"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
საქართველო ინფლაციის დონით მსოფლიოში 76-ე ადგილზეა
Trading Economics-ის მონაცემებით, 2022 წლის ბოლოს დაფიქსირებული ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 76-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ინფლაცია სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გაძვირებას ნიშნავს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ინფლაციის დონეს თითქმის ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ითვლის – სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) გამოყენებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათას ეყრდნობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში 300-მდე დასახელების განსხვავებულ საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. თუმცა პრინციპი საერთოა: სამომხმარებლო კალათაში შედის ის საქონელი და მომსახურება, რაზეც ძირითადად ხარჯავს მოსახლეობა ფულს და ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას ასახავს. ღარიბი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში უფრო დიდი წილი უჭირავს სურსათს და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტებს, მდიდარ ქვეყანაში კი სურსათის წილი შედარებით დაბალია და იზრდება ჯანდაცვის, განათლებისა და დასვენება-გართობის მომსახურების წილი.
სამომხმარებლო ფასების ინდექსში პროდუქტებს განსხვავებული წონები აქვთ. რაზეც მეტი თანხა იხარჯება, მას მეტი წონა აქვს და, შესაბამისად, მისი გაძვირება უფრო მეტად აისახება ინფლაციის საბოლოო, აგრეგირებულ მაჩვენებელზე, რასაც წლიური ინფლაციის დონედ მოვიხსენიებთ. მაგალითად, საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სურსათს 30% უჭირავს, სიგარეტს – 3%. თუ სურსათი 10%-ით გაძვირდება, ეს ინფლაციის მაჩვენებელს 3%-ით გაზრდის, ხოლო თუ სიგარეტი გაძვირდება 10%-ით, ინფლაციის საბოლოო მაჩვენებელი 0.3%-ით გაიზრდება.
ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელს სხვადასხვა ორგანიზაცია აქვეყნებს, მაგრამ ოპერატიულ, ყოველთვიურად განახლებად ინფორმაციას პორტალი Tradingeconomics-ი აქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც ვეყრდნობით მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ადგილის განსასაზღვრად.
საქართველო ინფლაციის რეიტინგში
Tradingeconomics-ის 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ინფლაციის დონემ 9.8% შეადგინა. ეს რიცხვი ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს. 9.8%-იანი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 76-ე ადგილზეა, ანუ უფრო მაღალი ინფლაცია 75 ქვეყანაშია, ხოლო 104 ქვეყანაში უფრო დაბალი ინფლაციაა.
საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 16.3%-ით – სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები, რომლებიც 15.8%-ით გაძვირდა. 14.8%-ით გაძვირდა რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურება. თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 84%-ით სიმინდის ფქვილი გაძვირდა. შემდეგ მოდის ხახვი, რომელიც 64%-ით გაძვირდა. კარტოფილი 47%-ით გაძვირდა, სარეცხი საპონი – 43%-ით. 37%-ით გაძვირდა ბინის დაქირავება.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში ყველაზე მეტად, 46%-ით, კომბოსტო გაიაფდა.
გრაფიკი: წლიური ინფლაციის დონე საქართველოში
წყარო: საქსტატი
ქვეყნები, სადაც ინფლაციის დონე ყველაზე მაღალია
ბოლო ერთ წელიწადში ფასები ყველაზე მეტად ზიმბაბვეში გაიზარდა – 244%-ით. ზიმბაბვეს ზოგადად მაღალი ინფლაცია ახასიათებს. ქვეყანას წინა წლებშიც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა.
ინფლაციის დონით მე-2 ადგილზე ვენესუელაა, სადაც ფასები 156%-ით გაიზარდა. შემდეგ ლიბანი მოდის 142%-იანი ინფლაციით. მაღალი ინფლაციით ძირითადად ღარიბი ქვეყნები გამოირჩევიან, თუმცა ტოპ-10 ქვეყანაში ხვდებიან არგენტინა და თურქეთი, სადაც ინფლაცია 95% და 64%-ია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2022 წელს ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთში დაფიქსირდა – 64%. აზერბაიჯანში ინფლაცია 13.9%-ია, რუსეთში – 11.9%, ხოლო სომხეთში – 8.3%.
2022 წელს დეფლაცია, ანუ ფასების შემცირება მხოლოდ სამხრეთ სუდანში დაფიქსირდა – 11.6%. ყველაზე ნაკლებად კი ფასები ჩინეთში გაიზარდა – 1.8%-ით.
ყველაზე მაღალი ინფლაციის დონის მქონე 10 ქვეყანა 2022 წელს
ქვეყანა | ინფლაციის დონე, % | |
1 | ზიმბაბვე | 244 |
2 | ვენესუელა | 156 |
3 | ლიბანი | 142 |
4 | სირია | 139 |
5 | არგენტინა | 95 |
6 | სუდანი | 87 |
7 | თურქეთი | 64 |
8 | შრი-ლანკა | 57 |
9 | განა | 54 |
10 | ირანი | 52 |
წყარო: tradingeconomics.com
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024