"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 26-ე ადგილზეა

Forbes-WEB-22080915

მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა 160 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

საქონლით საგარეო ვაჭრობა იმპორტს და ექსპორტს მოიცავს. როდესაც იმპორტი ექსპორტზე მეტია ვაჭრობის ბალანსი დეფიციტურია, ანუ გვაქვს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი. დეფიციტის დროს ვაჭრობას ქვეყნიდან უფრო მეტი ფული გააქვს, ვიდრე შემოაქვს. ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყნების საგარეო ვაჭრობის ბალანსი ძირითადად დეფიციტურია.

საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას, როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ეკონომიკასთან, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ. ვაჭრობის ბალანსის მშპ-თან თანაფარდობა ბალანსის რეალურ ტვირთს (დეფიციტის დროს) ან სარგებელს (დადებითი ბალანსის დროს) გვიჩვენებს.

როდესაც ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი აქვს, დეფიციტს მომსახურებით გაწეული შემოსავლით (მაგალითად, ტურიზმი), ემიგრანტების გზავნილებით, უცხოური ინვესტიციებით ან საგარეო ვალის აღებით აბალანსებს.

საქართველო საგარეო ვაჭრობის ბალანსის რეიტინგში

ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობის ბალანსზე მსოფლიო ბანკს მონაცემები 2021 წლის მდგომარეობით აქვს გამოქვეყნებული. 2020 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა მშპ-ის მიმართ -20.3% შეადგინა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 26-ე ადგილზეა 160 ქვეყანას შორის. მშპ-ს მიმართ საქართველოზე მაღალი სავაჭრო დეფიციტი მხოლოდ 25 ქვეყანას აქვს. საქსტატის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 18.7 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა კი 5.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის მიმართ -29.7%-ია. თუმცა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ვაჭრობის დეფიციტის მაჩვენებელს ეყრდნობა, რომელიც 2021 წელს 3.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

2021 წელს საქართველოს ექსპორტმა 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 9.4 მილიარდი დოლარი. ექსპორტს და იმპორტს შორის სხვაობა 3.8 მილიარდი დოლარია.

2020 წელს საქართველოს ექსპორტი 4.4 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 7.5 მლრდ დოლარი. 2021 წელს ექსპორტი 27%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 24%-ით. თუმცა, ღირებულებით იმპორტი უფრო მეტად გაიზარდა და სავაჭრო ბალანსი 627 მლნ დოლარით გაუარესდა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 2012-2021 წლებში

მონაცემების წყარო: საქსტატი, ეროვნული ბანკი
ქვეყნები, რომლებსაც საგარეო ვაჭრობის ყველაზე მაღალი დეფიციტი აქვთ

მშპ-ის მიმართ საგარეო ვაჭრობის დეფიციტით მსოფლიოში პირველ ადგილზე კირიბატია. კირიბატი პატარა ქვეყნაა, 105 ათასამდე მოსახლით. 2021 წელს კირიბატმა 10 მლნ დოლარის ექსპორტი განახორციელა, ხოლო იმპორტმა 105 მლნ დოლარი შეადგინა. დეფიციტით ტოპ ათეულში პატარა ქვეყნები ხვდებიან. სიის პირველ ათეულში ევროპის კონტინენტიდან მხოლოდ მონტენეგროა.

მშპ-ის მიმართ ვაჭრობის დეფიციტით საქართველოს მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს ჩრდილოეთ მაკედონია, ტაჯიკეთი, ფიჯი და აღმოსავლეთ ტიმორია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ვაჭრობის დეფიციტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სომხეთს აქვს: მშპ-ის -11.3%, თურქეთში ეს მაჩვენებელი მშპ-ის -3.6%-ია. რუსეთსა და აზერბაიჯანს ვაჭრობის დადებითი ბალანსი აქვთ, აზერბაიჯანს მშპ-ის 20.6% და რუსეთს მშპ-ის 10.7%.

საგარეო ვაჭრობის ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსი ირლანდიას აქვს: მშპ-ის 41%. სურინამს მშპ-ის 37% აქვს, კატარს 34%, ლიბიას მშპ-ის 22%.

ყველაზე მაღალი საგარეო ვაჭრობის დეფიციტის მქონე ქვეყნები, 2021 წელი

 

ქვეყანა

მშპ-ის მიმართ, %

1

კირიბატი

-47.5

2

კამბოჯა

-43.0

3

მალდივის კუნძულები

-41.6

4

ნეპალი

-39.7

5

ტონგა

-39.4

6

სამოა

-39.1

7

მონტენეგრო

-38.9

8

კაბო-ვერდე

-36.7

9

ანტიგუა და ბარბუდა

-33.9

10

სენტ-ვინსენტი და გრენადინები

-33.2

წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა