"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
THE კედელი!
ამდენ კედელს ერთ ბლოგში ნაღდად არ მოუყრიდი თავს და ერთდროულად არც კი ვიფიქრებდი მათზე, რომ არა ეს ბოლო, ჯერ არშემდგარი, არ ვიცი რამდენად გამოსადეგარი “THE კედელი”.
კედელი დიდი რამეა. ლეგენდარული “პინქ ფლოიდ”-ის დისკი “THE WALL”, ანუ ჩვენებურად “კედელი” ჩემს თაობაში ხელიდან ხელში გადადიოდა. მე პირადად “Dark Side Of The Moon” უფრო მომწონდა, მაგრამ “კედელსაც” კარგად მიქონდა.
ჩინური კედელი უმაგრესია. მარტო ცისქვეშეთის კანცელარიის კი არა, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიის ერთ-ერთი საყრდენია. სულ სხვა განცდით ბრუნდება კედლიდან ხალხი.
გოდების კედელი მისტიკაა. აუ რამდენი რამე იკვრება უცებ იქ ადგილზე – რელიგია, ისტორია, საუკუნეების მანძილზე ერთმანეთის გვერდიგვერდ მცხოვრები ერების, ოჯახების და ინდივიდუალური ადამიანების ბედ-იღბალი, ზეიმი თუ ტრაგედია.
ბერლინის კედელი წარსულია. არცთუ შორეული წარსული. საღამოს ნათესავები და მეგობრები ლუდის ბარებიდან, კინოთეატრებიდან და მაღაზიებიდან ერთმანეთს დაემშვიდობენ, დილას კი კედელი დახვდათ. მერე იყო ჩექ ფოინთ ჩარლი, ცივი ომი, პერესტროიკა, რონი რეიგანი, ჯორჯ ბუში, ედუარდ შევარდნაძე და დაპირება “ევროპა, თავისუფალი და ერთიანი”. ძლივს დაანგრიეს. კიდევ კარგი. თუმცა, ევროპა რო ერთიანია და თავისუფალი, ეგეთი იყოს რუსეთის ფედერაცია.
კრემლის კედელიც ისტორიაა, ოღონდ უბედურების ისტორია. მილიონობით ადამიანის ტრაგედიის ავტორების უკანასკნელი ნავსაყუდელი. ამ გახსენებაზე, აუცილებლად წაიკითხეთ დიდი აკა მორჩილაძის “კუპიდონი კრემლის კედელთან”. ძალიან მაგარია აკა.
“სურამის ციხეში” კედლის აშენებას თქმულებამ ადამიანი, დედისერთა ზურაბა ჩააყოლა. ასე ამბობენ, იმ მხარეს, სადაც ზურაბი არის ჩაყოლებული, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლიო.
სიღნაღის კედელი თავისუფლების, დაუმორჩილებლობის და ერთი პატარა ერის გადარჩენის ერთ-ერთი სიმბოლოა. ინტერნეტი უბნობს, ევროპაში პირველ ადგილზეა და მსოფლიოში მეორეზე ჩინეთის შემდეგო. დავუჯეროთ ინტერნეტს, მაგის ჯანიც გავარდეს. სტუმარიც კმაყოფილია და მასპინძელიც. არც ვინმე ტირის და არც ვინმე გოდებს. რა ჯობია მერე მაგას.
გულწრფელად გეტყვით: ამდენ კედელს ერთ ბლოგში ნაღდად არ მოუყრიდი თავს და ერთდროულად არც კი ვიფიქრებდი მათზე, რომ არა ეს ბოლო, ჯერ არშემდგარი, არ ვიცი რამდენად გამოსადეგარი “THE კედელი”.
რავი აბა, რა გითხრათ. გაიჭედნენ ამ კედელზე. ჩვენებურ ლეგენდაში კედელს თუ 1 კაცი ჩააყოლეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი აშენების გამო არსებულ უთანხმოებას ყოველდღიურად 800 ათასი ამერიკელი ფედერალური მოსამსახურის და მათი ოჯახების ხელფასები ეწირება. რაც დრო გადის, შეთანხმებაც სულ უფრო რთულდება. ეს ყველაფერი ისე მძიმდება და ტრამპსა და დემოკრატებს შორის უფსკრული ისე ღრმავდება, პრობლემა შეიძლება მართლა სერიოზულ სახელმწიფო კრიზისად გადაიქცეს. პრეზიდენტი დაჟინებით ამბობს, ეს კედელი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, იმიტომ რომ რაც კი რამე უბდეურებაა – კრიმინალური დაჯგუფებები, ნარკოტიკები, ტერორისტები – ყველაფერი სამხრეთ საზღვრიდან შემოდის და ლითონის კონსტრუქციის კედელს რო ავაშენებთ, ამ თავის ტკივილსაც მოვიშორებთო. ნეტარ არიან მორწმუნენი. ოპონენტები კიდევ ამბობენ, ნარკოტიკი ძირითადად ოფიციალური შემოსვლის წერეტილებიდან (Port of Entry) შემოდის, არალეგალური მიგრანტების რაოდენობაც წლიდან წლამდე კლებულობს და მექსიკიდან შემოპარული ტერორისტები 400 კი არა სულ 4 კინკილა კაციაო. ჩემი კალიფორნიელი ძმა ტრამპის გულშემატკივარი კაცია და იძახის, თქვენ რა გენაღვლებათ, ჩვენს უსაფრთხოებას ურტყამს პირველ რიგში ეს მექსიკური კრიმინალური დაჯგუფებებიო. კი ბატონო მაშინ, მჯერა მისიც და დონალდ ტრამპისაც, მაგრამ რამდენად არის ეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტული საკითხი? რამდენად არის ეს საგანგებო მდგომარების გამოცხადების საფუძველი? აი აქ, სურამში ჩაშენებული ზურაბასავით, ცოტა ვიჭედები. და არა მარტო მე. რაში სჭირდება ამხელა ამბავი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება? რაში და 5 მილიარდი დოლარი რომ სჭირდება, ასეთ ვითარებაში თავდაცვის ბიუჯეტიდან ისე აიღებს, რომ არც არავის შეეკითხება. აბა სხვანაირად ვერ თანხმდება ამ დემოკრატებთან. ჯერ იყო და მე ვიღებ ჩემს თავზე შათდაუნსო, მერე ეტყობა, რო მიხვდა რომ ზარალდებოდა ამით მისი იმიჯი, ხელახლა დაუძახა შეხვედრაზე კონგრესის დემოკრატ სპიკერს ნენსი პელოსის და მათი უმრავლესობის ლიდერს ჩაკ შუმერს. საუბარი დაწყებული არ იყო, წამოხტა, ბაი ბაი ნენსიო და გავარდა. აქვე მინდა დავაფიქსირო მექსიკელებისადმი ჩემი პატივისცემა. ნო დინეროს პორ ლოს კედელოს, ანუ ჩვენებურად, კაპიკ არ გადავიხდით მაგ კედელშიო. დადგნენ ბოლომდე ძმაო. სალუტარეს მუჩაჩოს. სახელმწიფოა და არა ღუბერნია და მიტომ. ამასაობაში ტრამპის მხარდამჭერი გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი ნიუტ გინგრიჩი ამბობს, ამ კრიზისიდან ტრამპი მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებით უნდა გამოვიდესო, იმიტომ რომ სხვანაირად არ ძალუძს და ეს მხოლოდ მისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის არის აუცილებელიო (არა შეჯდა მწყერი ხესაო რა). ტრამპის კიდევ ერთი მხარდამჭერი, გავლენიანი სენატორი ლინდსი გრემი კი ღიად მიმართავს პრეზიდენტს, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა.
არ გამოვა ესე საქმე. არაა ეგ კარგი არც ამერიკისთვის და არც მსოფლიოსთვის. სანამ ამ კედლის გულისთვის არის გაწევ-გამოწევა შუაგულ ამერიკაში, სირიიდან ამერიკული კონტიგენტის გაყვანის დაწყებით ეგრევე ისარგებლეს. ვინ? რუსებმა. ამაყად გვიპატაკეს “ბიჭებმა”, შევუდექით პატრულირებასო.
“THE კედელის” გამო გაუგებრობა შეიძლება 1 დღეს გაგრძელდეს, შეიძლება 1 კვირას და შეიძლება 1 წელიწადსაც. განა, ნორმალურია ეხლა ეს? არა მგონია. კაცი იმედით ცოცხლობს და ვისურვებდი, ეს ბლოგი რომ გამოვა, საკითხი მოგვარებული იყოს. როგორც გამოსვლის ბოლოს თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იტყოდა, ღმერთმა დალოცოს ამერიკა და ამერიკელი ხალხი!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023