საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი
რუსეთის ინტერესები და გავლენის ინსტრუმენტები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში
დიდი ხანია, ბალკანეთის რეგიონი რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკური ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული რუსული ნარატივის თანახმად, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციას შორის მნიშვნელოვანი ისტორიული, რელიგიური და კულტურული კავშირები არსებობს. მოსკოვი „ისტორიული კავშირების“, „მართლმადიდებლური ძმობისა“ და „განსაკუთრებული ურთიერთობების“ ხაზგასმით, რეგიონის მიმართ გეოპოლიტიკური ინტერესების შეფარვასა და შელამაზებას ცდილობს.
დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში მოსკოვის ქმედებები მრავალფეროვანია – დასავლეთზე კონსპირაციული თეორიების გავრცელება, პანსლავური იდენტობისა და ერთმორწმუნეობის გამოყენებით ანტიდასავლური სენტიმენტების გაღვივება, მემარჯვენე ულტრანაციონალისტური ჯგუფების მხარდაჭერა, სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩარევა, არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ხელშეწყობა და მართვადი ქაოსის წახალისება.
გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაცია მთავარ გეოპოლიტიკურ საფრთხედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას აღიქვამს, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ებრძვის ნატო-ში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციას.
უკანასკნელ წლებში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პოლიტიკაში რუსეთის ფედერაციის ჩარევის თვალსაჩინო მაგალითი მონტენეგროს არშემდგარი გადატრიალება, ჩრდილოეთ მაკედონიის პოლიტიკური კრიზისის გამწვავებისა და პრესპის შეთანხმების ჩაგდების მცდელობებია.
2015-2016 წლებში ჩრდილოეთ მაკედონიაში პოლიტიკური კრიზისი იყო – მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა 2016 წლის აპრილში, როდესაც ვითარების ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხე გაჩნდა. პარლამენტის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსის არჩევას საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალისტების ჯგუფის შეჭრა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ულტრამემარჯვენე ჯგუფის შეჭრა არ იყო სპონტანური ქმედება და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებში ჩართული იყვნენ რუსეთისა და სერბეთის სპეცსამსახურები.
ჩრდილოეთ მაკედონიის დესტაბილიზაციის გარდა, კრემლის სახელს უკავშირდება მონტენეგროს არშემდგარი გადატრიალებაც – რუსეთის ფედერაციის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, 2016 წლის ოქტომბერში – საპარლამენტო არჩევნების დღეს, საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა და პოლიტიკური დაპირისპირება სისხლისღვრაში უნდა გადაზრდილიყო, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და მონტენეგროს ნატო-ში ინტეგრაციას შეაჩერებდა.
რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა საბერძნეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ქვეყნის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დავის მოგვარება, რომელიც ამ უკანასკნელის ნატო-ში გაწევრიანებას უშლიდა ხელს.
საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ფედერაციას ჩრდილოეთ მაკედონიაში წინასარეფერენდუმო პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, იმისთვის, რომ საყოველთაო გამოკითხვაზე აქტივობა დაბალი ყოფილიყო და შედეგებს იურიდიული ძალა არ ჰქონოდა, სოციალურ მედიაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობისგან თავშეკავებას მოუწოდებდა. ამას გარდა, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის გაშუქების პროექტი – OCCRP-ის ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ივან სავიდისი რადიკალ ნაციონალისტებს ფინანსურად ეხმარებოდა და სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო გამოსვლებს ახალისებდა.
რუსეთის ფედერაცია ხშირად ცდილობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების „გულშემატკივრის“ როლი მოირგოს. აღსანიშნავია, რომ მან ღიად დაუჭირა მხარი სერბეთსა და კოსოვოს შორის ტერიტორიების შესაძლო გაცვლის ინიციატივას და მრავალწლიანი დავის დასრულების შესაძლებლობას. მოსკოვი ტერიტორიების გაცვლასაც ემხრობა, თუმცა, არა იმიტომ, რომ კოსოვოს საერთაშორისო იზოლაცია ან სერბეთის ევროპული ინტეგრაცია აღელვებს, არამედ იმიტომ, რომ საზღვრების ეთნიკურ საფუძველზე გავლება, დიდი ალბათობით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ცუდ პრეცედენტს შექმნის და ეთნიკურად ჭრელ რეგიონში დაძაბულობის ზრდას ხელს შეუწყობს, რაც, საბოლოო ჯამში, კრემლს გავლენის გავრცობის მეტ შესაძლებლობას მისცემს.
დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებიდან – ალბანეთი, მონტენეგრო და ჩრდილოეთი მაკედონია ნატო-ს წევრი სახელმწიფოები არიან, შესაბამისად, დღეს რუსეთის ფედერაცია უმთავრეს ყურადღებას ნატო-სა და ევროპის კავშირის არაწევრ ქვეყნებს – სერბეთს, კოსოვოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას უთმობს.
რუსეთს გავლენის გასავრცობად ნაყოფიერ ნიადაგს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სახელმწიფოებრიობის მცირე გამოცდილება, სუსტი პოლიტიკური ინსტიტუტები, ეკონომიკური სტაგნაცია, პოლიტიკური ექსტრემიზმი, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემები და დემოკრატიის კრიზისი უქმნის.
ბალკანეთის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიზანია თამაშის სრულფასოვანი მონაწილე გახდეს. კრემლს დასავლეთის მხრიდან იმის აღიარება სჭირდება, რომ აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოებთან ერთად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისა და დღის წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანი აქტორია. რუსეთის ფედერაციას სურს მსოფლიოს დაანახვოს, რომ პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი მოსკოვთან შეუთანხმებლად ატარებს, კრახისთვისაა განწირული.
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის მონტენეგროს არშემდგარმა გადატრიალებამ, ჩრდილოეთ მაკედონიის პოლიტიკურმა კრიზისმა, პრესპის შეთანხმების ჩაშლის მცდელობამ, ნათლად აჩვენა, რომ რუსეთი პროპაგანდისტულ და სადაზვერვო საქმიანობას ბალკანეთის სახელმწიფოებში სწრაფად აძლიერებს, როდესაც ისინი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების ზღვარზე იმყოფებიან. თუმცა ამავდროულად აღსანიშნავია, რომ რუსეთს არა აქვს შესაბამისი რესურსი და მიზანდასახულობა, რომ ბალკანეთში დასავლეთს მეტოქეობა გაუწიოს. ილუზიაა, რომ მოსკოვს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის ნატო-სა და ევროპის კავშირის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივის შეთავაზება შეუძლია.
რუსეთის მიერ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერა
მოსკოვი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც მმართველობაში რუსეთის ავტორიტარულ მიდგომას იზიარებს, დაახლოებასა და ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს.
რუსეთის ფედერაცია ღიად უჭერს მხარს სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩსა და მის პოლიტიკურ გაერთიანებას – სერბეთის პროგრესულ პარტიას (Serbian Progressive Party).
რაც შეეხება სამხედრო სფეროში თანამშრომლობას – 2013 წელს სერბეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (Collective Security Treaty Organization) სამხედრო ალიანსის დამკვირვებელი სახელმწიფო გახდა.
2013 წლის ნოემბერში სერბეთმა და რუსეთმა თავდაცვის ხელშეკრულებით ფართო სამხედრო კავშირები დაამყარეს.
2016 წელს ბელგრადსა და მოსკოვს შორის სამხედრო ტექნიკური დახმარების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შემდეგაც სერბეთმა რუსეთისგან, სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაციის ფარგლებში, 6 რეაქტიული თვითმფრინავი – Mikoyan MiG-29, 30 საბრძოლო ტანკი – T-72 და 30 ჯავშანმანქანა – BRDM-2 მიიღო.
2019 წელს ზემოაღნიშნულ ორ სახელმწიფოს შორის იარაღთან დაკავშირებით სამი შეთანხმება გაფორმდა. ამას გარდა, 2019 წელს სერბეთმა მონაწილეობა მიიღო „სლავური ძმობის“ (Slavic Brotherhood) რუსულ-სერბულ-ბელარუსულ სამხედრო წვრთნებში.
2012 წლის აპრილში სერბეთის ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, ვლადიმირ პუჩკოვმა ქალაქ ნიშში, რუსულ-სერბული სამთავრობოთაშორისო ჰუმანიტარული ცენტრი გახსნეს.
ნიშის ცენტრი დავის საგანი გახსნისთანავე გახდა. ოფიციალურად მისი მთავარი მიზანი კატასტროფის დროს სალიკვიდაციო ოპერაციების დახმარებაა, თუმცა ცენტრის საბოლოო მიზნად რუსული სამხედრო ბაზის ჩამოყალიბება მიიჩნევა. დასავლეთმა აღნიშნული ცენტრი დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვებაში ამხილა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია სერბეთს მხარს კოსოვოს საკითხშიც უჭერს. მოსკოვი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს და უფრო მეტიც, სერბეთს არაღიარების პოლიტიკის წარმოებაშიც ეხმარება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა რუსეთს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტებში ბალკანელი ლიდერების მოკავშირედ აქცევს.
ალექსანდარ ვუჩიჩის გარდა, მოსკოვი მხარს ბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებული სერბული რესპუბლიკის, სრპსკას ლიდერს – მილორად დოდიკსაც უჭერს.
მილორად დოდიკი ბოსნიელ სერბთა პოლიტიკური პარტიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირის ლიდერია, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინას ნატო-ში ინტეგრაციას ეწინააღმდეგება და სრპსკაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის გახსნა სურს, ამას გარდა, იგი სერბული რესპუბლიკის ბოსნია-ჰერცეგოვინიდან გამოსვლისა და სერბეთთან გაერთიანების მომხრეა. სრპსკას ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის გამართვას დოდიკი 2018 წელს გეგმავდა, თუმცა დასავლეთის მხრიდან მწვავე კრიტიკისა და შიდასერბული კონსენსუსის არარსებობის გამო რეფერენდუმის ჩატარება გადაიდო.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო საშუალებები, რომელთა მიზანიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მილორად დოდიკის მხარდაჭერა და არჩევნებში გამარჯვებაა, განსაკუთრებულად აქტიურდებიან და ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და ლიდერებზე ყალბ ამბებს ავრცელებენ.
2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც 9 იანვრის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას ეხებოდა და დეიტონის შეთანხმების შედეგად წარმოქმნილ ძალთა თანაფარდობას ბოსნია-ჰერცეგოვინაში ძირს უთხრიდა, დოდიკს საერთაშორისო სანქციები დაუწესდა, შესაბამისად, კრემლის დახმარება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მონტენეგროში რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს მემარჯვენე პოპულისტური და ევროსკეპტიკური პოლიტიკური ალიანსი – დემოკრატიული ფრონტი (Democratic Front), რომელიც ახალ სერბულ დემოკრატიას New Serb Democracy (NSD), მოძრაობას ცვლილებებისთვის Movement for Changes (PzP), სახალხო დემოკრატიულ პარტიას Democratic People’s Party (DNP), ნამდვილ მონტენეგროს True Montenegro (PCG), გაერთიანებულ მონტენეგროს United Montenegro (UCG) და მშრომელთა პარტიას Workers’ Party (RP) აერთიანებს.
რუსეთის ფედერაცია მიზნად – პოდგორიცაში 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების დღეს სახელმწიფო გადატრიალების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში – ხელისუფლების სათავეში სწორედ დემოკრატიული ფრონტის მოსვლას ისახავდა.
ჩრდილოეთ მაკედონიაში მოსკოვი პოლიტიკური გაერთიანება VMRO – DPMN-ის მხარდამჭერია. აღნიშნული პოლიტიკური პარტია ქვეყანას 2006-2016 წლებში მართავდა.
ჩრდილოეთ მაკედონიის 2015-2017 წლების პოლიტიკური კრიზისის მიმდინარეობისას, რუსეთის ფედერაციამ VMRO – DPMN-ის ლიდერის, ნიკოლა გრუევსკის გულშემატკივრის როლი მოირგო და დასავლეთი ქვეყნის პოლიტიკურ დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა – ზორან ზაევმა სკანდალური სატელეფონო ჩანაწერები გამოაქვეყნა, ნიკოლა გრუევსკიმ და მისმა გუნდმა ლეგიტიმაცია დაკარგა, რუსეთი მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობდა რეფორმებზე ორიენტირებული ოპოზიციური გაერთიანების – სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მისი ლიდერის – ზორან ზაევის იმიჯის შელახვას, რათა არ დაეშვა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
ერთი მხრივ, ნიკოლა გრუევსკის მიზანი – ოპოზიციის დისკრედიტაციის გზით ძალაუფლების შენარჩუნება, ხოლო მეორე მხრივ, მოსკოვის სურვილი, შეწინააღმდეგებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბალკანეთის რეგიონში გაფართოებას, ერთმანეთთან თანხვდენილი იყო.
რუსეთის ეკონომიკური კვალი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში
ჩრდილოეთი მაკედონია წიაღისეულ საწვავზე მაღალი დამოკიდებულებით გამოირჩევა – ქვეყანაში პირველადი ენერგიის 80%-ზე მეტი სწორედ ქვანახშირსა და ნავთობზე მოდის. ჩრდილოეთ მაკედონიის ბუნებრივი აირის ბაზარი იმპორტზე, რომელსაც „გაზპრომი“ ტრანსბალკანური მილსადენით, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, ახორციელებს, სრულადაა დამოკიდებული.
რაც შეეხება ნავთობის სექტორს -დღეს ჩრდილოეთ მაკედონიის ნედლი ნავთობის გადამმუშავებელი ქარხანა – OKTA რუსულ ნავთობზე დამოკიდებული აღარ არის. ქვეყანაში საწვავის იმპორტი თესალონიკიდან ხდება და მას კომპანია Hellenic Petroleum-ი ახორციელებს. 2016 წელს „როსნეფტმა“ საბერძნეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ზემოხსენებული კომპანიის შესყიდვა სცადა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
გამომდინარე იქიდან, რომ OKTA ჩრდილოეთ მაკედონიაში ნედლი ნავთობის გადამმუშავებელი ერთადერთი ქარხანაა, რუსეთი Hellenic Petroleum-ის შეძენით ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღნიშნული სახელმწიფოს ენერგოსექტორის სრულად გაკონტროლებას შეძლებდა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ მილსადენზე და ერთ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე დამოკიდებულება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
დასავლეთ ბალკანეთში რუსული კაპიტალის დინების ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ჩრდილოეთ მაკედონიაში სამსონენკოს ბიზნესის ქსელია. ეს უკანასკნელი რუსი ბიზნესმენია, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში 2006 წელს, ნიკოლა გრუევსკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე თვეში ჩავიდა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას – მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის – VMRO – DPMNE დაუახლოვდა. რუსი ბიზნესმენის ინვესტიციები ძირითადად სპორტსა და აზარტული თამაშების ბიზნესშია კონცენტრირებული. BetCity-ის გარდა, ის ვარდარის ხელბურთისა და ფეხბურთის გუნდებს ფლობს.
ჩრდილოეთ მაკედონიაში სამსონენკოს ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიცია 2014 წელს ჯეინ სანდანსკის სპორტული ცენტრის ასაშენებლად მის კომპანიასა და აეროდრომის მუნიციპალიტეტს (სკოპიე, მაკედონია) შორის გაფორმებული შეთანხმებაა. მათ შორის დადებული კონტრაქტის თანახმად, სამსონენკოს სპორტული ცენტრის ასაშენებლად აეროდრომის მუნიციპალიტეტში არსებული ტერიტორია 35 წლით გადაეცა. სპორტული დარბაზის მმართველი კომპანია კვიპროსში დაფუძნებული ოფშორული კომპანიაა, რომელსაც ბელიზში რეგისტრირებული ორგანიზაცია ფლობს.
სერბეთში რუსეთის ეკონომიკური კვალი ყველაზე ნათლად ენერგეტიკის სფეროში ჩანს – ნავთობისა და საწვავის ბაზრებზე „გაზპრომი“ და „ლუკოილი“ დომინირებენ. სერბეთი რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტზე თითქმის სრულადაა დამოკიდებული.
2008 წელს რუსეთის ფედერაციის კომპანია „გაზპრომ ნეფტმა“ (Gazprom Neft), „გაზპრომის“ შვილობილმა კომპანიამ, სერბეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია – Naftna Industrija Srbije NIS-ის საკონტროლო პაკეტი მოიპოვა. საუბარია 450 მილიონი დოლარის გარიგებასა და კომპანიაში მინიმუმ 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. აღნიშნული გარიგების კრიტიკოსების განცხადებით, კომპანიაში მცირე თანხის გადახდა მოსკოვმა კოსოვოს საკითხზე სერბეთის დიპლომატიური მხარდაჭერით აანაზღაურა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციას სერბეთის ენერგეტიკულ ბაზარზე შესვლა კოსოვოს საკითხში ბელგრადის მხარდაჭერამ გაუადვილა.
ბოსნია და ჰერცეგოვინა ბუნებრივი აირის სექტორში სრულადაა რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებული. ქვეყანას რუსული ბუნებრივი აირი მხოლოდ ერთი მილსადენით, უნგრეთისა და სერბეთის გავლით, მიეწოდება.
ნედლი ნავთობის შემთხვევაში, რუსეთი არ არის ბოსნია და ჰერცეგოვინას ერთადერთი მიმწოდებელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ყველა ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა სერბულ რესპუბლიკა – სრპსკაში მდებარეობს და რუსეთის ფედერაციის Optima Group-ის მიერ კონტროლდება, რომელიც მხოლოდ რუსული ნავთობპროდუქტის იმპორტს ახორციელებს სერბეთიდან. ამას გარდა, ბოსნია-ჰერცეგოვინაში „გაზპრომ ნისი“ (Gazprom NIS), „ლუკოილის“ ბულგარეთის ფილიალთან ერთად, საწვავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისტრიბუტორია.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში რუსული ინვესტიციები სერბული რესპუბლიკის – სრპსკას გავლით ხორციელდება. 2011 წელს რუსმა ოლიგარქმა რაშიდ სარდაროვმა სრპსკაში 800 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. მისი კვიპროსის ოფშორული ჰოლდინგი სერბულ რესპუბლიკაში მინიმუმ ხუთ ენერგეტიკულ კომპანიას აკონტროლებს. ამას გარდა, რუსული „ზარუბეჟნეფტი“ (Zarubezhneft) სრპსკაში, ბროდსა და მოდრიჩაში ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს აკონტროლებს.
ენერგოსექტორის გარდა, რუსეთი დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში ინვესტიციებს საბანკო სფეროში, საცალო ვაჭრობაში, უძრავ ქონებასა და ტურიზმშიც ახორციელებს.
2012 წელს რუსეთის სახელმწიფო „სბერბანკმა“ – Volksbank International-ი – ყოფილი ავსტრიული საბანკო ჯგუფის აღმოსავლეთ ევროპის შვილობილი კომპანია შეიძინა, რომელსაც ახლა “Sberbank Europe” ეწოდება.
აღნიშნულმა შენაძენმა რუსულ ბანკს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბეთში, შედარებით დიდი საცალო და კომერციული საბანკო საქმიანობის უფლება მიანიჭა. „სბერბანკის“ მიერ Volksbank International-ის შეძენა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ხდება რუსეთის მიერ ევროპული შვილობილი კომპანიების ან კიდევ უფრო ნაკლებად გამჭვირვალე ოფშორული კომპანიების საშუალებით ეკონომიკური აქტივობის მართვა.
რუსული სუბიექტები გავლენას ბალკანეთის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის მონტენეგროს, უძრავი ქონებისა და ტურიზმის ბაზრებზეც ახდენენ.
2016 წლისთვის მონტენეგროში რეგისტრირებული და მოქმედი უცხოური კომპანიების დაახლოებით მესამედი რუსეთის ფედერაციის საკუთრება იყო.
საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაცია ენერგორესურსებს რამდენიმე ძირითადი მიზეზით იყენებს: ეკონომიკური სარგებლის მისაღებად; პოლიტიკური გავლენის გაზრდის, შენარჩუნებისა და გავრცობისთვის, ასევე, რესურსის საბოლოო მომხმარებელზე პოლიტიკური ზეწოლის მიზნით.
„გაზპრომი ბალკანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის მთავარი ფლაგმანია“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 2007 წლის ივნისში ენერგეტიკული უსაფრთხოების სამიტზე, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში.
რუსეთის ფედერაციის ყველაზე ამბიციური ენერგოპროექტი ე.წ. სამხრეთის ნაკადი იყო, რომელიც შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა. აღნიშნული მილსადენი რუსეთის ფედერაციას საშუალებას მისცემდა, უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით, ევროპისთვის ბუნებრივი აირი მიეწოდებინა. „სამხრეთის ნაკადი“ არა მხოლოდ გვერდს აუვლიდა უკრაინას – რუსეთის ფედერაციის „რთულ სატრანზიტო პარტნიორს“, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მოსკოვის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ექსპანსიას უზრუნველყოფდა.
მოსკოვისთვის „სამხრეთის ნაკადს“ უფრო მეტად გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე კომერციული. საბოლოოდ, „სამხრეთის ნაკადი“ თურქულმა ნაკადმა (Turkstream) ჩაანაცვლა.
რუსეთის რბილი ძალა
რუსეთის ფედერაცია, გავლენის გავრცობის მიზნით, აყალიბებს ინსტიტუტებს, რომლებიც სახალხო დიპლომატიასა და „თანამემამულეებთან“ (ეთნიკური რუსები და რუსულენოვანი მოსახლეობა) კავშირებს ზედამხედველობას უწევენ.
ამ ინსტიტუციებში შედის „დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ფედერალური სააგენტო“, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები“, „საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობა“, „ფონდი – რუსული სამყარო“ და ალექსანდრ გორჩაკოვის „სახალხო დიპლომატიის ფონდი საგარეო საქმეთა სამინისტროში“.
ყველა ზემოჩამოთვლილ ორგანიზაციას აქვს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ფილიალი.
რუსული რბილი ძალის გავრცობაში განსაკუთრებული როლი აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. მოსკოვისთვის პატრიარქი კირილე რუსეთის ეკლესიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ეკლესიებს შორის ერთგვარი შუამავალია, რომელიც ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. მოსკოვი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ეკლესიებთან თანამშრომლობა საზოგადოებრივი კავშირების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
ამას გარდა, ოლიგარქები, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და მემარჯვენე ექსტრემისტულ ელემენტებთან რუსულ საზოგადოებაში, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში მოსკოვს რბილი ძალის გავრცობაში ეხმარებიან. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია კონსტანტინ მალოფეევი, რომლის ფონდი – „წმინდა ბასილი დიდი“ ყველაზე დიდი მართლმადიდებლური საქველმოქმედო ორგანიზაციაა რუსეთში და მისი ბიუჯეტი 40 მილიონ დოლარს აღემატება. აღნიშნული ორგანიზაცია მხარს უჭერს „ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს“.
კონსტანტინ მალოფეევის ანტიდასავლური ნარატივის მქონე ტელეარხი – Tsargrad TV და კვლევითი ცენტრი – Katehon პანსლავურ შეხედულებებსა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ, ასევე აქტიურად აქვეყნებენ ინფორმაციას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე რუსეთის ფედერაციის ცივილიზაციური როლის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონსტანტინ მალოფეევი და ლეონიდ რეშეტნიკოვი მონაწილეობდნენ მონტენეგროს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.
რუსეთის ინტერესების დამცველ და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს შორის აღსანიშნავია ივან სავიდისი, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი, რომელიც საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან პრესპის შეთანხმების ჩაშლის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
აღსანიშნავია, რომ რუსული მედია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაშიც შეიჭრა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის პოპულარიზაციას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არხი – Russia Today TV და „სპუტნიკი“ მუდმივად ეწევიან. ტელეარხი – „Russia Beyond the Headlines – RBTH“ და ბეჭდური გამოცემა – „Rossiyskaya Gazeta“ ხელმისაწვდომია სერბულ, ხორვატულ, მაკედონიურ და ბულგარულ ენებზე.
ყალბი ამბები და კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიები რუსეთის ფედერაციის გავლენის გავრცობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს წარმოადგენენ.
რუსეთი პანსლავიზმსა და „მართლმადიდებლურ ძმობას“ საკუთარი სამხედრო და ეკონომიკური კამპანიების გასამართლებლად იყენებს. რუსულ და პრორუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ადრე რუსეთის იმპერია „მართლმადიდებელ ძმებს“ ოსმალეთის იმპერიისგან ეხმარებოდა გათავისუფლებაში, ახლა ევროპის კავშირისა და ნატო-ს ჰეგემონიისგან იცავს.
რუსეთი საკუთარი კეთილი ზრახვების ხაზგასასმელად „ბალკანელ ძმებს“ ხშირად ახსენებს, რომ სერბებს, ბერძნებსა და ბულგარელებს ოსმალეთის ბატონობისგან გათავისუფლებასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნაში სწორედ ის დაეხმარა. რუსეთის ლიდერები ხშირად საკუთარ ქმედებებს კულტურულ და ცივილიზაციურ ჭრილში ამართლებენ.
სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოსოვოში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში კრემლის მიერ მართული დეზინფორმაციული ოპერაციები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროპის კავშირის როლის დისკრედიტაციასა და შესუსტებას ემსახურება.
ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მედიასაშუალებები ძირითად ორ ნარატივს ეყრდნობიან:
- ნატო და ევროპის კავშირი, როგორც ჰეგემონური ძალები – რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნატო და ევროპის კავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შიდა საქმეებში ერევიან და გადაწყვეტილებებს, ადგილობრივი მმართველების პოზიციებისა და მისწრაფებების გაუთვალისწინებლად, ერთპიროვნულად იღებენ;
- ნატო და ევროპის კავშირი, როგორც სუსტი პოლიტიკური ინსტიტუტები – კრემლის მიზანს ნატო-სა და ევროპის კავშირის იმიჯის შელახვა და დისკრედიტაცია წარმოადგენს. რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დასავლეთია ყველა იმ პრობლემისა და გამოწვევის მიზეზი, რომლებიც დღეს სერბეთს, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას აქვთ.
ბელგრადში 2015 წლიდან ფუნქციონირებს „სპუტნიკის“ ფილიალი, რომელიც რუსულ მედიანარატივს სერბულ ენაზე ავრცელებს. რუსეთის მიერ მართული საინფორმაციო საშუალებები მოსახლეობაში ნატო-ს მიმართ უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდის მიზნით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ 1999 წელს სერბეთში განხორციელებულ ჰუმანიტარულ ინტერვენციაზე ყალბ ამბებს ავრცელებენ – თითქოს ნატო-ს მხრიდან „სამხედრო აგრესიასა და თავდასხმას” ჰქონდა ადგილი, მაშინ როდესაც საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, რომ კოსოვოში ჰუმანიტარული ინტერვენცია განხორციელდა და იგი საერთაშორისო სამართალში განსაკუთრებული შემთხვევად (Sui Generis) არის მიჩნეული.
ამას გარდა, გავრცელებული რუსული ნარატივია, რომ ჯორჯ სოროსი და მის მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ეთნიკურ სეპარატიზმს, ხავერდოვან რევოლუციებსა და პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ახალისებენ.
დასავლეთ ბალკანეთის რეგიონი დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან მომენტებში მძლავრი რუსული საინფორმაციო კამპანიებისა და კიბერშეტევებისგან დაუცველია.
მონტენეგროში მოსკოვის მიერ მართული დეზინფორმაციული კამპანიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2016 წლის გადატრიალების მცდელობაა, რომელსაც წინ რუსეთის ფედერაციის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ პოლიტიკური არეულობისთვის შესაბამისი ნიადაგის მომზადება უძღოდა. კრემლის მიზანს მილო ჯუკანოვიჩის ხელახალი არჩევისთვის ხელის შეშლა და მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების შეფერხება წარმოადგენდა.
ნატო-სა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას კვლავ აგრძელებენ.
2016-2017 წლებში მონტენეგროს პოლიტიკური ინსტიტუტები და დასავლური მედიასაშუალებები მოსკოვის მხრიდან კიბერშეტევების სამიზნედ იქცნენ, რომელთა მიზანსაც საინფორმაციო სისტემების გატეხა და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება წარმოადგენდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიბერშეტევების უკან APT28 – Fancy Bear იდგა, რომელიც, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთანაა დაკავშირებული.
მონტენეგროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, „სპუტნიკის“ მიერ, საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში პრორუსული კოალიციის გამარჯვების მიზნით, მილო ჯუკანოვიჩსა და მის პროევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებაზე დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.
რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, ის მძლავრი რუსული პროპაგანდის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე საბერძნეთის მიერ გამოყენებულმა ვეტომ ქვეყანაში დასავლეთისადმი იმედგაცრუება გამოიწვია.
2015-2017 წლების პოლიტიკური კრიზისის მიმდინარეობისას, რუსული საინფორმაციო საშუალებები ღიად უჭერდნენ მხარს ნიკოლა გრუევსკის და, რეფორმებზე ორიენტირებულ, ზორან ზაევის პოლიტიკურ გაერთიანებას „დიადი ალბანეთის“ შექმნაში სდებდნენ ბრალს.
2017 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი, თალეთ ჯაფერის არჩევის შემდეგ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მედიასაშუალებები დასავლეთის მიერ ეთნიკური სეპარატიზმისა და ალბანელების ინტერესების დაცვის შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვი, გავლენის სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, მძლავრი საინფორმაციო კამპანიით საბერძნეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის პრესპის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, იმისთვის, რომ საყოველთაო გამოკითხვაზე დაბალი აქტივობა ყოფილიყო და შედეგებს იურიდიული ძალა არ ჰქონოდა (იმისათვის, რომ რეფერენდუმის შედეგები ლეგიტიმურად მიჩნეულიყო, აქტივობა 50%-ზე მაღალი უნდა ყოფილიყო), სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობისგან თავის შეკავებას მოუწოდებდა.
ბოსნია და ჰერცეგოვინაში კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2018 წლის გენერალური საპარლამენტო არჩევნებია, რომელსაც „სპუტნიკის“ ბელგრადის ფილიალი ხელმძღვანელობდა და მიზნად რუსეთთან დაახლოებული და კრემლის მიერ მხარდაჭერილი მილორად დოდიკის გამარჯვებას ისახავდა.
დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება, სუსტი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, ასევე მთავრობის მიმართ მოსახლეობის დაბალი ნდობა ყალბი ამბების გასავრცელებლად ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის.
ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს, ადგილობრივ მედიასაშუალებებთან შედარებით, დაფინანსების მეტი წყარო აქვთ.
რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სახალხო დიპლომატიის ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესია, ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებები ხალხთა შორის არაფორმალურ კავშირებს ამყარებს და რუსეთის ფედერაციაზე პოზიტიური სურათის შექმნას ცდილობს. მოსკოვისთვის რბილი ძალა მწირი რესურსებით გავლენის გავრცობის შესაძლებლობას იძლევა და ნაკლებ დანახარჯთანაა დაკავშირებული.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 22, 2023
- on თებერვალი 27, 2023
- on იანვარი 20, 2023
- on ივლისი 11, 2022
- on აპრილი 6, 2022
- on იანვარი 21, 2022
- on ნოემბერი 27, 2021