"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
სიცხადის კვირა
გასული კვირა, შეიძლება ითქვას, ასე თუ ისე კარგი კვირა იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთის 100-ათასიანი ურდო უკრაინაში არ შეიჭრა. მერწმუნეთ, ნამდვილად არ მექავება ხელები და ნამდვილად არ მწყურია შემაძრწუნებელი კადრების ხილვა ბრძოლის ველიდან, უბრალოდ ვშიშობ, რომ ყველაფერი მაინც ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირებისკენ მიდის. სულ ცოტა ხნის წინ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ალექსანდერ ვერშბოუმ „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან ცოტა სივრცე დარჩა დიპლომატიისთვის. მე მჯერა ბატონი ვერშბოუს გამოცდილების და, სამწუხაროდ, არ მაქვს საფუძველი, არ დავეთანხმო. როგორც ჩანს, ჟენევაში სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის გამართულმა შეხვედრამ, რომელიც 2 საათის ნაცვლად მხოლოდ 1.5 საათს გაგრძელდა, ბატონ ვერშბოუს მოსაზრება კიდევ უფრო გაუმყარა. დაძაბულობა შეიმჩნეოდა შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარებშიც და შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციებზეც. გზავნილებიც ყველაფერზე მეტყველებდა, გარდა ვითარების განმუხტვის პირველი ნიშნებისა.
სახელმწიფო მდივნის ვიზიტებმა კიევში, ბერლინსა და ჟენევაში, მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა და კომენტარებმა, განსაკუთრებით მისმა გამოსვლამ ბერლინში გერმანულ მარშალის ფონდში საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია (ცხადია, მათ შორის, ვინც გულშემატკივრობს უკრაინას და ზოგადად მშვიდობას და თავისუფლებას). პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გაკეთებული „დამაბნეველი“ კომენტარების შემდეგ, რომლებიც ძალიან მალე თავადვე დააზუსტა აშშ-ის პრეზიდენტმა, ენტონი ბლინკენის გამოსვლა ბერლინში განსაკუთრებით შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი იყო.
სიცხადე #1 რა თქვა ბლინკენმა ბერლინში? რუსეთს აქვს ორი გზა – დიპლომატიისა და სამხედრო დაპირისპირების გზა. აშშ და პარტნიორები, რა თქმა უნდა, უპირატესობას მშვიდობიან დეესკალაციას ანიჭებენ, თუმცა აშშ მზად არის, დახვდეს რუსეთს ორივე გზაზე ღირსეულად, პრინციპულად და შესაბამისად. ორაზროვნების ადგილი ნამდვილად არ დატოვა სახელმწიფო მდივანმა – თუ რუსეთი გადაწყვეტს შეჭრას, პასუხიც იქნება შესაბამისი – ხისტი, ძლიერი და გამანადგურებელი.
სიცხადე #2 რა მოხდა ჟენევაში? ჩემი აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუს დიპლომატს მისცა ბოლო შანსი, სახის შენარჩუნებით დაიხიოს უკან მისმა პრეზიდენტმა და დაიწყოს მოლაპარაკებები სტრატეგიული შეიარაღების კონტროლზე. ენტონი ბლინკენმა ახსენა შესაძლო შეთავაზებები შეიარაღებასთან და სამხედრო ვარჯიშებთან დაკავშირებით, სერგეი ლავროვი კი კმაყოფილი იწონებდა თავს მედიის წინაშე, რომ აშშ მაინც დათანხმდა რუსეთისთვის წერილობითი პასუხების გაცემას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა აშშ-სთვის გადაცემული წინადადებები რამდენიმე საათში საჯარო გახადა, ნამდვილად არ უნდა გაჰკვირვებოდა ვინმეს, რომ აშშ-მ რუსეთს თხოვნით მიმართა, საპასუხო წერილი არ გაასაჯაროოს. ამან, რა თქმა უნდა, გააჩინა სივრცე სპეკულაციებისთვის. სწორედ ამიტომ, ამერიკელმა დიპლომატებმა დაუყოვნებლივ შეიტანეს სიცხადე, რომ არავითარი დათმობა ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან და წევრ ქვეყნებში შეიარაღების განთავსებასთან დაკავშირებით არ იქნება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთს რომ არ სურდეს სამხედრო კონფრონტაცია, ის დაიწყებდა უკრაინის საზღვრიდან ჯარებისა და ტექნიკის გაყვანას. შესაბამისად, სერგეი ლავროვისა და მისი უწყების ყველა მტკიცება, რომ ეს ყველაფერი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა და რუსეთს თავში აზრადაც არ მოსვლია უკრაინაში შეჭრა, ისეთივე ბლეფია, როგორიც რუსეთის ხელისუფლებისა და მისი პროპაგანდისტული მანქანის მიერ წარმოუდგენელი ისტორიული ტყუილებისა და კონსპირაციულ-დეზინფორმაციული ბოდვების კასკადი, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა ვადევნებთ თვალყურს.
სიცხადე #3 მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, მოერევი თუ არა აგრესორს – საინფორმაციო სივრცესა და სოციალური ქსელებში ამ დღეებში ფაქტობრივად ყოველსაათობრივად ვრცელდებოდა ინფორმაციები ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისა და მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ. ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდება, ბრიტანეთის ლეგენდარული სპეცდანიშნულების რაზმის ინსტრუქტორების გაგზავნა, ცალკეული ნატოელი მოკავშირეების სრულიად გაუგონარი წინააღმდეგობის იგნორირება, გადაწყვეტილებების ოპერატიულობა, ხისტი პოლიტიკური განცხადებები და სულ ბოლოს, რუსეთის მხილება უკრაინაში გადატრიალების მოწყობის ორგანიზების მცდელობაში – და ეს ყველაფერი ერთ კვირაში! უდავოდ ცალკე აღნიშვნის ღირსია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ თრასის მიერ გაკეთებული განცხადება უსაფრთხოების სფეროში ბრიტანულ-პოლონურ-უკრაინული თანამშრომლობის ახალი ღერძის ჩამოყალიბების შესახებ. ამ კვირაში გავრცელდა ასევე კადრები პოლონეთიდან სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონების უკრაინაში შესვლის შესახებ. ამ სამ ქვეყანასთან აუცილებლად მჭიდროდ იმუშავებს სამი ბალტიისპირა ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამ კვირაში მწვანე შუქი აუნთო ესტონეთს, ლიეტუვას და ლატვიას, მიაწოდონ უკრაინას ჯაველინები და სტინგერები. უკრაინის ნამდვილი მეგობრების სია საკმაოდ ვრცელია – ლეტალური იარაღის ნაირსახეობა კანადიდან, ჭურვები ჩეხეთიდან, გემები ესპანეთიდან, შეიარაღება ნიდერლანდებიდან და… სამხედრო ჰოსპიტალი გერმანიიდან 🙂.
სიცხადე #4 არა შეჯდა მწყერი ხესა – მიუხედავად გასულ წელს მომხდარი ტექტონიკური ცვლილებებისა გერმანიის ხელისუფლებაში, „რუსეთს ანგარიში უნდა გავუწიოთ“, „რუსეთს პატივი უნდა ვცეთ“ და სხვა მსგავსი ნარატივები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მძლავრობს გერმანულ პოლიტიკაში. ვიდრე ჩვენ აქა-იქ იმედის მომცემ განცხადებებს ვპოულობთ, რომ აგრესიის შემთხვევაში ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ამოქმედება არ მოხდება და სანქციებიც უმკაცრესი იქნება, გერმანიის საზღვაო ძალების აწ უკვე ყოფილმა მეთაურმა, ადმირალმა შონბახმა სამხედროებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით თქვა ის, რასაც გერმანელი პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ანალიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ამბობს ხმამაღლა, მაგრამ ფიქრობს კულუარებში. დიახ, პრობლემა სწორედ ამაშია, რომ ეს იყო არა ერთი მაღალი რანგის სამხედროს კერძო აზრი, არამედ გერმანიაში ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული პოლიტიკის გახმოვანება. რა უნდა მოუხერხოს ამ ყველაფერს უკრაინამ, ან აშშ-მ ან ზოგადად დასავლეთმა, ძალიან რთული სათქმელია. ალბათ, სწორედ დიდი ბრიტანეთი არის იმ ძალისა და მასშტაბის მოთამაშე, რომელიც შესთავაზებს ევროატლანტიკურ სივრცეს გერმანიის მიერ დამკვიდრებული თამაშის წესების ალტერნატივას.
სიცხადე #5 ევროკავშირი ჯერ კიდევ შემოქმედებით ძიებაშია – აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის აქტიურმა ქმედებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ ვერ პოულობს თავის ღირსეულ ადგილს გლობალურ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში. ამას მთელი რიგი მიზეზები აქვს, რომელთა შორის ერთ-ერთზე წინა პუნქტში ვისაუბრეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია სხვა გავლენიანი მოთამაშეების, პირველ რიგში კი საფრანგეთის პოზიცია. ჩემი უღრმესი პატივისცემის მიუხედავად, საფრანგეთისა და კონკრეტულად მისი პრეზიდენტის პოზიციონირება და კვლავ დამოუკიდებელი ევროპული უსაფრთხოების ძალების შექმნისა და რუსეთთან ევროკავშირის დიალოგის აუცილებლობაზე საუბარი, სამწუხაროდ, „უბურთოდ თამაშს“ ჰგავს და დროის ფუჭი ხარჯვაა.
სავარაუდოდ, ამ კვირაში კიდევ უფრო მეტი სიცხადე გვექნება. იმედი ბოლოს კვდებაო – ჩვენც ვიქონიოთ იმედი, რომ ეს სიცხადე ქვემეხების გრუხუნის ქვეშ არ გამოჩნდება. თუმცა, ბოლოს და ბოლოს სიცხადე მთავარ კითხვას მოეფინება, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრი განსჯა მიდის და პასუხი მაინც არ იძებნება: რა უნდა პუტინს?!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023