"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საგარეო ვაჭრობის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

ნამჩავაზძე

საგარეო ვაჭრობის თავისუფლებაში იგულისხმება,  რამდენად თავისუფალია ქვეყნის ექსპორტი და იმპორტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერებისგან. აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრი „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“, რომელიც ეკონომიკის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, ასევე იკვლევს ქვეყნების საგარეო ვაჭრობის თავისუფლების დონეს და შესაბამის რეიტინგს ადგენს.

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“ ქვეყნების საგარეო ვაჭრობის თავისუფლებას მაქსიმუმ 100 ქულით აფასებს. 2021 წლის შეფასებით, საქართველომ 86 ქულა მოიპოვა და საგარეო ვაჭრობის თავისუფლების რეიტინგში, რომელიც 179 ქვეყანას მოიცავს, მე-9 ადგილი დაიკავა. 2021 წლის რეიტინგი რეალურად 2020 წლის მონაცემებზეა დაფუძნებული. ცენტრის შეფასებით, საქართველოს იმპორტზე საშუალოდ 2%-იანი ტარიფი აქვს. არასატარიფო ბარიერები არის რაოდენობრივი შეზღუდვები (კვოტები), საფასო შეზღუდვები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული შეზღუდვები და მთავრობის სხვა პირდაპირი ჩარევები ვაჭრობაში. საქართველოს საგარეო ვაჭრობის კანონმდებლობა არასატარიფო ბარიერებისგან თავისუფალია. საქართველოს მაღალი პოზიცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული იმ ფაქტით, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, ჩინეთთან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან რუსეთის გარდა და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან.

საქართველოში სავაჭრო ტარიფი მხოლოდ იმპორტზე ვრცელდება, ექსპორტი არ იბეგრება. კანონმდებლობით საქართველოში საბაჟო ტარიფის სამი კატეგორიაა: 12%, 5% და 0%, ანუ არ იბეგრება. 12%-იანი და 5%-იანი ტარიფი ძირითადად ისეთ პროდუქტებზე ვრცელდება, რაც საქართველოშიც იწარმოება, მაგალითად: ბოსტნეული, ხილი, ხორცისა და რძის პროდუქტები, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, სარემონტო მასალები, ტანსაცმელი და ა.შ.

გასულ წლებში „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“ საგარეო ვაჭრობის თავისუფლებაში საქართველოს მეტ ქულას ანიჭებდა. მაქსიმალური ქულა – 89.4 2018 წელს ჰქონდა და საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებდა. ბოლო წლებში საქართველოს იმპორტის გადასახადი არ გაუზრდია. ქულის კლება იმპორტში იმ პროდუქციის წილის მატებამ განაპირობა, რომელიც უფრო მაღალი განაკვეთით იბეგრება.

საქართველოს ქულა საგარეო ვაჭრობის თავისუფლების ინდექსში

წყარო: ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი
ქვეყნები, სადაც საგარეო ვაჭრობა ყველაზე თავისუფალია

საგარეო ვაჭრობა ყველაზე მეტად თავისუფალი სინგაპურშია, სადაც საბაჟო ტარიფები ფაქტობრივად არ არის. სინგაპურს მაქსიმალური 100-დან 95 ქულა აქვს და მნიშვნელოვნად უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ახალ ზელანდიას.

სინგაპურისა და ახალი ზელანდიის გარდა საქართველოზე წინ არიან ასევე: ავსტრალია, კანადა, მავრიკი, ისლანდია, პერუ და შვეიცარია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, ყველაზე მაღალ პოზიციაზე თურქეთია, რომელიც 67-ე ადგილს იკავებს 76 ქულით. რუსეთი მე-80 ადგილზეა 74 ქულით. სომხეთი 81-ე ადგილზეა 73.8 ქულით და აზერბაიჯანი 112-ე ადგილზეა 68 ქულით.

რეიტინგში ბოლო ადგილზე ჩრდილოეთი კორეაა, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობასთან საერთოდ არ ვაჭრობს. ჩრდილოეთ კორეას 100-დან 0 ქულა აქვს. შემდეგ მოდის კირიბატი 23.8 ქულით და ბუტანი 40.8 ქულით. კირიბატს იმპორტზე საშუალოდ 28%-იანი ტარიფი აქვს, ხოლო ბუტანს – 22%-იანი.

ყველაზე თავისუფალი საგარეო ვაჭრობის მქონე ქვეყნები

 

ქვეყანა

ქულა

1

სინგაპური

95.0

2

ახალი ზელანდია

90.2

3

ავსტრალია

89.8

4

კანადა

88.8

5

მავრიკი

88.0

6

ისლანდია

86.8

7

პერუ

86.4

8

შვეიცარია

86.0

9

საქართველო

86.0

10

ტაივანი

86.0

წყარო: „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა