ბესო ნამჩავაძეს აქვს 12-წლიანი სამუშაო გამოცდილება ეკონომიკაში, სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტსა და კვლევებში.  ის საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უფროსი ანალიტიკოსია. კითხულობს ლექციებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

რატომ გვაქვს ერთდროულად უმუშევრობა და კადრების დეფიციტი?

ბესო2

საქართველოში ერთგვარი პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი თავს უმუშევრად თვლის და ამ დროს ბიზნესში კადრების დეფიციტია. პასუხიც თითქოს მარტივია: გაიზარდოს ხელფასები და კადრების დეფიციტი გაქრება. ამ პასუხს იმეორებს ყველა, დამსაქმებლის გარდა. ეს პასუხი მარტივია, ლოგიკურია, მაგრამ ძალიან ზედაპირულია.

ბუნებრივია, ხელფასების გაზრდა შრომის სურვილს, შრომისთვის მზაობას გაზრდის და ვაკანსიებზე კადრების მოძიება გაიოლდება, მაგრამ ეს იმ დამსაქმებლებმაც იციან, რომლებმაც კადრების დეფიციტის გამო წარმოება ვერ გაზარდეს, ახალი ობიექტები ვერ გახსნეს, შემოსავალი დაკარგეს და იზარალეს. დამსაქმებლის სურვილი, მეტი ფული იშოვოს, საერთოდ არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ხელფასების ზრდისთვის იყოს მზად. მეტიც, თუ ხელფასების ზრდა უფრო ნაკლებ ფულს დაგაკარგვინებს, ვიდრე საკადრო დეფიციტი, რატომ არ გაზრდი ხელფასს, თუნდაც სუფთა ეგოისტური მიზნით? ამას რთული მათემატიკა არ სჭირდება და, ბუნებრივია, უკეთეს პირობებს შესთავაზებ დასაქმებულს.

სინამდვილეში, საქმე გაცილებით რთულადაა და ეს პარადოქსი – უმუშევრობა და კადრების დეფიციტი რომ ერთდოულად გვაქვს, გაცილებით მეტ ფიქრს და ანალიზს საჭიროებს. ეკონომიკაში ცნობილი პრობლემაა „დიდი სურათის ვერდანახვა“, რაც ხშირად თავად ეკონომისტებსაც ემართებათ. დიდი სურათი გულისხმობს, რომ ბევრ ფაქტორს უნდა დავაკვირდეთ.

დავიწყოთ იმის მიმოხილვით, თუ რა მდგომარეობა და ტენდენციებია საქართველოს შრომის ბაზარზე ოფიციალური სტატისტიკით, ანუ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით.

2021 წელს სამუშაო ასაკის საქართველოს მოქალაქეების, ანუ 15 წლიდან ზემოთ მოსახლეობის რიცხვი 3 მლნ იყო. აქედან, 1,534 ათასი სამუშაო ძალაში შედიოდა, ანუ დასაქმებული იყო ან უმუშევარი, მაგრამ სამსახურს აქტიურად ეძებდა. ოფიციალური განმარტებით, სწორედ ისეთ ადამიანს ჰქვია უმუშევარი, ვინც არ მუშაობს, მაგრამ აქტიურად ეძებს სამსახურს და მზად არის მუშაობის დასაწყებად. 1,477 ათასი ადამიანი სამუშაო ძალის გარეთ იყო, ანუ არ მუშაობდა და თან არც ეძებდა სამსახურს, არც დასაქმებული იყო და არც უმუშევარი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბოლო ექვს წელიწადში საქართველოში სამუშაო ძალა 142 ათასი ადამიანით შემცირდა, ხოლო სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ადამიანების რიცხვი 133 ათასით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამუშაო ძალის გარეთ ბევრი დაუსაქმებელი ადამიანია, ოფიციალური გაგებით უმუშევარი მაინც ბევრია, 2021 წელს 316 ათასი იყო, 2022 წლის პირველ კვარტალში კი – 290 ათასი. უმუშევრობის დონე 20%- მდეა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოს მძებნელი ყოველი მე-5 ადამიანი დაუსაქმებელი რჩება.

რატომ არის საქართველოში კადრების დეფიციტი, ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სამუშაო ძალაში მონაწილეობის დაბალი დონეა (50.9%). შრომისუნარიანი მოსახლეობიდან ყოველი მეორე მუშაობს ან ეძებს სამსახურს. შეიძლება ეს დაბრალდეს იმას, რომ ხელფასებია დაბალი და ამიტომ აღარც ეძებენ ადამიანები სამსახურს. ეს ნაწილობრივ მართალია, ნებისმიერ დაუსაქმებელს რომ მის მოლოდინზე გაცილებით მეტი ხელფასი შესთავაზო, მუშაობას მოისურვებს. ნაწილობრივ მართალია იმიტომ, რომ საქართველოზე გაცილებით ღარიბ და დაბალხელფასიან ქვეყნებშიც კი არ არის სამუშაო ძალაში მონაწილეობის ასეთი დაბალი დონე. Tradingeconomics-ის მონაცემებით, რომელიც 100-მდე ქვეყანას მოიცავს, სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონით საქართველო ბოლოდან მე-10 ადგილზეა. საქართველოზე ორჯერ ღარიბ ბოლივიაში სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონე 78.2%-ია, საქართველოზე სამჯერ ღარიბ ანგოლაში – 91.3%.

15 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის განაწილება სამუშაო ძალაში და სამუშაო ძალის გარეთ

მონაცემთა წყარო: საქსტატი

განათლების დაბალი ხარისხის გამო, მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე სულ იყო საქართველოში კადრების დეფიციტი, ბოლო დროს კი დაბალკვალიფიციურიც დეფიციტური გახდა. დაბალკვალიფიციურში იგულისხმება ისეთი კადრები, რომლებსაც რაიმე განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება არ სჭირდებათ (მაგალითად, უმაღლესი განათლების დიპლომი ფორმალურადაც კი არ სჭირდებათ). ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში შეიქმნა ისეთი სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რომელიც უმეტესწილად დაბალკვალიფიციურ სამუშაო ძალას შრომის ბაზარზე პასიურს ხდის. დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ უცებ ხელფასები გაორმაგდება ან მეტად გაიზრდება და ხალხი შემოთავაზებულ სამუშაოებს მასობრივად დათანხმდება. ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას დრო სჭირდება. ამისთვის ქვეყნის ეკონომიკა და შრომის პროდუქტიულობა წლიდან წლამდე უნდა იზრდებოდეს. შრომის პროდუქტიულობა ნიშნავს, თუ რა ღირებულების პროდუქტს ქმნის დასაქმებული საანგარიშო პერიოდში.

დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის პოტენციური კადრების სამუშაო ძალის გარეთ ყოფნას ორი მთავარი მიზეზი აქვს: მთავრობის მიერ დაწესებული სოციალური დახმარებები და ემიგრანტების ფულადი გზავნილები.

ადამიანს რომ შრომას თავისუფალი დროის ქონა ურჩევნია, ეს ჯანსაღი მოვლენაა. თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში (ანუ თუ უმუშევრობისთვის არ გსჯიან), ადამიანს შრომისთვის სტიმული სჭირდება, შრომამ მისი კეთილდღეობა უნდა გაზარდოს. დღეს კი საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ ადამიანების შრომის მოტივაციას ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან მთავრობამ შეცვალა წესი და სოციალურად დაუცველის გარკვეულ ხელფასზე დასაქმების შემთხვევაში მის ოჯახს დახმარება ერთი წლის განმავლობაში არ შეუწყდება, ეს მიდგომა საკმარისი არ არის. ერთი წელი მცირე დროა ოჯახის სიღარიბიდან გამოსასვლელად. მით უმეტეს, სოციალურად დაუცველები ძირითადად დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალაა და თვეში ათას- და მეტლარიანი სამსახურის დაწყება მათ შემთხვევაში თითქმის გამორიცხულია. მიმდინარე წლის მარტიდან მთავრობამ კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვა, სოციალურად დაუცველებს 300 ლარამდე სამსახურები შესთავაზა საჯარო სექტორში იმ პირობით, რომ სოციალური დახმარებაც შეუნარჩუნდებათ. ასევე შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება, თუ კერძო სექტორში არაფორმალურად დასაქმებას ფორმალურს გახდიან. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა სოციალურად დაუცველების შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად, ეს საკმარისი არ არის და მაინც რჩება სოციალურად დაუცველებში შიში, რომ შესაძლოა გარკვეული სახელფასო შემოსავლის გამო სოციალური დახმარება დაკარგონ, რაც ხელფასზე არანაკლებია, თუ არამატერიალურ ბენეფიტებსაც (ჯანდაცვა, განათლება, კომუნალური გადასახადები, მგზავრობა და ა.შ.) გავითვალისწინებთ.

ამ სიტუაციაში გამოსავალი არსებობს: უნდა შემუშავდეს სოციალურად დაუცველის სამუშაო ძალაში გადასვლის ისეთი სქემა, როდესაც ამ კატეგორიაში მოხვედრილი ადამიანი მუშაობას დაიწყებს, დახმარება დროდადრო უნდა შეუმცირდეს ისე, რომ ჯამში დახმარება და ხელფასი მეტი გამოდიოდეს, ვიდრე მხოლოდ დახმარებით რომ ეცხოვრა.

შრომის ბაზარზე სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან მთავრობამ სოციალური დახმარების შეწყვეტაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ასევე შეიცვალა ბავშვზე დახმარების მიმღებთა სარეიტინგო ქულა. ამ ცვლილებით 27 ათასი ბავშვით მეტი გახდა დახმარების მიმღები. მორატორიუმისა და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შედეგად, ბოლო ორ წელიწადში სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი 220 ათასით გაიზარდა და ივნისში დახმარება 661 ათასმა ადამიანმა აიღო. ამათგან 400 ათასამდე 15 წლის ზემოთ, შრომისუნარიანი ადამიანი იყო.

რომ შევაჯამოთ, სოციალური დაცვის სისტემა ერთგვარ უმუშევრობის დახმარებად იქცა, რაც მუშაობის სურვილს ამცირებს. ქვეყნებში, სადაც უმუშევრობის დახმარება არსებობს, ეს დახმარება უპირობო არ არის. უმუშევარი ადამიანი აქტიურად უნდა ეძებდეს სამსახურს და თუ ვერ პოულობს, ამ შემთხვევაში ენიშნება დახმარება. თანაც, უმუშევრობის დახმარების აღების პერიოდი შეზღუდულია, განუსაზღვრელი დროით არ ინიშნება. შეზღუდულია შემოთავაზებულ სამუშაოზე უარის თქმის რაოდენობაც.

საშუალო თვიური ხელზე ასაღები ხელფასი კვარტალების მიხედვით

მონაცემთა წყარო: საქსტატი

სამუშაო ძალაში არმონაწილეობას ხელს უწყობს მაღალი ემიგრაცია და მიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე დამოკიდებულებაც. ამ მხრივაც საქართველო მსოფლიო დონეზე გამორჩეულია. მსოფლიო ბანკის 2020 წლის მონაცემებით, გზავნილებზე დამოკიდებულებით საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა, ანუ მხოლოდ 18 ქვეყანაა ჩვენზე მეტად დამოკიდებული გზავნილებზე. გზავნილებზე დამოკიდებულება ნიშნავს წლის განმავლობაში გადმორიცხული თანხები ქვეყნის ეკონომიკის რამდენ პროცენტს შეადგენს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი საქართველოში 13.3% იყო. საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ემიგრანტი ოჯახის წევრებს არჩენს, მეტიც, ზოგჯერ ნათესავებს და მეზობლებსაც კი ეხმარება. ასეთი ზრუნვის კულტურა დადებითი მოვლენაა, მაგრამ ეკონომიკა დადებითშიც პოულობს ხოლმე უარყოფით მხარეებს. ამ შემთხვევაში ეს არის სწორედ გამოგზავნილ ფულზე დამოკიდებული ადამიანის შრომის საჭიროებისა და სურვილის კლება. ემიგრანტების ფულზე დამოკიდებული ადამიანები ცხოვრობენ სხვა ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი ფულით და აღარ უდგათ აუცილებლობა იმის, რომ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკაში იმუშაონ.

დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ტრადიციებში არ არის ადრეული, სკოლის ასაკიდან დასაქმება, თუნდაც საზაფხულო, 2-3-თვიან სამუშაოებზე, როდესაც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ. შვილები დიდხანს რჩებიან მშობლებზე ფინანსურად დამოკიდებულები. ბოლო წლებში ეს სიტუაცია იცვლება, უფრო მეტი 15-20 წლის ადამიანი ერთვება სამუშაო ძალაში, მაგრამ სასურველისგან ჯერ შორს ვართ. ამ დროს ეს არის ის კატეგორია, რომლებსაც კვალიფიკაცია და გამოცდილება ნაკლებად აქვთ და ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, კადრებზე სეზონურად გაზრდილ მოთხოვნას ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებდნენ. ადრეულ ასაკში მიღებული შრომის გამოცდილება კი მომავალში დაეხმარებოდათ.

ბოლო თვეებში შექმნილ კადრების დეფიციტს სპეციფიკური მიზეზებიც აქვს, რაც გარკვეულწილად პანდემიამაც განაპირობა. ე.წ. „ლოკდაუნების“ დროს მასიურად იკარგებოდა სამუშაო ადგილები მომსახურების სექტორში, განსაკუთრებით – სარესტორნო ბიზნესში. ამ სექტორში დასაქმებულები სხვა სექტორებში ეძებდნენ სამსახურს. ახლა კი პირიქით ხდება, ამ სექტორმა სწრაფად დაიწყო აღდგენა, ძირითადად ტურიზმის ზრდის გამო. შრომის ბაზარი რაც უნდა თავისუფალი იყოს, დეფიციტს რამდენიმე კვირაში ვერ გააქრობს, მით უმეტეს, როცა კაფე-რესტორნების ნაწილი ტურისტულ სეზონზეა მხოლოდ დატვირთული და შემდეგ აქ მუშაობა არასტაბილურია.

ამასთან, ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებში ძირითადად ისეთი კადრების დეფიციტია, რომლებიც მოქნილები არიან, რაღაც კონკრეტული სპეციალიზაციის არ არიან და რესტორანში, მიტანის სერვისში, მაღაზიაში, სასტუმროში, სატელეფონო ცენტრში და ასე შემდეგ – ყველგან შეუძლიათ მუშაობა. ეს სექტორები ერთმანეთს ართმევენ კადრებს. თან მომსახურების სექტორში, სადაც ფიზიკური დატვირთვაც დიდია, ასაკოვანი უმუშევარი ვერ ერთვება. ამას ემატება ისიც, რომ მომსახურების სექტორში თანდათან აუცილებელი მოთხოვნა ხდება ინგლისურის და ზოგჯერ რუსული ენის ნორმალურად ცოდნა, რაც ასიათასობით უმუშევარს ენის არცოდნის გამო სამუშაო ბაზრის გარეთ ტოვებს.

კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი ინფლაციაც არის. ინფლაცია, რაც ფულის მსყიდველობითი უნარის კლებას ნიშნავს, ადამიანების ხელფასს რეალურად ამცირებს. ხელფასის შემცირება კი ადამიანებს მუშაობის სურვილს უმცირებს. მაღალი ინფლაციის დროს დამსაქმებელს ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდა უწევს. თუ შემოსავალი არ ეზრდება და ხელფასებს ვერ ზრდის, კადრებს დაკარგავს. ბოლო ორ წელიწადში საქართველოში ინფლაცია 25%-მდეა. ანუ ორი წლის წინ დასაქმებულს თუ ჰქონდა ხელფასი 1,000 ლარი თვეში, დღეს იმავე მსყიდველობითი უნარის ხელფასი რომ ჰქონდეს, 1,250 ლარს უნდა იღებდეს. თუ უფრო ნაკლებს იღებს, ე.ი. რეალურად ხელფასი შეუმცირდა. მაღალი ინფლაციის დროს, რომელსაც თუნდაც მაღალი ეკონომიკური ზრდა ახლავს თან, ყველა ბიზნესის შემოსავლები არ იზრდება ან თანაბრად არ იზრდება, ზოგს შეუძლია ხელფასის სხვადასხვა პროცენტით ზრდა, ზოგს კი საერთოდ არ შეუძლია.

შრომის ბაზარზე გავლენა აქვს ემიგრაციასაც. ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოდან სამუშაო ასაკის (15-დან 65 წლამდე) 402 ათასი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. ამავე პერიოდში საქართველოში დაბრუნდა 366 ათასი ადამიანი. მიგრაციის უარყოფითმა სალდომ 35,600 ადამიანი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს შრომის ბაზარს 35,600 ადამიანი ემიგრაციის გამო მოაკლდა.

რაც შეეხება ხელფასებს, საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში ხელზე ასაღები საშუალო თვიური ხელფასი 1,157 ლარი იყო, რაც 20%-ით მეტია 2020 წლის პირველი კვარტალის საშუალო ხელფასზე. 2022 წლის მარტში, 2020 წლის მარტთან შედარებით ინფლაცია 20% იყო, ანუ ბოლო ორ წელიწადში საშუალო რეალური ხელფასი არ გაზრდილა, იგივე დარჩა. ნომინალურმა ზრდამ მხოლოდ ინფლაცია გადაფარა. ვაჭრობაში დასაქმებული ადამიანების ხელფასი ბოლო ორ წელიწადში 27%-ით გაიზარდა და თვეში საშუალოდ 1,350 ლარი შეადგინა. ხელფასის რეალური ზრდა 7% იყო. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, რომელიც კადრების დეფიციტით ყველაზე მეტად გამოირჩა, ხელფასი 16%- ით გაიზარდა, ანუ ინფლაციაზე ნაკლებად და საშუალო ხელფასმა 1,046 ლარი შეადგინა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს სტატისტიკა არ ასახავს 2022 წლის პირველი კვარტალში და მომდევნო პერიოდში დაფიქსირებულ ზრდებს როგორც ხელფასში, ასევე ინფლაციაში.

გრძელვადიან პერიოდში საქართველოში საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ბოლო ათ წელიწადში (2011 წლიდან 2021 წლამდე) 113%-ით გაიზარდა, ანუ გაორმაგდა. ამავე პერიოდში ინფლაცია 49% იყო. ინფლაციის გამოკლებით რეალური ხელფასი 64%-ით არის გაზრდილი. ხელფასების ასეთი ზრდა მდიდარ ქვეყნებში ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა, მაგრამ საქართველოში, სადაც ათი წლის წინ საშუალო ხელფასი თვეში 636 ლარი იყო, დასაქმებულების ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ გვაძლევს. ამიტომ გვჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა და შრომის პროდუქტიულობის ამაღლება.

შრომაზე გაზრდილი მოთხოვნა თუ ტურისტული სეზონის შემდეგაც შენარჩუნდება და ინფლაციის დონე დასტაბილურდება, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალის ბაზარზე მნიშვნელოვანი გამოწვევებია კვალიფიკაციისა და მუშაობის მოტივაციის კუთხით, ხელფასები ზრდას განაგრძობს, რაც სამუშაო ძალაზე დეფიციტს შეამცირებს. მნიშვნელოვანია, შრომის ბაზარზე და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკაში არსებული გამოწვევები ობიექტურად შევაფასოთ და არ ვიყოთ მხოლოდ იმის იმედად, რომ ერთ დღესაც დამსაქმებლები ხელფასებს გააორმაგებენ ან გაასამმაგებენ და ყველა დასაქმდება.

გააზიარე