"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა კომპანია “MAN“?

როგორ გამდიდრდა კომპანია “MAN“?

ავტობუსების და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი ცნობილი კომპანია “MAN“ ერთ-ერთი უძველესია. ის 1758 წელს დაარსდა. 2019 წელს “MAN“-მა 14 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მისმა მოგებამ კი ნახევარ მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 10 მილიარდ დოლარამდეა. დასაქმებული ჰყავს 54 ათასამდე ადამიანი.

“MAN“-ის ისტორია ქალაქ ობერჰაუზენში, 1758 წელს კომპანია “St. Antony“-ის დაარსებით იწყება, რომელიც გერმანიაში, რურის რეგიონში პირველი კომპანია იყო მძიმე მრეწველობის სექტორში. “St. Antony“ ლითონის გადამუშავებით იყო დაკავებული. 1782 წელს ობერჰაუზენში ლითონგადამამუშავებელი კიდევ ერთი კომპანია დაარსდა – “Gute Hoffnung“. 1787 წლიდან “St. Antony“-მ და “Gute Hoffnung“-მა რკინიგზის ლიანდაგების წარმოება დაიწყეს. 1808 წელს “St. Antony“, “Gute Hoffnung“ და ციურიხში დაარსებული “Neue Essen“ გაერთიანდნენ ახალ კომპანიაში “Hüttengewerkschaft und Handlung Jacobi“ (Iron Mining and Trading Company). 1814 წელს კომპანიამ პირველი ორთქლის ძრავა ააწყო. 1839 წელს კი მატარებლის პირველი ლოკომოტივი გამოუშვა.

1940 წელს აუგსბურგში სანდლერმა დაარსა მანქანათმშენებელი ქარხანა. 1941 წელს კი ნიურმბერგში დაარსდა მანქანათმშენებელი ქარხანა, რომელიც 1873 წელს “Hüttengewerkschaft und Handlung Jacobi“-სთან გაერთიანდა. 1898 წელს ნიურმბერგის და აუსბურგის მანქანათმშეებელი კომპანიები გაერთიანდნენ და ახალ კომპანიას “Maschinenfabrik Augsburg Nürnberg AG“ ეწოდა, შემოკლებით “MAN“. ამ დროს კომპანიაში 400 ადამიანი მუშაობდა და ძირითადად მატარებლების ძრავებით და სხვა დეტალების წარმოებით იყო დაკავებული. ასევე გაყავდა რკინიგზის ლიანდაგები. 1913 წლამდე კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 12 ათასამდე გაიზარდა.

1893-1897 წლებში “MAN“-ში მუშაობდა ცნობილი გერმანელი გამომგონებელი რუდოლფ დიზელი. მან მისი ცნობილი გამოგონება “დიზელის ძრავა“ სწორედ “MAN“-ში შექმნა.

“MAN“-მა პირველი ავტომობილი 1915 წელს გამოუშვა, რომელიც ტვირთის გადასატანად იყო განკუთვნილი. ბენზინზე მომუშავე დიზელის ძრავიანი სატვირთო ავტომობილი კომპანიამ პირველად 1924 წელს გამოუშვა. პირველი სამხიდიანი ავტომობილი კი 1926 წელს გამოუშვა. დაიწყო ტრაქტორების წარმოებაც. 1929 წელს “MAN“-ის პროდუქციას სამგზავრო ავტობუსები დაემატა.

მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში, კომპანია მნიშვნელოვნად დაზარალდა, მისი ქარხნები ნიურმბერგში განადგურდა. კომპანიამ ძალები 1950 წლისთვის აღიდგინა. ამ პერიოდიდან მსოფლიოში სატვირთო ავტომობილებზე და ავტობუსებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდებოდა. პარალელურად, “MAN“-ის წარმოება და შემოსავლებიც იზრდებოდა. 1955 წელს კომპანიამ ახალი დიდი ქარხანა გახსნა მიუნხენში.

1965 წელს “MAN“-მა მეასიათასე სატვირთო ავტომობილი გამოუშვა. 1971 წელს “MAN“-მა კომპანია “Büssing“ შეისყიდა, რომელიც ასევე სატვირთო ავტომობილებს და ავტობუსებს აწარმოებდა. 1980 წელს კი დანიური კომპანია “B&W Diesel A/S“ შეისყიდა.

1982-1983 წლებში კომპანიაში ფინანსური კრიზისი დაიწყო, რისი მიზეზიც “სანავთობი შოკი“ იყო (წინა წლებში ნავთობზე ფასი 3-ჯერ გაიზარდა). “MAN“-ის ავტომობილების გაყიდვა მნიშვნელოვნად შემცირდა. კრიზისის გასამკლავებლად კომპანიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, ეკონომიის გაკეთების მიზნით და 1986 წელს კრიზისს თავი დააღწია. 1987 წლიდან “MAN“-მა გემების ძრავების გამოშვება დაიწყო, მაგალითად ისეთი ცნობილი გემისთვის, როგორიცაა “დედოფალი ელისაბედ II“. 1988 წელს ძრავების მწარმოებელი ფრანგული კომპანია “S.E.M.T.“ შეისყიდა.

1998 წელს “MAN“-მა ქარხანა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გახსნა, 2006 წელს კი ინდოეთში. 2008 წელს კომპანიამ 250 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა.

2010 წელს “MAN“-მა პირველი ჰიბრიდული ავტობუსი გამოუშვა. 2012 წელს კი ევრო 6-ის სტანდარტის გაზზე მომუშავე სატვირთო ავტომობილები წარადგინა.

2011 წელს “MAN“-ის 56% “Volkswagen AG“-მა შეიძინა. 2019 წელს კი კომპანიის მფლობელი “Traton Group“ გახდა.

მიმდინარე პანდემიის გამო “MAN“ კრიზისშია და დასაქმებულთა რაოდენობა 9 ათასი კაცით შეამცირა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა