კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტი. თაკო ჯგუფ ანაგრამას თანადამფუძნებელია. ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანიებთან ერთად პასუხისმგებლიანი მიდგომების შექმნა და დანერგვა.

საახალწლო საშინაო დავალება

Forbes-WEB-23121901

ვინ მოთვლის, რამდენჯერ შემიდგენია კომპანიების საახალწლო მისალოცი ტექსტი. წერისას გონებას ერთი დაჟინებული, თუმცა აუსრულებელი მიმართულებით ხშირად წავუყვანივარ, საიდანაც ყველაზე მოსაწყენი – „ამას სათანადოდ ვერ გაიგებენ“ – მიზეზით არაერთხელ დავბრუნებულვარ უკან.

ამიტომაც ვერც ერთი საახალწლო მილოცვა ვერ ვაქციე იმ საახალწლო კითხვებად, რომლებზეც პასუხი კომპანიების განვლილი წლის შეჯამებისას ან მომდევნო წლის ათვლისას ყველაზე მეტად მაინტერესებს. ვერასდროს ვიკითხე; გასულ წელს ვის რა არგეთ, წლების გავლის შემდეგაც სიამაყით რომ გაიხსენებთ. ან თუ აქამდე ვერ შეძელით, ახალი წლის გეგმებში ხომ არ გამოუძებნეთ ასეთ საქმეს მისი კუთვნილი ადგილი?

წლების წინ ტექინსპექტირების ახალი კომპანიის შექმნის საინტერესო პროცესში აღმოვჩნდი. ძალიან რთული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მისიისა და ცვლილებების მომტანი კომპანია ჩემს თვალსა და ხელს შუა ყალიბდებოდა.

პირველი გაოცება სულ თავიდან, ფუნდამენტის ჩაყრამდე, მახსოვს, როდესაც ჯერ კიდევ ფიზიკურად არარსებული კომპანიის მენეჯმენტმა მისი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიაზე ფიქრი დაიწყო. მაშინ მეგონა, რომ რთული ყოველდღიურობა და პრობლემების გრძელი ჩამონათვალი ამ ფიქრზე ხელს მალევე ააღებინებდა მათ. ამ მოლოდინში განსაკუთრებულად მახსოვს ერთი წინასაახალწლო დილა; ბევრი სირთულით, ვერგაკეთებული და ჩიხში შესული საქმით დაწყებული დღე, როდესაც კომპანიის დირექტორმა მასთან შესვლა მთხოვა. მაშინვე ვიფიქრე, რომ სასარგებლო საქმეებზე ფიქრის გადავადების დროც მოსულა-მეთქი და ამ გარდაუვალ მოცემულობასა და ბედთან შეგუებულმა შევაღე მისი კარი. თუმცა სულ სხვა ამბავი მეორე გაოცებად მელოდა წინ.

საქმე კი მისი შვილის, მეოთხეკლასელი მოსწავლის საშინაო დავალებას ეხებოდა, რომელსაც მამასთან ინტერვიუს ჩატარება დაავალეს. ისიც გულდასმით შეუდგა საქმეს და სამსახურიდან დაბრუნებულ მამას პირველი კითხვაც ასეთი დაახვედრა: სამსახურში სასარგებლოს რას აკეთებ?

დიახ, ჩემი მრავალწლიანი გადავადებული და ვერდასმული შეკითხვა ასე მარტივად და მამის „საშინაო დავალებად“ ჩამოაყალიბა მეოთხეკლასელმა მოსწავლემ და საპასუხო რეაქციაც ის აღმოჩნდა, რაც მეც არაერთხელ მინატრია, თუმცა არასდროს ამხდენია.

იმ დილას კი ეს ახდენილი ამბავი ასე გამოიყურებოდა: წინასაახალწლო დაძაბული დღე, კომპანიის აურაცხელი საქმე, ბევრი უიმედო წინაღობა, პრობლემა და ამ სირთულეების გარემოცვაში მე და კომპანიის დირექტორი, რომლებიც ვცდილობთ, საშინაო დავალებად დასმულ კითხვას საქმიანი ჩამონათვალით ვუპასუხოთ;  სარგებლობის მომტანი რა გავაკეთეთ, რას გავაკეთებთ, როგორ გავაკეთებთ და, რაც ყველაზე მთავარია, გულწრფელად თუ გვჯერა გაკეთებულის.

იმ უცნაური დილის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ყოველი ახალი წლის დადგომამდე აუცილებელ საშინაო დავალებად მახსენებს თავს და იმ კითხვების ჩამოწერისკენ მიბიძგებს, რომლებიც პასუხების გაცემაზე  მეტად, ყოველდღიურ საქმეში  დამკვიდრებას ითხოვენ.

ვინ იცის, იქნებ ეს კითხვები საახალწლო „საშინაო საფიქრალადაც“ კი იქცნენ, ამიტომაც ვეცდები, ერთად და  აქვე მოვუყარო მათ თავი;

  • რა არის თქვენი კომპანიის განსაკუთრებული მისია, რომელიც გამოგარჩევთ და რომლის გამოც თქვენ ირგვლივ ფასეულობით ერთობას ქმნით?
  • ცდილობთ, რომ თქვენი კომპანია იყოს ის სამუშაო ადგილი, სადაც ადამიანებს უხარიათ მისვლა?
  • იცით, რომ თქვენს თანამშრომლებთან ერთად გამორჩეული მოხალისეობრივი პროგრამის შექმნა შეგიძლიათ, სადაც ინტელექტუალური რესურსით და პროფესიონალიზმით სხვების დახმარებას და განვითარებას შეძლებთ?
  • თუ აკვირდებით გარშემო არსებულ პრობლემებს და თუ გიფიქრიათ თუნდაც ერთი საკითხის შესამსუბუქებლად გრძელვადიანი შედეგის მიღწევა როგორ შეგიძლიათ?
  • არის თუ არა თქვენი სივრცეები და მომსახურებები სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებზე მორგებული, მათ დასაქმებაზე თუ გიფიქრიათ?
  • ხომ არ აკვირდებით ეკოლოგიურ პრობლემებს და თუ გიცდიათ (ან ხომ არ ცდიდით) რესურსების დაზოგვას, მასალების გადამუშავებას, მეორადი მოხმარების წახალისებას, ინოვაციების გარემოს სასარგებლოდ გამოყენებას, გამწვანებას და შემდეგ, მოვლას?
  • თუ იცით, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი თქვენი კომპანიის გაძლიერებას და მის რეპუტაციულ სიმტკიცეს დაეხმარება?

სასარგებლო საქმეებით გაჯერებულ ახალ წელს გისურვებთ!

გააზიარე