"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საქართველო ექსპორტზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 38-ე ადგილზეა

ბლოგი - Export

საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში  საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

საქონლის ექსპორტი მოიცავს ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციის გატანას, რომლის აღრიცხვაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას ხდება. შედარებით რთული აღსარიცხია მომსახურების ექსპორტი, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის, მომსახურებამ საზღვარი გადაკვეთოს. შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში იმყოფებოდეს და აქ გაეწიოს მომსახურება, მაგალითად, განათლება მიიღოს ან იმკურნალოს, რაც მომსახურების ექსპორტად ითვლება. მომსახურების ექსპორტია ასევე ტურიზმი.

ტრადიციულად, როცა სიტყვა „ექსპორტი“ გვესმის, საქონლის ექსპორტი იგულისხმება, მაგრამ დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში მომსახურების ექსპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ეკონომიკის 65%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის.

ექსპორტის სტატისტიკას, როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ეკონომიკასთან, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ. ექსპორტის მოცულობის მშპ-თან ფარდობა გვაჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დამოკიდებული ექსპორტზე, ანუ რა წილი უჭირავს ექსპორტირებულ საქონელსა და მომსახურებას ეკონომიკაში.

ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულება ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, თუმცა გლობალური ან რეგიონალური კრიზისების დროს, ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულების ქვეყნები უფრო ზარალდებიან, როგორც ეს მოხდა 2020-2021 წლებში პანდემიის ზეგავლენით.

საქართველო ექსპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2019 წელს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებულებით  საქართველო 156 ქვეყანას შორის 38-ე ადგილზე იყო. საქართველოზე მეტად იმპორტზე 37 ქვეყანა იყო დამოკიდებული. 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 9.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მშპ-ის 54.8%-ს შეადგენდა. 2018 წლისთვის 172 ქვეყნის მონაცემია ცნობილი და მათ შორის საქართველო 49-ე ადგილს იკავებდა, ექსპორტი მშპ-ის მიმართ 50.1% იყო.

2020 წლის ექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ჯერჯერობით რანჟირებული არ არის. თუმცა უკვე ცნობილია, რომ პანდემიამ 2020 წელს საქართველოდან საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 38%-ით შეამცირა და ექსპორტმა მშპ-ის მიმართ 37.7% შეადგინა.

2019 წელს საქართველოს ექსპორტში საქონელმა 5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მომსახურებამ – 4.6 მილიარდი. 2020 წელს საქონლის ექსპორტი 4.4 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო მომსახურების – 1.6 მილიარდამდე. მომსახურების ექსპორტში საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურიზმია. 2019 წელს ქვეყანამ ტურიზმით 3.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2020 წელს – 542 მლნ დოლარის.

საქართველოს საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-ის მიმართ 2013-2020 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი
ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული ექსპორტზე

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტად ექსპორტზე ლუქსემბურგია დამოკიდებული, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა. 2019 წელს ლუქსემბურგის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 150 მილიარდ დოლარამდე იყო. მათ შორის, უმეტესი წილი მომსახურების ექსპორტი იყო. ლუქსემბურგი საფინანსო მომსახურების ექსპორტით გამოირჩევა. მეორე ადგილზე ჰონგ-კონგია, რომელიც ასევე მომსახურების ექსპორტის გავლენით იკავებს ასეთ მაღალ პოზიციას. ტოპ-ათეულში ფინანსური ცენტრების გარდა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და სამრეწველო პროდუქციის წარმოებით გამორჩეული ქვეყნებიც ხვდებიან.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა: აზერბაიჯანის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-ის 49%-ია, სომხეთის – 41%, თურქეთის – 33% და რუსეთის – 28.3%.

2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტზე ყველაზე ნაკლებად სუდანი იყო დამოკიდებული – 7.7%-ით. შემდეგ მოდის ეთიოპია 17.9%-ით და ნეპალი 8.8%-ით. ექსპორტზე დამოკიდებულება დაბალია აშშ-შიც  – 11.7%. თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში აშშ მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ის წლიურად 2.5 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტს ახორციელებს.

საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2019 წელი

 

ქვეყანა

მშპ-ის მიმართ, %

1

ლუქსემბურგი

209

2

ჰონგ-კონგი

177

3

სინგაპური

174

4

მალტა

144

5

ირლანდია

127

6

ვიეტნამი

107

7

საამიროები

92

8

სლოვაკეთი

92

9

სლოვენია

84

10

ნიდერლანდები

83

წყარო: მსოფლიო ბანკი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა