"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საბანკო სესხის სიძვირით საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზეა

ბესო2 (1)

ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთით საქართველო 132 ქვეყანას შორის 32-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია   

საბანკო სესხების საშუალო პროცენტს ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციები და კვლევითი ცენტრები აქვეყნებენ. აღნიშნულ ბლოგში მოცემულია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ორი მსხვილი ორგანიზაციის მონაცემებია გაერთიანებული, ის მსოფლიოს ყველა ქვეყანას მაინც არ მოიცავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მონაცემები 2021 წლის ბოლოს არსებული სესხის საშუალო პროცენტია. თავად სესხის საშუალო პროცენტი არის ე.წ. შეწონილი საშუალო, ანუ მასში გათვალისწინებულია გაცემული სესხების მოცულობა დანიშნულებისა და ვადიანობის მიხედვით. რეალურად, პრაქტიკაში, გაცემული სესხების მინიმალური და მაქსიმალური სარგებლის განაკვეთი შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საშუალო პროცენტისგან.

საქართველო საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთი რეიტინგში

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ბოლოს საქართველოში ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 12.5% იყო და ამ მაჩვენებლით საქართველო რეიტინგში შემავალ 131 ქვეყანას შორის 32-ე ადგილს იკავებდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო 31 ქვეყანაში, ხოლო დაბალი განაკვეთი – 99 ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2011-2019 წლებში საქართველოში საპროცენტო განაკვეთებს შემცირების ტენდენცია ჰქონდა, 2011 წელს საშუალო განაკვეთი 15% იყო და თანდათანობით 10.8%-მდე შემცირდა. თუმცა 2020 წლიდან, პანდემიის გამო, საპროცენტო განაკვეთი 12.5%-მდე გაიზარდა და 2016 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციითაც, 2021 წლის ბოლოს საქართველოში სესხის საშუალო წლიური განაკვეთი 10.8% იყო. მათ შორის, მოკლევადიან სესხებზე 12.9% იყო, ხოლო გრძელვადიან სესხებზე – 10.6%. საქართველოში საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ვალუტაშია სესხი გაცემული. 2021 წელს ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.5% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულებზე – 6.7%.

სესხზე საპროცენტო განაკვეთით საქართველოსთან ყველაზე ახლოს შემდეგი ქვეყნები არიან: პარაგვაი – 12.5%, ბურუნდი – 12.6%, გვატემალა – 12.2%, კენია – 12.1%.

საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების სესხებზე საქართველოში, პროცენტი

წყარო: მსოფლიო ბანკი

ყველაზე მაღალი და დაბალი საპროცენტო განაკვეთების მქონე ქვეყნები

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2021 წელს სესხის საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალი მადაგასკარში იყო – წლიური 48.3%. შემდეგ მოდიოდა ზიმბაბვე წლიური 45.5%-ით და არგენტინა 35.6%-ით. ეს ქვეყნები მაღალი ინფლაციის დონით გამოირჩევიან, რაც სესხებზე პროცენტს ზრდის.

ყველაზე მაღალპროცენტიანი ქვეყნების ტოპ-10-ში მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები ხვდებიან.

ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნები, 2021 წელი

ქვეყანასესხის საპროცენტო განაკვეთი
მადაგასკარი48.3%
ზიმბაბვე45.5%
არგენტინა35.6%
ბრაზილია30.0%
კონგოს დემ. რესპ.23.1%
მალავი22.8%
უზბეკეთი21.4%
უგანდა19.8%
გამბია19.5%
ანგოლა19.4%

წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი

ყველაზე დაბალპროცენტიანი ქვეყნების ტოპ-10-ში მხოლოდ განვითარებული ქვეყნები არიან. 2021 წელს სესხის საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალი დანიაში იყო – 1% წელიწადში. შემდეგ მოდის იაპონია და გაერთიანებული სამეფო 1.5-1.5%-ით.

ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნები, 2021 წელი

ქვეყანასესხის საპროცენტო განაკვეთი
დანია1.0%
იაპონია1.5%
გაერთიანებული სამეფო1.5%
სან-მარინო1.7%
შვედეთი1.9%
გერმანია1.9%
იტალია2.0%
ნორვეგია2.3%
შვეიცარია2.6%
კანადა2.7%

წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალი თურქეთში იყო – 16.5%. აზერბაიჯანში 16.4% იყო, სომხეთში – 11.8%, რუსეთში – 6.7%.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა