ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
სტოიციზმი და მენეჯმენტი - ნაწილი 3
როდესაც ეხმარები ვინმეს, ნუ ილაპარაკებ საქვეყნოდ.
შენ მხოლოდ მოვალეობას ასრულებ.
მარკუს ავრელიუსი
წინამდებარე ბლოგში ვასრულებთ თემას სტოიციზმის და მენეჯმენტის შესახებ. გასულ 2 ბლოგში ვისაუბრეთ სტოიკური Premeditatio Malorum-ის (ლათინურად: ბოროტებისთვის თვალის გასწორება) და Nudus-ის (ლათინურად – გაშიშვლება) ტექნიკის შესახებ, რომელთაც შეუძლიათ დაგვეხმარონ მენეჯმენტის თანმხლებ დესტრუქციულ ემოციებთან წარმატებით გამკლავებაში.
სტოიკური ფილოსოფია აგრეთვე ცნობილია თავისი ფოკუსით “Hic et Nunc”-ზე. (ლათინურად „აქ და ახლა“). ეს კი ნიშნავს იმას, რომ ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და ვიმოქმედოთ აქ და ახლა, წარსული უკვე წასულია და მომავალი უცნობი. მაქსიმალურად გამოვიყენოთ დღევანდელი დღე, ნუ გადავდებთ ხვალისთვის იმას, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა. დღეს, სტოიკურმა ფილოსოფიამ შეაღწია არა მხოლოდ ბიზნესსა და მენეჯმენტში, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: ამერიკული სამხედრო სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი „ზღვის სელაპები“ (Navy seals) ასწავლიან ახალწვეულებს სტოიკურ პრინციპებს, აშშ-ში სპორტის სხვადასხვა პროფესიული ლიგის მწვრთნელები ეცნობიან Wall Street Journal-ის მიერ No. 1 ბესტსელერად აღიარებულ წიგნს, რაიან ჰოლიდეის (Ryan Holiday) და სტივენ ჰენსელმანის (Stephen Hanselman) „ყოველდღიური სტოიციზმი. 366 მედიტაცია სიბრძნის, სიმტკიცის და ცხოვრების ხელოვნების შესახებ“ (366 Meditation on Wisdom, Perseverance, and the Art of Living) და ა.შ.
ჩვენზე ნაწილობრივ არის დამოკიდებული ქონების შოვნა, წარმატებული ბიზნესის შექმნა და ზრდა, კარიერა და ა.შ., მაგრამ აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენივე მოსაზრება და მიდგომა საგნების და მოვლენების მიმართ. სტოიციზმი გვასწავლის, რომ ოცნებები, გეგმები და პროექტები ხშირად ვერ სრულდება და უნდა ვიყოთ მზად ამისთვის, უნდა ვიყოთ მადლიერი დღევანდელი დღის, რადგან ხვალ შეიძლება აღარც კი გვქონდეს ის, რაც ახლა გვაქვს. იმის მაგივრად, რომ ვინერვიულოთ და გავბრაზდეთ ყოველდღიურ იმედგაცრუებებზე, უმჯობესია მივუდგეთ აწმყოს ნეიტრალურად. ეს თითქოსდა განურჩევლობა ყოველდღიური და სამომავლო ცხოვრების მიმართ, სტოიციზმს წარმოგვიდგენს როგორც ცივ და განყენებულ სწავლებას. სინამდვილეში კი, და ამას კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა – სტოიციზმი გვეუბნება, რომ ცხოვრება მკაცრია და მზად იყავი ცვლილებებისთვის და წარუმატებლობებისათვის, იმოქმედე – ნუ ფლანგავ დროს. დრო მცირე კი არ გვაქვს მოცემული, არამედ ჩვენ თვითონვე ვიმცირებთ მას პროკრასტინაციით. მენეჯერისთვის ეს ნიშნავს პრიორიტეტების დალაგებას: გავაკეთოთ ის, რაც აუცილებელია, გავაკეთოთ უფრო ცოტა, სამაგიეროდ უკეთესად, რადგან დიდი ნაწილი იმისა, რასაც ვამბობთ ან ვაკეთებთ, არც აუცილებელი სათქმელია და არც აუცილებლად საკეთებელი. ბიზნესმენისთვის და მენეჯერისთვის ხშირად ეს ნიშნავს, რომ უნდა შევეშვათ ერთდროულად ბევრი საკითხების დაფარვას, თავი დავანებოთ მიკრომენეჯმენტს და ვისწავლოთ საკითხების სხვებზე დელეგირება.
კიდევ ერთი სფერო, სადაც სტოიკური ფილოსოფია თავისი სისავსით გამოჩნდა: დღეს ფართოდაა გავრცელებული ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდი – კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია (კბთ). ამ მეთოდს დასავლეთში ხშირად მიმართავენ ბიზნესმენები, მენეჯერები, მსახიობები, სამხედროები და ადამიანები ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროდან. კბთ არის პრობლემებზე ფოკუსირებული ფსიქოთერაპიული პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება დეპრესიის, შიშის და განგაშის გრძნობების წინააღმდეგ საბრძოლველად. კბთ-ს შემქმნელები და მიმდევრები ღიად აღიარებენ სტოიციზმის გავლენას, კონკრეტულად კი აუღელვებლობას იმ პრობლემების მიმართ, რომელზეც ჩვენ გავლენა ვერ გვაქვს და მოქმედების აუცილებლობას იქ, სადაც შეგვიძლია ცვლილების მოხდენა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუკეთესო ფსიქოლოგიური დახმარება და მენეჯმენტ-ტრეინინგების დიდი ნაწილი ეყრდნობა სტოიკურ ფილოსოფიას, ხშირად ტერმინი „სტოიციზმი“ საერთოდ არც მოიხსენება, რადგან თანამედროვე ადამიანების საგრძნობ ნაწილს უჭირს სტოიკური ფილოსოფიის სრული მიღება. შესაბამისად, ხდება სელექციური დოქტრინების გამოყენება, თუმცა სტოიციზმი ამით თავის ეფექტურობას არ კარგავს, რადგან იგი ცხოვრების პრაქტიკული სკოლაა. „სტოიკური ფილოსოფია არის კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპიის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი“ – ამბობს დონალდ რობერტოსონი (Donald Robertson), ფსიქოთერაპევტი, ავტორი წიგნისა „კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპიის ფილოსოფია – სტოიკური ფილოსოფია, როგორც რაციონალური და კოგნიტიური ფსიქოთერაპია“ (The Philosophy of Cognitive-Behavioural Therapy – Stoic Philosophy as Rational and Cognitive Psychotherapy).
ნასიმ ნიკოლას ტალები (Nasim Nicholas Taleb), ოპციების მაკლერი, მათემატიკოსი და მეცნიერი, თავის ბესტსელერ წიგნში, Antifragile, მთელ თავს უთმობს სტოიკურ ფილოსოფიას. მისი თქმით: „სტოიციზმი არის ემოციების მოშინაურება და არა მათი განადგურება.“
სტოიციზმისთვის უცხოა დღეს თითქმის კულტის რანგში აყვანილი ეგოცენტრიზმი. სტოიკური სკოლის მიხედვით, აუცილებელიც კია დავეხმაროთ გასაჭირში მყოფ ადამიანს, მათ შორის უცხო ადამიანსაც, სიტყვით, ფულით თუ საქმით. დიდი სტოიკოსები იქვე გვაფრთხილებენ, რომ როდესაც ვაკეთებთ სიკეთეს, ნუ ვიზამთ ამას საჯაროდ, ნუ ვაცნობებთ ყველას ამის შესახებ, რადგან ასეთი საქციელით თავს ვიუფასურებთ.
თავბრუდამხვევი სიჩქარით ვითარდება ტექნოლოგიები, გიგანტური ნაბიჯებით წინ მიდის მეცნიერება, იქმნება ჯერ არნახული ბიზნეს-მოდელები, მაგრამ არ იცვლება ადამიანის გრძნობები და ემოციები. დღესაც ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო ზენონის, კატონ უმცროსის, სენეკას, ეპიქტეტეს თუ მარკუს ავრელიუსის დროს. სტოიკოსების სიბრძნემ და მეთოდოლოგიამ გაუძლო ყველაზე რთულ და დაუნდობელ გამოცდას: გამოცდას დროით.
დასკვნისთვის კი მინდა ვთქვა, რომ სტოიკური მიდგომა შეგვინარჩუნებს სიმტკიცეს და წონასწორობას წარუმატებლობისას და აგვარიდებს ქედმაღლობას წარმატების შემთხვევაში.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023