"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

რუსკი ვაენი კარაბლ! იძი ნა •უი!

Forbes-WEB-22022802

იყო ბევრი გაფრთხილება; იყო ბევრი განცხადება, მაგრამ მაინც იყო იმედი – იქნებ არ ქნას, იქნებ რამემ იმოქმედოს. დასავლეთს მართლა ჰქონდა იმედი, რომ პუტინს გონში ჩააგდებდა და მისი გეგმების გახმიანებით უკან დახევას აიძულებდა (კი ირწმუნებოდნენ რაღაც ეტაპზე, არა, როგორ გეკადრებათ, ჩვენ ეგეთები თავში აზრადაც არ გაგვივლიაო). ცხადია, პრევენციაზე იყო გათვლილი, ცხადია, შეძლებისდაგვარად ჰყავთ უკვე თვითონ პუტინიც შესწავლილი, კონსპირაციაში თუ წავალთ, შეიძლება სწორედ ამაზეც იყო გათვლილი, რომ ეიძულებინათ, გადაედგა ის ნაბიჯები, რომლებიც შემდეგ გადადგა. არ მჯერა კონსპირაციების – გერმანელებს, ფრანგებს, კიდევ სხვა ევროპელებს და თვით პრეზიდენტ ბაიდენსაც მართლა გულით უნდოდათ, რომ „მინსკის შეთანხმება გადაერჩინათ“, რომ პუტინთან მოლაპარაკება გამოსვლოდათ და დაფნის გვირგვინებიც ჩამოეკიდათ თავისთვის და პუტინისთვის, მაგრამ…

უშიშროების საბჭოს ჩაწერილი სხდომით, რომელიც ისტორიის გაკვეთილების ნაწილი გახდება და კონკრეტულად საგარეო დაზვერვის უფროსს ნარიშკინს დიდხანს (რამდენ ხანსაც იცოცხლებს მაინც) მწარედ ემახსოვრება, შემდეგ კი ასევე წინასწარ ჩაწერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. აღიარებით პუტინმა „მინსკიც“ მოკლა, ბებერი ევროპის იმედიც მოკლა და, დიდი იმედი მაქვს, თავიც მოიკლა.

„აღიარებას“ პაკეტში მოჰყვებოდა შეთანხმება სამხედრო დახმარების შესახებ. იმავე დღეს (21 თებერვალს ჩაწერილი 24 თებერვალს დილით 06.00-ზე გავრცელდა) ჩაწერილი და რამდენიმე დღეში გამთენიისას გავრცელებული განცხადება „სამშვიდობო ოპერაციის“ დაწყების შესახებ მაინც შოკის მომგვრელი (მეცინება მართლა 🙂 ) აღმოჩნდა დემოკრატიული მსოფლიოსთვის. ხომ იცოდნენ, ხომ აფრთხილებდნენ, მაგრამ მაინც შოკში ჩავარდნენ. მიხარია, რომ ამ შოკიდან მალე და კარგად გამოვიდნენ.

ანგლოსაქსებსა და ბალტიისპირელებზე არ მაქვს საუბარი – გერმანია, რომელიც ომის დაწყებამდე „გრძნობდა“ მორალურ ვალდებულებას მეორე მსოფლიო ომისთვის (გეგონება იმავე მეორე მსოფლიო ომში 6 მილიონი უკრაინელი არ დაღუპულა); საფრანგეთი, რომელიც ბოლომდე „აწვებოდა“ „მედიასიონს“, პოპულისტი (რბილად ვამბობ) ორბანი და თვით გერჰარდ შროდერიც კი (ვიცი, რასაც ვამბობ. წყაროს ვერ გავთქვამ. ისე, მაინც აქვს ტიპს ყნოსვა) – სუყველამ თქვა ბოლოს და ბოლოს, enough is enough. გერმანელებმა განაცხადეს თანხმობა გერმანული წარმოების იარაღის უკრაინისთვის მიწოდებაზე, დაივიწყეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და მხარი დაუჭირეს „SWIFT“-დან რუსეთის ბანკების გათიშვას; პრეზიდენტმა მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ფრანგული იარაღი გზაში იყო და მის გვერდით იდგა; ორბანმა, არ მიხარია, მაგრამ „სვიფტიდან“ რუსეთის გათიშვას არ დავბლოკავო.

გულისწყრომით უნდა ვთქვა – ასეთია მსოფლიო პოლიტიკა – უნდა გაეძლო ზელენსკის და უკრაინას, ან… უნდა გაქცეულიყო – მერე იქნებოდა სხვა გზავნილები, ჰუმანიტარული მხარდაჭერის, კონფლიქტის მოგვარების  და ბელარუს ციხანოვსკაიასთან ერთად ზელენსკის ტარებაც ევროპარლამენტებში, სტრასბურგებსა და ანალიტიკურ ცენტრებში.

ვენაცვალე ზელენსკის! ვენაცვალე უკრაინელ ხალხს! მშურს უკრაინის და მისი დიპლომატიური კორპუსის – უმაგრესი საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჰყავთ (ისტორიაში შევა ეგ კაცი). უმძიმესი ღამის შემდეგ ღიმილიანი „ლაივის“ ჩაწერით, მანამდე ძალიან კარგად გათვლილი „საყვედურნარევი“ მიმართვებით, სასწაულად იმუშავა უკრაინის საგარეო პოლიტიკამ. ნატო-ს გენერალური მდივანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის მიწოდებაზე რომ ისაუბრებს, ეს უკრაინის გამარჯვებაა; „სვიფტიდან“  გათიშვაზე მსოფლიო რომ შეთანხმდება, ეს უკრაინის გამარჯვებაა; პუტინის პრესსპიკერის ქალიშვილი რომ დაწერს „არა ომს“ (მართალია, მალევე წაშლის, მაგრამ მაინც), მაქსიმ გალკინი, ვალერი მელაძე, ივან ურგანტი იმავეს რომ დაწერენ, ეს უკრაინის გამარჯვებაა!

პენტაგონშიც კი ეგონათ, რომ სამ დღეში კიევი დაეცემოდა. ციფრებით ალგორითმი შეიძლება გამოიყვანო, ანალიტიკურმა ჯგუფმა შეიძლება ცხრილი გაგიკეთოს და საათების მიხედვით დაგითვალოს, ვის, სად, როდის რა დაემართება, მაგრამ ემოციას, მოტივაციას, სამშობლოს სიყვარულით გულისცემას  აი-ტი-ტექნოლოგიები ჯერ მაინც ვერ თვლის.

ვერ დათვალა უკვე აღიარებულად საერთაშორისო სამართლის კრიმინალმა პუტინმაც. არ მიკვირს – მიჩვეული იყო, რომ ყველა და ყველაფერი იყიდება; სხვადასხვა ფასად, მაგრამ იყიდება. ბუნკერში ჩაფლობამ კიდევ უფრო დაამძიმა მისი ფსიქომდგომარეობა.

ვუყურებ უკრაინელ მებრძოლებს და რუს ტყვეებს და ყველაფერი ნათელი ხდება – თავს ზემოთ ბომბები სკდება, მტრის ავიაცია დაფრინავს და უკრაინელი მებრძოლები თვალს არ ახამხამებენ – ღიმილით ხვდებიან მტერს და სიკვდილსაც კი; ტყვედ ჩავარდნილი რუსები კი „ბომჟებივით“ გამოწყობილი და დაფეთებული თვალებით ბოდიშს იხდიან, მოთქვამენ და ტირიან.

„ბლუმბერგის“ ცნობით, 125 მილიარდი დოლარი დაკარგა პირველ სამ დღეში რუსულმა ბიზნესმა და ოლიგარქატმა, შეიარაღებულმა ძალებმა კი ათასობით ჯარისკაცი, ასობით ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ათობით თვითმფრინავი და ვერტმფრენი. დღეში 20 მილიარდი დოლარი უჯდება პუტინს ომი, რაკეტები აღარ ჰყოფნის, არც ნავთობის შემოსავლები. სანქციებს მეც არ ვუყურებდი დიდი ენთუზიაზმით, უფრო ზუსტად, სანქციები ომს ვერ აჩერებს, მაგრამ ტყვია-წამლის მიწოდებასთან ერთად ვიზების შეჩერებას, საბანკო ანგარიშების, აგარაკებისა და სასახლეების დაყადაღებას მაინც აქვს თავისი ეფექტი. რუსული საბანკო სისტემა პარალიზებულია; შეიძლება ნავთობისა და გაზის ფასი დღეს მაღალია,  მაგრამ ჰკითხეთ ეკონომიკაში ჩახედულ ადამიანებს – რუსეთის ეკონომიკა ჩამოშლისთვის განწირულია.

გასულმა კვირამ მსოფლიო შეცვალა. გერმანიის აღმოსავლეთის კომიტეტმა, ისევე როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, ძალიან სწრაფად გამოიტირეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენი („ეკონომიკურად კარგი პროექტი იყო, მაგრამ დიდი ხნით ისტორიას ჩაჰბარდა; ჩვენ არ გვეშინია რუსული გაზის გარეშე დარჩენის – გადავეწყობით“); მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ჰაკერული ჯგუფი „ანონიმუსი“ სიკეთის სადარაჯოზე დადგა და დედაბუდიანად დაჰაკა კრემლი, „გაზპრომი“, შოიგუ და კადიროვი („გაზპრომის“ ფინანსურმა დირექტორმა მერე უცებ „თავი მოიკლა“ – განა ანონიმუსს ვაბრალებ, აქვე გამახსენდა უბრალოდ 😉 ) ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგში გაუქმდა და პარიზში ჩატარდება; ევროვიზიიდანაც კი გააგდეს რუსეთი. შეიძლება კონკრეტულ რუსებზე, რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე განსაკუთრებით, გულიც კი შემტკიოდეს, მაგრამ ყველა ხვდება – დღეს რუსობა ტეხავს! მე ისეთი განცდა მაქვს, რომ კიდევ დიდხანს გატეხავს! კოლეგა დიპლომატებთან, ანალიტიკოსებთან საუბრებიდან ძალიან მკაფიოდ იგრძნობა – მათთვის ხელის ჩამორთმევა კიდევ დიდხანს მოვე ტონად ჩაითვლება.

არა, ილუზია არ მაქვს, რომ საერთოდ ყველაფერი გაწყდება რუსეთთან – ეკონომიკას თავისი კანონები აქვს, მაგრამ ძალიან, ძალიან ბევრი რამ გაჩერდება. ევროპულ და ამერიკულ კი არა, ჩინურ კომპანიებსაც კი მოუწევთ სანქციების გამო რაღაცების გადახედვა. ეს ყველაფერი გლობალურ ეკონომიკაზეც აისახება და, მიუხედავად „ეროვნული ინტერესებით“ ნახელმძღვანელები გადაწყვეტილებებისა, საქართველოს „გადადუღებულ“ ეკონომიკასაც სერიოზულად დაეტყობა.  ამდენად, მაინც ვფიქრობ, რომ ისტორიის სწორ მხარეს, სიმართლის მხარეს დგომა ძვირად ღირებული, მაგრამ ერთადერთი მართებული არჩევანია, რომელიც გაკეთებული აქვს ხალხს და არა აქვს მთავრობას!

ყველაზე დიდი ძალა მაინც ხალხის სულისკვეთებაშია. კუნძული ზმეინი თავისი მნიშვნელობით, ზომით და მდებარეობით არ არის არც ოდესა, არც ხარკოვი და არც კიევი. იყო იქ 13 უკრაინელი სამხედრო. მიადგა „ძლევამოსილი“ რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტი და იარაღის დაყრა და დანებება შეთავაზა. ეს პასუხი მსოფლიო ისტორიაში შევიდა უკვე: „რუსკი კარაბლ! იძი ნა .უი!“ ალექსანდრე რონდელის სიტყვები იყო: „ყოველ დილას უთხარი რუსეთს – ოკუპანტი ხარ“! დარწმუნებული ვარ, ცოცხალი რომ ყოფილიყო, მისი საყვარელი ფრაზა გახდებოდა: „რუსკი კარაბლ! იძი ნა .უი“!

დიდება გმირებს!

გააზიარე