"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

როდემდე?!

Forbes-WEB-22032803

პირველი, რაც თავში მომდის ამ კითხვაზე, არის, თუ როდემდე უნდა ბომბოს პუტინმა უკრაინის ქალაქები, სხვათა შორის – ძირითადად რუსებით დასახლებული. ერთმა ჩემმა ძალიან გამოცდილმა დიპლომატმა მეგობარმა მითხრა ძალიან სწორი რამ: პუტინმა ჰიტლერსაც კი გადაასწრო, ის გერმანელებს მაინც არ ხოცავდა და ეს რუსებსაც კლავსო. მართალია!!! სამწუხაროდ, ოპტიმისტური პროგნოზი, რომ ეს კოშმარი ძალიან სწრაფად დასრულდება და პუტინი ან განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდება ან აღსრულდება, ნამდვილად არ მაქვს. ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ პუტინის დანაშაული კაცობრიობის წინაშე დაუსჯელი დარჩება და ამ ომიდან პუტინი გამარჯვებული გამოვა. ის უკვე დამარცხებულია და უკვე აღიარებული საერთაშორისო დამნაშავეა, ზელენსკი კი მსოფლიო დონის აღიარებული ლიდერია და უკვე გამარჯვებულია. უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინელი ხალხის კაპიტულაციას პუტინი ვერასდროს მიიღებს. ზელენსკი არასდროს აღიარებს ყირიმის ანექსიას და ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობას. ამიტომ ისევ პუტინს მოუწევს ხელების აწევა მის წინაშე. ხომ რთული წარმოსადგენია? შეიძლება, მაგრამ რეალურად ეს ორიდან ერთ-ერთი დასასრულია. მეორეზე ზემოთ აღვნიშნეთ და ყველამ იცით, როგორი ტრადიციაა რუსეთში ხელისუფლების „ცვლილების“ 🙂.

კი არის მუდმივად მარჩიელობა, რა შეიძლება შესთავაზონ პუტინს სახის შენარჩუნებისა და ომის შეწყვეტისთვის. მე ამაზე დიდ დროს არ დავხარჯავდი, იმიტომ რომ შემდეგი კითხვა რაც მიჩნდება ამ სიტყვაზე არის: როდემდე გააგრძელებს მონურ მორჩილებას რუსეთის მოსახლეობა ფაშისტი, მკვლელი, ომის დამნაშავე, ჯალათი და ყასაბი პუტინის რეჟიმისადმი? სამწუხაროდ, საერთოდ არ იწვევს ჩემში ეჭვს ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, უკრაინაში ომის წარმოებისთვის პუტინის მხარდაჭერა მხოლოდ იზრდება; აგრეთვე იზრდება ევროკავშირის ქვეყნებში, პირველ რიგში ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსეთის შეჭრის მომხრეთა რიცხვი. ნამდვილად არ მგონია, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხოების სამსახურების „შეკეთებულია“! კი, არიან უარყოფითად განწყობილები, არიან ხელისუფლებასთან ჩუმ დაპირისპირებაში მყოფი ადამიანები, მაგრამ ვინც ხმამაღლა ბედავს რამის თქმას, საუკეთესო შემთხვევაში ქვეყნიდან გადის, არცთუ ისე ცუდ ვარიანტში ხვდება ე.წ. „ავტოზაკში“ და ჯარიმით ან რამდენიმედღიანი დაკავებით გადის ფონს. ყველაზე რეალისტური და მძიმე სცენარია, როდესაც „ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერით“ ხანგრძლივ პატიმრობაში უშვებენ ხალხს. ქუჩაში სუფთა ფურცლის ჭერისთვის იჭერენ, 10 მცნებიდან ერთ-ერთის – არა კაც ჰკლა – ფურცელზე თუ გიწერია და ქუჩაში დგახარ, ამისთვისაც იჭერენ. ასე რომ, პასუხი კითხვაზე, როდემდე მოითმენს ამ ყველაფერს რუსეთის მოსახლეობა, არის ძალიან სკეპტიკური.

ასევე არ მაქვს სწრაფი მოლოდინი კითხვაზე, როდემდე გაუძლებს საერთაშორისო სანქციებს რუსეთი. კი, ელიტა ნამდვილად შეწუხდა; აგრეთვე, გაწყდა შაქარი, გაწყდა რძის პროდუქტები (შეფუთვა ფინური ტექნოლოგიით ხდებოდა; გავიდნენ ფინელები და დარჩა რძე და ხაჭო შეუფუთავი); მალე გაწყდება ხორცპროდუქტები და ა.შ. 1 ა-4 ფორმატის ფურცელი რომ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე „სბერბანკის“ აქცია ლონდონის ბირჟაზე,  ეს ამბავიც ყველამ გავიგეთ, მაგრამ…  ყველას გვინახავს ალბათ ერთგვარი გამოკითხვების ვიდეოები, რუსულ ქალაქებში ჩაწერილი. მათი ძირითადი პათოსია „მიწას შევჭამთ, მაგრამ მსოფლიოს თავს არ დავუხრით“. პუტინმა ეს მშვენივრად იცის. მას ისიც ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ხალხს არათუ აბრაზებს, არამედ პირიქით, ახარებს ოლიგარქების იახტებისა და სასახლეების დაყადაღება. მათ შორის შეიძლება პირადად მისი იახტაც იყოს, მისი შვილის სასახლეც არის, მაგრამ ის ხომ ისტორიული რუსული მიწების შემომკრებია; ის ხომ რუსეთის მსოფლიო ავტორიტეტის დამცველია; ამიტომაც, თუ იქნება კარტოფილი და „სამაგონი“, გაძლებენ. ეს არის ძირითადი მასა, ანუ ათეულობით მილიონი ადამიანი, რომელთაც ალბათ არც ჰამბურგერი გაუსინჯავთ, არც „ნესტლეს“ შოკოლადი უჭამიათ და ტაივანურ ჩიპებზე საერთოდ არც არაფერი გაუგიათ. თუმცა არის შედარებით მომცრო ფენაც – გაცილებით ნაკლები, ვიდრე ძირითადი მასა და შედარებით მეტი, ვიდრე მდიდარი რუსები. ეს არის საშუალო ფენა, რომელიც სწორედ იმ ქარხნებში, იმ ოფისებში, იმ სერვისებში იყო დასაქმებული, რომლებიც უცხოურ კომპანიებს ეკუთვნოდა და ქვეყნიდან უკვე გავიდა. წინასწარი დათვლებით, მათი რაოდენობა 5 მილიონამდე ავა. ჯერჯერობით უმუშევრად უკვე დარჩა რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი. რას იზამს ეს ხალხი? როდემდე მოითმენს და გაუძლებს „მიწის ჭამას“?  ბევრი უკვე გავარდა რუსეთიდან. აქაც ჩამოქანდნენ ათასები. დავაზუსტოთ: მათ შორის პოლიტიკურად შევიწროებულები იყვნენ ერთეულები, ხოლო სანქციებით შეწუხებულები – ათასები. მხოლოდ ღმერთმა უწყის, რამდენია მათ შორის „სპეციალური მისიით“ ჩამოსული და როდის აღმოჩნდებიან ისინი აქ „შევიწროებულები“. იმდენი აი-ტი-სპეციალისტი მოაწყდა საქართველოს, რომ აპრილის დასაწყისში რუსეთის დუმაში კანონპროექტი შედის აი-ტი-სპეციალისტების და საბანკო სფეროს თანამშრომლების ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის შესახებ. დარწმუნებული ვარ, მარტო ჩემში არ იწვევს კითხვის ნიშნებს რუსი „აიტიშნიკების“ მასობრივად მაინცდამაინც საქართველოში პუტინის რეჟიმისგან „გამოქცევა“ 🙁.

კიდევ მაქვს ვარიაციები სათაურში გამოტანილ კითხვაზე და ამ კითხვების ადრესატები ამჯერად ჩვენი მეგობრები არიან. როდემდე უნდა ეხვეწოს მათ უკრაინის პრეზიდენტი: იარაღის მიწოდებას, რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ემბარგოს დადებას, რუსული გემებისთვის პორტების ჩაკეტვას და მსხვილი კომპანიების რუსეთიდან გამოსვლას? არა, ზელენსკი, თავის გუნდთან ერთად, შედეგს ნელა, მაგრამ მაინც აღწევს. იზრდება მიწოდებული შეიარაღების მოცულობა და, რაც მთავარია, სიმძლავრე. ნელ-ნელა იზრდება იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებმაც შეწყვიტეს ან უახლოეს მომავალში შეწყვეტენ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვას. ბალტიის ქვეყნები, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, სამაგალითოები არიან. პოლონეთთან ერთად, ევროპაში მათ პირველებმა მიიღეს რუსული გემებისთვის პორტების დაკეტვის გადაწყვეტილება. გაიზრდება მათი რიცხვიც. უბრალოდ, უკრაინის პრეზიდენტი ძალიან სწორად აღნიშნავს, რომ ძალიან გვიანდება. დასავლეთთან ვაჭრობიდან შესული ყველა დოლარი თუ ევრო მიდის უკრაინელი ბავშვების, ქალებისა და მოხუცების მკვლელობაზე.

კიდევ ერთი არანაკლებ აქტუალური კითხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების საზოგადოებებისა და შესაბამისად პოლიტიკოსების მიმართ არის დასმული: კი, დღეს ნამდვილად წუხან  უკრაინაში რუსული ომის შედეგებზე; გვერდით უდგანან მათ მატერიალურად და მორალურად. 4 მილიონამდე დევნილი შეიფარა ევროპამ. მათ შორის პირველ ადგილზე პოლონეთია და პოლონელებს ეს კითხვა სწორედაც რომ არ ეკუთვნით, არც ბალტიის ქვეყნებს, მაგრამ სხვაგან ნელ-ნელა აუცილებლად გაჩნდება ეს, წუწუნით გაჯერებული კითხვები: როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს? როდემდე უნდა ვიხადოთ გაორმაგებული ფასები ელექტროენერგიაზე? როდემდე უნდა ვუსმინოთ ზელენსკის საყვედურებს? აუცილებლად გაჩნდება ეს კითხვები. ეს პუტინმაც კარგად იცის და ფიქრობს, რომ გაძლებს მანამდე, ვიდრე ევროპაში უკმაყოფილება და, შესაბამისად, წნეხი პოლიტიკოსებზე გაძლიერდება.

ამ ყველაფერთან ერთად, კარგი ის არის, რომ აღარ არის საფუძველი კითხვისთვის: როდემდე უნდა ვარწმუნოთ ჩვენ – ქართველებმა, უკრაინელებმა, მოლდოველებმა, პოლონელებმა და ბალტიელებმა დანარჩენი დემოკრატიული სამყარო, რომ ეს არ არის ომი ტერიტორიებისთვის, ნატოში გაწევრიანებისთვის და რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლების ცვლილებისთვის. პასუხი თავად გასცეს დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებმა, რომ ეს არის ბრძოლა თავისუფალი სამყაროს, ღირებულებებისა და ფასეულობების წინააღმდეგ; რომ ეს არის ავტოკრატიის ბრძოლა დემოკრატიის წინააღმდეგ; რომ პუტინი, თავის რეჟიმთან ერთად, არის დიქტატორი, ჯალათი და საერთაშორისო ომის დამნაშავე.

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

გააზიარე