"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

როდის და როგორ გაიხსნება კვანძი უკრაინაში?!

Forbes-WEB-22021308

ცხადია, სათაურში გამოტანილი კითხვის ორივე ნაწილი უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორ გაიხსნება კვანძი, მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. საუკეთესო სცენარით, ამ კითხვებზე პასუხი იქნებოდა: რუსეთის ფართომასშტაბიანი წვრთნების დასრულების შემდეგ, 20 თებერვლისთვის, რუსეთი დაიწყებს თავისი შეიარაღების და ცოცხალი ძალის უკრაინის საზღვრიდან გაყვანას და მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებას.  ნეტავ! მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო დღეებისა და საათების დიპლომატიურ აქტივობებს და, განსაკუთრებით, განცხადებებს თუ გადავავლებთ თვალს, დიდი ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.

მიუხედავად ამისა, ყველა ლოგიკით, ასეთ რეჟიმში მსოფლიო დიდხანს ცხოვრებას ვერ განაგრძობს. ჩემი მოკრძალებული აზრით,  კვანძი ავად თუ კარგად (რა თქმა უნდა, სასურველია მშვიდობიანად) თებერვლის ბოლომდე ყველა შემთხვევაში გაიხსნება. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მოკრძალებული გამოცდილება. დიპლომატიურ მოლაპარაკებებსაც აქვს თავისი რესურსი. პრეზიდენტ ბაიდენთან ბოლო საუბრის დროს ვლადიმირ პუტინმა დაიჩივლა, რომ დასავლეთი არასაკმარის ზეწოლას ახდენს უკრაინაზე (სავარაუდოდ, მინსკის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით), ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განუცხადა პუტინს, რომ აშშ და პარტნიორები მზად არიან როგორც დიპლომატიური, ისე სხვა ყველა ტიპის სცენარით სიტუაციის განვითარებისთვის, მაგრამ რუსეთს ვითარების დეესკალაციის პოლიტიკური ნება თუ აქვს, მან უნდა დაიწყოს ჯარების გაყვანა უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან. რაც მთავარია, აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა მისი ქვეყნისა და მოკავშირეთა ურყევი პოზიცია, რომ რუსეთის მხრიდან განახლებული აგრესიის, კიდევ ერთი სამხედრო ქვედანაყოფის უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, პასუხი იქნება უმკაცრესი, უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით. მოკლედ, ამ საუბრის შემდეგ ისევ არაფერი გარკვეულა და გარღვევა სასიკეთო მიმართულებით არ მომხდარა.

დიდ ბრიტანეთთან არც არასდროს მიდიოდა ურთიერთობები ხავერდოვნად, მაგრამ როდესაც საგარეო მდივან ლიზ ტრასთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეს იყო „ყრუსა და მუნჯის“ შეხვედრა, ყველაფერი ცხადი და გასაგები გახდა – აქ ყოველგვარი რესურსი ამოწურულია.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ძალისხმევასაც აქვს ლიმიტები. განსხვავებით სხვა ლიდერებისგან, ემანუელ მაკრონის პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ მთავარ „ნიუსად“ გამოდის ამბავი, რომ მინსკის შეთანხმების შესრულება შეიძლება იყოს სიტუაციის დეესკალაციის ერთადერთი შესაძლებლობა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას ღიად განუცხადა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია იყო და არის მკაფიოზე მკაფიო: „გაიყვანოს რუსეთმა საკუთარი შეიარაღებული ძალები დონბასის ტერიტორიიდან, აღდგეს უკრაინის კონტროლი უკრაინა-რუსეთის საზღვარზე (ცხადია, უკრაინის მხრიდან) და მერე შეიძლება ვილაპარაკოთ მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე“. ოფიციალური პარიზის ძალისხმევას განსაკუთრებულად პოზიტიურად არც კიევში აღიქვამენ, არც ვაშინგტონსა და ბრიუსელში, და, რაც ყველაზე საინტერესოა, არც თავად მოსკოვში. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი  პესკოვის განცხადებით, „ვერავითარი შეთანხმება პარიზსა და მოსკოვს შორის ვერც შედგებოდა და ვერც შედგება. საფრანგეთი არის ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, მაგრამ ის არ არის მთავარი მოთამაშე არსებულ ვითარებაში“. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი მაკრონი არ წყვეტს დიპლომატიურ აქტივობას – მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ მას კვლავ ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია როგორც პუტინთან, ისე ზელენსკისთან. მას მაინც აქვს მოლოდინი, რომ ახლო მომავალში შეიძლება შედგეს ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით, სადაც შეთანხმება მოხდება და კრიზისი განიმუხტება. ნეტარ არიან მორწმუნენი!

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, კანცლერად არჩევის შემდეგ, მისალმების თქმა არ ჰქონდა დასრულებული, ისე მოუწია პირდაპირ პლანეტარული მასშტაბის კრიზისში ჩართვა. კანცლერისა და მისი კაბინეტის წევრების განცხადებებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მათ მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული საერთოდ არა აქვთ (წავიდა მერკელის დრო, ნამდვილად წავიდა 😉 ).

და მაინც, შეიძლება  თუ არა კვანძის გახსნა იყოს მინსკის შეთანხმების შესრულება? კიც და არაც.

როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, ვლადიმირ პუტინი ულტიმატუმით მიმართავს უკრაინას, შეასრულოს მინსკის შეთანხმებები. ცხადია, ისე, როგორც სურს რუსეთს, უკრაინა ამ შეთანხმებას არ შეასრულებს. შესაბამისად, შემდეგი სვლა შეიძლება იყოს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეჟიმების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და მათთან სამხედრო დახმარების შეთანხმების გაფორმება. რუსეთი ამ „შეთანხმების“ შესრულების მიზნით, „გააპრავებს“ დონბასის ტერიტორიაზე უკვე არსებული საჯარისო ფორმირებების ყოფნას და შეიყვანს დამატებით ძალებს. რა ხდება ამ შემთხვევაში? რას შვრება უკრაინა ასეთ ვითარებაში? რა პოზიციას იკავებს დასავლეთი იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ცეცხლს უხსნის მის ტერიტორიაზე შემოჭრილ მტერს ან, მეორე შემთხვევაში, არ იწყებს ომს რუსეთთან და ძალისხმევა გადააქვს დასავლეთის მხრიდან რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის მობილიზებაზე? იქნება თუ არა დასავლეთისთვის ასეთი განვითარების სცენარი უმკაცრესი სანქციების შემოღების საფუძველი? სამწუხაროდ, ასეთი კვანძის გახსნა ყველაზე რეალისტურად წარმომიდგენია და, სამწუხაროდ, არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი ასეთ ვითარებაში ამ დრომდე ძალიან მაღალი დონის ერთსულოვნებისადმი დასავლეთის მხრიდან. დღესაც კი არ არის ერთსულოვნება სანქციების პაკეტში რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენის „გაყინვასთან“ დაკავშირებით.

ყოველ შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინი ამ სვლით ბურთს უკრაინისა და დასავლეთის მხარეს გადმოაგდებს, საშინაო მოხმარებისთვის კი მორიგ „დიდ გამარჯვებას“ ჩაიწერს. ბოლო კვლევების მიხედვით, ისედაც 69%-მდე ავიდა ვლადიმირ პუტინის პოპულარობა მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა მწვავე ფაზაში შევიდა. ამ პოპულარობის ზრდის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ისიც, რომ მათ ლიდერს მთელი მსოფლიო კვლავ ელაპარაკება, როგორც გლობალური უსაფრთხოების განმსაზღვრელს, როგორც ზესახელმწიფოს ხელმძღვანელს და ეს ყველაფერი ვლადიმირ პუტინის სიბრძნისა და გამჭრიახობის დამსახურებაა.

როდესაც ზესახელმწიფოებზეა საუბარი, არასდროს უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ჩინეთი. ამ დრომდე არასდროს (მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში) დაუჭერია მხარი ასე ღიად ნატო-ს საწინააღმდეგო ერთობლივი განცხადებით ჩინეთს რუსეთისთვის. რა ფასი დაუჯდება ეს განცხადება რუსეთს, ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ ფაქტი ფაქტია: ვლადიმირ პუტინმა მიიღო აშშ-სა და ნატო-ს წინააღმდეგ სი ძინპინის ღია მხარდაჭერა.

რაც შეეხება უკრაინას, ჩემი აზრით, მისი ხელმძღვანელობა აღარ, უფრო სწორად ვეღარ გაიმეორებს 2014 წლის გასროლის გარეშე ტერიტორიების დათმობის გზით პროცესების განვითარებას. შეიარაღებისა და საბრძოლო სულისკვეთების მხრივ უკრაინის შეიარაღებული ძალები ცა და დედამიწასავით განსხვავდება 2014 წლის უკრაინისგან. საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც განწყობები ასევე განსხვავებულია. მათ ძალიან მწარედ ახსოვთ 2014 წელიც და ძალიან მძიმე დამოკიდებულება აქვთ მინსკის შეთანხმებებთან. ამასთან, მოლოდინი იმისა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში ნატო-ს ჯარები ჩაერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში, უკრაინას ამ დრომდეც არ ჰქონია და არც ახლა აქვს. მისთვის ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აწვდიან შეიარაღებას. პოლიტიკურთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერაც, რომელსაც იღებს აშშ-სგან, ევროკავშირისგან და ევროპული სახელმწიფოებისგან. სწორედ ამიტომაც ფრთხილობს ყოველთვის პრეზიდენტი ზელენსკი, როდესაც ომის დაწყების შესაძლებლობასა და კონკრეტულ თარიღებზე უსვამენ შეკითხვებს.

უკრაინა უკან აღარ დაიხევს! უკრაინა იბრძოლებს და მეგობრების მხარდაჭერას მიიღებს. როგორ და როდესაც არ უნდა გაიხსნას კვანძი, ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება: ვლადიმირ პუტინს ჩაუვარდა დასავლეთის გახლეჩის გეგმა, ვლადიმირ პუტინმა მოახერხა უკრაინელი ხალხის, მათ შორის პირველ რიგში რუსულენოვანი მოქალაქეების აქამდე არნახული კონსოლიდაცია და პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური სპექტრის ქვეყნის ინტერესებისა და დროშის ქვეშ გაერთიანება.

ასე და ამდენად, დღევანდელი ბლოგის სათაურში გამოტანილ კითხვებს შეძლებისდაგვარად გავეცი პასუხი. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ შეიძლება ეს ბლოგი თქვენამდე რომ მოაღწევს, რაღაცები უკვე ან მომხდარი იყოს ან, პირიქით, უსარგებლოც აღმოჩნდეს. ყველა შემთხვევაში, მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ მოძმე უკრაინას.

გააზიარე