ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
როდესაც ვფიქრობ ამერიკაზე...
I drink to make other people more interesting.
Ernest Hemingway
მე ვსვამ იმისთვის, რომ
სხვები საინტერესო გავხადო.
ერნესტ ჰემინგუეი
ჰაა, დალევდი ჰემინგუეისთან? მაგალითად, ვისკის. ბურბონს, ყინულის გარეშე. სამზარეულოში, ვისკი და შავი ჩაი.
2 ივლისს ერნესტ ჰემინგუეის გარდაცვალების წლისთავია. უშიშარი კაცი იყო, სიკვდილს შეთამაშებული. სანადირო თოფით მოიკლა თავი, თავისი ნებით გადავიდა სულეთში და საიქიოს კარზეც გამბედავად დააკაკუნებდა.
დიდი მწერალი იყო, რომანების და მოკლე მოთხრობების დიდოსტატი. ერნესტ ჰემინგუეის ცხოვრება მის წიგნებს ჰგავდა (ან პირიქით) – მშფოთვარეს, ენერგიულს, დაუოკებელს და ტკივილიანს. ორივე მსოფლიო ომში ნამყოფი იყო, ესპანეთის სამოქალაქო ომშიც, ორჯერ გადაურჩა ავიაკატასტროფას, აფრიკაში სპილოებზე და ლომებზე ნადირობდა, მექსიკის ყურეში უზარმაზარ თევზებს დასდევდა, მუცლის ტიფი, დიზენტერია და ციმბირის წყლული ჰქონდა გადატანილი. ერთხელ ცირკში გარეული ცხოველების მწვრთნელი ცუდად გახდა, ჰემინგუეი შევიდა გალიაში და ვეფხვები ახტუნავა. ჰქონდა ყველაფერი, რაც მწერალმა შეიძლება ინატროს (პულიცერის და ნობელის პრემიები), მაგრამ სული ჰქონდა დაუცხრომელი და სიცოცხლე 61 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა. როდესაც ამერიკაზე გავიფიქრებ, პირველ ფიქრად ჰემინგუეი მოდის, გაჭაღარავებული, სევდიანი თვალებით. დაკარგული თაობის დიდ და ქარიზმატულ წარმომადგენელს ბევრი აქვს დაწერილი, წერის ცნობილი „ტელეგრამის სტილიც“ მისი მოგონილია. გადმოცემის თანახმად, მთვრალ ჰემინგუეის ბარში დაუდევს სანაძლეო, რომ იქვე დაწერდა მოთხრობას, რომელიც 10 სიტყვაზე მეტი არ იქნებოდა. და ხელსახოცზე დაწერა:
Sorry, soldier, but shoes are sold in pair.
ბოდიში, ჯარისკაცო, მაგრამ ფეხსაცმელები წყვილად იყიდება.
აქ არ გავჩერდები იმ ტრაგიკულ ფენებზე, რაც ამ რვასიტყვიან წინადადებაშია დატეული და ერთიანად შეკრულია სულის შემხუთველ სევდაში.
ჰემინგუეი სვამდა ბევრს, სვამდა გადაბმულად. ალბათ, ალკოჰოლში ახრჩობდა თავის დეპრესიას, რომელიც მისი მტანჯველი თანამგზავრი იყო და რომელსაც ის გულმოდგინედ მალავდა. ალკოჰოლთან მისი დამოკიდებულება არ გახლდათ სასმელთან ფლირტი, ეს იყო თვითგანადგურების გზა, მაგრამ ამ კაცის შეშინება იოლი არ იყო. მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია.
როდესაც გავიფიქრებ ამერიკაზე, თავდაპირველად არ მაგონდება პრეზიდენტები თუ საკულტო ბიზნესმენები: ცუკერბერგი, ბეზოსი თუ ბაფეტი. ეს ყველაფერი ინსტრუმენტალურია, სული კი სხვაა. ამერიკის დიდი, ლაღი და თავისუფალი სული ჰემინგუეი და ფოლკნერია, სტეინბეკი და ო’ჰენრია, ფიცჯერალდი და ედგარ პოა, ჯეკ ლონდონი და ჰარპერ ლია, პირსი და მარკ ტვენია, ბრედბერი და აზიმოვია, კურტ ვონეგუტი და ჯონ აპდაიკია, კოლსონ უაიტჰედი და ჯენიფერ იგანია, მერილინ რობინსონი და ელიზაბეტ სტრაუტია და კიდევ სხვა მრავალი მწერალი და პოეტია, რომლებითაც ასეთი მდიდარია ამერიკა, თავისუფლების ყველაზე მტკიცე ბასტიონი.
მე 2 ივლისს შევალ პირველივე ბარში, დავლევ ერთ ჭიქა ბურბონს, უყინულოდ. და ჩემთვის ხმადაბლა ვიტყვი: გაგიმარჯოს, Papa!
როდესაც ვფიქრობ ამერიკაზე…
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023