ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

შეუძლია თუ არა კაპიტალიზმს, საფრთხე შეუქმნას დემოკრატიას?

ლაითაძე2 (2)

The worst crime against working people is

         a company which fails to operate at a profit.

                               Samuel Gompers

    ყველაზე უარესი დანაშაული მშრომელი ხალხის მიმართ

    ხდება მაშინ, როდესაც  კომპანია მოგებაზე ვერ მუშაობს. 

  სამუელ გომპერსი

 

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის ბლოგის შემდეგ აღარ ვაპირებდი ESG და Stakeholder კაპიტალიზმზე დაწერას. შემდეგ ჟურნალ The Economist-ში  წავიკითხე სტატია ზემოხსენებულ საკითხებზე და ვფიქრობ, რომ ამ სტატიაზე  მსჯელობა ალბათ საინტერესო იქნება. სტატია დაწერა ვივეკ რამასვამიმ (Vivek Ramaswamy), ამერიკელმა ანტრეპრენიორმა და ორი წიგნის ავტორმა. წინამდებარე ბლოგის სათაურად გამოტანილ კითხვაზე რამასვამის პასუხი საკმაოდ მოულოდნელი და კონტრინტუიციურია. დიახ, ამბობს იგი, კაპიტალიზმს შეუძლია, საფრთხე შეუქმნას დემოკრატიას, თუ იგი Stakeholder კაპიტალიზმია.

გავიხსენოთ, რომ Stakeholder კაპიტალიზმი ეფუძნება იმ იდეას, რომლის თანახმადაც კომპანიებმა უნდა იზრუნონ არა მხოლოდ თავიანთი მეწილეების ინტერესებისთვის, არამედ იმოქმედონ ფართო სოციალური პრობლემების მოსაგვარებლადაც.

Stakeholder კაპიტალიზმის მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ინტელექტუალური არგუმენტია ის ფაქტი, რომ კორპორაციები არ არსებობენ ვაკუუმში ან არ არიან ციდან ჩამოვარდნილები. მათ არსებობის უფლება მისცა საზოგადოებამ. სწორედ საზოგადოებამ მიანიჭა კორპორაციებს განსაკუთრებული პრივილეგია, რომელიც არა აქვთ რიგით მოქალაქეებს: შეზღუდული პასუხისმგებლობა. შეზღუდული პასუხისმგებლობა არის ის სამართლებრივი ბარიერი, რომელიც კომპანიების მფლობელებს არიდებს პასუხისმგებლობას კომპანიების მიერ სხვისთვის ზიანის ან ზარალის მიყენების შემთხვევაში. თავის დროზე, ჟურნალმა The Economist-მა შეზღუდულ პასუხისმგებლობას უწოდა კაცობრიობის ერთ-ერთი დიდი გამოგონება, ხოლო ბევრი ეკონომიკის ისტორიკოსის აზრით, მან ხელი შეუწყო ინდუსტრიული  რევოლუციის წინსვლას და გაღრმავებას. შესაბამისად, ასეთი განსაკუთრებული უფლების მინიჭების გამო, კორპორაციებს აქვთ ვალდებულება საზოგადოებისადმი. ყოველივე ზემოთ ხსენებული არის Stakeholder კაპიტალიზმის მხარდამჭერების ყველაზე ძლიერი არგუმენტი.

ვივეკ რამასვამის აზრით, ეს არ არის საკმარისად ყოვლისმომცველი არგუმენტი. ის თვლის, რომ კომპანიების მეწილეების (shareholders) ინტერესების უპირობოდ წინ წამოწევა იცავს არა მხოლოდ მეწილეების ინტერესს, არამედ იცავს თვით დემოკრატიას. როგორ? შეზღუდული პასუხისმგებლობის კორპორაციის შექმნამ არა მხოლოდ ხელი შეუწყო საბაზრო ეკონომიკის პოტენციალის გამოთავისუფლებას, არამედ შეაჩერა (ბოლომდე არა, მაგრამ საკმაოდ დიდი დოზით) მძლავრი კორპორაციების ძალაუფლების გადადინება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში. ეს მართლაც ასეა. რომელი დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქე ისურვებს მრავალმილიარდიანი კორპორაციების ძალაუფლების იმაზე მეტად გაზრდას, რაც მათ დღეს აქვთ? არცერთი მოქალაქე ამას არ მოინდომებს. ვინ ისურვებს, რომ კომპანიების მფლობელებმა და ტოპმენეჯერებმა შეადგინონ სოციალური დღის წესრიგი და განსაზღვრონ ამ დღის წესრიგის დანერგვის მექანიზმები? ამას არავინ არ მოინდომებს.

Stakeholder კაპიტალიზმის მომხრეები ცდილობენ, კაპიტალიზმი და დემოკრატია ერთმანეთს კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირონ. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალიზმი და დემოკრატია XVIII საუკუნის დასაწყისიდან ხელიხელჩაკიდებულები მოდიან, ხანდახან დგება მომენტი, როდესაც საჭიროა მათი დროებით ერთმანეთისგან ცოტათი დაცილება.

Stakeholder კაპიტალიზმის მომხრეები, რომლებიც პერიოდულად ზამთრის კურორტებზე იკრიბებიან, გმობენ პოპულიზმს და ვერც კი ამჩნევენ, რომ პოპულიზმი მათივე პოზიციის თანამდევი შედეგია.

რამასვამის თქმით, იმ მოძრაობამ, რომელიც ცდილობდა, კაპიტალიზმის გარე უარყოფითი შედეგების (negative externalities) ინტერნალიზაცია მოეხდინა, თვითონვე შექმნა ახალი გარე უარყოფითი შედეგი: გაცხარებული და გადაუწყვეტელი კულტურული დისონანსი დემოკრატიულ ქვეყნებში. დავძენდი, რომ ეს დისონანსი ასუსტებს დემოკრატიებს საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხეების წინაშე.

სხვადასხვა დემოკრატიული ქვეყნის განსხვავებული სოციალური ქსოვილი დამოკიდებულია აპოლიტიკური სივრცეების არსებობაზე. ყველაზე დიდი აპოლიტიკური სივრცე იყო საბაზრო ეკონომიკა. სამწუხაროდ – „იყო“, რადგან ახლა Stakeholder კაპიტალიზმი წამლავს დემოკრატიას, წვრილპარტიული დემოკრატია კი წამლავს კაპიტალიზმს. როგორც ზემოთ ითქვა, აი, ეს არის Stakeholder კაპიტალიზმის ყველაზე დიდი  გარე უარყოფითი შედეგი.

საზოგადოებრივი და სოციალური პრობლემები არის სამოქალაქო და არა კორპორაციული საქმე. ეს პრობლემები უნდა განიხილებოდეს და წყდებოდეს საჯარო დებატების მეშვეობით და საარჩევნო ყუთთან. ამ ყუთთან ყველა მოქალაქის ხმა ტოლფასია და არა აქვს მნიშვნელობა ამომრჩევლის სიმდიდრეს.

გააზიარე