"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საქართველო კორუფციის რეიტინგში 45-ე ადგილზეა

Forbes-WEB-22012603

25 იანვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველო 45-ე ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით დაბალი კორუფციის დონე 44 ქვეყანაშია.

მეთოდოლოგია

ქვეყნების მიხედვით კორუფციის დონის რეიტინგს რამდენიმე ორგანიზაცია აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი და, შესაბამისად, გავლენიანი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია კორუფციის აღქმის ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. კორუფციად აღქმულია საჯარო ძალაუფლების პირადი სარგებლისთვის ბოროტად (არაკანონიერად) გამოყენება.

კორუფციის ინდექსი 16 კვლევის შედეგებს ემყარება, რომლებსაც 12 სხვადასხვა ორგანიზაცია ატარებს. აქედან, 13 კვლევა უშუალოდ ბიზნესსაქმიანობაში ჩართული ადამიანებისა და ექსპერტების გამოკითხვაა, თუ როგორ აფასებენ ისინი კორუფციის დონეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იყენებს ისეთი გავლენიანი ორგანიზაციების გამოკითხვებს და კვლევებს, როგორიცაა: მსოფლიო ბანკი, „ფრიდომ ჰაუსი“, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიოს სამართლის პროექტი, ჟურნალი „ეკონომისტი“ და სხვა.

კორუფციის აღქმის ინდექსში 100 ქულა კორუფციის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. ბოლო, 2021 წლის ინდექსი 180 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში

2022 წლის 25 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რომელიც 2021 წლის მდგომარეობას ასახავს, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 55 ქულა აქვს და 45-ე ადგილს იყოფს ბოტსვანასთან, დომინიკასთან და ფიჯისთან ერთად.  გასულ წელს საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსში 56 ქულა ჰქონდა. საქართველოს ქულა ერთით შემცირდა, თუმცა 45-ე პოზიცია შეინარჩუნა.

2021 წლის ინდექსში საქართველოს ქულა ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსს, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსს, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგს, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევას, პროექტ „დემოკრატიის ვარიაციებს“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვას ემყარება.

ინდექსის მიხედვით, საქართველოში კორუფციის შემცირების მხრივ ბოლო წლებში პროგრესი არ არის. 2016 და 2018 წლებში საქართველოს უფრო მაღალი ქულა ჰქონდა, ვიდრე 2020-2021 წლებში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია წვრილმანი კორუფციის შემცირების მხრივ, მაგრამ მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები ისევ არის.  მაღალი დონის კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი სისტემური ნაბიჯები არ გადაუდგამს. შესაბამისად, მასშტაბური ანტიკორუფციული რეფორმის გარეშე საქართველოში კორუფციის დონე არ შემცირდება და ქვეყანა დაბალი კორუფციის მქონე ქვეყნების ჯგუფში ვერ გადავა. ამჟამად საქართველოს საშუალო შედეგი აქვს.

თავად „კორუფციის აღქმის ინდექსის“ ავტორები საქართველოში კორუფციის მხრივ არსებულ კონტექსტს შემდეგნაირად ახასიათებენ: „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც, 55 ქულით, რეგიონში ლიდერობს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების სფეროში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი“.

საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის რეიტინგში

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა
ქვეყნები, სადაც კორუფციის დონე ყველაზე დაბალია

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი კორუფცია დანიაში, ფინეთსა და ახალ ზელანდიაშია, რომლებიც რეიტინგში პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ 88-88 ქულით (მაქსიმალური 100 ქულიდან). მეოთხე ადგილს 3 ქვეყანა ინაწილებს 85-85 ქულით, ესენია: ნორვეგია, სინგაპური და შვედეთი.

2021 წელს ყველაზე დიდი წინსვლა მალავის ჰქონდა, რომელიც 5 პოზიციით დაწინაურდა დაახლა 110-ე ადგილზეა.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალ პოზიციაზე სომხეთია, რომელიც 58-ე ადგილზეა 49 ქულით. თურქეთი 96 ადგილზეა 38 ქულით, აზერბაიჯანი 128-ე ადგილზეა 30 ქულით და რუსეთი 136-ე ადგილზეა 29 ქულით.

კორუფციის რეიტინგში ბოლო ადგილზე სამხრეთი სუდანია 11 ქულით, შემდეგ მოდის სირია და სომალი 13-13 ქულით, ანუ ისინი ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად არიან მიჩნეული. შემდეგ მოდის ვენესუელა, იემენი და ჩრდილოეთი კორეა.

დაბალი კორუფციის მხრივ ლიდერი ტოპ 10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ქულა

1

დანია

88

1

ფინეთი

88

1

ახალი ზელანდია

88

4

ნორვეგია

85

4

სინგაპური

85

4

შვედეთი

85

7

შვეიცარია

84

8

ნიდერლანდები

82

9

ლუქსემბურგი

81

10

გერმანია

80

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა