ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
შორია გურჯისტანამდე?
На чужбине и звезды из олова
Владимир Набоков
არ მომერიდება იმის თქმა, კეთილო მკითხველო, რომ ამ პატარა მოთხრობას ცრემლის გარეშე ვერ ვკითხულობ. პირველად ალბათ 30 წლის წინ წავიკითხე და გუშინ კი – სულ შემთხვევით. პატარა ბიჭებზეა, იანგულიზე და ჯემალზე. ორივენი უდედოდ გაზრდილები არიან. ჯემალის დედა 1937 წლის დიდმა ტერორმა შეიწირა, იანგულის კი დედა ისე პატარას გარდაცვლოდა, არც კი ახსოვდა. თბილისიდან სოხუმში გადასულ ჯემალს იანგულიმ ომი გამოუცხადა და ხან ერთი ბრუნდებოდა სახლში ჩალურჯებული თვალით და ხან მეორე, და უფრო ხშირად კი ორივე. Hellados. ასე ჰქვია ამ მოთხრობას და ავტორი ნოდარ დუმბაძეა. ბოლოს კი შერიგდებიან, ისე როგორც ღირსეულ ბიჭებს შეშვენის. რატომ Hellados? იმიტომ, რომ იანგული ბერძენია, და მკერდზე ლურჯი სვირინგი, Hellados, საბერძნეთს ნიშნავს. მამამისს ხრისტო ჰქვია. ის მემაწვნეა და იანგული ეხმარება, სკოლაში კი არ დადის. ჯემალი კი არათუ სკოლაში, ვიოლინოს კერძო მასწავლებელთანაც კი ემზადება. სხვადასხვა ფენაა, მაგრამ ქუჩამ ფენა არ იცის, ქუჩა მერიტოკრატულია.
საბერძნეთის მთავრობამ დიდი თეთრი გემი გამოგზავნა, სახელად „პოსეიდონი“, სოხუმის ბერძნული მოსახლეობის წასაყვანად ელადაში. და ემშვიდობება ქალაქი თავის სისხლსა და ხორცს: სოხუმელ ბერძნებს. და ეს ქალაქი კიდევ ერთხელ დაემშვიდობება თავის სისხლსა და ხორცს, ქართველებს, 1993 წლის სექტემბერში. ახლა კი წიგნიდან ამონარიდი მომყავს:
„მდინარე კელასურის შესართავთან, ზღვამ ახალგაზრდა ბიჭის სხეული გამორიყა. უფრო სწორად, იგი სტარავერმა მებადურებმა გამოიტანეს და როდესაც სილაზე დაასვენეს, იქვე მობანავე ბიჭებს დაგვიძახეს გვამის ამოსაცნობად. ბიჭს სახე წაშლილი ჰქონდა. ვერავინ ვერ იცნო იგი. მხოლოდ მე, მე ვიცანი, როდესაც თავზარდაცემულმა მის გაშლილ მკერდზე ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე. უკანმოუხედავად და სულმოუთქმელად გავირბინე პლაჟი, სანაპირო, რკინიგზის ლიანდაგი, ვენეციის გზატკეცილი და შეშლილივით შევვარდი სახლში…
– რა მოგივიდა, ბიჭო? – მკითხა გულამოვარდნილს შეშინებულმა დეიდაჩემმა.
– დეიდა ნინა… იანგული დაბრუნდა… – ვუთხარი მე. მერე დავიჩოქე მის წინ, კალთაში თავი ჩავუდე და მწარედ ავტირდი“.
ჩემი აზრით, არავის ეხალისება ემიგრაციაში წასვლა. მიდიხარ შენი ადგილიდან, იმისთვის, რომ უცხო ქვეყანამ შემოგთავაზოს უკეთესი პირობები. კარგი ფიზიკოსი თუ ხარ, რა თქმა უნდა, გირჩევნია ცერნის კოლაიდერთან მუშაობა, ვიდრე ოროსანი სტუდენტების რის ვაივაგლახით გაკეთებული სემინარების მოსმენა. და ბოლობოლო, გინდა, საკუთარი თავი გამოსცადო, ნახო, რა შეგიძლია, რისი გაბედვა შეგიძლია, მაგრამ უცხოეთში მაინც ვარსკვლავები თუნუქისგანაა. საკუთარი გამოცდილებით ვიცი.
პათეტიკურად კი გამომდის, მაგრამ ოდესღაც იყო ასეთი საქართველო, სადაც დასაბრუნებლად გემიდან ზღვაში ხტებოდნენ, სადაც წაქცეულს არ ურტყამდნენ და სადაც დეიდა ნინას შეეძლო, მემაწვნე ხრისტოსთვის უშიშრად შეეტია და ხრისტო ხმას არ ამოიღებდა.
ეს საქართველო აღარ არის. მე ძველს არ მივტირი. რაც არის, ეგ არის. რამდენიმე იანგული, ჯემალი, დედია ნინა და ხრისტო კი დაგვამშვენებდა. როგორც ის ბიჭები, სულ რაღაც 30 წლის წინ სოხუმს მკერდით რომ გადაეფარნენ.
სათაური – გურამ პატარაიას 1969 წლის დოკუმენტური ფილმი.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023