"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საქართველო მთავრობის ვალით მსოფლიოში 141-ე ადგილზეა

ვალი2

ეკონომიკის მიმართ მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 141-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გარკვეული მოცულობის დავალიანება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს. მთავრობის ვალი ორი სახის არის: საშინაო და საგარეო. საშინაო ვალს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობისგან იღებს, ძირითადად ეს ხდება კომერციული ბანკებისთვის ან საფინანსო ფონდებისთვის ფასიანი ქაღალდების მიყიდვით. საგარეო ვალს კი მთავრობები სხვა ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. განვითარებადი ქვეყნები უმეტესად საგარეო ვალს იღებენ, სადაც ძირითადი დონორები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან.

ქვეყნის დავალიანების ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიარდი ლარის ვალი აქვს საქართველოს) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან ვალის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის ვალის ტვირთის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან (მთლიან შიდა პროდუქტთან – მშპ) ფარდობაა.

ქვეყნების მიხედვით მთავრობის ვალის ტვირთის მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2022 წლის 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 39.8% იქნება და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 188 ქვეყანას შორის 141-ე ადგილზეა. საქართველოზე მძიმე დავალიანება 140 ქვეყანას აქვს, 47 ქვეყანა კი ნაკლებ ვალებშია. 2020 წელს საქართველო რეიტინგში 92-ე ადგილზე იყო, 2021 წლის ბოლოს კი 124-ე ადგილზე.

2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 27.6 მლრდ ლარია, რაც მშპ-ის დაახლოებით 41%-ია. ცნობისათვის, 2021 წლის ბოლოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 49.5% იყო. მიმდინარე წელს მშპ-ის მიმართ ვალის ტვირთის მნიშვნელოვანი კლება (8.5% პუნქტით) იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებულმა ნომინალური მშპ-ის 20%-მდე ზრდამ და ლარის გამყარებამ განაპირობა. ვინაიდან მთავრობის ვალის 76% უცხოურ ვალუტაშია, ლარის კურსის გამყარება ლარში გამოხატულ ვალს ამცირებს.

საქართველოს მთავრობის ვალი 2013-2016 წლებშიც იზრდებოდა, 2017-2018 წლებში მშპ-ის მიმართ მცირედით შემცირდა – 38.9%-მდე, თუმცა 2019 წელს მშპ-ის 40.4%-მდე გაიზარდა. 2020 წელს პანდემიის გამო ვალი მშპ-ის მიმართ თითქმის 20% პუნქტით გაიზარდა და 60.2% შეადგინა. ბოლო 2 წელიწადში კი ისევ შემცირდა თითქმის 20% პუნქტით.

საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 2014-2022 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აქვს

სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში მთავრობის ვალი ყველაზე მძიმე ტვირთად იაპონიას აწევს, სადაც მთავრობას მშპ-ის მიმართ 264% ვალი აქვს – 10 ტრილიონ დოლარამდე. მეორე ადგილზე ვენესუელაა, რომელსაც მშპ-ის მიმართ 241% ვალი აქვს. მესამე ადგილზე სუდანია მშპ-ის მიმართ 190% მთავრობის ვალით. ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აშშ-ს აქვს – 30.6 ტრილიონი დოლარი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი სომხეთს აქვს, მშპ-ის მიმართ 52.3%. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ 37.5%-ით. აზერბაიჯანის მთავრობის ვალი მშპ-ის 20.7%-ია, რუსეთის კი მშპ-ის 16.2%.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი დავალიანება ბრუნეის მთავრობას აქვს – მშპ-ის 1.9%. შემდეგ ტუვალუ მოდის მშპ-ის მიმართ 4.8%-ით და ქუვეითი მშპ-ის მიმართ 7.1% დავალიანებით.

ყველაზე მაღალი მთავრობის ვალის მქონე 10 ქვეყანა, 2022 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1იაპონია264
2ვენესუელა241
3სუდანი190
4საბერძნეთი178
5ერიტრეა165
6კაბო-ვერდე155
7იტალია147
8სინგაპური141
9სურინამი134
10ბუტანი131

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა