"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
რატომ დაწინაურდა საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში?
ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზეა. საქართველო მე-5 ადგილზე 2016 წელსაც იყო.
მეთოდოლოგია
ეკონომიკურ თავისუფლებაში იგულისხმება, თუ რამდენად ერევა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში, ქვეყნის ეკონომიკის რა წილი მოდის სახელმწიფო ფუნქციების შესრულებაზე და რამდენად კარგი სამართლებრივი გარემოა საკუთრების დაცვისთვის. ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ორგანიზაცია იკვლევს, ესენია: ფრეიზერის ინსტიტუტი და ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი.
გასულ კვირაში ფრეიზერის ინსტიტუტმა ახალი, 2021 წლის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნების 2019 წლის მდგომარეობას ეყრდნობა. კვლევა 165 ქვეყანას მოიცავს.
ფრეიზერი ეკონომიკური თავისუფლების დონეს 5 ჯგუფად განაწილებულ 24 კრიტერიუმზე დაკვირვებით განსაზღვრავს, ესენია: 1. მთავრობის ზომა (საგადასახადო განაკვეთები, მთავრობის ხარჯები, სუბსიდიები, სახელმწიფო ქონება), 2. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციის დონე, კონტრაქტების შესრულება, პოლიტიკისადმი სანდოობა), 3. მონეტარული სტაბილურობა (ფულის მასის ზრდა, ინფლაცია, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლება), 4. თავისუფალი ვაჭრობა (ტარიფები, სავაჭრო ბარიერები, კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადაადგილების კონტროლი), 5. რეგულაციები (საკრედიტო ბაზრის რეგულირება, შრომის ბაზრის რეგულირება, ბიზნესრეგულაციები).
ინფორმაციის წყარო სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებია. ცალკეული კრიტერიუმი მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულა 0-დან 10-მდე მერყეობს. საქართველოდან ფრეიზერის პარტნიორი ორგანიზაცია „ახალი ეკონომიკური სკოლაა“.
საქართველო ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში
გასულ კვირაში გამოქვეყნებული ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილზეა 8.26 ქულით. ბოლო წელს საქართველოს ქულა 0.08 პუნქტით გაუმჯობესდა. 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზე იყო 8.18 ქულით. რეიტინგში საქართველოს 3 საფეხურით ზემოთ ასვლა სწორედ ჯამური ქულის 0.08 პუნქტით ზრდამ განაპირობა. საქართველომ მავრიკის, ავსტრალიას და აშშ-ს გადაასწრო. მავრიკისა და ავსტრალიის ქულები შემცირდა, ხოლო აშშ-ის 0.02-ით გაიზარდა. მავრიკისა და ავსტრალიის ქულები რომ არ შემცირებულიყო, საქართველო მათ მაინც გადაასწრებდა.
საქართველოს ჯამური ქულის 0.08-ით გაუმჯობესება მთავრობის ზომის, კანონის უზენაესობისა და თავისუფალი ვაჭრობის კრიტერიუმების ქულების ზრდამ განაპირობა. უფრო კონკრეტულად, მთავრობის ზომიდან გაუმჯობესდა სამთავრობო მოხმარების, სამთავრობო სუბსიდიებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ოქმების ქულები. ეს ნიშნავს, რომ 2019 წელს ამ მიმართულებებით მთავრობის როლი შემცირდა. კანონის უზენაესობიდან გაუმჯობესდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საკუთრების დაცვის ქულები, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა სამართლებრივი სისტემის გამართულობის (კეთილსინდისიერების) ქულა. თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტებიდან გაუმჯობესდა ტურისტების შემოსვლის თავისუფლების ქულა.
მონეტარული სტაბილურობისა და რეგულაციების ქულები კი გაუარესდა. მონეტარული სტაბილურობის ქულის კლება ინფლაციის ზრდამ განაპირობა, ხოლო რეგულაციების ქულის კლება ბიზნესრეგულაციების მატებამ. მათ შორის, შემცირდა ბიუროკრატიის ხარჯის ქულა, რაც ნიშნავს, რომ ბიუროკრატიული წნეხი გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა მიუკერძოებელი საჯარო ადმინისტრირების ქულა.
საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში საქართველო საკმაოდ მაღალ, მე-5 პოზიციაზე იმყოფება, მისი ქულები კანონის უზენაესობაში მაინც დაბალია. სასამართლოს დამოუკიდებლობაში საქართველოს 5.42 ქულა აქვს, რაც მეტწილად არათავისუფალი ქვეყნების მდგომარეობას შეესაბამება. 5.63 ქულა აქვს კორუფციის დონეში და 6.25 ქულა აქვს საკუთრების დაცვაში.
10-დან 10 ქულა საქართველოს საგადასახადო განაკვეთებში, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლებაში, ფინანსურ ღიაობაში, ტურისტების მიმართ ღიაობაში, ბანკების მფლობელობისა და საპროცენტო განაკვეთების თავისუფლებაში აქვს.
საქართველოს პოზიცია ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში
წყარო: Fraser Institute
ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე ყველაზე მაღალია
ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პირველ ადგილზე ჰონკონგია 8.91 ქულით, რომელსაც არცერთ კრიტერიუმში არა აქვს 7-ზე ნაკლები ქულა. მეორეზე სინგაპურია 8.81 ქულით. პირველ ხუთეულში საქართველოსთან ერთად ასევე არიან ახალი ზელანდია და შვეიცარია.
გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ: სომხეთი – მე-15 ადგილი, რუსეთი – მე-100 ადგილი, თურქეთი – 114-ე ადგილი და აზერბაიჯანი – 121-ე ადგილი.
რეიტინგში ბოლო ადგილზე ვენესუელაა 2.83 ქულით. ბოლოდან მეორეზე სუდანია 4.19 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე – ლიბია 4.79 ქულით. კვლევა არ მოიცავს კომუნისტურ ქვეყნებს: ჩრდილოეთ კორეას და კუბას, რომლებიც, სავარაუდოდ, რეიტინგის ბოლო ადგილებს დაიკავებდნენ.
ტოპ 10 ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით
ქვეყანა | ქულა | |
1 | ჰონგ-კონგი | 8.91 |
2 | სინგაპური | 8.81 |
3 | ახალი ზელანდია | 8.56 |
4 | შვეიცარია | 8.48 |
5 | საქართველო | 8.26 |
6 | აშშ | 8.24 |
7 | ირლანდია | 8.21 |
8 | ლიეტუვა | 8.21 |
9 | ავსტრალია | 8.20 |
10 | დანია | 8.17 |
წყარო: Fraser Institute
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024