„ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრ "მედიახმის" დამფუძნებელი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე.“
სარკეში ჩახედვა რომ მარტივი იყოს
სოციალური ქსელების “სქროლვაში” ახალი კამპანია დავლანდე. მალევე შევამჩნიე, რომ ამ კამპანიის თვალის დევნება მსიამოვნებდა. ეს ალგორითმსაც არ გამოეპარა და მალევე, თავისი მედიაარჩევანი ჩემს მოთხოვნილებებს მოარგო. მეც სულ უფრო და უფრო მომეწონა კამპანია, რომელიც თან ჩემი თინეიჯერობის მოგონებებთან და თან იმ მომავალთან იყო კავშირში, რომელსაც არსად და ვერსად გავექცევი.
მოკლედ, მთელი ზაფხული მოდის ჟურნალი „ვოგი“ სექტემბერში 90-იანი წლების სუპერმოდელების გამოჩენას აანონსებდა. ცნობილი სუპერმოდელები ახლა თავის „50-იანებში“ არიან.
მედია და სილამაზის სტანდარტები
რადგან მედია ჩვენი ჩვევების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს, მას ნამდვილად შეუძლია სტერეოტიპების დანერგვაც და დანგრევაც. ჩვენ სულ უფრო მეტ დროს ვატარებთ მედიასთან და სხვადასხვა მედიუმებით ვისრუტავთ ინფორმაციას, რომელიც გაჯერებულია გაფილტრული იმიჯებით, ახალი სტანდარტებითა და სტერეოტიპებით. ბოლო ათწლეულის კვლევები ადასტურებს, რომ არსებობს კავშირი მედიაში წარმოდგენილი გამხდარი ქალისა თუ დაკუნთული კაცის იდეალსა და რიგ ფსიქოლოგიურ სიმპტომებს შორის, რომლებიც, თურმე, სხეულით უკმაყოფილებასა და კვებით აშლილობას შეიძლება იწვევდეს.
სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენებით, ჩვენი სამომხმარებლო თვალი არაბუნებრივ ან იდეალურთან მიახლოებულ სტანდარტებს მიეჩვია და ის ადამიანის ბუნებრივი თამასა გახადა. ამ ყველაფრის უარყოფითი ეფექტი არის ის, რომ კონკრეტული ასაკის, წონისა და ნაოჭების რაოდენობის შემდეგ, ადამიანის თვითშეფასება კლებულობს და ის ვეღარ ხედავს სარგებელს, რომელსაც მას ცხოვრების ახალი პერიოდი სთავაზობს. ის ვერც მედიაში ხედავს საკუთარ თავსა და ადგილს, რომელიც ვირტუალურ და გამოგონილ სარკეს დაემსგავსა.
ვაღიაროთ, რომ სილამაზის თამასა უფრო მეტად გოგონებსა და ქალებს უმიზნებს. თანამედროვე, ციფრულ-არარეალისტური სტანდარტები, რომლებიც მიმბაძველობას იწვევს, სულ უფრო ხშირად იწვევს კვებითი აშლილობასა და დეპრესიას. ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით კვებითი დარღვევებიც (ნერვული ანორექსიისა და ბულიმიის მაჩვენებელი) 15-19 წლამდე გოგონებშია გაზრდილი. მოზარდებს აშფოთებთ თავიანთი წონა, ფორმები და სხეულის იმიჯი.
ქალის გარეგნობის მიმართ ჩვენი მოთხოვნები ასაკის მატებასთან ერთად იზრდება და თვითშეფასებაზე მოქმედებს. შუახნის ქალები ცდილობენ არაბუნებრივად გალამაზებას (მაგალითად, სხვადასხვა აპლიკაციისა და ფილტრების დახმარებით), ან უბრალოდ – იმალებიან. თითქოს დეფიციტშია დაბერების ბუნებრივი პროცესის ფიზიოლოგიური მიმღეობაც. თითქოს ჩვენ არ ვიცით და სარკეც მედიაში არ გვაჩვენებს, როგორ უნდა დავბერდეთ მოდურად.
მეცნიერები ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვარაუდობდნენ, რომ მედიას შეუძლია პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს სხეულის იმიჯთან დაკავშირებულ ფსიქო-ნერვულ აშლილობებზე როგორც განათლების გავრცელების, ასევე სტერეოტიპების შეცვლის კუთხით. საქმე იმაშია, რომ არაფორმალური და მასობრივი განათლების ბერკეტი მედიას და ახლა უკვე სოციალურ ქსელებს უფრო აქვს, ვიდრე სამეცნიერო ლიტერატურას. ამ კუთხით კი, ე.წ. ინფლუენსერებს (ოღონდ ისეთებს, როგორიც თავის დროზე კოკო შანელი და ახლა „ვოგის“ რედაქტორი ანა ვინტურია) დიდი შესაძლებლობები აქვთ. მათ ადამიანების გაბედნიერება მართლა შეუძლიათ სწორედ სტერეოტიპების შეცვლით. ამიტომ საინტერესოა რა სურს „ვოგს“?
რატომ არის „ვოგის“ კამპანია მნიშვნელოვანი?
აქამდე სინდი, ნაომი, კრისტი და ლინდა (როგორც „ვოგის“ ჟურნალისტი სალი სინგერი ამბობს, გვარები არაა საჭირო) საჯარო სივრცეში ფრაგმენტულად ჩანდნენ. სექტემბრის ბოლოს ოთხნაწილიანი დოკუმენტური ფილმი „სუპერმოდელები“ გამოვა. მანამდე კი, „ვოგში“ 50 წელს გადაცილებული მოდელები უკვე გამოჩნდნენ და ზუსტად ისეთები, როგორებიც ამ ასაკში უნდა იყვნენ ქალები და გნებავთ, სუპერმოდელები.
მნიშვნელოვანი ეფექტი, რომელიც ამ კამპანიას შესაძლოა ჰქონდეს არის ის, რომ საზოგადოებამ თვალი შეაჩვიოს, მიიღოს შუახნის, ნაოჭ-შემოპარული ქალი, მისი სილამაზე დაინახოს და მოდურობა აღიქვას. უნდა ითქვას, რომ 50+ ქალების (მათი, ვისი ახალგაზრდობის იკონური გამოსახულებებიც გვახსოვს კინოს, მოდისა და მედიაინდუსტრიიდან) გამოჩენის პოპულარიზაცია ბოლო წლების ტრენდია. მაგალითად, ცნობილი ამერიკული სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ახალი სეზონი სწორედ ამ ხაზს ავითარებს.
ჩვენ მოდურად დავბერდებით?
„მე დაბერებას არაფერს ვერჩი. ასაკს მივყავართ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, ეს ჩემთვის გრძელი ცხოვრების გზაა. მე მინდა ნაოჭები, თუმცა შუბლზე ბოტოქსს ვიყენებ და ვთვალთმაქცობ – მაგრამ დაბერება მინდა“ – ამბობს ლინდა „ვოგთან“ ინტერვიუში.
შესაძლოა 20 წლის შემდეგ სტანდარტები შეიცვალოს. იქნებ დაბერებაც მოდური გახდეს. მე კი, სანამ დავბერდები, სოციალური ქსელების ალგორითმი სულ უფრო ხშირად მთავაზობს დავინახო ის 50 წელს გადაცილებული ქალები, რომელთა სილამაზეც თინეიჯერობისას მაოცებდა, ახლა კი თვითდაჯერებით მავსებენ იმიტომ, რომ ბუნებრივად და მოდურად ბერდებიან. ყოველ ჯერზე ტვინი აფიქსირებს, რომ კრისტის და სინდის ნაოჭები აქვთ, ლინდამ და ნაომიმ კი ცოტა წონაში მოიმატეს, და ისინი მაინც „ვოგის“ ყდაზე არიან. მაგარია.
რატომაც არა. ყველა ასაკს სჭირდება ჯერ სარკიდან მიღება და შემდეგ, მედიით გამომჟღავნება. მოდით, ნუ დავიმალებით. ეს მოდაში აღარაა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on იანვარი 11, 2024
- on აგვისტო 31, 2023
- on მარტი 17, 2022
- on თებერვალი 22, 2022
- on იანვარი 20, 2022
- on იანვარი 4, 2022
- on დეკემბერი 6, 2021
- on ნოემბერი 8, 2021