვიან, ცდებით – თუ შეთანხმება შესრულდა, ეს მართლაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული დემოკრატიისთვისო.

„თუ“-ო!

დავიწყოთ იმით, რომ ეს შეთანხმება ამ „თუ“-ს გარეშეც კომპრომისის კომპრომისის კომპრომისია, როგორც ერთმა პოლიტიკოსმა ახსნა. მაგრამ მთავარი სხვაა:

ამბობენ, რუსებთან დადებული შეთანხმება იმ ქაღალდის ფასია, რომელზეც ეს შეთანხმება წერია. მგონი გვავიწყდება, ვისთან გვაქვს საქმე. მგონი არა – ნამდვილად გვავიწყდება! რად უნდა „თუ“ იმას, რაც წინასწარ ცნობილია? გადაგდება ხომ ივანიშვილის არჩევანი არ არის. გადაგდება ივანიშვილის ბუნებაა, მისი პოლიტიკური „დეენემი“. შეთანხმების მიზანიც – დემოკრატიული საქართველო, სრულფასოვანი ინსტიტუტებით – არსებითად ეწინააღმდეგება ოლიგარქის ამოცანებსაც და ოჯახურ კეთილდღეობასაც.

ხოდა, მივედით მთავარ საკითხთან:

დიახ, კომპრომისი პოლიტიკის ნაწილია. კომპრომისი კარგია. აუცილებელიც! – მაგრამ კეთილსინდისიერ ოპონენტთან, რომელსაც მთლიანობაში იგივე მიზანი აქვს, რაც შენ. რამდენად კეთილსინდისიერია „ოცნება“? შეიძლება კი კეთილსინდისიერი იყოს რუსი ოლიგარქი, რომელსაც მთელი წინა ხელისუფლება – ამ ქვეყნის ყველაზე წარმატებული 9-წლიანი პერიოდის ავტორი – ან ციხეში ჰყავს/ჰყავდა ან დევნილობაში? თუ არა, მაშინ რამდენად ემსახურება „ოცნებასთან“ კომპრომისი რაიმეს, ამ ძალის ისტორიულ-პოლიტიკური ლეგიტიმაციის გარდა? ეს ხომ ბელგია არ არის, სადაც ცივილიზებულ ოპონენტს უბრალოდ განსხვავებული ხედვები აქვს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ან დღგ-ის პროცენტული განაკვეთის თაობაზე? არა, ეს რუსული რეჟიმია, რომელიც არსად წასვლას არ აპირებს და რომელსაც უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილი აქვს, მის მიერვე დანერგილი პოლიტიკური და სამართლებრივი სტანდარტებით. „ოცნებას“ ისეთი საფუძვლით ჰყავს ჩასმული ოპონენტები ციხეში, რა საფუძვლითაც მისი ყველა მაღალჩინოსანი დასაჭერი იქნება ნებისმიერი მომდევნო ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება, რომლის წევრებიც უპოვარი ბოგანოებიდან მულტიმილიონერებად იქცნენ ამ წლებში. ესენი დათმობენ რამეს დემოკრატიულად, ცივილიზებული კონსენსუსის შედეგად?! არა, მეგობრებო! მათ მხოლოდ სანქციების ენა ესმით. ისიც, არა ქვეყნის (ქვეყანა მათ არ აინტერესებთ), არამედ კონკრეტული პირებისა და ოჯახების მიმართ.

ეს არც დასავლეთს ესმის, სამწუხაროდ. ან არ უნდა, რომ გაიგოს, რადგან მისთვის – ვაღიაროთ – სააკაშვილი უფრო დიდი „ბუაა“. იმ დასავლეთს, რომლის დღევანდელი პოლიტიკური ელიტა უფრო ნევილ ჩემბერლენის მემკვიდრეა, ვიდრე უინსტონ ჩერჩილისა. ამ ფონზე, რა გასაკვირია ის გულუბრყვილობა (არაკეთილსინდისიერებას არავის ვაკადრებ!), რომლის თანახმადაც პოლიტიკური კრიზისი თურმე დასრულებულა. ეს მაშინ, როცა შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ არჩევნებზე მეორე და მესამე ადგილზე გასულ, ჯამურად (ცესკოს ოფიციალური მონაცემებითაც კი) ხმების 31%-ის ამღებ პარტიებს, ხოლო ვინც მოაწერა, თავად ამბობს, ხელმოწერით კრიზისი არ განიმუხტებაო.

პირდაპირ ვთქვათ:

ის პროცენტი, რომელიც გაყალბების მიუხედავად მაინც ეწერება მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ნიშნავს, რომ არსებობს ამომრჩეველი, რომელსაც ვერ მოსპობ, რაც უნდა ხელოვნურად გათიშო პოლიტიკიდან მისი ლიდერები (როგორც 2014, 2016 ან მომდევნო წლებში). ამომრჩეველთა მესამედის მართვისა და „მიყუჩების“ ყოველი მორიგი მცდელობა ახალ და უფრო ღრმა კრიზისებს ჩაუყრის საფუძველს.

ზოგადად, ამ ქვეყანაში კრიზისი ვერ განიმუხტება, სანამ არ დასრულდება პოლიტიკური დევნა. ოღონდ არა ორი კონკრეტული პოლიტპატიმრის წინააღმდეგ, არამედ წინა ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის და, რაც მთავარია, ძირითადი პოლიტიკური მოთამაშის, წინააღმდეგ. ხელოვნური მეთოდებით პოლიტიკური ველის მოსუფთავება, რისი მონაწილე არა მხოლოდ „ოცნება“, არამედ ბევრი ოპოზიციონერი და, სამწუხაროდ, დასავლეთიცაა, პერმანენტული კრიზისის მუდმივი საფუძველია.

„პოლარიზაცია უნდა დასრულდეს“ ისეთივე ღიმილისმომგვრელი (არაკეთილსინდისიერებას არავის ვაკადრებ!) ლოზუნგია, როგორიც იყო ცივი ომის დროს ევროპელ ულტრამემარცხენეთა მიერ ცალმხრივი განიარაღების მოთხოვნა. განიარაღება მშვიდობის კი არა, დამარცხების წინაპირობაა. ამიტომ, სასურველს რეალობად ნუ გავასაღებთ. გვახსოვდეს, რომ არასწორი მოლოდინი იმედგაცრუების მთავარი რეცეპტია. ამიტომ, ვიყოთ რეალისტები. რეალიზმი გამარჯვების გარანტია არ არის, მაგრამ მის გარეშე გამარჯვება ვერ მიიღწევა.

გააზიარე