ვარ ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მიმდევარი, ვმუშაობ სან დიეგოს უნივერსიტეტსა და ახალ ეკონომიკურ სკოლა - საქართველოში.
რატომ გვჭირდება ენერგოდამოუკიდებლობა?
ყველა მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის დამახასიათებელია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. საქართველოს ეკონომიკა მცირედ, მაგრამ მაინც იზრდებოდა, 2020 წლის გამოკლებით, შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოშიც იზრდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არსებული გენერაციის წყაროები მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, საქართველო ყოველწლიურად ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2020 წელი იყო: მიუხედავად იმისა, რომ, პანდემიის გამო, ელექტროენერგიის საერთო მოხმარება შემცირდა, ქვეყანამ მაინც ვერ შეძლო დამოუკიდებლად ეზრუნველეყო საჭირო ენერგიის გამომუშავება და მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი გახდა საჭირო. (იხილეთ გრაფიკი 1)
საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს ახარციელებს რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო წლებში საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება საგრძნობლად გაიზარდა, მაშინ როდესაც სხვა მეზობელ ქვეყნებთან შემცირდა. ცხადია, იმპორტდამოკიდებულება ზრდის რისკებს ენერგოუსაფრთხოების კუთხით. რიგი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ რუსეთი საიმედო პარტნიორად მივიჩნიოთ, შესაბამისად, შეიძლება საკმარისი ელექტროენერგიის გარეშე აღმოვჩნდეთ მაშინ, როდესაც რუსეთი გადაწყვეტს ამას. (გრაფიკი 2) გარდა ამისა, გაუფასურებული ეროვნული ვალუტის შედეგად, კიდევ უფრო გაგვიძვირდა იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, რაც, ცხადია, დამატებითი ტვირთია ეკონომიკისთვის.
ზოგადად ენერგეტიკის სექტორის განვითარება მნიშვნელოვნად დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახება. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოში ჰიდრორესურსების ჯერ მხოლოდ 22%-ია ათვისებული, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი ევროპის რიგ ქვეყნებში 90-95%-საც კი სცდება. შესაბამისად, საქართველოს აქვს პოტენციალი, ჰიდროელექტროსადგურების აშენებით, გახდეს მეტად ენერგოდამოუკიდებელი, რაც განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. . თუმცა საქართველოში ჰესების აშენება საკმაოდ პრობლემატური და აქტუალური საკითხია. მასშტაბური აქციები, ქვის ან თოფის სროლა, გზის გადაკეტვა – არაერთ საპროტესტო ფორმას მიმართავს მოსახლეობა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, რაც საკმაოდ ლოგიკური პროცესია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სახელმწიფოს ევალება, სწორედ ადამიანების უსაფრთხოების დაცვაა. არასწორად ჰესების მშენებლობა კი ადამიანის უსაფრთხოებას პირდაპირ ემუქრება. როგორც წესი, ჰესების მშენებლობა გარემოსთვის ზიანის მიმყენებელ რიგ პრობლემებს უკავშირდება: რამდენიმე ჰექტარი მიწის დატბორვას და ასევე შესაძლოა, ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლებაც კი გახდეს საჭირო. თუმცა ეს რისკები ამართლებს თუ არა სწორად დაგეგმილი ჰესების მშენებლობაზე უარის თქმას? არა, ცხადია, განვითარებაზე უარი არასდროს არ უნდა ვთქვათ.
საქართველოში ჰესების მშენებლობაზე ლიცენზიას სახელმწიფო გასცემს, გარდა ამისა, მიწების უმეტესობა სახელმწიფოს საკუთრებაა და, შესაბამისად, ინვესტორიც მოლაპარაკებებს სწორედ სახელმწიფოსთან მართავს, რა დროსაც ადგილობრივი მოსახლეობის აზრი ნაკლებად ან უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული, რაც მოსახლეობაში პროტესტისა და დაუცველობის შეგრძნებას იწვევს. გარდა იმისა, რომ კომუნიკაციაში სრული ჩავარდნა აქვს სახელმწიფოს, პროცესები გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, მოსახლეობას არა აქვს ნდობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანად გაიცა ჰესების მშენებლობის ნებართვა. ეჭვები არსებობს ასევე კვალიფიციური დასკვნების არარსებობასთან დაკავშირებით, რაც ადამიანებს კიდებ უფრო ნეგატიურად განაწყობს ჰესების მშენებლობის მიმართ. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, აისახება ქვეყნის არც ისე მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. იმ დროს, როცა თითოეული ინვესტიცია ამ ქვეყნისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გარდა იმისა რომ ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვა გვიჭირს, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით რთულია ენერგეტიკის სფეროში, ვინაიდან ინვესტიციის მოცულობა, როგორც წესი, საკმაოდ მაღალია, თვითონ მოგება ინვესტორისთვის კი დროში გაწელილი პროცესი. მაშინ როდესაც ინვესტიციის მიმღები ქვეყანა გარდა საინვესტიციო ღირებულებისა, იღებს ასობით დასაქმებულ ადამიანს, ყოველწლიურად ბიუჯეტში გადასახადს და ხშირ შემთხვევაში ერთჯერად კომპენსაციას ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა იმის, რომ ჰესების აშენება იმავე მოდელით და კონტროლის მექანიზმით ხდება როგორითაც, ვთქვათ, 20-25 წლის წინ ხდებოდა. რეალობა კი განსხვავებულია. ჩვენ შეიძლება არ ვენდობოდეთ საკუთარ სახელმწიფოს, რამდენად სწორად შეძლებს პროცესის წარმართვას, თუმცა დღეს თითქმის ყველა ინვესტორ კომპანიას აფინანსებს დონორი საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც გარემოს დაცვის კუთხით ბევრად მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, ვიდრე, ვთქვათ, ადგილობრივი მთავრობა. თუმცა ამ ინფორმაციას საზოგადოებამდე მიტანა სჭირდება, რასაც სახელმწიფო, აშკარად, ჯერ კიდევ ვერ ართმევს თავს და ამით ქვეყანას აზარალებს.
გამოსავალი რაშია? იდეალურ შემთხვევაში აუცილებელია მიწების პრივატიზაცია, რათა მოლაპარაკების მაგადასთან ისხდნენ არა სახელმწიფო და ინვესტორი, არამედ მიწის კერძო მესაკუთრე და ინვესტორი. ცხადია, არც ერთი ინვესტორი ასეულობით მილიონს არ გადაიხდის ისეთ პროექტში, რომლის უსაფრთხოებაც გარანტირებული არ იქნება. თუ ვინმეს აწყობს ჰესის გამართულად აშენება, ეს, პირველ რიგში, ინვესტორია. მეორე მხრივ, კერძო მესაკუთრეც არ დასთანხმდება ისეთ პროექტს, რაც მას საფრთხეს შეუქმნის, შესაბამისად, პროცესები უფრო ჯანსაღად, გამჭვირვალედ და პროფესიულად წარიმართება როგორც ხდება რიგ ევროპულ ქვეყნებში. კომუნიკაციას და მეტი ჯანსაღი ინფორმაციის გაცვლას ამ პროცესებში ალტერნატივა არა აქვს, თუ განვითარება და დამოუკიდებლობა გვსურს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მარტი 5, 2021
- on დეკემბერი 25, 2020
- on ოქტომბერი 28, 2020
- on ოქტომბერი 7, 2020
- on სექტემბერი 23, 2020
- on სექტემბერი 9, 2020