ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
თანამედროვეობის ილუზია, ნაწილი 1: წარმატებული ადამიანი
The value we place on external thing, subjugates us to it.
Epictetus
როდესაც მესმის „წარმატებული ადამიანი“, მიჩნდება მსუბუქი გაუგებრობის გრძნობა. და რადგან ხშირად მხვდება ასეთი დახასიათება, გადავწყვიტე გამეაზრებინა, თუ რა დგას ამ ემოციის უკან.
იქ სადაც ითქმება „წარმატებული ადამიანი“, იქვე იგულისხმება, რომ არიან სხვები, წარუმატებლები. ჩემთვის მიუღებელია სოციალური დარვინიზმი. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ მართებულია ადამიანების ასეთი დაყოფა. ძალიან ხშირად ეს იარლიყი მძიმეა „წარუმატებლებისთვის“ და ტოქსიკურად მათრობელია „წარმატებულებისათვის“.
რა არის წარმატება? Merriam-Webster-ის ლექსიკონის თანახმად, წარმატება არის შესაბამისი ან სასურველი მიზნის მიღწევა, აგრეთვე სიმდიდრის, სტატუსის და/ან საჯარო სახელის მოპოვება. სწორედ ამ ორი განმარტებით იწყება განსხვავება. მოდი, ვიმსჯელოთ: ვთქვათ, ადამიანი არის ფილატელისტი და იყიდა/აჩუქეს იშვიათი საფოსტო მარკა, რომელიც მან სიხარულით შემატა თავის კოლექციას. ეს საფოსტო მარკა მისთვის და მხოლოდ რამდენიმე ფილატელისტისთვის წარმოადგენს ღირებულებას. წარმატების პირველი განმარტების მიხედვით, ჩვენი ფილატელისტი წარმატებულია, რადგან მან მოიპოვა სანუკვარი საფოსტო მარკა. მეორე განმარტების მიხედვით, ის წარუმატებელია, რადგან მან ვერ იშოვა ფული ან ვერ გაითქვა სახელი. რას ფიქრობთ, ეს უკანასკნელი დასკვნა მცდარია თუ არა? მე ვფიქრობ, რომ მცდარია, დეფექტურია. მიუხედავად ამისა, ჩვენ წარმატებულის განსაზღვრისას ვხელმძღვანელობთ სწორედ ფულის, სტატუსის და/ან საჯარო სახელის კრიტერიუმ(ებ)ით. მასმედია და სოციალური ქსელები ხშირად პირდაპირ გვჩრიან „წარმატებულ“ ადამიანებს და მათ მელოდრამებს იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყეს ბიზნესის აწყობა ნასესხები 1 000 დოლარით ან როგორ დაეცნენ და ფენიქსივით ფერფლიდან აღდგნენ. ამავე დროს, იგივე მასმედია და სოციალური ქსელები თითქმის ყოველთვის საზოგადოებაში არსებული, გაბატონებული შეხედულებების თუ აზრების ამრეკლავია. არსებობს ბევრი ცოცხალი თუ online-კურსი, სადაც თურმე შეგიძლია ისწავლო, როგორ გახდე წარმატებული. მსგავსი კურსების არსებობა და მათზე მოთხოვნილება კიდევ ერთხელ ადასტურებს წარმატებულობის პრიმატს საზოგადოებაში. ადამიანი სოციალური არსებაა, ის არ ცხოვრობს უკაცრიელ კუნძულზე რობინზონ კრუზოსავით. შესაბამისად, ძნელია, შეეწინააღმდეგო წარმატების გამეფებულ კულტს და დიდი უმრავლესობა ვიწყებთ გაუთავებელ, ქანცგამომცლელ მარათონს „წინსვლისთვის“ და სიმდიდრისთვის. ამ რბოლაში ჩაბმით, სიცოცხლის ბოლომდე ციყვივით ბორბალში სირბილი პრაქტიკულად გარანტირებული გვაქვს. გარდა ამისა, იწყება საკუთარი თავის შედარება სხვებთან. რადგან სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიით ჩვენ აფიშირებას ვუკეთებთ ჩვენი პროფესიული, პირადი თუ გასართობი ცხოვრების მხოლოდ საუკეთესო ნაწილს – ისიც ხშირად შეფერადებულ-შელამაზებულს – შემდარებლის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არასდროს მთავრდება, რადგან ყოველთვის იქნება ვიღაც უფრო მაგარი, ვიღაც უფრო ძლიერი, ვიღაც უფრო ლამაზი და ვიღაც უფრო მდიდარი. ცალკე ამბავია, როდესაც ადამიანები სოციალური ქსელებით თუ მასმედიით მუდმივად ცდილობენ გამოჩენას (ცხადია, არ ვგულისხმობ მათ, ვისი პროფესია მასმედიაში მუშაობაა, იქნება ეს ჟურნალისტი თუ გადაცემის წამყვანი და ა.შ.) და სისტემატურად ყურადღების ცენტრში ყოფნას. ზოგიერთი დაუფარავად თავისი თავის დემონსტრირებას და პრომოუშენს ახდენს, ზოგიერთი კი უფრო ეშმაკურად, რამე კეთილშობილ კონტექსტს ამოფარებული, შეფარვით აკეთებს იმავეს. სხვებისგან მუდმივი შექების და თავისი საქმიანობის შესახებ გარედან მიღებული დადებითი დადასტურების დაუოკებელი და მუდმივი წყურვილი არასრულფასოვნების კომპლექსის ნაირსახეობაა. თუ მე გულწრფელად ბედნიერი ვარ საფოსტო მარკების შეგროვებით, მაშინ ასეთი ემოციური სისავსის ფონზე საკმაოდ უმნიშვნელო ხდება „წარმატების“ სიმბოლოების ქონა (მაგ., ძვირფასი მანქანა ან მაჯის საათი) ან „წარმატებულ“ ადამიანებთან ურთიერთობა (ხშირად, ცალმხრივი ურთიერთობა). ასეთ დროს იმასაც არა აქვს დიდი მნიშვნელობა, ჩვენს ფილატელისტს მარტო მეზობლები იცნობენ თუ კორესპონდენტები ესევიან. მუდმივ სწრაფვას ე.წ. „წარმატებისკენ“, სხვებთან განუწყვეტლივ თავის შედარებას მიაქვს დიდი ენერგია, აჩენს ისეთ გამომფიტავ ემოციებს, როგორიცაა შური, ბრაზი, დარდი. ეს ემოციები ქრონიკულ ხასიათს იძენენ, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. თუმცა სირბილი მათთვისაც არ სრულდება, ვინც „წარმატებას“ მიაღწია. მათ გაუთავებლად უნდათ უფრო მეტი და მეტი, იქნება ეს ფული თუ სტატუსი. გარდა ამისა, საზოგადოებას შეუძლია ამ „წარმატებულობის“ უშნო პედალირება: თუ წარმატებული ბიზნესმენია და მილიონერია, მაშინ რატომ არ არის მულტიმილიონერი ან მილიარდერი? თუ ასეთი კარგი მწერალია, მაშინ რატომ არა აქვს პრემია „საბა“? ან თუ „საბა“ აქვს, მაშინ რატომ არა აქვს „ბუკერის“ პრიზი? ჭკვიანი ფიზიკოსია? მაშინ რატომ არა აქვს ვულფის პრიზი და ა.შ. ჩამონათვალი გრძელი გამოგვივა და აზრს მოკლებული. აზრს მოკლებული, რადგან ნობელის პრემია ლიტერატურაში არ მიუღიათ ფრანც კაფკას, ჯეიმზ ჯოისს, ფედერიკო გარსია ლორკას, ლევ ტოლსტოის, ხორხე ლუის ბორხესს, მარსელ პრუსტს, ჯორჯ ორუელს თუ რიუნოსკე აკუტაგავას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ან მათ და ან მათ წიგნებს რამე დააკლდათ ნობელის პრიზის მიუღებლობით? არა, არაფერი დაჰკლებიათ.
წარუმატებლის იარლიყის პირდაპირი თუ ირიბი დაკვრა ფსიქოლოგიურად გადატეხს ჩვენს ისედაც დამძიმებულ, “წარუმატებელ“ მეგობრებს, ნაცნობებს თუ უცნობებს. ამის პარალელურად კი საკუთარ თავსა და საკუთარ ზომაზე მორგებული წარმატება გროტესკულია. ფუნდამენტურ დონეზე ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ.
რაც მოგახსენეთ, მხოლოდ ჩემი აზრია. Als ich kan.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023