"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “სუზუკი“?

Suzuki

იაპონური საავტომობილო კომპანიის “სუზუკის“ შემოსავლებმა 2019 წელს 35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 3 მილიარდ დოლარამდე. კომპანიის აქტივები 32 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 25 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 68 ათასზე მეტი ადამიანი. ავტომობილების და მოტოციკლების გაყიდვით იაპონურ კომპანიებს შორის მე-3 ადგილზეა.

კომპანია “ სუზუკის“ (თავდაპირველად ერქვა “Suzuki Loom Works“) 1909 წელს იაპონელმა გამომგონებელმა და ბიზნესმენმა მიჩიო სუზუკიმ დაარსა იაპონიის პატარა სოფელ ჰამამაცუში. თავდაპირველად სუზუკი საქსოვ დაზგებს აწარმოებდა, რომელიც თავად შექმნა. მისმა მანქანებმა ისე გაითქვა სახელი, რომ ექსპორტზეც გადიოდა. პირველი 30 წელი მხოლოდ საქსოვი დაზგების წარმოებით იყო დაკავებული.

საქსოვი დაზგების წარმატებით გაყიდვის მიუხედავად, სუზუკი ბიზნესის დივერსიფიცირებაზე ფიქრობდა და მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე, 1937 წელს პატარა მოცულობის ავტომობილების წარმოება დაიწყო. მიჩიო სუზუკის მანქანები თავიდანვე ინოვაციებით გამოირჩეოდა და ბიზნესის საქმე კარგად მისდიოდა. თუმცა, მე-2 მსოფლიო ომის დროს იაპონიის მთავრობამ სამოქალაქო ავტომობილები “არააუცილებელ საქონლად“ გამოაცხადა რესურსების დაზოგვის მიზნით. სუზუკის წარმოება შეჩერდა. ომის დასრულების შემდეგ კომპანიამ საქსოვი დაზგების წარმოება გააგრძელა. საქსოვ დაზგებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, რადგან ამერიკამ იაპონიიდან ბამბის ნაწარმის იმპორტი დაიწყო. თუმცა, 1951 წლიდან საქსოვ დაზგებზე მოთხოვნა შემცირდა.

1952 წლიდან “სუზუკი“ ავტომიბილების წარმოებას დაუბრუნდა და ასევე, მოტოციკლების წარმოებაც დაიწყო. მარტივი, ეკონომიური მოტოციკლების წარმოება წარმატებული აღმოჩნდა და 1954 წელს უკვე თვეში 6,000 ერთეულს უშვებდა.  ამავე წელს, კომპანიის სახელი შეიცვალა და დღემდე ოფიციალურად “ Suzuki Motor Corporation“ ჰქვია. 1955 წელს ახალი ავტომობილი “Suzuki Suzulight“ გამოუშვა. 1958 წელს “სუზუკის“ ცნობილი ნიშანი “S“ დამკვიდრდა. 1962 წელს კომპანიის მოტოციკლმა მნიშვნელოვანი მოტორბოლები მოიგო, რამაც მასზე მოთხოვნა გაზარდა.

დამფუძნებელი მიჩიო სუზუკი კომპანიას 1957 წალმდე მართავადა, მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა. მიჩიოს შემდეგ, დღემდე კომპანიას მისი შვილიშვილი ოსამუ სუზუკი მართავს. 1982 წელს გარდაიცვალა 95 წლის ასაკში.

1968 წლიდან “სუზუკიმ“ ჯიპების გამოშვება დაიწყო, პირველი იყო “Suzuki Jimny“. 1980-იანი წლებიდან ამერიკულ “ჯენერალ მოტორსთან“ დაიწყო თანამშრომობა, რომ ამერიკის ბაზარზე ავტომობილები და მოტოციკლები გაეყიდა. 1983 წელს ინდოეთში დაიწყო ავტომობილების წარმოება, ადგილობრივ კომპანიასთან “Maruti“-სთან თანამშრომლობით.  1984 წლიდან კი გერმანიაში აამუშავა ქარხანა.

1990-იან წლები კომპანიამ გაფართოებით და ზრდით დაიწყო, გამოუშვა რამდენიმე განსხვავებული მოდელი, შევიდა აღმოსავლეთ ევროპის, ტაილანდის, პაკისტანის და ჩინეთის ბაზრებზე. 1994 წლისთვის “სუზუკის“ იაპონიაში 10 მლნ ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, ხოლო საზღვარგარეთ მისმა გაყიდვებმა 10 მლნ-ს 1997 წელს მიაღწია. 2002 წლისთვის კი ჯამში, 30 მლნ ავტომობილი ჰქონდა გაყიდული.

2007 წელს “სუზუკის“ 20% გერმანულმა გიგანტმა “ფოლკსვაგენმა“ იყიდა. თუმცა, მალე კომპანიებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა და რამდენიმე წელიწადში, სასამართლოს გადაწყვეტილებით “ფოლკსვაგენმა“ აქციები დათმო.

2009 წელს “სუზუკიმ“ “ტოიოტასთან“ დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა. “ტოიოტამ“ “სუზუკის“ აქციების 5% შეიძინა, ხოლო “სუზუკიმ“ “ტოიოტას“ 0.2%.

ბოლო წლებში “სუზუკი“ წლიურად 3 მლნ-მდე ავტომობილს ჰყიდის. 23 ქვეყანაში 35 ქარხანა აქვს, ხოლო წარმომადგენლობები 133 ქვეყანაშია გახსნილი.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა