"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
საქართველო ინფლაციის დონით მსოფლიოში 34-ე ადგილზეა
ინფლაციის დონით, ანუ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდით საქართველო მსოფლიოში 34-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ინფლაცია სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გაძვირებას ნიშნავს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ინფლაციის დონეს თითქმის ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ითვლის – სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) გამოყენებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათას ეყრდობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში 300-მდე დასახელების განსხვავებულ საქონელსა და მომსახურებას მოიცავს, თუმცა პრინციპი საერთოა: სამომხმარებლო კალათაში შედის ის საქონელი და მომსახურება, რაზეც ძირითადად ხარჯავს მოსახლეობა ფულს და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას. ღარიბი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში უფრო დიდი წილი უჭირავს სურსათს და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტებს, მდიდარ ქვეყანაში კი სურსათის წილი შედარებით მაღალია და იზრდება ჯანდაცვის, განათლებისა და დასვენება-გართობის მომსახურების წილი.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი მოიცავს 12 სასაქონლო ჯგუფს. ფასების ინდივიდუალური ინდექსების ბაზაზე გაიანგარიშება ფასების აგრეგირებული ინდექსები თითოეული სასაქონლო ჯგუფისათვის, როგორც თითოეული ქალაქისათვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის.
ინდექსში პროდუქტებს განსხვავებული წონა აქვთ. რაზეც მეტი თანხა იხარჯება, მას მეტი წონა აქვს და, შესაბამისად, მისი გაძვირება უფრო მეტად აისახება ინფლაციის საბოლოო, აგრეგირებულ მაჩვენებელზე, რასაც წლიური ინფლაციის დონედ მოვიხსენიებთ. მაგალითად, საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სურსათს 29% უჭირავს, სიგარეტს – 3%. თუ სურსათი 10%-ით გაძვირდება, ეს ინფლაციის მაჩვენებელს 2.9%-ით გაზრდის, ხოლო თუ სიგარეტი გაძვირდება 10%-ით, ინფლაციის საბოლოო მაჩვენებელი 0.3%-ით გაიზრდება.
ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელს სხვადასხვა ორგანიზაცია აქვეყნებს, მაგრამ ოპერატიულ, ყოველთვიურად განახლებად ინფორმაციას პორტალი Tradingeconomics-ი აქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც ვეყრდნობით მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ადგილის განსასაზღვრად.
საქართველო ინფლაციის რეიტინგში
Tradingeconomics-ის აპრილის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა. ეს რიცხვი ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს. 7.2%-იანი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 34-ე ადგილზეა, ანუ უფრო მაღალი ინფლაცია 33 ქვეყანაშია, დაახლოებით 160 ქვეყანაში კი უფრო დაბალი ინფლაციაა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2020 წელს ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 87-ე ადგილზე იყო წლიური 2.4% ინფლაციით. 2019 წელს 29-ე ადგილზე იყო 7% ინფლაციით. 2018 წელს 134-ე ადგილზე იყო, ხოლო 2017 წელს – 34-ე ადგილზე.
საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სასტუმროებისა და კაფეების მომსახურება გაძვირდა – 15%-ით, 13.8%-ით გაძვირდა ჯანდაცვის მომსახურება, 12.4%-ით საწვავი, კომუნალური გადასახადები 7.1%-ით გაიზარდა. სურსათიდან ყველაზე მეტად ზეთი გაძვირდა – 40.2%-ით, შაქარი და ტკბილეული 12.3%-ით გაძვირდა, ყავა და ჩაი 10%-ით, პური 6.4%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 6.1%-ით.
ქვეყნები, სადაც ინფლაციის დონე ყველაზე მაღალია
ბოლო ერთ წელიწადში, გასული წლის მარტი/აპრილიდან 2021 წლის მარტი/აპრილამდე ინფლაციის დონე ყველაზე მაღალი ვენესუელაში იყო – 3,012%. ვენესუელა პანდემიამდეც ეკონომიკურ კრიზისში იყო, რისი ერთ-ერთი შედეგი ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციაა.
ინფლაციის დონით მე-2 ადგილზე სუდანია, სადაც ფასები 341%-ით გაიზარდა. შემდეგ ზიმბაბვე მოდის 184% ინფლაციით. მაღალი ინფლაციით ძირითადად ღარიბი ქვეყნები გამოირჩევიან, თუმცა ტოპ-10 ქვეყანაში ხვდებიან ირანი და არგენტინაც, სადაც ინფლაცია 49.5% და 42.6%-ია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, ბოლო ერთ წელიწადში, ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთში დაფიქსირდა – 17.1%. სომხეთში ინფლაცია 6.2%-ია, რუსეთში 5.5%, ხოლო აზერბაიჯანში 3.9%.
გასულ 12 თვეში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ინფლაციის ნაცვლად დეფლაცია დაფიქსირდა, ანუ ფასები შემცირდა. ყველაზე მეტად ფასები ფიჯიში შემცირდა – 2.4%-ით. არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში 2-2%-ით შემცირდა, საბერძნეთში 1.6%-ით, ეკვადორში 1.5%-ით. დანარჩენ ქვეყნებში ფასები 1%-ზე ნაკლები დონით შემცირდა.
ყველაზე მაღალი ინფლაციის დონის მქონე 10 ქვეყანა, 2020 წლის მარტი/აპრილი
ქვეყანა | ინფლაციის დონე, % | |
1 | ვენესუელა | 3012 |
2 | სუდანი | 341 |
3 | ზიმბაბვე | 184 |
4 | ლიბანი | 158 |
5 | სურინამი | 50 |
6 | ირანი | 49.5 |
7 | არგენტინა | 42.6 |
8 | ანგოლა | 24.7 |
9 | ზამბია | 22.7 |
10 | ეთიოპია | 19.2 |
წყარო: tradingeconomics.com
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024