"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

თურქეთის „ჩაჭიდებული“ საშუამავლო პოლიტიკა

ბუკა2 (1)

გასულ კვირაში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიმართა, რომელშიც 44 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. კერძოდ, უმაღლესი დონის ფორუმს, ევროკავშირის 27 წევრი-ქვეყნის ლიდერებთან და გაერთიანების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ესწრებოდნენ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (EFTA), დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ბელარუსის გარდა) წევრი ქვეყნების პირველი პირები, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი.

როგორც ცნობილია, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. ცხადია, ის იყო კიდეც საყოველთაო ყურადღების ცენტრში, ხოლო მისმა „სტრატეგიული ინტიმის“ ციტატამ მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების პირველი გვერდები შემოიქროლა და სოციალური ქსელები დაიპყრო. ბევრი მსჯელობა იყო სამიტამდე და მისი მსვლელობის დროს, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პრემიერს მიაჩნია, რომ უნდა იყოს ფორუმი და არა თანამეგობრობა (ბრექსიტის ქვეყნის ლიდერის პოზიცია გასაგებია); პოლიტიკოსებს, დიპლომატებს და ექსპერტებს ასევე განსხვავებული მიდგომები აქვთ. კერძოდ, განიხილება ერთ-ერთ ვერსიად, რომ თანამეგობრობა იყოს ხიდი ევროკავშირის მომავალ გაფართოებასთან. თუმცა არის აგრეთვე სკეპტიციზმიც, რომ ეს გაერთიანება შეიძლება გახდეს ერთგვარი ალტერნატივა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის. მართალია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თავის გამოსვლაში გაფართოების ფორუმით ჩანაცვლების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა, მაგრამ ეს საკითხი მაინც არ არის დახურული.

ბუნებრივია, მთავარი განსახილველი თემა, ისევე როგორც ბოლო დროის ყველა სხვა უმაღლესი დონის სამიტზე, იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინაში. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებმა, ისევე როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელმა პირებმა, კვლავ ღიად დაადასტურეს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის უპირობო მხარდაჭერა და გამოხატეს მზაობა უკრაინისთვის უწყვეტად მხარდაჭერის გაწევის თაობაზე. მოგვიანებით საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმდა უკრაინისთვის 100-მილიონევროიანი ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვასა და მიწოდებას მოხმარდება.

მოკლედ, ევროპა შეიკრიბა; ევროპამ იმსჯელა და მომავალი შეხვედრების მოლდოვაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებაზეც ჩამოყალიბდა. შეიძლებოდა კიდევ უფრო დეტალურად სამიტის დროს ევროკავშირთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე მსჯელობა, რომ არა ჩვენთვის ძალიან საყურადღებო შეხვედრები სამიტის ფარგლებში. კერძოდ, სამიტის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში გამოჩნდა პირველი ფოტოები, სადაც თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ენერგიულად მსჯელობდნენ. ცოტა მოგვიანებით მათ შეუერთდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ხოლო დღის მეორე ნახევარში საკმაოდ მყუდრო გარემოში უკვე ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი, ემანუელ მაკრონი და შარლ მიშელი მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. შეხვედრის შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ადასტურებენ მზადყოფნას, აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა მსოფლიოს აცნობა, რომ სომხეთის მხრიდან ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვარზე ევროკავშირის მისია განთავსდება.

ხუთშაბათს პრაღაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრიც შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივები. გარდა ამისა, სამიტის მსვლელობის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ის არის ერთადერთი, ვისაც ადვილად შეუძლია, ესაუბროს ორივეს, პრეზიდენტ ზელენსკის და ვლადიმირ პუტინს. ცალკე მსჯელობის საგანი გახდა თურქეთისა და საბერძნეთის ლიდერების ცხარე კამათი სამუშაო სადილის ფორმატში. ასე რომ, პრაღაში თუკი ვინმე იყო საყოველთაო ყურადღების ცენტრში საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა, ეს თურქეთის ლიდერი გახლდათ. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ ერდოღანის მეცადინეობით, თურქეთი უკვე წლებია, ყველა რეგიონული თუ გლობალური საგარეო-პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მთავარი ამბის შემქმნელია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე იყო ოპერაციები სირიაში, რეგიონულ ძალთა ჭიდილი ლიბიაში, დიპლომატიური თუ არადიპლომატიური პროცესები ახლო აღმოსავლეთში და სხვა.

თურქეთის ძალისხმევამ უკვე მოიტანა ორი ძალიან კონკრეტული შედეგი რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას. ჯერ იყო უკრაინული ხორბლის მსოფლიოს ბაზრებზე გატანის სტამბულის შეთანხმება, ცოტა ხნის წინ კი – წარმატებით განხორციელებული ტყვეთა გაცვლა. ორივე მიმართულებით მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობდა, მაგრამ თურქეთმა შეძლო თავისი წვლილის შეტანა და შეთანხმების მიღწევა. სწორედ პრეზიდენტ ერდოღანის დიდი დამსახურებაა, რომ „აზოვსტალის“ დამცველთა მეთაურები და კიდევ 210 მებრძოლი დღეს სამშვიდობოს არიან. ამ პროცესებს წინ უსწრებდა მარტის ბოლოს მოლაპარაკებები სტამბულში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის, აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ანტალიაში. უკრაინის პრეზიდენტმა ჯერ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ვერ ხედავს პუტინთან დიალოგის აზრს, ხოლო ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც კრძალავს მასთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ერდოღანი განაგრძობს „ჩაჭიდებული“ საშუამავლო პოლიტიკის გატარებას. პრაღის სამიტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი პუტინს ესაუბრა ტელეფონით, ცოტა მოგვიანებით კი მისმა პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა სი-ენ-ენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინს სურს ახალი, ფართომასშტაბიანი შეთანხმების გაფორმება დასავლეთთან. როგორც ი.კალინმა განმარტა, ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, მოიცავს უკრაინის საკითხსაც, მაგრამ პუტინს უფრო გლობალური მასშტაბის შეთანხმების მიღწევა სურს. ამის შემდეგ, სულ ცოტა ხანში პრეზიდენტი ერდოღანი გამოვიდა ინიციატივით, მოიწვიოს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები. ის ასევე გამოთქვამს იმედს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა, მაგალითად, ინდონეზიაში დაგეგმილი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში. ერდოღანის თქმით, „ნებისმიერი ცუდი მშვიდობა სჯობს იმ ომს, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში“. როგორც ხედავთ, მიუხედავად პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის გაცხადებული პოზიციისა, რომ პუტინთან მოლაპარაკებები არ განიხილება, ერდოღანი მაინც განაგრძობს „ჩაჭიდებული“ საშუამავლო პოლიტიკის გატარებას. რატომ?

გასაგებია, რომ პრეზიდენტ ერდოღანს მიზნად აქვს დასახული, მყარად დაუმკვიდროს თურქეთს რეგიონული ლიდერის როლი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზულ წარმატებებსაც აღწევს, მაგრამ არის კიდევ ორი, ურთიერთგადაჯაჭვული გარემოება: ეს არის ეკონომიკა და არჩევნები. როგორც ცნობილია, მომავალი წლის 18 ივნისს თურქეთში დაგეგმილია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. პრეზიდენტ ერდოღანს არჩევნებში წარმატების მისაღწევად, შეიძლება ითქვას, ჰაერივით სჭირდება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე კონკრეტული, ხმაურიანი გამარჯვებები. თუმცა მისთვის ეს აუცილებელია არა მხოლოდ საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების კუთხით, არამედ ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური პრობლემების ნაწილობრივ მაინც გამოსწორების ან, სულ მცირე, მათი გადაფარვისთვის. ბოლო 24 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი – 83,45%-იანი მაჩვენებელი ნამდვილად დიდი გამოწვევაა პრეზიდენტ ერდოღანისთვის. ექსპერტთა დიდი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ამ პრობლემის მოგვარებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებით შეძლებს (პრეზიდენტ ერდოღანს დაგეგმილი აქვს ამჟამინდელი 12%-დან წლის ბოლომდე განაკვეთის მაჩვენებელი ერთნიშნა ციფრზე დაიყვანოს). აგრეთვე, თურქეთს სავალუტო რეზერვების ძალიან დიდი მოცულობით ხარჯვა უწევს ეროვნული ვალუტის კურსის დღეს არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებისთვის. პრეზიდენტი ერდოღანი მუდმივად უცხოური სავალუტო შემოდინებების მოძიებაშია. ის იღებს კიდეც ამ რესურსების ნაწილს სპარსეთის ყურიდან (არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 10 მილიარდი გამოყო თურქეთში საინვესტიციო მიზნებისთვის), ასევე მსხვილ სავალუტო რესურსებს იზიდავს აზერბაიჯანიდან და იმავე რუსეთიდან, თუმცა ეს ყოველივე მაინც ვერანაირად აწესრიგებს ჯერჯერობით სარეკორდოდ გაზრდილი ინფლაციის პრობლემას.

ამდენად, რთული სათქმელია, თუ რა გავლენას იქონიებს საბოლოო ჯამში პრეზიდენტ ერდოღანის საგარეო-პოლიტიკური აქტივობა მისი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასა და 2023 წლის ზაფხულის არჩევნებზე, ისევე როგორც ჯერჯერობით არ ჩანს უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე შეთანხმების მიღწევის პერსპექტივები, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა აღინიშნოს: დღესდღეობით სწორედ პრეზიდენტი ერდოღანია ის რეგიონული ლიდერი, რომლის უშუალო მონაწილეობით და „ჩაჭიდებული“ საშუამავლო პოლიტიკის შედეგად ხერხდება აგრესორი რუსეთის მნიშვნელოვან საკითხებზე დაყოლიება.

გააზიარე