საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი

საფრანგეთის ინიციატივა ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის დავის გადასაჭრელად

Forbes-WEB-22071110

ბულგარეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1992 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა მაკედონიურ ენასა და იდენტობას სოფია ამ დრომდე არ ცნობს. ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ მაკედონიური ბულგარული ენის დიალექტია. ამას გარდა, ეჭვქვეშ აყენებს მაკედონიურ იდენტობას და აცხადებს, რომ მას ბულგარული ფესვები აქვს.

2020 წლის მარტში ევროპის კავშირის საბჭომ ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა, თუმცა, იმავე წლის ნოემბერში, ბულგარეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვის ადმინისტრაციამ სკოპიესა და ევროპის კავშირის მოლაპარაკებები იდენტობის, ისტორიისა და ენის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო დაბლოკა.

მეზობელ სახელმწიფოსთან დავის გამო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხება ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ახალი არ არის. წლების განმავლობაში სკოპიეს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს საბერძნეთთან ქვეყნის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოება აფერხებდა, რომელიც 2018 წელს დადებული პრესპას შეთანხმებით გადაიჭრა.

ამჟამად, ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპულ მისწრაფებებს ბულგარეთთან არსებული გაუგებრობა უშლის ხელს.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და ევროპის კავშირის დაახლოება 2000 წელს სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის შესახებ მოლაპარაკებების პროცესის შესახებ მოლაპარაკებებით დაიწყო. 2001 წელს ქვეყანამ ევროპის კავშირთან სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმებას (SAA) მოაწერა ხელი.

2004 წელს ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის კავშირის წევრობის შესახებ განცხადება შეიტანა, 2005 წლიდან კი EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს.

2017 წლის აგვისტოში ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც აღიარებს ორი ქვეყნის საერთო წარსულს და უკან იტოვებს ისტორიის განსხვავებულ ხედვას. აღნიშნული შეთანხმებით, ბულგარულ-მაკედონური კომისია შეიქმნა, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული სადავო საკითხები უნდა განეხილა, თუმცა, კომისიამ მცირე პროგრესს მიაღწია.

2019 წელს ბულგარეთმა ე.წ. „ჩარჩო პოზიცია“ წარადგინა, რომელშიც ის ძირითადი პირობები ჩამოაყალიბა, რომელიც სკოპიემ გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში უნდა დააკმაყოფილოს. ამას გარდა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბულგარეთი იქამდე არ დაუშვებს ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპის კავშირში ინტეგრაციას, ვიდრე სკოპიე უარს არ იტყვის ანტი-ბულგარულ იდეოლოგიაზე.

2021 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფიასა და სკოპიეს შორის მოლაპარაკებების ახალ რაუნდს საფუძვლად ბულგარეთის მიერ წარდგენილი 6-პუნქტიანი პროტოკოლი დაედებოდა, რომელიც ბულგარეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების არქონას, ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციაში ეთნიკური ბულგარელების აღნიშვნას, ბულგარეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას, ისტორიის ერთობლივ კომისიაში მეტ ჩართულობას, კომუნიზმის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და სიძულვილის ენის პრევენციას მოიცავდა.

2022 წლის 18 იანვარს, ბულგარეთის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის დამოუკიდებლობის აღიარების 30-ე წლისთავზე, აღნიშნული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს სკოპიეში შეხვდნენ. კირილ პეტკოვისა და დიმიტარ კოვაჩევსკის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სოფია ჩრდილოეთ მაკედონიის სახელწოდების საკითხს აღარ წამოჭრის. სანაცვლოდ, სკოპიემ გაეროს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ბულგარეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არა აქვს.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპული გაერთიანების გაფართოებაზე საუბარი განახლდა, საფრანგეთი, რომელიც ევროპის კავშირის საბჭოს  მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე თავმჯდომარეობდა, სოფია-სკოპიეს მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთო. საფრანგეთის შეთავაზების ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონიამ ეთნიკური ბულგარელების აღიარების, უმცირესობების უფლებების დაცვისა და სიძულვლის ენის აღმოსაფხვრელად კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შეიტანოს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან 17 წლის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონია ისტორიული შესაძლებლობის წინაშეა და სკოპიეს გადასაწყვეტია, რამდენად გამოიყენებს ამ გარემოებას.

საფრანგეთის წინადადებას მხარს უჭერს ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი, სტევო პენდაროვსკი და პრემიერ-მინისტრი, დიმიტარ კოვაჩევსკი.

„საფრანგეთის წინადადების მიღება ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების შესაძლებლობას მისცემს. ეს არც ისტორიული ტრიუმფი იქნება, როგორც ერთ ბანაკს სურს რომ თქვას და არც ისტორიული მარცხი, ან ნგრევა, როგორც ამას მეორე ბანაკში ამბობენ“, – სტევო პენდაროვსკი.

გამომდინარე იქიდან, რომ გაწევრიანების შესახებ სკოპიე-ევროპის კავშირის მოლაპარაკებების დაბლოკვით, ალბანეთის ევროინტეგრეციაც ფერხდება, ჩრდილოეთ მაკედონიაში მცხოვრები ეთნიკური ალბანელები და საკანონმდებლო ორგანოში მყოფი ალბანური პოლიტიკური გაერთიანებები საფრანგეთის წინადადებას მხარს უჭერენ.

ემანუელ მაკრონის შეთავაზება მიუღებელია მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებისთვის – „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის – VMRO-DPMNE“. პარტიის ლიდერის განცხადებით, მაკედონიის იდენტობის, ენისა და ისტორიის განხილვა ქვეყნის ღალატია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება მხარს საბერძნეთთან ისტორიულ შეთანხმებასაც არ უჭერდა და მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ზორან ზაევს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებდა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოლა დიმიტროვი, რომელიც ემხრობოდა საბერძნეთთან კომპრომისს და პრესპას შეთანხმების ერთ-ერთი არქიტექტორია, მხარს არ უჭერს საფრანგეთის წინადადებას. მისი თქმით, ეს იქნება სახიფათო პრეცედენტი, როდესაც ორ ქვეყანას შორის გადასაჭრელი საკითხი ბრიუსელის დღის წესრიგის ნაწილი გახდება.

„საფრანგეთის წინადადება არ მიგვიყვანს ევროპის კავშირში გაწევრიანებამდე, ეს მიგვიყვანს ვიწრო ხეივნისკენ, რომელიც დატვირთულია ბულგარეთის მოთხოვნებით. აღნიშნული შეთავაზება სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩვენს შემდეგ მოვლენ, პრეცედენტებს აყალიბებს“, – ნიკოლა დიმიტროვი.

მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთთან კომპრომისულ გეგმას მხარი დაუჭირეს, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მოსახლეობის უმრავლესობისთვის მაკედონიის ენა, ისტორია და იდენტობა  წითელი ხაზია და განხილვას არ ექვემდებარება.

ემანუელ მაკრონის ინიციატივის მოწინააღმდეგეთა აზრით, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა არ შეიძლება იყოს ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა. ამას გარდა, ბულგარეთმა უნდა დადოს პირობა, რომ კომპრომისის მიღწევის შემთხვევაში, სკოპიეს სხვა მოთხოვნებს აღარ წაუყენებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება. ამჟამად, 120 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო კოალიცია მხოლოდ 64 მანდატს ფლობს. კონსტიტუციაში ეთნიკური ბულგარელების აღნიშვნას მთავარი ოპოზიციური პარტია – „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის“ არ ემხრობა, შესაბამისად, არასაკმარისი საპარლამენტო მხარდაჭერის პირობებში ბულგარეთის ზემონახსენები მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია.

პარალელურად, ბულგარეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისია. კირილ პეტკოვის მთავრობას, რომელიც ხელისუფლების სათავეში ექვსი თვის წინ მოვიდა, 22 ივნისს უნდობლობა გამოუცხადეს და დაემხო. თუ სამი მცდელობის მიუხედავად, ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, რა შემთხვევაშიც სოფია-სკოპიეს დავის მოგვარება დროში მნიშვნელოვნად გაიწელება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები სამჯერ – აპრილში, ივლისსა და ნოემბერში გაიმართა, რის შედეგადაც კირილ პეტკოვმა სუსტი უმრავლესობის ჩამოყალიბება შეძლო.

ნაცვლად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკა ზეპარტიული იყოს და მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები (ჩრდილოეთ მაკედონიაში „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის – VMRO-DPMNE“ და ბულგარეთში „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის – GERB“) ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ, როგორც ბულგარეთში, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიაში, ორ ქვეყანას შორის ენასთან, იდენტობასთან და ისტორიასთან დაკავშირებულ დავას მთავარი ოპოზიციური გაერთიანებები, პოლიტიკური ქულების დაწერისა და ხელისუფლების სათავეში ხელახლა მოსვლის შესაძლებლობად აღიქვამენ. ორივე ზემოაღნიშნული პარტია „ეროვნული ღალატის“ თავიდან აცილების მიზნით, საკუთარ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას უჭერს მხარს.

ბულგარეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის, ჩრდილოეთ მაკედონიის საკანონმდებლო ორგანოში სუსტი საპარლამენტო უმრავლესობის მქონე მმართველი კოალიციისა და მოსახლეობის წინააღმდეგობის პირობებში გაურკვეველია კიდევ რამდენ ხანს მოუწევს სკოპიეს ევროპის კავშირში ინტეგრაციის მოლოდინში ყოფნა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა