"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
როგორ გამდიდრდა კომპანია Subway ?
სწრაფი კვების რესტორანთა ქსელში შემოსავლების მიხედვით Subway-ს მსოფლიოში მესამე ადგილი უჭირავს, ის მხოლოდ McDonald’s-სა და Starbucks-ს ჩამორჩება. 2019 წელს Subway-მ 10.4 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მისმა მოგებამ კი 283 მლნ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 4.6 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 30 ათასი ადამიანი. კომპანიის მფლობელი დელუკას ოჯახია.
1965 წელს 17 წლის ამერიკელმა ფრედ დელუკამ მეგობრისგან, პიტერ ბაკისგან 1000 დოლარი ისესხა და კონექტიკუტის შტატის ქალაქ ბრიჯპორტში პატარა რესტორანი Pete’s Super Submarines-ი გახსნა. დელუკას სამედიცინო განათლების მიღება სურდა და ბიზნესი სწავლის ფულის შესაგროვებლად დაიწყო. ახალი პროდუქტებით დამზადებული, გემრიელი სენდვიჩები მალე ძალიან პოპულარული გახდა. რესტორანს პირველივე წელს 7,000 დოლარის მოგება დარჩა. 1966 წელს Pete’s Super Submarines-ი პიტერ ბაკის კომპანიასთან გაერთიანდა და ახალ კომპანიას Doctor’s Associates-ი უწოდეს. ეს სახელი სამედიცინო განათლებისთვის ფულის შეგროვების მიზნიდან გამომდინარეობდა, თუმცა ბიზნესი დროებითი არ აღმოჩნდა, წარმატებული გაყიდვების გამო, კომპანიას ორ წელიწადში ისევ გადაარქვეს სახელი და Subway დაარქვეს.
მომავალი ათი წლის განმავლობაში Subway-მ 30 რესტორანი გახსნა, აქედან 16 – კონექტიკუტის შტატში. 1974 წლიდან კომპანიამ ფრანშიზის გაყიდვა დაიწყო, რამაც რესტორნების ქსელის გაფართოება დააჩქარა. პირველი Subway ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე 1978 წელს, კალიფორნიის შტატტის ქალაქ ფრესნოში გაიხსნა ამავე წელს კომპანიის მე-100 რესტორანი გაიხსნა. 1984 წელს კი ბაჰრეინში Subway-ის პირველი საზღვარგარეთული რესტორანი ამუშავდა.
Subway-ის მარკეტინგული სტრატეგია იყო, რომ ის, სხვა სწრაფი კვების ობიექტებისგან განსხვავებით ჯანსაღ სენდვიჩებს სთავაზობდა მომხმარებელს. ამ მიდგომამ 1980-90-იან წლებში კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა. 1987 წელს Subway-ის მე-1,000 რესტორანი გაიხსნა. 1998 წელს კი უკვე 10,000 რესტორანი ჰქონდა გახსნილი. 1996 წლიდან Subway დიდ ბრიტანეთში შევიდა, მომდევნო წლებში კი ჰონკონგში, იტალიაში, ირლანდიაში, ნორვეგიაში, პაკისტანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გახსნა რესტორნები. 1997 წლიდან კომპანიამ რესტორნების გახსნა ამერიკის სამხედრო ბაზებზე დაიწყო.
2004 წლიდან Subway-ის საკვების გაყიდვა Walmart-ის სუპერმარკეტებშიც დაიწყო და შედეგად, სავაჭრო ობიექტების რაოდენობით, McDonald’s-ს გადაასწრო ამერიკის ტერიტორიაზე. 2010 წელს კი Subway ყველაზე დიდი ქსელის მქონე სწრაფი კვების რესტორანი გახდა, კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 33,749 რესტორანი ჰქონდა.
დაარსებიდან 2015 წლამდე კომპანიას მისი დამაარსებელი ფრედ დელუკა მართავდა, რომელიც 2015 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა. მისი მმართველობის ბოლო წელს Subway-ის შემოსავალი 11.5 მილიარდი დოლარი იყო. ფრედის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით კომპანიის მმართველი მისი და სიუზან გრეკო გახდა. 2019 წლიდან კი კომპანიას „ბურგერ კინგის“ ყოფილი მმართველი ჯონ ჩიდსი მართავს.
2017 წელს კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა, შეცვალა ლოგო და განაახლა მენიუ. დღეს კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 41,600-მდე რესტორანი აქვს და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის ზრდისა და კორონავირუსის გამო 2019-2020 წლებში 1,000-ზე მეტი რესტორნის დახურვა მოუწია. McDonald’s-ს 38,700-მდე რესტორანი აქვს, ხოლო Starbucks-ს 31,300-მდე.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024