"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
როცა უკრაინა გაიმარჯვებს...
უკვე მე-9 თვეა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. აგრესორის თავდაპირველი გეგმა იყო სამ დღეში კიევის აღება და კანონიერი ხელისუფლების დამხობა. როგორც მოგეხსენებათ, ეს მიზნები ვერ განხორციელდა: უბრალოდ, „დიდი ბრახუნით“ ჩავარდა. შემდეგ იყო ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების სრულად „გათავისუფლების“ ამოცანა. სახელდებოდა ვადებიც – 9 მაისი და 15 სექტემბერი. დონეცკის რეგიონის არათუ „დენაციფიკაცია“, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მისი სრულად და რეალურად გათავისუფლების შანსები გაიზარდა. ლუჰანსკის რაიონშიც უკრაინელებმა ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპანტებისგან გაწმენდა დაიწყეს. დიდი ალბათობით, სამხრეთის ფრონტზეც ახლო მომავალში უკრაინას ძალიან კონკრეტული სამხედრო წარმატება ექნება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა ხარკოვის რეგიონში განხორციელებული გასაოცრად წარმატებული ოპერაციის შემდეგ, ისევე როგორც საბოლოოდ დაიმსხვრა რუსეთის არმიის შესახებ ამ დრომდე არსებული მითები. სახელდახელოდ შექმნილი და ხარკოვისკენ გადასროლილი რუსეთის მე-3 საარმიო კორპუსის მიერ მიტოვებული უახლესი შეიარაღებისა და ტექნიკის ვიდეოები, ტყვედ ჩავარდნილი ათასობით რუსი სამხედრო და, რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაზრდილი მსხვერპლი საბრძოლო გამოცდილების მქონე ქვედანაყოფებში არის ყველაზე დიდი არგუმენტი იმისა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია არის კუთხეში მიმწყვდეული პოლიტიკოსის აგონიური გადაწყვეტილება და განწირულია კიდევ უფრო დიდი კრახისთვის. გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია თავად რუსეთში, ვიდრე ააღელვა უკრაინა. ერთი საქმეა, გამოკითხვის დროს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერა და მეორეა, როდესაც მაღაზიაში შამპუნის საყიდლად წასული პირდაპირ ფრონტის ხაზზე ამოყოფ თავს. აქ იკვეთება ზუსტად ამ ე.წ. სპეციალური ოპერაციის ჩატარებისადმი მხარდაჭერის რეალური მაჩვენებელი. ისტორიულად, რუსეთს სულ სამჯერ აქვს გამოცხადებული მობილიზაცია: 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს (როგორც დასრულდა, ყველას კარგად გვახსოვს); 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს (მაშინ იყო საბჭოთა კავშირი, რომელსაც მართავდა სტალინი, იყო თავდაცვითი ომი და, თქვენ წარმოიდგინეთ, მასაც კი გაუჭირდა ამ მობილიზაციის ჩატარება) და მესამეჯერ მოხდა ახლა, 2022 წლის სექტემბერში. ეკონომიკური სანქციების მოქმედების, უკრაინისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძლიერი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერისა და მოტივაციის არარსებობის პირობებში (განსხვავებით უკრაინელებისგან, რომლებიც იცავენ საკუთარ მიწა-წყალს, ოჯახებს და, შესაბამისად, მოტივაციაც აქვთ უმაღლეს დონეზე) ნაწილობრივი მობილიზაციის წარმატებაზე საუბარიც კი ზედმეტია. პირიქით, გამოუცდელი მებრძოლებით დაკომპლექტებულ ბატალიონებში მსხვერპლი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც, შესაბამისად, გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ უკმაყოფილებას. ეს არ ნიშნავს სავალდებულოდ, რომ ახალი ოქტომბრის რევოლუციის მომსწრე გავხდებით ამა წლის ოქტომბერში, ან თუნდაც ნოემბერში, მაგრამ უარყოფითი განწყობების კუმულაცია საბოლო ჯამში თავის როლს შეასრულებს რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის შერყევისა და ჩამოშლის საქმეში.
ნაწილობრივ მობილიზაციასთან შედარებით, უფრო საყურადღებოა პუტინის განცხადება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების მხარდაჭერისა და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უზრუნველსაყოფად ყველა მის ხელთ არსებული საშუალებების გამოყენების შესახებ. „ეს არ არის ბლეფი“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. დე-ფაქტო უკრაინამ არაერთხელ მიიტანა სარაკეტო იერიში რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე განლაგებულ სამხედრო ობიექტებზე, კერძოდ, შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობებზე, მაგრამ… ამ დრომდე ამ ყველაფერს რუსეთის ხელისუფლება უწოდებდა „სახანძრო უსაფრთხოების წესების უხეშ დარღვევას“. არც უკრაინული მხარე ირწმუნებოდა დაბეჯითებით, რომ მათი მხრიდან სარაკეტო იერიშს ჰქონდა ადგილი. ახლა კი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შემდეგ, როდესაც ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას მათი რუსეთთან მიერთების შესახებ, რაც ავტომატურად ნიშნავს მისთვის პირადად (და არა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის), რომ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, ის ვალდებულია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ინტერესები. ფიქტიური ანექსიის ხელმოწერიდან რამდენიმე საათში დონეცკის რაიონის საკვანძო დასახლების, ლიმანის გათავისუფლებამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ რუსეთს კონვენციური სამხედრო ძალით უკრაინის დამარცხება არათუ არ ძალუძს, პირიქით, თავად მარცხდება. შესაბამისად, პუტინს ბევრი არც არაფერი რჩება ხელთ, გარდა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარისა (და არა გამოყენებისა!!!). შესაძლოა, ეს აპოკალიფსურ სცენარად მოგეჩვენოთ, ამიტომაც ვჩქარობ, დაგამშვიდოთ: ის ამას ვერ შეძლებს! დავიწყოთ იმით, რომ პუტინმა დემოკრატიული თანამეგობრობიდან, მათ შორის და უპირველესად ბირთვული იარაღის მქონე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან მიიღო ძალიან პირდაპირი გზავნილები, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რეაგირება იქნება დამანგრეველი რუსეთისთვის და გამანადგურებელი პირადად პუტინისთვის. საქმე ისაა, რომ ექსპერტების მიერ პროეცირებული მოდელის მიხედვით, მომცრო ზომის ტაქტიკური ბირთვული იარაღის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება საფრთხეს შეუქმნის შავი ზღვის რეგიონში მცხოვრებ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მილიონობით მოქალაქეს. გარდა ამისა, პუტინს ასეთი კატასტროფული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის საშუალებას არ მისცემს კიდევ ერთი ბირთვული სახელმწიფო – ჩინეთი, რომლის პოზიციაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია და სრულებით არ წარმოადგენს პუტინის უპირობო მხარდაჭერას. დაბოლოს, მართალია, პუტინის ირგვლივ არსებული ადამიანების ჯგუფის დიდი იმედი არასდროს უნდა გვქონდეს, მაგრამ მათ შორისაც მოიძებნებიან ისეთები, ვინც პირველ რიგში საკუთარ და შემდეგ ქვეყნის მომავალზე ფიქრობს. ამ პიროვნებებს საკმაო გავლენა აქვთ იმისათვის, რომ პუტინმა ერთპიროვნულად ასეთი გადაწყვეტილება ვერ მიიღოს, ან თუ მიიღებს, ვერ შეასრულოს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სასწორის პინა ნელა, მაგრამ მყარად უკრაინის სასარგებლოდ გადაიხრება. ექსპერტულ წრეებში დღეს უკვე აღარავის უჩნდება შეკითხვა, გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა. ახლა მთავარი კითხვებია, როდის და როგორ. ყველაზე რთული ნაწილი ამ კითხვის არის ვადები, იმიტომ რომ უკრაინელების პოზიცია ძალიან პრინციპულია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჩაითვლება კონკრეტულად მათთვის გამარჯვებად. ეს არის 1991 წლის მდგომარეობით რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან (დონბასისა და ყირიმის ჩათვლით) გაყვანა, სამხედრო დამნაშავეების დასჯა და რეპარაციების /კომპენსაციის უკრაინისთვის გადახდა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სადავო იყო, ასე ფიქრობს თუ არა მთელი დემოკრატიული სამყარო. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ამერიკელი, ევროპელი და სხვა დემოკრატი ლიდერების გამოსვლიდან ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ დიახ, ცივილიზებული სამყარო ერთსულოვანია – უკრაინას ტერიტორიები სრულად უნდა დაუბრუნდეს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. რაც შეეხება რეპარაციებს, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ გაყინულია ასეულობით მილიარდი დოლარის რუსული აქტივები. მათი უკრაინისთვის გადაცემა რეალურ კონტურებს სულ უფრო მეტად იძენს.
რაც შეეხება ვადებს, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად მოხდება უკრაინისთვის შეტევითი შეიარაღების მიწოდება. ამერიკული და გერმანული ტანკების, სამხედრო ავიაციის, 300-500 კილომეტრი სიშორის რაკეტებისა და დამატებითი საზენიტო-სარაკეტო სისტემების უკრაინელებისთვის დროულად გადაცემა ომის დასრულებას უკრაინის და, შესაბამისად, დემოკრატიული თანამეგობრობის სასარგებლოდ მნიშვნელოვნად დააჩქარებს. თუნდაც დამატებითი საზენიტო-სარაკეტო სისტემების და ტანკების მიწოდება საშუალებას მოგვცემდა, თამამად დაგვესახელებინა ომის დასრულების სავარაუდო ვადად 2023 წლის მეორე ნახევარი.
როგორც არ უნდა წავიდეს პროცესები (ყველაზე ცუდი სცენარის ჩათვლით) უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. ხოლო როცა უკრაინა გაიმარჯვებს, სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება მსოფლიო და მასთან ერთად ჩვენც. ახალი უსაფრთხოების სისტემა, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, უსაფრთხოების გარანტიების მიღების ახალი (უფრო სწორად ძველი – ნატო-ს წევრობა) პერსპექტივები – ეს ყველაფერი რეალურად იქნება და საჭიროა, რომ ამჯერად მაინც მზად აღმოვჩნდეთ ამ გლობალური სიახლეებისთვის!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023