"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

სახალხო სამორინე, ანუ სიგიჟე რეზერვაციაში

არონია.- new

ჩრდილოეთ კაროლინის დასავლეთში, სადაც ინდიელთა ისტორიული მიწა დიდ ნისლიან მთებს უერთდება, უზარმაზარი სამორინე მდებარეობს, რომელიც იქ მცხოვრები ჩეროკი ინდიელების აღმოსავლეთი ტომის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური დასაყრდენია. ყველაფერი 1988 წელს დაიწყო, როცა აშშ-ის კონგრესმა ინდიელთა ფედერალურ დონეზე აღიარებულ ტომებს რეზერვაციების ტერიტორიაზე სამორინეების გახსნის უფლება მისცა. ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, 1988-2013 წლებში, ინდიელთა შემოსავალი აზარტული თამაშებიდან 100 მილიონი დოლარიდან 28 მილიარდამდე გაიზარდა.[1] გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთ ხსენებული კანონი ტომის ხელისუფლებას ავალდებულებს, წმინდა შემოსავალი ტომის კეთილდღეობას მოახმაროს, აზარტული თამაშების ინდუსტრიამ ინდიელთა ტომები ფეხზე დააყენა და გააძლიერა.

ვალდებულება ნათელია, მისი სისრულეში მოყვანის გზები კი – მრავალმხრივი. განსხვავებით მიზნობრივი, ხშირად მოკლევადიანი და შეზღუდული ფედერალური საგრანტო პროგრამებისაგან, აზარტული თამაშების ინდუსტრია თვითმყოფადია და თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეფუძნება.[2] აზარტული თამაშებიდან შემოსული თანხები ხმარდება როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას – გზების, სკოლების, საავადმყოფოებისა და სხვათა მშენებლობას, ასევე სოციალურ-კულტურულ პროგრამებსა და ინდივიდუალურ გადარიცხვებს, ანუ საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ჩეროკიში მდებარე სამორინის შემოსავლის ნაწილს ჩეროკი ინდიელების აღმოსავლეთი ტომის თექვსმეტი ათასი წევრი თანაბრად ინაწილებს: ყოველწლიური შემწეობა წლიდან წლამდე იცვლება, მაგრამ საშუალოდ ოთხი ათას დოლარს შეადგენს.[3] თანხას ბავშვებიც იღებენ და ის ამისთვის საგანგებოდ შექმნილ საბანკო ანგარიშზე მანამ ინახება, სანამ ბავშვი სკოლას დაამთავრებს, ან ოცდაერთი წლის გახდება. ამას გარდა, ბავშვები ფინანსურ განათლებასაც იღებენ.

ისე კი, ცოტაოდენი იღბლის გარეშე კარგი ამბავი არ გამოდის ხოლმე – გამონაკლისი არც ჩეროკების სამორინეა. 1993 წელს „დიუკის უნივერსიტეტის“ მკვლევრები თერთმეტწლიან კვლევაში ჩაერთვნენ: მათ აინტერესებდათ, თუ როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში  ჩრდილოკაროლინელი ბავშვებისა და მოზარდების მენტალური და ემოციური ჯანმრთელობა. კვლევაში 1420 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 350 კი ჩეროკების აღმოსავლეთ ტომიდან გახლდათ. კვლევის დაწყებიდან ოთხ წელიწადში მეცნიერებს ბედმა გაუღიმა: ქალაქ ჩეროკიში უზარმაზარი სამორინე აშენდა. თავიდან ეს ამბავი ყველას გამოეპარა, მაგრამ გავიდა კიდევ ოთხი წელიწადი და მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ინდიელთა შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა. ამაზე უკეთეს დამთხვევას ვერც „დიუკის უნივერსიტეტის“ მეცნიერები მოისურვებდნენ და ვერც საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მკვლევრები, რომელთათვის ეს ბუნებრივი ექსპერიმენტი დღემდე სამაგალითოა. მოდი, სანამ ამ და სხვა კვლევების შედეგებზე გადავიდოდეთ, ჩეროკის ბიზნესგარემოს გადავავლოთ თვალი.

რეგიონში აზარტული თამაშების ინდუსტრიის განვითარებამდე, ჩეროკების აღმოსავლეთი ტომი თავს ტურიზმით ირჩენდა – ტომის მიწებზე მოგზაურობის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 1902 წლიდან ფიქსირდება, ხოლო თანამედროვე ტურიზმის კერად ის დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკის დაარსების შემდეგ იქცა.[4] 1997 წელს ქალაქ ჩეროკიში უზარმაზარი სამორინე გაიხსნა, რომელსაც რეზერვაციების ტერიტორიებზე არსებულ სამორინეებთან შედარებით ერთი გამოკვეთილი უპირატესობა აქვს: ის დიდი კვამლიანი მთების მისადგომებთან მდებარეობს, ორი საათის სავალზე ტენესის დედაქალაქ ნოქსვილიდან და სამი საათის სავალზე ჯორჯიის დედაქალაქ ატლანტიდან. 2015 წლის ოქტომბერში ჩეროკი ინდიელების აღმოსავლეთმა ტომმა კიდევ ერთი სამორინე გახსნა, ქალაქ მერფიში. აზარტული თამაშების ინდუსტრიალიზაცია ინდიელებისთვის სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია: გარდა საყოველთაო საბაზისო შემოსავლისა, ბევრი მათგანი ამ სამორინეებში მუშაობს – როგორც დაბალ საფეხურებზე, ასევე მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე. ისე კი, შედარებით მცირე ტერიტორიაზე ორი დიდი მოთამაშის გამოჩენა მცირე ზომის სასტუმროებსა და სათამაშო სახლებს წნეხს უქმნის. ბევრმა მათგანმა  ცვლილებებს ფეხი აუწყო და მომავალ ტურისტებზე გადაეწყო ან დიდი სამორინეების მოჭარბებული კლიენტების მიმღებ სასტუმროდ გარდაიქმნა.

თავისთავად ცხადია, რომ აზარტული თამაშების ინდუსტრია მორალურ საფუძველზე გაჩენილ უარყოფით გამოძახილს ნებისმიერი ტიპის საზოგადოებაში პოვებს. გამონაკლისი არც ჩეროკი ინდიელების აღმოსავლეთი ტომი გახლდათ. იმ დროს, როცა ტომში სამორინის აშენება-არაშენების საკითხი წყდებოდა, გადამწყვეტი ხმა ერთადერთი ბელადი ქალისა აღმოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ სამორინის შემოსავლით ყველას თანაბრად უნდა ეხეირა. მას მერე, სამორინის მმართველი კომპანია სამასმილიონიანი დივიდენდის სამ პროცენტს იღებს, ხოლო დარჩენილი რესურსები მნიშვნელოვან პროექტებს ხმარდება.[5] ჩეროკების აღმოსავლეთ ტომის ინდიელებს ამ სამორინეზე მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, უბრალოდ, არა აქვთ. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ რეზერვაციებში სამორინეების გახსნის პარალელურად, მცირდება ინდიელთა დამოკიდებულება სახელმწიფო შემწეობაზე.[6]

მოდი, ზემოთ ხსენებულ კვლევას დავუბრუნდეთ და გავარკვიოთ, რა გავლენა აქვს სამორინის შემოსავლების ნაწილით დაფინანსებულ საყოველთაო საბაზისო შემოსავალს ადგილობრივ ბავშვებსა და მოზარდებზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოჯახის შემოსავლის საგარეო ფაქტორების გამო ზრდა დადებითად აისახება არა მხოლოდ ბავშვების მომავალზე, არამედ ოჯახის შიდა დინამიკაზეც.[7] ინდიელ ბავშვებს, რომელთა ოჯახები საყოველთაო საბაზისო შემოსავალს იღებენ, სკოლის დამთავრების ბევრად დიდი შანსი აქვთ – დამატებითი ოთხი ათასი დოლარი, საშუალოდ, ბავშვის სკოლაში ყოფნის დროს ერთი წლით ახანგრძლივებს. ამას გარდა, 16-17 წლის ასაკში, ასეთი ბავშვების მიერ წვრილი დანაშაულის ჩადენის შანსი 22%-ით მცირდება. ამ შემწეობის შედეგად, სიღარიბეში მცხოვრები ჩეროკი ინდიელი ბავშვების რაოდენობა განახევრდა.[8] საყოველთაო საბაზისო შემოსავალი საგრძნობლად აუმჯობესებს ბავშვებისა და  მშობლების ურთიერთობას, ხოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ დედის შემოსავლის გაზრდა დადებითად აისახება ბავშვის განათლებაზე, ხოლო მამის შემოსავლის გაზრდა ბავშვების დანაშაულებრივ სტატისტიკას აკეთილშობილებს.  საყოველთაო საბაზისო შემოსავალი აუმჯობესებს მიმღებთა მენტალურ ჯანმრთელობას და ზრდასრულობაში ალკოჰოლისა და მარიხუანის მოხმარებას ამცირებს.[9]

ჩეროკი ინდიელების აღმოსავლეთ ტომის სოციალური გადანაწილების იდეა მრავალმხრივ საინტერესოა: ის ცალსახად უნიკალურია და სტერეოტიპებსაც ამსხვრევს, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი წყალობით ინდიელ ბავშვებს, და არამხოლოდ მათ, უკეთესი ცხოვრების შანსი უჩნდებათ, როცა ამ გიჟურ სამყაროში ფეხს დამოუკიდებლად შედგამენ. ბედის ირონიაა, რომ ჩეროკი ინდიელების სამორინის (უკვე კი სამორინეების) აშენებამ საფუძველი ჩაუყარა საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ და საინტერესო ბუნებრივ ექსპერიმენტს, რომელსაც ჩვენი ცოდნის იმაზე უფრო მეტად გაღრმავება შეუძლია, ვიდრე ეს დღეს წარმოგვიდგენია.

 

წყაროები:

[1] Akee, R. K., Spilde, K. A., & Taylor, J. B. (2015). The Indian Gaming Regulatory Act and Its Effects on American Indian Economic Development. Journal of Economic Perspectives, 29(3), 185-208. Retrieved from https://www.aeaweb.org/articles?id=10.1257/jep.29.3.185, (pg. 194).

[2] იხ. პირველი წყარო (გვ. 196).

[3] Costello, J. (2016, June 21). Many Countries are Weighing Cash Payments to Citizens. Could it Work in the U.S.? Salon.

[4] Lewis, C. (2016). Betting on Western North Carolina: Harrah’s Cherokee Casino Resort’s Regional Impacts. Journal of Appalachian Studies, 23(1), 29-52, (pg. 31).

[5] Lapowsky, I. (2017, December 11). Free Money: The Surprising Effects of a Basic Income Supplied by Government. Wired. Retrieved from https://www.wired.com/story/free-money-the-surprising-effects-of-a-basic-income-supplied-by-government/

[6] Cozzetto, D. A. (1995). The Economic and Social Implications of Indian Gaming: The Case of Minnesota. American Indian Culture and Research Journal, 19(1), 119-131.

[7] Akee, R. K., Copeland, W. E., Keeler, G., Angold, A., & Costello, E. J. (2010). Parents’ Incomes and Children’s Outcomes: A Quasi-Experiment Using Transfer Payments from Casino Profits. American Economic Journal, 2(1), 86-115.

[8] Sisk, T. (2015, September 21). Gambling Wagers Pay Community-Health Dividends for Eastern Band of Cherokee. North Carolina Health News. Retrieved from https://www.northcarolinahealthnews.org/2015/09/21/gambling-wagers-pay-community-health-dividends-for-eastern-band-of-cherokee/

[9] Marinescu, I. (2018). No Strings Attached: The Behavioural Effects of U.S. Unconditional Cash Transfer Programs. Cambridge: National Bureau of Economic Research, (pg. 3)

გააზიარე