"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საქართველო მთავრობის ვალით მსოფლიოში 138-ე ადგილზეა

ბესო-02 (1)

ეკონომიკის მიმართ მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 138-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გარკვეული მოცულობის დავალიანება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს. მთავრობის ვალი ორი სახის არის: საშინაო და საგარეო. საშინაო ვალს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობისგან იღებს, ძირითადად ეს ხდება კომერციულ ბანკებზე ან საფინანსო ფონდებზე ფასიანი ქაღალდების მიყიდვით. საგარეო ვალს კი მთავრობები სხვა ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. განვითარებადი ქვეყნები უმეტესად საგარეო ვალს იღებენ, სადაც ძირითადი დონორები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან და განვითარებად ქვეყნებს კრედიტებს სოციალ-ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად აძლევენ.

ქვეყნის დავალიანების ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიარდი ლარის ვალი აქვს საქართველოს) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან ვალის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის ვალის ტვირთის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან (მთლიან შიდა პროდუქტთან – მშპ) ფარდობაა.

ქვეყნების მიხედვით მთავრობის ვალის ტვირთის მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2023 წლის აპრილში გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ს მიმართ 39.8% იყო და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 188 ქვეყანას შორის 138-ე ადგილზეა. საქართველოზე მძიმე დავალიანება 137 ქვეყანას აქვს, 50 ქვეყანას კი ნაკლებად აწევს ვალის ტვირთი. 2021 წელს საქართველო რეიტინგში 123-ე ადგილზე იყო მშპ-ს მიმართ 49.7%-ის სიდიდის ვალით. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთავრობის ვალის ტვირთი 9.9%-ით შემცირდა და რეიტინგში ადგილი საქართველომ 15 ადგილით გაიუმჯობესა.

2022 წელს საქართველოს მთავრობის ვალი 1.2 მილიარდი ლარით შემცირდა. ვალის შემცირება ლარის გამყარებამ განაპირობა. რადგან მთავრობის ვალის 75% უცხოურ ვალუტაშია, ლარის კურსის გამყარება ლარში გამოხატულ ვალს ამცირებს. მშპ-ს მიმართ ვალის შემცირება ლარის გამყარებასთან ერთად მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ და ინფლაციამ განაპირობა. 2022 წელს საქართველოს ნომინალური მშპ 20%-ით გაიზარდა.

2023 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 27.7 მლრდ ლარია, რაც მშპ-ის დაახლოებით 38%-ია. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ს მიმართ 40.5% იქნება.

საქართველოს მთავრობის ვალი 2013-2016 წლებშიც იზრდებოდა, 2017-2018 წლებში მშპ-ის მიმართ მცირედით შემცირდა – 38.9%-მდე, თუმცა 2019 წელს მშპ-ის 40.4%-მდე გაიზარდა. 2020 წელს პანდემიის გამო ვალი მშპ-ის მიმართ თითქმის 20%-ით გაიზარდა და 60.2% შეადგინა. ბოლო 2 წელში კი ისევ შემცირდა 22%-ით.

საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 2014-2023 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აქვს

სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში მთავრობის ვალი ყველაზე მძიმე ტვირთად იაპონიას აწევს, სადაც მთავრობას მშპ-ის მიმართ 261% ვალი აქვს – 10 ტრილიონ დოლარამდე. მეორე ადგილზე საბერძნეთია, რომელსაც მშპ-ის მიმართ 177% ვალი აქვს. მესამე ადგილზე ერიტრეაა მშპ-ის მიმართ 164% მთავრობის ვალით. ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აშშ-ს აქვს – 33 ტრილიონი დოლარი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი სომხეთს აქვს, მშპ-ის მიმართ 49.3%. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ 31.2%-ით. აზერბაიჯანის მთავრობის ვალი მშპ-ის 20.7%-ია, რუსეთის კი მშპ-ის 20%.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი დავალიანება ბრუნეის მთავრობას აქვს – მშპ-ის 2.1%. შემდეგ ქუვეითი მოდის მშპ-ის მიმართ 2.9%-ით და ჰონგ-კონგი მშპ-ის მიმართ 4.3% დავალიანებით. დაბალი დავალიანება ძირითადად ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებს აქვთ.

ყველაზე მაღალი მთავრობის ვალის მქონე 10 ქვეყანა, 2022 წლის დეკემბერი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1იაპონია261
2საბერძნეთი177
3ერიტრეა164
4ვენესუელა158
5იტალია145
6სინგაპური134
7ლაოსი129
8სუდანი128
9კაბო-ვერდე127
10ბუტანი125

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა