"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
რუსეთის ომი უკრაინაში: ვინ გაუძლებს?!
დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერები თანხმდებიან, რომ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარიც კი ზედმეტია; დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერები ასევე ღიად აცხადებენ, რომ საუბარი რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე ვერ დაიწყება, ვიდრე პუტინი აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს; ვიდრე რუსეთი საკუთარ ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან სრულად არ გაიყვანს; ვიდრე უკრაინა არ აღადგენს საკუთარ სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიებზე 2014 წლამდე მდგომარეობით, ანუ ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის 2022 წლის 24 თებერვლამდე ოკუპირებულ ნაწილებზე; დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერები განიხილავენ გზებს, როგორ დაასუსტონ რუსეთი ისე, რომ აღარასდროს მოუვიდეს აზრად მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმა. დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერები სულ უფრო რთულად, მაგრამ მაინც ახერხებენ ახალ-ახალი სანქციების თაობაზე შეთანხმებას. მაგალითად, ულამაზესი ბავარიის მხარეში შეკრებილი ლიდერების ნაწილი – აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კანადა მხარს უჭერენ რუსეთიდან ოქროს იმპორტზე ემბარგოს შემოღებას (როდესაც ეს ბლოგი იწერებოდა, ჯერ კიდევ უცნობი იყო, რა პოზიციას დაიკავებდნენ დიდ შვიდეულში შემავალი ევროპული კავშირის წევრი ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი და იტალია). ოქროს შესყიდვაზე აკრძალვა ასევე სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის. ენერგომატარებლების შემდეგ, რუსეთის საექსპორტო ჩამონათვალში ოქრო მეორე ადგილს იკავებს (გასულ წელს 15 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი რუსეთმა სწორედ ოქროს რეალიზებით მიიღო). დაბოლოს, მსოფლიოს ლიდერები თანხმდებიან, რომ ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია ერთიანობის დემონსტრირება და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. თუმცა:
დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერები ასევე აცნობიერებენ, რომ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს რეალური ეფექტი გრძელვადიან ჭრილში ექნება. მართალია, მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკა 8-10%-ით შემცირდება და ინფლაციაც 18%-ს მიაღწევს, თუმცა ეს ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთმა სწრაფად დაყაროს ფარ-ხმალი და თუნდაც წლის ბოლომდე დაასრულოს ომი უკრაინაში. როგორც ცნობილია და როგორც ყოველდღიურად ვხედავთ, რუსეთს ჭურვებისა და რაკეტების მარაგი ჯერ კიდევ საკმაო ხანს ეყოფა იმისთვის, რომ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის ოპერაცია აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთში ადამიანს როგორ აფასებენ, კი ვიცით კარგად. ასე რომ, აღარავის უკვირს, რატომ არ ისმის პროტესტის ხმა ყოველდღიურად ომში მოკლული ასობით რუსი ოკუპანტის თაობაზე. მეტიც, მართალია, ოფიციალური მოსკოვის ვერსიით, არც ომი მიმდინარეობს და, შესაბამისად, არც ჯარში მიჰყავთ ხალხი, მაგრამ ფარული მობილიზაცია კარგა ხნის დაწყებულია და საკმაოდ აქტიურადაც მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებზე დაყრდნობით, 27 ივნისის მდგომარეობით უკვე მოკლულია 35 ათასი რუსი სამხედრო. ვეჭვობ, ეს ციფრი კიდევაც რომ გაორმაგდეს, ან თუნდაც გასამმაგდეს, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ეს ზეგავლენას არ მოახდენს.
ამასობაში, დიდი შვიდეული უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ჭრილში აუცილებლად იმსჯელებს ისეთ მწვავე პრობლემებზე, როგორიც არის ენერგოუსაფრთხოება, გლობალური სასურსათო უსაფრთხოება და ზოგადად რთული ეკონომიკური მდგომარეობა ყველაზე ძლიერ ქვეყნებსა თუ მთლიანად მსოფლიოში. მაღალი ინფლაცია, მოახლოებული ცივი შემოდგომა-ზამთარი, შიმშილის ზღვარზე მყოფი ათეულობით მილიონი ადამიანი მსოფლიოში, გართულებული სავაჭრო, ფინანსური და ბიზნესის ოპერაციები – ეს ყველაფერი აუცილებლად იქონიებს გარკვეულ ეტაპზე სერიოზულ გავლენას წამყვანი სახელმწიფოების მოქალაქეთა აზრის ფორმირებაზე. როდესაც მსოფლიომ იხილა ბუჩის, გოსტომელის, ირპენის და ბოროდიანკის შემაძრწუნებელი კადრები, მსოფლიოს დამოკიდებულება მკვეთრად გადაიხარა უკრაინის მხარეს. როდესაც ევროპული კავშირი იღებდა გადაწყვეტილებას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპული კავშირის მოქალაქეთა 2/3 მხარს უჭერდა უკრაინის ევროპულ კავშირში გაწევრიანებას. იქნება კი ასე, როდესაც მოვა შემოდგომა? იქნება კი ასე, როდესაც ევროპელ და ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდებათ სახლის გათბობა, მანქანაში ბენზინის ჩასხმა და ბოლო-ბოლო მაცივრის აუცილებელი პროდუქტებით შევსება?
აი, აქ დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერებს, მთავრობებს და პოლიტიკოსებს ელით ძალიან სერიოზული გამოცდა. ლიეტუველებს არ სჭირდებათ დარწმუნება იმაში, რომ მსოფლიოს და უშუალოდ მათი უსაფრთხოებისთვის მაღალი საფასურის გადახდა აუცილებელი და გამართლებულია. არ შეიძლება, არ აღფრთოვანდე ამ პატარა, მაგრამ ძალიან ღირსეული და ამაყი ქვეყნის ღირსეული ნაბიჯებით, რომლებიც მიმართულია ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ და მათი აგრესიული მისწრაფებების შესაკავებლად. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ლიეტუვა დღეს ფრონტის წინა ხაზზეა. მას საფრთხე უშუალოდ ემუქრება რუსეთისა და ბელარუსის სახით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლიეტუვა არ ცვლის თავის გადაწყვეტილებას კალინინგრადის რუსული ექსკლავისთვის სატრანზიტო დერეფნით ევროკავშირის მიერ სანქცირებული ტვირთების გატარების თაობაზე (სტატისტიკური მონაცემებით, კალინინგრადში ლიეტუვის ტერიტორიის გავლით მიმავალი ტვირთების 50% სწორედაც რომ სანქციების ქვეშ არის მოხვედრილი). ცხადია, ლიეტუვის ხელმძღვანელობა ნატო-ს წინაშე აყენებს საკითხს მუდმივმოქმედი კონტინგენტის განლაგებისა და უსაფრთხოების ზომების გაზრდის თაობაზე. ასეთივე მოთხოვნა აქვთ პოლონეთს, ლატვიასა და ესტონეთს.
აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების საკითხი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ცენტრალური იქნება ნატო-ს მადრიდის სამიტზე. უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად აუცილებლად განიხილება დამატებითი ძალების გაგზავნა ცენტრალური ევროპის ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში. თუმცა აქაც არის გარკვეული განსხვავებები მიდგომებში. როგორც აღვნიშნე, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს სურთ ნატო-ს ჯარების მათ ქვეყნებში გრძელვადიანად განთავსება. გერმანიის კანცლერი მზად არის, 3500 ჯარისკაცი გამოყოს ლიეტუვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (გერმანია ხელმძღვანელობს ლიეტუვის უსაფრთხოებისთვის ნატო-ს შერეულ კონტინგენტს, ხოლო აშშ – პოლონეთის, კანადა – ლატვიის და დიდი ბრიტანეთი – ესტონეთის შენაერთებს უწევენ კოორდინირებას), მაგრამ როტაციული წესით. ცხადია, ეს უფრო ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული (ბაზების გახსნა ნიშნავს მთელი ინფრასტრუქტურის გამართვას – სკოლები, ჰოსპიტლები, ოჯახების საცხოვრებლები და ა.შ.), მაგრამ ბალტიის ქვეყნები შიშობენ, რომ თუ/როდესაც რუსეთი გადაწყვეტს მათ ტერიტორიაზე შეჭრას, ნატო ვეღარ მოასწრებს მათი შენაერთების გადმოსროლას. ასე არ ფიქრობენ არც გერმანია და არც სხვა დასავლეთევროპული J ქვეყნები. მით უმეტეს, უკრაინის მაგალითზე დაყრდნობით, მათ არგუმენტად მოჰყავთ რუსეთის ერთ დროს მითური მეორე არმიის ფიასკო კიევის სამ დღეში აღების ოპერაციაში. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის 125-ე დღეს, როდესაც „ძლევამოსილმა“ რუსულმა არმიამ არათუ კიევის და უკრაინის დაპყრობა ვერ შეძლო, არამედ ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას (ვერც მოახერხებს, თუ იქნება დროულად დასავლური შეიარაღება), ეს არგუმენტი ნამდვილად დასავლეთევროპელი მოკავშირეების სასარგებლოდ მუშაობს.
უკრაინის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, დიდი შვიდეულის სამიტის წინ გავრცელდა ცნობები, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აპირებდა ფრანგი და გერმანელი ლიდერების გვარიანად „შენჯღრევას“ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებისა და უკრაინის მხარდამჭერ პოზიციებში რყევის არდასაშვებად. დარწმუნებული ვარ, კიევის დაბომბვა სამიტის დაწყებამდე აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას დიდი შვიდეულის ლიდერების ტონალობის გამკაცრებაზე (აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე უწოდა ამ ქმედებას „რუსეთის მხრიდან ჩადენილი მორიგი ბარბაროსობა“, თუმცა პრეზიდენტ ბაიდენს არც არასდროს დასჭირვებია ვინმეს შეხსენება. პირიქით, მის განცხადებებს იქით თუ „გააშალაშინებენ“, თორემ ხისტ გამონათქვამებში ის არათუ არავის არასდროს ჩამორჩებოდა, არამედ ყოველთვის წინ უსწრებდა J). სამიტის მასპინძელი გერმანიის კანცლერი, თავის მხრივ, შეკრებამდე საუბრობდა უკრაინისთვის მარშალის გეგმის აუცილებლობაზე. გერმანიამ დამატებით 1 მილიარდი ევროც გამოუყო უკრაინას აუცილებელი საბიუჯეტო ხარჯებისთვის. მაგ მხრივ, ევროკავშირმაც მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე, მაგრამ…
ისევ და ისევ, ისმის კითხვა: ვინ გაუძლებს? უკრაინა ომშია; აქვს ყოველდღიური ადამიანური დანაკარგები, მისი ეკონომიკა სერიოზულად დაზიანებულია და სჭირდება სულ მცირე 7 მილიარდი ევრო თვეში, რომ ქვეყანა არ ჩამოიშალოს; ევროპასა და ამერიკაში ინფლაციის და არსებული პრობლემების თაობაზე ზევით მოგახსენეთ. ეს ყველაფერი კრემლშიც მოეხსნებათ და მათ აგენტურასაც სხვა ქვეყნებში, მათ შორის – საქართველოში. ასე რომ, ბრძოლა მართლაც რომ გაძლებაზე იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ დემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეები გაისიგრძეგანებენ, რამდენად დიდია პირადად მათთვის რუსეთის უკრაინაში გამარჯვების საფრთხე.
ჩემთვის ძალიან პატივსაცემი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თუ დასავლეთი იარაღს აღარ/ვეღარ მიაწვდის, უკრაინა მაინც იბრძოლებს, „ნიჩბებითაც კი“. უკრაინელებმა თავიანთი ბრძოლისუნარიანობა და თავგანწირვა ყველას დაუმტკიცეს. დემოკრატიული სამყაროც რომ აცნობიერებს რუსეთის დამარცხების აუცილებლობას, ესეც კარგად გავიგეთ, მაგრამ რამდენჯერაც გაჩნდება საუბრები უკრაინის რუსეთთან დაზავების აუცილებლობაზე, ისევ და ისევ ტივტივდება კითხვა: ვინ გაუძლებს?!
უნდა გაუძლონ! უნდა შეიგნონ: უკრაინის გამარჯვება ევროპული ქვეყნების გადარჩენის ტოლფასი იქნება. მშვიდობა და თავისუფლება კი ყოველთვის ძვირი ჯდებოდა!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023