"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
საქართველო ინფლაციის დონით მსოფლიოში მე-17 ადგილზეა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021 წლის ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ინფლაცია სამომხმარებლო საქონლის და მომსახურების გაძვირებას ნიშნავს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ინფლაციის დონეს თითქმის ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ითვლის – სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) გამოყენებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათას ეყრდნობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში 300-მდე დასახელების განსხვავებულ საქონელს და მომსახურებას მოიცავს. თუმცა, პრინციპი საერთოა: სამომხმარებლო კალათაში შედის ის საქონელი და მომსახურება, რაზეც ძირითადად ხარჯავს მოსახლეობა ფულს და ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას ასახავს. ღარიბი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში უფრო დიდი წილი უჭირავს სურსათს და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტებს, მდიდარი ქვეყანაში კი სურსათის წილი შედარებით დაბალია და იზრდება ჯანდაცვის, განათლების და დასვენება-გართობის მომსახურების წილი.
სამომხმარებლო ფასების ინდექსში პროდუქტებს განსხავებული წონები აქვთ. რაზეც მეტი თანხა იხარჯება, მას მეტი წონა აქვს და შესაბამისად, მისი გაძვირება უფრო მეტად აისახება ინფლაციის საბოლოო, აგრეგირებულ მაჩვენებელზე, რასაც წლიური ინფლაციის დონედ მოვიხსენიებთ. მაგალითად, საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სურსათს 29% უჭირავს, სიგარეტს – 3%. თუ სურსათი 10%-ით გაძვირდება, ეს ინფლაციის მაჩვენებელს 2.9%-ით გაზრდის, ხოლო თუ სიგარეტი გაძვირდება 10%-ით, ინფლაციის საბოლოო მაჩვენებელი 0.3%-ით გაიზრდება.
ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელს სხვადასხვა ორგანიზაციები აქვეყნებენ, მაგრამ ოპერატიულ, ყოველთვიურად განახლებად ინფორმაციას პორტალი Tradingeconomics აქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც ვეყრდნობით მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ადგილის განსასაზღვრად.
საქართველო ინფლაციის რეიტინგში
Tradingeconomics-ის სექტემბრის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა. ეს რიცხვი ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს. 12.3%-იანი ინფლაციის დონით საქართველოს მსოფლიოში მე-17 ადგილზეა, ანუ უფრო მაღალი ინფლაცია 16 ქვეყანაშია, ხოლო 178 ქვეყანაში ურო დაბალი ინფლაციაა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2020 წელს ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 84-ე ადგილზე იყო წლიური 2.4% ინფლაციით. 2019 წელს 30-ე ადგილზე იყო 7% ინფლაციით. ფონდის პროგნოზით 2021 წლის ბოლოს საქართველოში ინფლაცია 13% იქნება და მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილს დაიკავებს.
საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ტრანსპორტის გამოყენება გაძვირდა – 20.3%-ით, 16%-ით გაძვირდა სურსათი, კომუნალური გადასახადები 7.1%-ით გაიზარდა. 9.2%-ით გაძვირდა ჯანდაცვის მომსახურება. სურსათიდან ყველაზე მეტად ზეთი გაძვირდა – 41%-ით, ბოსტნეული 38%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 17%-ით, შაქარი და ტკბილეული 16.6%-ით, პური 13.2%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის დონე საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, სადაც ინფლაციის დონე ყველაზე მაღალია
ბოლო ერთ წელიწადში, გასული წლის სექტემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე ინფლაციის დონე ყველაზე მაღალი ვენესუელაში იყო – 1,946%. ვენესუელა პანდემიამდეც ეკონომიკურ კრიზისში იყო, რისი ერთ-ერთი შედეგი ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციაა.
ინფლაციის დონით მე-2 ადგილზე სუდანია, სადაც ფასები 366%-ით გაიზარდა. შემდეგ ლიბანი მოდის 144% ინფლაციით. მაღალი ინფლაციით ძირითადად ღარიბი ქვეყნები გამოირჩევიან, თუმცა ტოპ 10 ქვეყანაში ხვდებიან არგენტინა და ირანიც, სადაც ინფლაცია 53% და 44%-ია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთში დაფიქსირდა – 19.6%. სომხეთში ინფლაცია 8.9%-ია, რუსეთში 7.4%, ხოლო აზერბაიჯანში 5.2%.
გასულ 12 თვეში მსოფლიოს 4 ქვეყანაში ინფლაციის ნაცვლად დეფლაცია დაფიქსირდა, ანუ ფასები შემცირდა. ყველაზე მეტად ფასები კომოროსში შემცირდა – 6%-ით. რუანდაში 3.2%-ით შემცირდა, კაიმანის კუნძულებზე 1%-ით, ჩადიში კი 0.7%-ით.
ყველაზე მაღალი ინფლაციის დონის მქონე 10 ქვეყანა, 2021 წლის სექტემბერი
ქვეყანა | ინფლაციის დონე, % | |
1 | ვენესუელა | 1,946 |
2 | სუდანი | 366 |
3 | ლიბანი | 144 |
4 | სირია | 72 |
5 | სურინამი | 60 |
6 | არგენტინა | 53 |
7 | ზიმბაბვე | 52 |
8 | ირანი | 44 |
9 | ეთიოპია | 35 |
10 | ანგოლა | 27 |
წყარო: tradingeconomics.com
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024